მთავრობის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ – პრეპარატების უმეტესობა გაიცეს რეცეპტით, მოსახლეობის და ექიმების საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია.

მე პირადად ამ აკრძალვას ნაწილობრივ ვეთანხმები – არ შეიძლება მიიყარო ანტიბიოტიკები თვითნებურად. ალერგიას კი ტაბლეტებიც შველის, ხოლო თუ რთულადაა საქმე, მაშინ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და მხოლოდ მისი ნებართვით უნდა გაიკეთო ტავეგილი ან სუპრასტინი ინექციის სახით. თუმცა, საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რატომღაც საკმაოდ დიდ ლაფსუსებს უშვებს.

1. ყბადაღებული “ნიმესილი” – იგივე ნიმესულიდი. ახლა გახდა ეს პრეპარატი სიცოცხლისათვის საშიში და საგანგაშო. შესაბამისად რეცეპტით გასაცემთა სიაში მოხვდა! არადა, ურეცეპტოდ გასაცემთა სიაშია დიკლოფენაკი, სავაჭრო დასახელებით “დიკლოფეროლი” – რომელიც ბევრად უფრო ტქოსიკურია, ვიდრე ნიმესილი! ჩემი ყველა ექიმი ერთხმად ამბობს ამას. მე მაწუხებს ქრონიკული სინუსიტი და მისი გამწვავების პერიოდში, ნიმესილის გარეშე წარმოუდგენელია ჩემთვის აუტანელი ტკივილის გაყუჩება. ნიმესილით ჩავანაცვლე დიკლოფეროლი 6 წლის წინ… მაშინ, როცა დიკლოფეროლმა ისე მომწამლა, კინაღამ საიქიოს გამისტუმრა (მიღების წესები და დოზირება არ დამირღვევია, ტავად პრეპარატი კი ექიმმა დანიშნა) !.. ეს ისტორია მოვყევი ღიად, ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე, პასუხი არაფრის მომცემი იყო. სამაგიეროდ, ორიოდ არაადეკვატური გამომიხტა, უადგილო და უაზრო კომენტარებით, რომელთა მოგერიების მერეც, მივხვდი რომ კედელს ცერცვს ვაყრიდი… ჰო, ურეცეპტოდ გასაცემი “კეტონალ დუო” კუჭის საშინელ ტკივილს იწვევს!!!

ასევე ურეცეპტოდ გასაცემთა სიაშია “დეტრალექსი”. საკმაოდ რთული პრეპარატი, რომლის მიღებაც არ შეიძლება ექიმის და კოაგულოგრამის გარეშე, მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ნიშნავენ. აქ კი სატელევიზიო რეკლამაც უკეთდება და ურეცეპტოდაც გაიცემა. რატომ? ამ კითხვაზე არც რეგულირების სააგენტოს გაუცია პასუხი, არც ჯანდაცვის სამინისტროს!

2. რეცეპტის გამოწერა არ შეუძლიათ ვეტერინარებს. სიმართლე რომ ვთქვა, ეს უფრო მაწუხებს ახლა. მე მივიღებ ნიმესილის რეცეპტს, მიუხედავად იმისა, რომ რიგში უნდა ვიდგე ექიმთან, დავიწყვიტო ნერვები, ურიგოდ შევარდნილების გამო და ა.შ. სამსახურში უნდა დავწერო ახსნა – განმარტება, რატომ გავაცდინე 1 სამუშაო დღე (ჩემი და ჩემი ექიმის სამუშაო დღეები და დრო ემთხვევა ერთმანეთს) და სხვ. მიუხედავად ამხელა ბარიერებისა, რომელიც იძულებით უნდა გადავლახო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ბოძებული სიცოცხლის ნაწილი რიგში უაზროდ დგომაში უნდა გავატარო, მე ვიცი, რომ მივიღებ ჩემთვის აუცილებელი ტკივილგამაყუჩებელის რეცეპტს. აი, ჩვენი ოთხფეხა მეგობრები რას იზამენ, არც ვეტერინარებმა იციან, არც მათმა პატრონებმა და არც ჯანდაცვის სამინისტრომ. არადა, იმავე ევროპაში, რომლისკენაც ასე მონდომებით იშვერენ ხელს და ამბობენ, რომ იქ რეცეპტის ინსტიტუტია დიდი ხანია, – ვეტერინარს აქვს უფლება გამოწეროს რეცეპტი ადამიანის წამლებზეც, ოღონდ ბევრად უფრო მცირე დოზებით და ერთჯერადად. ანუ – ექიმს შეუძლია გამოწეროს რეცეპტი ისე, რომ ადამიანმა შეძლოს 6-ჯერ შეიძინოს წამალი. ვეტერინარს კი მხოლოდ ერთხელ შეუძლია. ჩვენთან კი ვეტერინარს ერთხელაც არ შეუძლია! ანუ, ფაქტობრივად გავწირეთ შინაური ცხოველები!…

3. გადაუდებელი კონტრაცეფცია – აბები, რომლებიც გასაგებია, რომ დიდი რადენობის ჰორმონს შეიცავს, მაგრამ თუ საკითხი დგას – აბორტი ან ეს აბები, რომელი ჯობია? მოკლედ, თუკი თქვენ გიმტყუნათ იმ ტრადიციულმა კონტრაცეფციამ, რომელსაც მიმართავთ და არ გეგმავთ ორსულობას, შეგიძლიათ დალიოთ “პოსტინორი” ან სხვა მსგავსი პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი და შეამციროთ დაორსულების შანსი. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს აქტიდან რაც შეიძლება მალე, რომ მეტი ეფექტი ჰქონდეს. პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ სამ თვეში ერთხელ! ახალი რეგულაციით ეს პრეპარატიც რეცეპტით გაცემას ექვემდებარება. ანუ – თუ დაგჭირდათ ამ სახის კონტრაცეფცია, უნდა გაიქცეთ ექიმთან, ჩადგეთ რიგში, გაუძლოთ პირად შეკითხვებს, ჭკუის დარიგებასაც – იქნებადა კაია რომ დაორსულდე, იქნებ გინდა და ვერ ხვდები, ან სულაც – საჭიროა, ერს გამრავლება უნდა და ა.შ. არ შემედაოთ! ჩვენთან უყვართ ექიმებს მსგავსი სისულელეების ფრქვევა. მოკლედ, მას მერე რაც მოიპოვებთ რეცეპტს, შეიძლება დაგვიანებულიც იყოს… ვწუხვარ, მაგრამ ეს იდიოტობა აბორტების რიცხვს გაზრდის უბრალოდ. სადაც გენდერული აბორტები გვაქვს მაღალი, დაუგეგმავი ორსულობა უფრო მაღალი რისკია, რომ აბორტით დასრულდეს.

საიდანმე ხომ უნდა დავიწყოთო იტყვის მავანი. დიახ, უნდა დავიწყოთ, მაგრამ არა ბოლოდან. რატომ ვაშენებთ სახლს სახურავიდან? ზემოთ ტყუილად არ დამიწერია ჯანდაცვის სამინისტროს სრული დასახელება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. უკაცრავად, მაგრამ ამ სამინისტროს მიერ დაცული შრომის უფლებები უნახავს ვინმეს?

სამინისტრო, რომელიც ასეთ კატასტროფულ სიცხეში არც კი აძლევს მთავრობას რეკომენდაციას, რომ ან უქმე დღეებად გამოცხადდეს ეს არანორმალურად ცხელი დღეები, ან მოკლე სამუშაო დღეები იყოს. სექტემბრიდან კი არა, ახლა უნდა დაწყებულიყო სამუშაო დღე 9-ზე ბატონებო და დამთავრებულიყო 2-ზე! ეს ორი კვირა, სანამ ასე საშინლად ცხელა. მაინც შრომის უუნაროა ადამიანი ამ სიცხეში, კონდიციონერიც საკმაოდ ცუდად მოქმედებს გონებრივ შესაძლებლობებზე! სიცხეში ბევრი წყლის დალევის აუცილებლობის შესახებ ჩვენც ვიცით, დიდი მადლობა!

ან რატომ უნდა იმათხოვროს ადამიანმა თავისი კუთვნილი შვებულების დღეები? სადაა რეგულაცია, რომელიც დაავალდბულებს ხელმძღვანელებს, გაუშვან ადამიანები კუთვნილ შვებულებაში? სად იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მაშინ, როცა ფაქტობრივად 10 საათიანი სამუშაო დღე დაამტკიცეს შრომის კოდექსით და ამ დროს საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანს შრომა შეუძლია 8სთ. მერე უბრალოდ იღლება! ქართულ რეალობაში კი 12-14 საათიანი სამუშაო დღეებიც გვხვდება და თან საკმაოდ ხშირად!

ხოდა, რა არის ევროპული არჩევანი? ეს არის:

  • მოწესრიგებული სიტუაცია საავადმყოფოებსა და ამბულატორიებში, მათ შორის რიგის საკითხიც!
  • ექიმი არ უნდ ახტებოდეს თავის კომპეტენციას და არ ერეოდეს ისეთ ფაქიზ საკითხებში, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა და ა.შ. თუ რასაკვირველია, წყვილი თავად არ მიმართავს რჩევისთვის.
  • ექიმები უნდა იყვნენ მაღალკვალიფიციურები და არ ატარებდნენ ექსპერიმენტებს პაციენტებზე!
  • ადამიანს არ უნდა ეშინოდეს ექიმთან მისვლის, ძვირადღირებული ანალიზების და წამლების საჭიროების შიშის გამო;
  • მკაცრად დაისაჯონ ნასვამი მძღოლები და არ უნდა ჰქონდეთ პრივილეგიები შსს-ს თანამშრომლებს მაშინ, როცა არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს;
  • მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მოზარდებისთვის ალკოჰოლის და თამბაქოს მიყიდვის საკითხი და არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მაღაზიის ვიტრინებზე მიკრული სტიკერებით.
  • უნდა დარეგულირდეს მოსაწევი ადგილების საკითხები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;
  • მოეწყოს ნორმალური პანდუსები;
  • ადამიანურად დაინომროს, დაიხაზოს, დალაგდეს ქუჩები, დაიდგას შუქნიშნები და ნაგვის ურნები იქ, სადაც საჭიროა;
  • მოეწყოს სანიაღვრე არხები წესიერად, რომ თბილისი არ ჰგავდეს ვენეციას ყოველი წვიმის დროს;
  • დასუფთავდეს ქუჩები და ხალხის შეგნების ამაღლებაზე იმუშაოს მთავრობამ – პიარი ყველაფერს აკეთებს ამ ქვეყანაში, მთავარია კამპანიის წამოწყება;
  • მძღოლებმა ისწავლონ ე.წ. ზებრაზე ადამიანის გატარება და წითელ შუქზე გაჩერება;
  • თანაბრად იყოს ყველას უფლება დაცული და არა შერჩევით, ან მხოლოდ მათი, ვინც მეტს ყვირის, ვიჩაგრებიო;
  • მხოლოდ სადღეგრძელოთი არ გამოიხატებოდეს ქალების და ბავშვების პატივისცემა – უხერხულია, როცა სიცოცხლის სადღეგრძელოს სვამ და ორსულ ქალს სიგარეტს აბოლებ ცხვირში!;
  • ცხოველების პატრონებმა ისწვალონ, მათი ცხოველის გასეირნების შედეგების მოშორება, რომ სხვამ ფეხი არ ჩადგას;
  • მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს, რომ არ შეიძლება სკვერებში სკამების და ნაგვის ურნების მტვრევა და საერთოდ – არ შეიძლება ნაგვის ქუჩაში დაყრა;
  • დასაქმებული ადამიანს ხელფასი უნდა ჰყოფნიდეს ნორმალურად და არ უნდა იკლებდეს ერთ აუცილებელს, მეორე აუცილებლის გამო. მეტიც – წელიწადში ორჯერ მაინც, უნდა შეეძლოს ადამიანურად დაისვენოს მის მიერ გამომუშავებული ხელფასით;
  • არ უნდა ჰქონდეს სახვეწარი უფროსთან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება;
  • დარეგულირდეს ნორმალურად სამუშაო საათები და გახდეს ანაზღაურებადი ზედმეტად ნამუშევარი საათები.
  • ადვოკატი უნდა ჰგავდეს ადვოკატს და მოსამართლე – მოსამართლეს და არა პამპულას.

ჩამონათვალი იმხელაა, დილამდე ვერ მოვრჩები ალბათ.

ასე ვხედავ გზას მე ევროპისკენ და არა ამ უაზრობით, რაც დღეს ხდება. გაძლებას გისურვებთ ყველას, მათ, ვინც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობთ და არ ფიქრობთ სადმე გადასახლებას. მე პირადად სურვილი მაქვს, წავიდე სადმე დიიიდი ხნით!..

Advertisements