MeW23QcTBo1xmdphWcTZ37KTo1_400

რა უნდა გააკეთო ადამიანმა წვიმიან დღეს?
იკითხო, დალიო ჩაი, წერო ბლოგისთვის… ხოდა, დღეს ვწერ ისევ, დიდი ხნის მერე.
სათქმელი მართლაც ბევრია – ანტიდისკრიმინაციული კანონი, ვითომ არ აღნიშნული 17 მაისი და სხვ.
მე ახლა არ ვაპირებ კანონზე მსჯელობას და არც ვინმეს უფლებების დარღვევას, მაგრამ ქართველები რაღაცნაირი, პარადოქსების ერი ვართ. ამ ყველა მოვლენას რომ ვაჯამებ, მიჩნდება კითხვები, რომლებსაც ვწერ ჩემს ფბ გვერდზე, რადგან მყავს მეგობრებში ისეთი ხალხი, რომლებსაც ხელეწიფებათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მაგრამ რად გინდა – ვერ ან არ მცემენ პასუხს, მხოლოდ თანამოაზრეები ავრცელებენ ხოლმე აზრს, რისთვისაც ისევ და სიევ მადლობა მათ.
მე კი უფრო ფართო სივრცეში ვსვამ ამ უპასუხო კითხვებს: 18 მაისს მაინტერესებდა, რატომ არ გაახსენდა არავის, რომ 18 მაისს იგივე მსოფლიო რომელიც 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, – მუზეუმების დღეს აღნიშნავს? დიახ, 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ჩვენთან კი 3 დღე 17 მაისს აღნიშნავდნენ – ახალი წელივით მიაბეს : )))
არ გახსენებია ეს თემა არც კურიერ პ.ს. -ს, რომელმაც ფსევდო ინტელექტუალებით დახუნძლა ეთერი და მიგვანიშნა ესაა ნათელი მხარეო, ხოლო ყველა დანარჩენი ბნელები ხართო, ვინც ამ კეთილშობილი, „გსხივოსნებული“ ნათელი გონების ნააზრევს არ ზიიარებთო. არადა, შეიძლება არ ვიზიარებდე რაღაც საკითხს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჰომოფობი ვარ. საერთოდ, ფობია აღნიშნავს რაიმეს შიშს – მე კი სულ არ მეშინია ლგბტ პირების, მეტიც ღიად მითქვამს – ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული მე არ დავბლოკავდი სამსახურში ჰომოსექსუალს მისი ორიენტაციის გამო. თუკი ის დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს, რა ჩემი საქმეა ვისთან გაატარებს ის ღამეს?
ასე, რომ ეს ჩამორჩენილობის მაჩვენებელი „ბნელის“ იარლიყის მიკვრის ტენდეცნიაც ხელოვნურია, ფარსია და მეტი არაფერი. უფრო მეტიც – საზოგადოების გახლეჩის შესანიშნავი საშუალებაა, რასაც ცდილობდნენ და მიაღწიეს კიდეც. საერთოდ, ვინ მისცა უფლება ამ ჯიბის ტელევიზიებს და კიდევ რამოდენიმე ჯიბის არასამთავრობოს, რომ საზოგადოების იდეოლოგებად ასაღებენ თავს?

ახლა ვუბდუნდები მთავარ კითხვას – რატომ არავის გაახსენდა მუზეუმი, მუზეუმის დღეს? რატომ არავინ არ მიუძღვნა ერთი რეპორტაჟი მაინც მუზეუმებს? რატომ არავინ არ ახსენა, როგორ კაპიკებზე მუშაობენ თანამშრომლები და ხშირად საკუთარი პროფესიონალიზმის წყალობით და საკუთარი სახსრებით ახერხებენ ერის ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ექსპონატების შენახვა-მოვლას და გადარჩენას!!! რამდენი მუზეუმი გვაქვს მიუხედავი, რამდენი ექსპონატია განადგურების პირას…. ეს ხალხი არავის გახსენებია „უჩინარების“ აქციაში! სამაგიეროდ, ავტობუსის გაჩერებაზე მიკრული ფერადი ფურცელი მამცნობს: ‘ბევრი ლგბტ ახალგაზრდა რჩება უსახლკაროდო“. ცუდია, მაგრამ ამის ავტორს და გამკვრელს თუ გახსენებიათ, რამდენი სხვა ადამიანია უსახლკარო? რამდენი ბავშვია მშიერი? რამდენი ათენებს და აღამებს ღია ცის ქვეშ და რამდენს ენატრება ობიანი პური???
ამის მერე, მიპასუხეთ – რატომ აკეთებთ აქცენტს მხოლოდ ერთ საკითხზე???? ეს არ ხდება მხოლოდ 17 მაისს, სულ ასეა! წინა პლანზე მხოლოდ ლგბტ პირების უფლებებია და არავის ახსენდება დასაქმებულთა უფლებები, სოც. დაუცველების უფლებები, ქალთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, მოხუცების უფლებები… საერთოდ ადამიანის უფლებები მარტო ლგბტ პირების დაცვით შემოიფარგლება ამ ქვეყანაში!!!!!!!!
გამოხატვის თავისუფლებაც მხოლოდ საზოგადოების „გასხივოსნებულად“ შერაცხულთა ხვედრია აშკარად და აი მაგალითიც, რომელიც ასევე კითხვის სახით იყო ჩემს ფბ გვერდზე და ასევე ვერ მივიღე პასუხი: როცა მამა გაბრიელის საფლავის გახსნის კადრები აჩვენა პირველმა არხმა პირდაპირ ეთერში, საზოგადოების ერთმა ნაწილმა გააპროტესტა – ჩვენო, როგორც გადასახადების გადამხდელებს, გვაქვს უფლება მოვითხოვოთ, რომ აღარ აჩვენონ ამგვარი რამ ეთერშიო და საერთოდ, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებით ვსარგებლობთო. კეთილი და პატიოსანი. არ მივაქციოთ ყურადღება იმასაც, რომ გადასახადების იმ გადამხდელებსაც აქვთ უფლებები, ვისაც აინტერესებდა მაშინ ის პირდაპირი ეთერი. ახლა, როცა საზოგადოების მცირე ნაწილი გამოვიდა გადაცემა “წითელი ზონის” დახურვის მართალია, აბსურდული, მაგრამ მაინც მოთხოვნით, ზემოთხსენებული გადასახადების გადამხდელები კიდევ ერთხელ აღშფოთდნენ – აქაოდა რა სიბნელესთან გვაქვს საქმეო. მათ ავიწყდებათ, რომ: 1. დღეს (თუ გუშინ) გამოსული ეს ხალხიც იხდის გადასახადებს; 2. მათთვისაც არსებობს გამოხატვის თავისუფლება! საერთოდაც, ის რაც ერთისთვის სიბნელეა, მეორესთვის შეიძლება სინათლე იყოს!!!
ახლა გამოდის, რომ საზოგადოების მხოლოდ იმ ზემოთნახსენებ პირველ ნაწილს აქვს უფლება გამოხატოს პროტესტიც, ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლებით, გაგვახსენოს რომ იხდიან გადასახადებს და მათი წვლილიცაა ამ ტელევიზიის დაფინანსებაში და ა.შ. სხვა კი ვინც ამოიღებს ხმას, ავტომატურად “ბნელის” იარლიყი ეკვრება.
ამრიგად, როგორც გადასახადების ასევე პატიოსნად გადამხდელი და საზოგადოების მიუკერძოებელი ნაწილი ვფიქრობ, რომ ერთმანეთის უფლებების პატივსცემიდან იწყება ცივილიზებული აზროვნება და არა მხოლოდ ერთი მხარის უფლებების აღიარებით და მეორესთვის “ბნელის” იარლიყის მიწებებით!

სიბნელე საკუთარი აზრის გამოხატვა კი არაა რეალურად, არამედ ცრუ სტერეოტიპების დამკვიდრების მცდელობაა, ბრძოლა იმ ხალხთან ვინც შენ შეხედულებებს არ იზიარებს და როცა წამდაუწუმ ყვირი ვიჩაგრებიო, როცა განსხვავებულ მოსაზრებას აწყდები და აზრადაც რომ არ მოგდის, რომ სხვას ჩაგრავ შენც და უფრო მეტადაც კი ვიდრე შენ გჩაგრავს ვინმე. ან მეორე ვარიანტია – შეგნებულად ირგებ წამებულის როლს, მეტი გრანტის და გამორჩენის მიზნით.
საბოლოო ჯამში, დაცულია ერთი მხარე, ე.წ. უმცირესობა და ვინ დაიცავს უმრავლესობას? ამაზე პასუხი არაა. უმრავლესობა ისედაც უმრავლესობააო იტყვის მავანი. არა ბატონებო!
თუ ვიცავთ ერთი ნაწილის უფლებებს, ასევე დაცული უნდა იქნეს სხვაც, ზუსტად ჩრდილში შეყუჟვის, შეურაცხმყოფელი იარლიყების და სტერეოტიპების თავსმოხვევისაგან. არ შეიძლება ადამიანს უწოდო „ბნელი“ იმის გამო, რომ ჯვარს ატარებს და ეკლესიასთან პირჯვარს იწერს. ამ ადამიანს კანონი არ იცავს სამწუხაროდ. ამიტომ, თუ თავად პასუხი გასცა შეურაცხმყოფელს, ისევ ის დაისჯება, რადგან შეურაცხმყოფელს უკვე კანონი იცავს…. ზემოთაღწერილი პროტესტიც მიკერძოებულია ხოლმე ხშირად – მაგ: იმავე „გასხივოსნებული“ გადასახადების გადამხდელისაგან, რომელსაც ფეხბურთი სძულს – არასოდეს გამიგია, ნუ აჩვენებს პირველი არხი საფეხბურთო მატჩებს, რადგან ჩემი, როგორც მაყურებლის უფლებები ირღვევაო. სამაგიეროდ, რაიმე რელიგიური მოვლენის გაშუქებას მსგავსი აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე. საქმე იქამდე მიდის, რომ რელიგიოფობიასთან ან პატრიარქოფობიასთან ბრძოლის დღე გვაქვს დასაწესებელი. ან სულაც ერთი 4 დღეს უნდა მივუძღვნათ ყველას თავისუფლებას და უფლებებს, ხშირად უნდა ვიმეოროთ საზოგადოების იმ მესამე, მიუკერძოებელმა ნაწილმა, ვისაც მშვიდი ცხოვრება გვსურს, რომ „ბნელი“ და „ნათელი“ მხარეები ასე მარტივად არ განისაზღვრება, რომ ჩვენც ვართ ადამიანები და ჩვენც გვაქვს ამ ქვეყანაში აზრის გამოთქმის უფლება, რომ დამღლელი და აუტანელია ამდენი აგრესიის და ერთმანეთის ჭამის ყურება და ჩვენც პატიოსნად ვიხდით ამ გადასახადებს ბოლოს და ბოლოს!!!!!!!!
ბოლოს კი ტრადიციული გაფრთხილება: კარგად გაიაზრეთ და წაიკითხეთ ტექსტი, სანამ რაიმე უაზრო კომენტარს დაწერდეთ!

Advertisements