sale

ეს პოსტი დიდი ხნის წინ მინდოდა დამეწერა, მაგრამ მოუცლელობის, უგანწყობობის და სხვათა გამო ვერ მოვაბი თავი.. დღეს ვიწყებ და იმედია, გავალ ბოლოში.

სათაურში “მარკეტინგი” რომ გამომეყენებინა, ალბათ უფრო “თაამედროვე” იქნებოდა, მაგრამ ჯერ ერთი ბარბარიზმია და მეორეც – რა თემასაც მინდა შევეხო, ბაზრობა-თვალთმაქცობაა და არა რეალური ბიზნესი.

დავიწყოთ ფასდაკლებების საიტებიდან, ასეთები მრავლადაა დღეს უკვე: hotsale, ideals, brao, swoop. vovovo და სხვ. იმდენია, ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს. საიტებზე პროდუქცია და მათი ასორტიმენტი მრავალფეროვანია, თუმცა ყველა როდი შეესაბამება ხარისხს…

ჩემი პირველივე შენაძენიც ამის დასტური იყო. შარშან გადავწყვიტე, რომ შემეძინა თმის უთო და სწორედ მაშინ ვნახე შემოთავაზება მაღაზია “ილიტეკისაგან”

შემოთავაზება იყო ამგვარი, როგორც ფოტოზეა:

uto (2)

ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუყენებია თმის უთო, იცის რამდენად კარგია ტემპერატურის რეგულატორი და ეკრანი, პლუს კერამიკული პირები. თან ეს ყველაფერი 24 ლარად.

ერთი სიტყვით, შევიძინე საიტზე და დავრეკე მაღაზიაში, წამოღების დროის შესათანხმებლად (მინდოდა მეორე დღეს). დავრეკე მარტივად ნათქვამია, ძლივს დავუკავშირდი მითითებულ ნომრებზე და პასუხიც საინტერესო მივიღე – მიუხედავად იმისა, რომ წაღების შესაძლებლობა მითითებული იყო შეძენისთანავე, მაღაზიის წარმომადგენელმა განმიცხადა, რომ ახლა არ გვაქვს ჯერ მაღაზიაში და ხვალ დამირეკეთო.

კეთილი და პატიოსანი, დავრეკე მეორე დღეს. არც დღეს მაქვს და ხვალ დამირეკეთო – იგივე პასუხით დამემშვიდობა. დადგა ის ხვალეც, ანუ მესამე დღე – რაღაც პრობლემები შეგვექმნა და არც დღეს გვაქვსო… ეს უკვე მეტისმეტი იყო და Facebook-ზე დავუკავშირდი Hotsale-ს წარმომადგენელს. ყურადღებით მომისმინა, დამპირდა გავარკვევთო. დაახლოებით ერთ საათში, თავად დამირეკა მაღაზიის წარმომადგენელმა და მითხრა, დღეს საღამოს წაიღეთ უთოო.

მივედი წამოსაღებად – მომსახურება ცივი და უხეში “ეს რა ინტრიგანია” სახეებით. საგარანტიო შეავსეს მაგრად – უთოს ინსტრუქციაზე მიაწერეს გარანტია აქვს ერთი წელიო და მორჩა. არც ბეჭედი, არც სხვ. ჩართეს უთო, ცხელდებაო, გამორთეს, ჩადეს ყუთში და გამომიშვეს. არც მააცდეს, რომ მეც მენახა.

მოვედი სახლში და ჰოი საოცრებავ – სადაა დაპირებული ეკრანი და ტემპერატურის რეგულატორი? Smile

მხოლოდ ON/OFF ღილაკი ჰქონდა, წითელ ნათურასთან ერთად, როგორც ჩართვის ინდიკატორი. ერთადერთი, ირები იყო ნამდილად კერამიკის. მოკლედ, ამ ფუნქციების უთო მაშინ ისედაც ღირდა 23-25 ლარი. უთო დღემდე მუშაობს, მაგრამ რეალურად მოტყუებული დავრჩი, ჩემი გულბრყვილობის და მიმნდობი ხასიათის გამო. მხოლოდ ამის მერე ჩავწერე გუგლში უთოს მოდელი და უამრავი საიტი ვიპოვე, სადაც იყიდება ეს უთო და პატიოსნად წერია მახასიათებლები:

maxwell

ერთი სიტყვით, ცალსახა იყო, რომ მაღაზიასთან დავას აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ hotsale-ჩავაყენე საქმის კურსში. მათ მადლობა გადამიხადეს და მომიბოდიშეს – ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ შევამოწმოთ ყველა პროდუქციაო. თუმცა, რადგან აქცია ძალაში იყო იმ მომენტისათვის, ამ უთოს აღწერილობა ჩაასწორეს. ამოიღეს გამყიდველის მიერ მიწოდებული ცრუ ინფორმაცია თერმორეგულატორის და ეკრანის შესახებ. რისთვისაც ისევ მადლობა მათ.

ამის მერე, მაღაზია “ილიტეკს”-ს აღარ გავკარებივარ ცხადია და უფრო ფრთხილი გავხდი შენაძენების გაკეთებისას. მით უმეტეს, რომ ე.წ. ბრენდების “წარმომადგენელი კომპანიების” უმეტესობა სხვა არავინაა, თუ არა ჩვეულებრივი დილერი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბაზრობის მაგიერ, ინტერნეტში ყიდიან პროდუქციას და ეს ყველაფერი გათვლილია, დასაქმებულ, მოუცლელ ხალხზე. შესაბამისად, ფასები 20-30 ლარით მეტია ხოლმე ვაგზლის ფასებზე (კიდობანი, ან კიდობნის გარეთ), ყველაზე უკეთეს შემთხვევაში იგივეა.

რაც შეეხება დასახელებულ ბრენდებს, უმეტეს შემთხვევაში ესეც ყალბია. მაგ: ბრაუნს არაფერი აქვს საერთო ამ ფენებთან, თმის უთოებთან და ეპილატორებთან. არც ტეფალის ორიგინალი უთოებია წარმოდგენილი და ა.შ.

braun

სიტყვაზე, ე.წ. “ბრაუნის” ეს თმის ფენი, თავის საქმეს ასრულებს, მაგრამ ხარისხი არ შეესაბამება იმ ფასს რაც აქვს “ფასდაკლებამდე” და ‘ფასდაკლების” მერე Smile თანაც, სავსეა კიდობანიც და დინამოს ბაზრობა ამ ტიპის ფენით. ბრენდი ზოგი “ბრაუნია” ზოგიც სხვა Smile ტიპი, სიმძლავრე, დიზაინი – ერთი და იგივე.

უფრო მეტიც, არც ამის ტიპის თმის ფენი იძებნება ბრაუნის საიტზე და არც ის ეპილატორები ან თმის უთოებია სადმე, რასაც ყველა საიტზე ვაწყდებით ფასდაკლებულთა სიაში, “ბრაუნის” სავაჭრო ნიშნით.

ვერც “კენვუდად”  წოდებული ბლენდერები, ყავის აპარატები და სამზარეულოს კომბაინები ვნახე მწარმოებლების საიტზე და ამაზონის ოფიციალურ გვერდებზე. მეტიც, ეს მოდელები არ იძებნება საერთოდ.

ერთადერთი, Philips HP8309 თმის უთო იძებნება ნამდვილად. უთო გათვლილია ინდოეთის ბაზრისთვის და დოლარში მისი ფასი დაახლოებით 22-25-მდე მერყეობს. შესაბამისად, ამ უთოს “ორიგინალი” ფასი 100 ლარი გადაჭარბებულია. Smile  brao.ge-ზე 49 კი ლარი ღირს ამჟამად, “ფასდაკლებით”. ბლენდერი Sinbo 3053-ც არსებობს საიტზეც და სხვა დილერებთანაც. არც მისი ფასია შესაბამისობაში 120 ლართან, როგორიცაა მისი საწყისი ფასი ფასდაკლებამდე.

ასევე არერალურად ძვირია ფეხსაცმლის და შიდა თეთრეულის ე.წ. ორგანაიზერები, პატარა სანათები, ჩიპის წამკითხველები, კლავიატურის USB მტვერსასრუტები, მობილური ტელეფონების კეისები. მათი ფასი ტევადობის და ტიპის მიხედვით მერყეობს 0,80$ დან 5-8, მაქსიმუმ 10$-მდე. შიპინგი უფასოა რა თქმა უნდა. ჩვენთან ფასდაკლებამდე მათი ფასი მერყეობს 15 დან 30 ლარამდე. ფასდაკლებით კი 6-დან 18-მდე. მოკლედ, ფასდაკლებულიც კი ბევრად უფრო ძვირია, თანაც იგივე პროდუქცია სხვა მაღაზიებში, ან იგივე კიდობანშიც შეიძლება ნახოთ უფრო იაფად, ანუ ადეკვატური ფასები აქვს იმისა, რაც ebay ან amazon-ზე გხვდება. აქ ყიდვას პლიუსი ის აქვს, რომ ლოდინი არ გიწევს და მაქსიმუმ 2-3 ლარი ფასის სხვაობა გიღირდეს, ამასთან ხარისხი და არჩევანი შეგიძლია შენით ნახო. მაგრამ, 4 ლარად ღირებულ პროდუქცის 15 ლარს რომ აფასებენ უკვე, მეტისმეტია.

მიწოდების ფორმებიც სასწაულია ხოლმე. ადგილზე მოტანის სერვისი იშვიათად მუშაობს გამართულად. “აი დღეს, აი ხვალ” არ მთავრდება. ზოგჯერ ისე შეიძლება გაწელონ, არაფერი აღარ გინდა ადამიანს. პლუს, მისამართიც არ აქვთ, მიხვიდე და გამოართვა. არა მოგიტანთო, თავს იკლავენ.

ზოგს სახლში აქვს ხოლმე ეს ბიზნესი, ან სადარბაზოში გახსნილ მაღაზიაში და მისამართების მიგნება ძალიან რთულდება ხოლმე. ერთი მაღაზია ვაჟა-ფშაველაზე ვეძებე საათ-ნახევარი და სადღაცას ავტო ფარეხში მივაგენი.. მეორე შემთხვევა იყო, ყურსასმენი შევიძინე. იმ შემთხვევაში ფასი, ხარისხი და მოდელი შეესაბამებოდა, მაგრამ ასევე რომელიღაც კერძო სახლში მოვხვდი. კარზე ზარი რომ დავრეკე, ვიღაც ბიჭმა გამოყო თავი აივანზე, მობრძანდითო დამიძახა და ჩაცმა-ჩაცმით დაეშვა კიბეებზე.. იმდენად უსიამოვნო მომენტი იყო, ეზოში ფეხი არ შემიდგამს, კართან მოვატანინე ყურსასმენი Open-mouthed smile

ასევე, იშვიათია კარგი მომსახურება, თან როცა ფული წინასწარ გაქვს გადახდილი. ბრელოკის დამზადება შევიძინე ზაფხულში, მეუღლისათვის სიურპრიზის მოწყობა მინდოდა. მივედი შეკვეთის მისაცემად და 2 საათი მალოდინეს, რადგან ჩემი მისვლის მერე(!) მისული კლიენტისაგან აეღოთ დიდი რაოდენობის შეკვეთა. არადა, ორი ადამიანი იყო ოფისში და ერთს რომ მოექცია ყურადღება არაფერი დაშავდებოდა. მაგრამ, ქართული სერვისი აქაც ძალაში იყო და პლუს არაპროფესიონალიზმი. 2 საათიანი ლოდინის შემდეგ დაიწყეს ბრელოკის დამზადება. ორჯერ გააკეთეს შეცდომით წარწერები და ჯამში, 15 წუთიანი საქმე გაწელეს სამი საათი. ამის მერე არც ამ კომპანიას გავკარებივარ, თავისთავად ცხადია.

ფასდაკლებით საკვები არასოდეს შემიძენია, არ ვარ კანჭების და ა.შ. მოყვარული. თუმცა, ვისაც შეუძენია, უმეტესობა არაა კმაყოფილი. იშვიათია, ნორმალური იყოს რამეო – ასეთია ნაცნობების შეფასება. ერთი ვიწვნიე კიდეც, როცა დამპატიჟეს პაბ 7 days-ში, სვუპიდან შეძენილ მენიუზე. ეს იყო საშინელი სერვისი, საკვები არაფრად ვარგისი, სასმელი კიდევ უარესი. ყველა უკმაყოფილო დარჩა და მას მერე ამ დაწესებულების გზა დავივიწყეთ.

ერთი სიტყვით, მსგავსი აქციები ძირითადად სარეკლამო ხასიათს უნდა ატარებდეს წესით, მაგრამ აქ ხომ ყველაფერს პირიქით აკეთებენ: “რადგან ფასს ვაკლებ, უფლება მაქვს მოვიქცე ისე, როგორც მინდა”.

სამწუხაროა ისიც, რომ თბილისის ქუჩები არაა დანომრილი წესიერად და არც დასახელებები აწერია ყველგან და არც კომპანიები იკლავენ თავს აბრების გაკეთებით. ამ მხრივ არც გამომცემლობა “პალიტრა მედია” გახლავთ გამონაკლისი. წიგნის გატანა დამაგვიანდა და თავ-ბედი ვიწყევლე. გოთუას ქუჩაზე არიან 3 ნომერში. აქ ვიცოდი, რომ ბაქტერიოფაგია და კიდევ სხვა სამედიცინო დაწესებულებები. წავედი იმ იმედით, რომ სადმე აბრა იქნებოდა პალიტრის.. ნურას უკაცრავად. არსად არაა ქუჩის მხრიდან. მთელი ქუჩის ამაოდ დალაშქვრის მერე შევედი ეზოში და ეზოს სიღრმეში გაქუცულ მაჩვენებელს მივაგენი, ხელმარჯვნივ თუ წახვალ, არც მეტი არც ნაკლები “ელვა”-ს იპოვიო (ესეც პალიტრის სერვისად მახსოვდა).  რადგან სხვა ვერანაირი მანიშნებელი ვერ ვნახე, წავედი ისრის მიმართულებით და მივადექი უზარმაზარ შენობას, ნახევრად დაცლილს – დანგრეულს (თემას არ ეხება მაგრამ, ამდენი უსახური რაღაცის აშენებას, ამხელა ფაქტიურად უფუნქციო შენობა გამოიყენონ არ ჯობია?) და ვერავითარ პალიტრას ვერ მივაგენი. თავი საშინელებათა ფილმში მეგონა. უკაცრიელ, ნახევრად დაცლილ შენობაში ბოდიალისას (შიშის გრძნობა რატომ არ მომმადლა გამჩენმა, არ ვიცი.)… ერთი სიტყვით, დავანებე თავი აბლაბუდების თვალიერებას, გამოვედი გარეთ და რკინის ჭიშკარი შევნიშნე, პალიტრის ლოგოთი და წარწერით “პალიტრა”. გავქანდი ეგრევე და თან ვფიქრობდი, ესაა, მივაგენი მეთქი. მაგრამ ჯერ სად ვიყავი თურმე! ამოვყავი თავი დიდ ოთახში, სადაც უამრავი დაბეჭდილი გაზეთი იდო და სავარაუდოდ სტამბის საწყობი იყო. თანამშრომლებს კი მარხილიანი სანტა-კლაუსის დანახვა უფრო არ გაუკვირდებოდათ ალბათ, ვიდრე ჩემი. თუმცა, მათი მიგნებით მეშველა მართლა, – დამაკვალიანეს ბოლოს და ბოლოს. თურმე, ეზოში მარცხნივ უნდა წავსულიყავი, გავმძვრალიყავი ღობეში და იქ იყო ეს შენობა, რომელსაც კარზე ეწერა მოკრძალებულად “პალიტრა მედია”. ამ წარწერის გარჩევა გზიდან ყოვლად შეუძლებელია, რადგან ბეტონის ღობე ეფარება! ერთი კვირის შემდეგ, პალიტრას გვერდზე გადავაწყდი სხვა მომხმარებლის კომენტარს, გოთუაზე აბრა მაინც გააკეთეთო. ედავებოდნენ, არის წარწერაო. არადა, არაა გზის მხრიდან. ჯერ შეგვიძლია წარწერების გარჩევა და ზოგადად, წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანები წიგნებს არ ყიდულობენ.

ისე, თქვენც თუ დაგჭირდათ იცოდეთ, რომ თევზეულის მაღაზიის უკან არიან Smile

სხვათაშორის, წიგნების გატანა მეორედაც დამაგვიანდა, 2 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელებული გრიპის გამო. ამ შემთხვევაში კი ძალიან გულისხმიერად მომექცნენ – შემინახეს წიგნი მითითებულ მაღაზიაში, hotsale-ს თანამშრომლის დახმარებით.

თუმცა, როგორც ყველგან, არსებობს ცუდიც და კარგიც. ამ შემთხვევებშიც მინახავს კარგი სერვისი.

სალონების შემთხვევაში მიმართლებს ხოლმე განსაკუთრებით, მომსახურების ხარისხზე არ ასახავენ ფასდაკლებას.ანუ, არც რამეს გაკლებენ, არც ქედმაღლურად გიყურებენ. აქ გაცნობიერებული აქვთ როგორც ჩანს, რომ ეს ფასდაკლება სარეკლამო ხარჯია და მომხმარებელს იზიდავ საბოლოო ჯამში ამით.

ასევე, კარგი ჩიპები და ყურსასმენები შევიძინე newsale.ge –ზე, ადეკვატურ ფასად Smile ხარისხმა ფასს გადააჭარბა და შემოთავაზების ავტორის ყურადღებამ ორივეს. ბოლოს შეძენილი ყურსასმენი ვერ მიიტანეს მაღაზიაში, რადგან მაღაზია დაკეტილი იყო გაურკვეველი მიზეზებით. ამიტომ, თავადვე დამიკავშირდა ეს ადამიანი და შემომთავაზა თქვენთვის მოსახერხებელ ადგილა სმოგიტანთ ყურსასმენსო. არც კი მითხოვია მე მსგავსი რამ… ესაა ყურადღება და სერვისის ცოდნა. კიდევ გამიმრთლა მაისურების ბეჭდვაშიც. კარგი ხარისხის მაისური იყო, კარგად დაბეჭდეს და კარგი სერვისიც ჰქონდათ.

ძალიან კმაყოფილი დავრჩი მაღაზია “ირითის” პროდუქციითაც. რეკლამასავით კი გამომდის, მაგრამ ფასი და ხარისხი შეესაბამება ერთმანეთს. რაც მიყიდია დღემდე, ყველაფერი ისევ მადგება და ხარისხიანია საკმაოდ.

ზოგადად, კი ცუდი არ იქნება, რომ ვინმე აკონტროლებდეს ამ ყველაფერს და არ მისცენ საშუალება მომხმარებლის მოტყუების. მაგ: ზოგი გამყიდველი პატიოსნად უთითებს ბიჟუტერიას, რომ არის მოვერცხლილი, ზოგი კი ვერცხლად ასაღებს, საუბარია ერთი და იგივე სამკაულზე. იგივე შეიძლება ითქვას ზემოთ ნახსენები ტექნიკის და კოსმეტიკის შემთხვევაშიც. საკმაოდ იაფად იყიდება L’Oréal-ის სახის მოვლის საშუალებების ნაკრები და როგორც გაირკვა საბოლოო ჯამში, სულაც არაა L’Oréal-ი. ყველაზე ხშირად კი ეს ხდება სუნამოს შემთხვევაში, ბაზრობაზე ნაყიდ 15 ლარიან პატენტ სუნამოებს ასაღებენ ან ორიგინალად, ან “ევროპული ხარისხის” პატენტად და ყიდიან 50, 100, 120 ლარად.  ერთი სიტყვით, რამე რეგულაცია უნდა არსებობდეს, რომელიც პროდუქციის შემომთავაზებელს საიტზე, აიძულებს პატიოსნად დაწეროს, რომ ორიგინალის ასლია და მიუთითოს მწარმოებელი ქვეყანა. პატენტმა კოსმეტიკამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებიც გამოიწვიოს!

სუნამოსთან დაკავშირებით გადახდა ასეთი ამბავი ჩემს მეგობარს. ეძებდა შანელის “მადმუაზელის” შედარებით კარგი ხარისხის პატენტს, რადგან ორგინალის შეძენის საშუალება არ ჰქონდა სამწუხაროდ. მიასწავლეს FB გვერდი, რომელსაც ასე ჰქვია: “სუნამოები ევროპული ხარისხის”. გამყიდველი ირწმუნებოდა, რომ, არის იტალიიდან ჩამოტანილი პატენტები, კერძოდ მამიდა მიგზავნისო. ხარისხზე თავს დებდა და უკმაყოფილების შემთხვევაში, სუნამოს გამოგიცვლითო. ჩემი მეგობარიც ენდო და 40 ლარი გადაიხადა სუნამოში. თუმცა, ისიც უხარისხო გამოადგა… დასხმიდან 15 წუთში ქრებოდა სუნი. მეორე დღესვე მსიწერა გამყიდველს.

აი მიმოწერის სქრინიც:

scr-sunamo

ამას უკვე პასუხი აღარ მოჰყოლია და მეც თავი დავანებეო, ასე მითხრა ჩემმა მეგობარმა. ის სუნამო მეც ვნახე, სუნი მართლაც 10-15 წუთში ქრებოდა საერთოდ. ეს გვერდი აქტიურად განაგრძობს “მოღვაწეობას” დღემდე, გადავყრივარ ფორუმებზეც და სად აღარ. წამიკითხავს უკმაყოფილო კომენტარები, რომლებსაც აგრესიული პასუხებით იგერიებს. გასაგებია, რომ ყველა ცდილობს თავის გატანას რაღაც გზით, მაგრამ როცა კლიენტი უკმაყოფილოა, დანაპირები მაინც აასრულეთ და გამოცვალეთ რა!

ერთი სიტყვით, ყველა ამ მაგალითზე ვისწავლე, რომ არავის ნდობა არ ღირს, თვალსა და ხელს შუა გატყუებენ, “საყვარელო, ჩემო კარგოს” ძახილში.

ყურადღება:  გაითვალისწინეთ, რომ პოსტში გამოთქმულია ჩემი პირადი მოსაზრებები, გამოცდილებასა და დაკვირვებაზე აგებული. არ ისახავს მიზნად ვინმეს რეკლამას, ან დისკრედიტაციას. ყველა მონათხრობი გამყარებულია ფაქტებით!!! სიტყვის თავისუფლების დაცვის პრინციპი კი მაძლევს ჩემი მოსაზრების გამოთქმის უფლებას!!!!!!!
პოსტი მიზნად ისახავს სხვა მომხმარებლების გაფრთხილებას. რადგან დუმილი და ხმის ამოღების შიში იწვევს მომხმარებლის უფლებების დარღვევას!

შესწორება: 12.02.15 ერთ-ერთი გვერდის ადმინისტრატორი დაგვიკავშირდა და მოიხადა ბოდიში, შესაბამისად მის შესახებ ინფორმაცია მოიხსნა, რამდენადაც გაირკვა რომ რეალური შეფერხება ჰქონდა, თუმცა ამ ფაქტს აქამდე მალავდა. კარგია, რომ ტყუილად არ მიწერია და მიხვდბიან ამის შემდეგ, რომ კლიენტს უნდა უთხრა რეალობა, რის გამო ვერ აწვდი ამა თუ იმ სერვისს და არ მოატყუო. იმიტომ, რომ ზოგი ადამიანი აზროვნებს თურმე და შეუძლია ფაქტებიდან გამომდინარე დასკვნების გაკეთება და თავის დაცვაც! 🙂

Advertisements