290810_1111

შემოდგომა…

წელიწადის დრო, რომელიც არ მიყვარს.. თუმცა არ მიყვარს ქალაქში, სოფლად კი სულ სხვაა…

ახლაც მენატრება ალიონზე წამოდგომა, შემოდგომის სუსხის შეგრძნება და ცხელი ყავით გათბობა და პაპიდას დიდ შალში გახვევა… ვერაფერი შეედრება ჯერ კიდევ მწვანე, აქა-იქ წითელ-ყვითლად შეფერადებულ ტყეს…

ორღობეებში ატეხილ გადაძახილებს – რთველისთვის ემზადებიან კახელები…

სუნი…

დამწვარი თივის, ახლად დაწურული ყურძნის, სიმინდის გამხმარი ფუჩეჩის და ნაკელის სუნი დგას ხოლმე ამ დროს ორღობეებში. ვინც არ იცის, იქნებ გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ ესაა ის სუნი, სუნი კი არა სურნელი, რაც არის შემოდგომობით სოფლად და ამ ქვეყნად ვერაფერი შეედრება, ისეთი თბილია და მშობლიური…

ისევე მშობლიური, როგორც შემოდგომის ჯერ კიდევ თბილი მზე, რომელიც შუადღისით გაბატონდება ცის კაბადონზე და გულში ისე გიკრავს სხივებით, როგორც დიდი ხნის უნახავ შვილს დედა…

შემოდგომა მომნატრებია – შემოდგომა სოფლად…

ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს და მონატრებულ მაკას…

Advertisements