the simpsons

ქართველები დიდი ხანია შევთანხმდით იმაზე, რომ ვართ ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი ერი. ასეთი ერთსულოვანი შეთანხმება მგონი არაფერზე არ გვაქვს საერთოდ და ამიტომაც ჩვენი სიზარმაცესთან შეზავებული ნიჭი ეტყობა ყველაფერს, მათ შორის რეკლამასაც.

მე არ ვარ მარკეტინგის სპეციალისტი, მაგრამ მეც კი ვიცი ცნობილი პრინციპები: რეკლამა უნდა იყოს ინფორმაციული, ადვილად აღქმადი და ისეთი, რომ დარჩეს თავში მნახველს. მოკლედ, რეკლამის შედეგად უნდა მოგინდეს პროდუქციის ყიდვა, მომსახურების მიღება და ა.შ.  თუკი მაყურებელს რეკლამა შეუყვარდა კიდეც, ეს უკვე ბონუსია ალბათ, მისი შემქმნელებისათვის.

ჩვენში ეს სხვანაირად ესმით მგონი. აქ მთავარი უკვე რეკლამაა. შინაარსი კი ხან პლაგიატია, ხან ბანალური, ხან ალოგიკური, ხან მარაზმი და იშვიათად – კარგი.

დავიწყოთ კარგით: “მაგთი” და “ჯეოსელი”. მაშინ, როცა ეს ორი კომპანია ახალი ფეხადგმული იყო ფიჭური კავშირგაბმულობის ქართულ ბაზარზე, ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ კარგი რეკლამების გადაღებაში. დღემდე ახოვს ალბათ ბევრს ჯეოსელის რეკლამები, სმს შეტყობინებების და ხმოვანი ფოსტის შესახებ. ანდა, მაგთის რეკლამები, რომელიც სხვადასხვა კუთხის თემატიკაზე იყო აგებული და სწორადაც იყო გათვლილი. მაგთის ახალგაზრდული ბრენდის “ბალის” რეკლამებიც. ძალიან პოპულარული იყო ბალი-ბიჭი და სწორი იყო ისიც, რომ მეტისმეტად არ მოაბეზრეს მისით ხალხს თავი. როგორც კი იკლო პოპულარობამ, ბალი-ბიჭიც გაქრა ტელეეკრანებიდან. მაგთის კიდევ ერთ ბრენდ “ბანსაც” მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი რეკლამები ჰქონდა და აქვს. ყოველ შემთხვევაში, სტილს მაინც არ ღალატობს მაგთი დღემდე. ბოლო წარმატებულ პროექტებად შეიძლება ჩაეთვალოთ “მაგთისატის” რეკლამები. მოკლედ, ჯერ-ჯერობით მაგთიკომი ყველაზე გემოვნებიანი ჩანს ჩემთვის, ქართულ სარეკლამო სივრცეში.

ჯეოსელი კი ცოტა ჩამორჩა. პორტირების რეკლამა იყო სასწაული, კოსმოსში. ვუყურებდი და ვერ ვიგებდი, საბოლოოს რა უნდოდათ. არც მომავლის სკოლა და ჭაღარა დუტა იყო მაინცდამაინც ორიგნალური. ახლანდელი “იყავი მუდამ ონლაინ” თემატიკაზე აგებული პირველი ორი რეკლამაც საშინლად დამღლელი და გამაღიზიანებელი იყო. ბოლო, ნიკა მაჩაიძის მონაწილეობით კარგია. ნიკა ბევრად ბუნებრივია, ის საუბრობს საყვარელ საქმეზე და არაა გამაღიზიანებელი წინა ორი ნინოსგან განსხვავებით.

რაკიღა მობილურ კომპანიებს ვახსენებთ, აქვე “ბილაინიც” არ დავჩაგროთ. თუმცა, აქეთ გვჩაგრავენ თავისი რეკლამებით, კაცმა რომ თქვას. ძირითადად, მყვირალა მაგრამ არაფრის მთქმელი რეკლამები აქვთ. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია რეკლამა, სადაც ყველა ასაკის და სოციალური წრის ადამიანია გაერთიანებული და გაურკვეველ ბგერებს გამოსცემენ. ასოციაცია:  ზოოპარკი ღამით. შედეგი: ბილაინის რომელი პროდუქტის რეკლამაა არ მახსოვს, იმიტომ რომ ყურის მოკვრისთანავე ვრთავ ხოლმე. არ ვიცი ეს კომპანია თარგმნის სათაო ოფისის მიერ შექმნილ  რეკლამებს, თუ თვითონ ქმნიან აქ, მაგრამ იდიოტურია უმეტესობა და რა ვქნა.

ყველა რეკლამას სათითაოდ ვერ მოვედები რა თქმა უნდა, მით უმეტეს, ქართული სატელევიზიო სივრცის 60% რეკლამაა მგონი, მაგრამ ბოლოდროინდელ რამოდენიმე რელამას ვერ ავუვლი გვერდს ვერაფრით.

ასე მაგალითად, სადაზღვევო კომპანია GPI holding-ი. ერთ-ერთი ყველაზე კარგი და საიმედო სადაზღვევო კომპანიად ითვლება საქართველოში და რეკლამებსაც არა უშავდა ადრე, მაგრამ მერე აურიეს. ჯერ იყო და რამდენიმე წლის წინ, ქალ მძღოლებს მიაყენეს შეურაცხყოფა, თანაც თუ სწორად მახსოვს, სარვამარტოდ და ისეთი უკურეაქცია გამოიწვიეს, რომ ოფიციალურად მოუწიათ ბოდიშის მოხდა. ახლა კი ცხოველების მოყვარულთა ჯერი დადგა. რექსი – ასე უწოდეს თავის ახალ სარეკლამო პრუდუქტს. არ ვიცი, ვინმემ თავისი ძაღლის საპატივსაცემოდ მოიფიქრა თუ არა ეს სახელი და ძაღლის იდეა, ანდა პირიქით, ვინმეს ნერვების მოსაშლელად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რექსი კი არა ბასკერვილების ძაღლისა და ღამის კოშმარის ნაზავია. მხრებიანი ძაღლი, კოსტუმით. ბრრ. კარგი, უნდოდათ ძაღლი კი ბატონო, უყვართ ქართველებს ძაღლები და თითქოს კარგი სვლა იქნებოდა. მაგრამ, გაეკეთებინათ რაიმე საყვარელი ლეკვი, გადაეღოთ ცოცხალი ძაღლი და დაედოთ ხმა. ჩემნაირების გულს ნამდვილად მოიგებდნენ – ძაღლი რომ უნდათ და არ აქვთ საშუალება იყოლიონ, ამიტომ ყველა ძაღლის და ლეკვის დანახვაზე რომ დნებიან.  რეკლამის შინაარს რაც შეეხება – სათქმელისგან იმდენად შორსაა ძაღლი-ურჩხული, რომ თამამად შეუძლიათ ჩათვალონ, მიზანს ვერ მიაღწიეს.

სამაგიეროდ, ბუნებრივობა არჩია GPC-მ, თავისი ზღარბი ბარათის და მომავალი გათამაშების რეკლამისათვის. მართალია, ზღარბი ცოტა დაბნეული ჩანს და რეკლამას ბალახები უფრო მოუხდებოდა, მაგრამ მაინც კარგია. არაგამაღიზიანებელი, დასამახსოვრებელი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია “კოკა-კოლას” რეკლამები. ამ სასმელის მოყვარული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ზოგი რეკლამა მართლაც კარგი აქვთ. ყოფილა გამაღიზიანებელიც, მაგრამ ბავშვობის დროინდელი საყვარელი ფილმივით უყვარს ჩემს თაობას “კოკა-კოლას” საახალწლო რეკლამა – მერე მთის გადაღმა დიდი მანქანები გამოჩნდნენ… ახლაც ჟრუანტელი მივლის ამ რეკლამის გახსენებაზე. ეს იყო რეკლამა, რომელიც დიდხანს ქმნიდა საახალწლო განწყობას. კარგია, რომ “კოკა-კოლა”-მ გააგრძელა ეს გზა და მათი ახალი საახალწლო რეკლამაც ასევე ძალიან კარგი და განწყობის ამამაღლებელია. თუმცა, ქათული “კოკა-კოლა” ცოტა მოიკოჭლებს ამ მხრივ. თუ არ ვცდები, ამ ზაფხულს გავრცელებული “გაუზიარე, ნიკას, ლიკას, სანდროს” და სხვ, ქართული შემოქმედება იყო. იდეა არ იყო ცუდი – ვინც იყიდდა “კოკა-კოლა”-ს, რომელსაც ეწერა სიტყვაზე, გიორგის – იმ წამსვე უღებდა ფოტოს, აზიარებდა facebook-ზე და ნიშნავდა ყველა გიორგის, რომელიც სამეგრობროში ჰყავდათ. ამ მხრივ კარგი გათვლა გამოუვიდა მარკეტინგს, ფაქტიურად ახალგაზრდების უმეტესობა უფასოდ მუშაობდა “კოკა-კოლა”-ს რეკლამირებაზე. მაგრამ თავად რეკლამა გამაღიზიანებელი და ცუდად დადგმული იყო, ყალბ ემოციაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ბუნებრივი ემოციის ნაკლებობის გარდა, ადგილისა და პროდუქტის ვერ შეხამება ბევრ რეკლამაში მინახავს, მაგრამ “დომესტოსის” რეკლამის ქართულმა ვერსიამ ყველა რეკორდი მოხსნა მე მგონი. ვერაფრით ვერ მოვუძებნე ახსნა “დომესტოსისა” და თბილისის იუსტიციის სახლის კავშირს. ვითომ შემოქმედებითი აზროვნების ახალი ტალღაა და გაცვეთილ სამზარეულო-აბაზანას გაექცნენ (სადაც არის ზოგადად “დომესტოსის” ადგილი), თუ დომესტოსით იხეხება თბილისის იუსტიციის სახლის შუშები და სოკო-სახურავები? ანდა არქიტექტორულ შედევრთან გვაქვს საქმე და ამიტომ აირჩიეს ეს ადგილი? მოკლედ, თქვენი არ ვიცი და მე ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ ერთხელაც იუსტიციის სახლის ფონზე ვიხილავთ ქ-ნ თეა წულუკიანს “დომესტოსით” ხელში. ვითარცა, დიდი სახლის პატარა დიასახლისს 🙂 ისე კი, კოლიზეუმის ფონზეც სასაცილო და ალოგიკური იქნებოდა, “დომესტოსიანი” ქალბატონები. დაატიეთ რა სახეხი საშუალება იქ, სადაც მისი ადგილია.

ბანკების რეკლამებს რაც შეეხება: ბოლო დროს მომწონს ბანკ “რესპუბლიკას” რეკლამები. მოკლეა, ინფორმაციული, საქმიანი და არაა გადატვირთული. სადაა მოკლედ. რაც შეეხება “საქართველოს ბანკს”, საკმაოდ კარგი რეკლამები აქვთ-ო, ასე ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვერ ვიტან მაგათ სანტას და”სნეგუროჩკას”, მასაზე იმოქმედა და ზუსტადაა მორგებული თავის გამოჩენის მოყვარულ საზოგადოებაზე. მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ წელს მაინც იქნებიან განსხვავებულები და უკეთესს მოიფიქრებენ რამეს. სხვები დიდად არ მახსენდება ახლა TBC ბანკის გარდა.

TBC ბანკის რეკლამები ადრე უფრო კარგი და ორიგინალური იყო. ახლა კი ცოტა შეიცვალეს სტრატეგია. არ მეგონა, ედმონდ აბაშიძეზე უარესს თუ რამეს ვნახავდი კიდევ, მაგრამ თურმე ჯერ სად ვართ! თანამედროვე ათოსის, პორთოსის და არამისის გამოჩენა წინ გვქონია. სიმართლე ვთქვა, ანონსის შემხედვარე ორიგინალურს და გადასარევს არაფერს ვვარაუდობდი, მაგრამ ასეთ საშინელებასაც არ ველოდი… კაცი ხარ თუ პრობკა!!-ს ინტონაციით შეახსენა TBC-ის მარკეტინგის ჯგუფმა ქართველ მამაკაცებს მათი ჭეშმარიტი და ნამდვილი დანიშნულება! აბა რა, რა კაცის საქმეა გადასახადები, ნაგვის გატანა, ბავშვის გასეირნება, ზრუნვა, ყურადღება და სხვ. მთავარია “ის საქმე რაც არ უნდა, რომ შეწყვიტოს”. დანარჩენი ქალებმა იხალონ თავში, ისიც “იმ საქმის” მერე, რაც არ უნდა მის მამაკაცს, რომ შეწყვიტოს. რეკლამის გენიალური დაგვირგვინებაა მორიდებული ფრაზა: “შეიძლება კარადაში დავრჩეთ” ? მსახიობებს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, რა მათი ბრალია! მარკეტინგთან კი მაქვს კითხვა – საიდან მოაქვთ ასეთი უკაცრავად და ანანისტური იდეები?  არც ის მახსოვს, ნამდვილი ათოსი, პორთოსი და არამისი ხელცქვიტობით ყოფილიყვნენ დაკავებულნი. აქ ალბათ მაინც ფროიდს უნდა დავეყრდნოთ და ვიფიქროთ, რომ უსექსობის პრობლემასთან გვაქვს საქმე, სუბლიმაცია კი რეკლამა გახდა. კარადაში დამალვა და “არ შესაწყვეტ საქმეში” მოწმედ დადგომა კი სავარაუდოდ, ეროტიკული ფანტაზიების ნაწილია. დადგმულიც საკმაოდ უღიმღამოა, “საქმეში” მონაწილე მამაკაცს აშკარად ეტყობა, რომ ამოუვიდა ყელში საწოლში ნახევრად შიშვლად კოტრიალი და დუბლების თვლა, კარადაში დამწყვდეული “მუშკეტერების” თანხლებით.

შემდეგი მუშკეტერული სიურპრიზი რა იქნება საინტერესოა, სიგარეტის ყიდვა ონლაინ, “იმ საქმის მერე რაც არ უნდა შეწყდეს”, საკვების, თუ სექსუალური თეთრეულის? თუმცა შეიძლება სხვა ეროტიული ფანტაზიების სარეკლამო გამოხატვაც ვიხილოთ, ვინ იცის! ხო, სანამ დამესევიან კომენტარებში, ასე რატომ მსჯელობ, დაბოღმილი ხარო, და სხვა ამისთანა ბრძნულ აზრებს დამიტოვებდნენ, წინასწარ მინდა ვუთხრა ამ კატეგორიის ხალხს – ასე მსჯელობის საფუძველს მაძლევს თავად ეს რეკლამა, როგორც ერთ ჩვეულებრივ რიგით მაყურებელს, მეც მაქვს აზრის გამოთქმის უფლება! შთაბეჭდილებები კი მე და გარშემომყოფებს ერთნაირი გვაქვს.

ალბათ ნიჭიერობის და სიზარმაცის ბრალია, ეს ბოლომდე ვერ გაკეთებული საქმე, არაბუნებრივი და საბოლოო ჯამში მაყურებლის გამაღიზიანებელი რეკლამები, რომლებსაც ხშირად დასანახად ვერ იტანს უმეტესობა. თავისთავად, რეკლამა ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას და მხოლოდ ნერვების წყვეტასღა ემსახურება. სავარაუდოდ, არასაკმარისი განათლების ბრალიც უნდა იყოს ეს ყველაფერი. მესმის, რომ კარგი განათლება ძვირია, მაგრამ – ინტერნეტში ხომაა უამრავი საიტი, ლიტერატურა, რაც დაეხმარება ბევრს განვითარებაში. აიღეთ და გადახედეთ რა, დაიხვეწეთ თქვენც და დაგვინდეთ ჩვენც!! ხოდა კიდევ – შეეშვით პლაგიატს.

მინდოდა ცოტა მოკლე პოსტი გამოსულიყო, მაგრამ სიტყვა მაინც გამიგრძელდა. ამიტომ აქ გავჩერდები და უბრალოდ მინდა დაგიტოვოთ ზემოთ განხილული რამდენიმე კარგი რეკლამა და ვიდეო, სდაც პლგიატშია მხილებული 5 რეკლამა. კიდევ მინდა გისურვოთ წარმატებები, განვითარება და წინსვლა ყველას, რა სფეროშიც არ უნდა იყოთ დასაქმებული. მომავალ შეხვედრამდე 😉

პლაგიატი:

კარგი რეკლამები 🙂

კოკა-კოლას წლევანდელი რეკლამა: ბოთლი საჩუქარი.

ვალენტინოს სუნამოს “ვალენტინას” რეკლამა. ნამდვილად მომანდომეს ამ სუნამოს შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ არ ჯდება ეს სუნამო ჩემს გემოვნებაში, რეკლამა მაინც მომწონს ახლაც.

და ბოლოს, ჩემი ფავორიტი, მერსედესის გენიალური რეკლამა.

Advertisements