cute-girl-photographer-Favim.com-604025

დღეს ციფრულ ეპოქაში თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება ფოტოაპარატი, ან მობილურში ჩაშენებული ფოტოკამერა მაინც აქვს უმეტესობას, რაც რა თქმა უნდა, პრაქტიული და მოსახერხებელია, როცა გინდა დააფიქსირო სამახსოვრო კადრები. მით უმეტეს, რომ ამ კადრების გამოფენის არეალი ახლა უკვე ყველას დიდი გვაქვს – Facebook! Winking smile თუმცა, მოდი შევთანხმდეთ – ფოტოს გადაღებისათვის არ კმარა მხოლოდ კამერის მიშვერა და თითის დაჭერა. საჭიროა კომპოზიციის, განთების და ა.შ. შერჩევა. სულ ერთია, რითი იღებთ, ტელეფონის ყველაზე მარტივი კამერით თუ ნახევრადპროფესიონალური კამერით. ზოგადად, თანამედროვე ფოტოკამერები თითქმის ყველაფერს აკეთებენ პატრონის მაგივრად – ასწორებენ ფოკუსს, ეძებენ სახეს, ღიმილს და სხვ. თუმცა, საქმე თქვენც საკმაოდ გრჩებათ.

ამ სტატიაში არ ვაპირებ დაწვრილებით განვიხილო ფოტოაპარატების მოდელები და ა.შ. უბრალოდ, ყოველთვის გაითვალიწინეთ, რომ პიქსელების რაოდენობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხარისხიან სურათებს. მაგ: ერთი მობილურის 2,5 პიქსელიანი კამერა უკეთეს ფოტოებს იღებს, ვიდრე მეორეს 5 პიქსელიანი. მთავარია ლინზის ხარისხი და დიაფრაგმის გახსნა-დახურვის სიჩქარე, რადგან სწორედ დიაფრაგმა უშვებს საჭირო რაოდენობის სინათლეს. ასევე დაიმახსოვრეთ ყველაზე მთავარი – მობილური მაინც მობილურია და ვერასოდეს მოგცემთ ისეთ ფოტოებს, როგორც ნებისმიერი ყველაზე უბრალო ფოტოკამერა. თუმცა იშვიათი გამონაკლისებიც არსებობს, მაგ: ჩემი ძველი Razr V3x, 2.5 მეგა პიქსელიანი კამერით ბევრ ფოტოაპარატს არ ჩამოუვარდებოდა. თუმცა, აქ ზუმს ვერ გამოიყენებდი – ხარისხი შესამჩნევად ფუჭდებოდა. ახალი თაობის სამოყვარულო ფოტოკამერებში კი ეს პრობლემა თითქმის მოხსნილია – კადრის მოახლოება ფოტოს ხარისხს აღარ გიფუჭებთ. მოკლედ, ეს მცირე შესავალი, ახლა გადავიდეთ უშუალოდ რჩევებზე:

1. ნუ გამოიგონებთ ხელოვნურ, რთულ კომპოზიციებს. გადაიღეთ მარტივი და გასაგები კადრი.

2. აირჩიეთ ერთი ობიექტი, რომლის შესახებაც უნდა გადმოსცეთ ინფორმაცია, რომელზეც თქვენმა ფოტო უნდა მოუთხროს მნახველს. ამისათვის კი საჭიროა მოაშოროთ კადრიდან ზედმეტი ადამიანები, ნაგვის ურნა, ნახევრად დაცლილი ჭურჭელი და ჭუჭყიანი ხელსახოცების პირამიდა თეფშებიდან (როცა სუფრასთან იღებთ ვინმეს).

3. განათება – გადასაღებად მოეწყვეთ ისე, რომ სინათლე იყოს თქვენს ზურგს უკან, ან გვერიდან ანათებდს ობიექტს. ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტად განათებულ, ან ჩაბნელებულ კადრებს, რომელშიც არაფერი არ ჩანს. ერთადერთი გამონაკლისია კონტრაჟური – როდესაც შეგნებულად ვიღებთ ისეთ კადრს, სადაც მზე, ან განათების სხვა წყარო პირდაპირ უყურებს ობიექტივს, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს ლინზის ხარისხს. მაგრამ, თუ მოინდომებთ, მაინც გამოვა კარგი ფოტო Winking smile ასევე, ცნობილი ხერხია ობიექტის გადაღება, როცა განათება ობიექტის უკანაა. ასე ვერ გამოკვეთთ შენობის ჩუქურთმას სიტყვაზე, სამაგიეროდ მიიღებთ ლამაზ სილუეტს. საერთოდ, ასეთ ფოტოს იდუმალების ელფერი დაჰკრავს ხოლმე ოდნავ Smile როდესაც ბუნებრივი განათება არაა საკმარისი, რა თქმა უნდა, აუცილებელია ფოტოაპარატის განათების, ანუ ე.წ. “სპიშკის” გამოყენება. ამ დროს ეცადეთ, რომ გადასაღებ ობიექტს პირდაპირ არ ურტყავდეს “სპიშკა”, რათა დაიზღვიოთ თავი ანარეკლებისა და კადრის გაფუჭებისაგან. თუ ადამიანს იღებთ მით უმეტეს – სახეში მიფრქვეულ ძლიერ სინათლეს, თვალების მოჭუტვა მოჰყვება ხოლმე და თავისთავად, კადრიც ფუჭდება.

4. თუკი თქვენ იღებთ ვერტიკალურ ობიექტს – ხეს, შენობას, ან ფეხზე მდგომ ადამიანს, კადრიც ვერტიკალური ჯობს. პეიზაჟების ან ჯგუფური ფოტოს შემთხვევაში კი, ჰორიზონტალური. ამასთან, მაინცდამაინც ნუ ეცდებით, რომ ყველა ობიექტი ზუსტად კადრის ცენტრში იყოს. ცოტა გვერდიდან გადაღებული ფოტო მეტ ეფექტს იძლევა და მეტად იქევს ობიექტი ყურადღებას, ვიდრე პირდაპირ ცენტრში გამოჭიმული.

მაგ:photographer

 

 

 

 

 

 

 

 

 

5. თუკი იღებთ ბავშვებს ან ცხოველებს, გადაიღეთ მათი სიმაღლიდან, ანუ გაუთანაბრდით თვალების სიმაღლემდე მათ. ამგვარად ფოტო უფრო მეტყველი იქნება.

6. გაითვალისწინეთ, რომ ბუნებრივი განათების პირობებში გადაღებული ფოტო უფრო მაღალი ხარისხისაა და უფრო მრავლისმთქმელია. როდესაც ავტომატური “სპიშკა” გაქვთ ჩართული, ეცადეთ მოძებნოთ ისეთი ადგილი, სადაც “სპიშკას” აღარ გამოიყენებს ფოტოაპარატი და ისე გადაიღებს ფოტოს. რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში იგულისხმება. როდესაც ძალიან ჩაბნელებულია, “სპიშკის” გამოყენება გარდაუვალია. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც არსებობს გამონაკლისები. მაგ: სრულ სიბნელეში კარგი “სპიშკით” გადაღებულ ობიექტებს სულ სხვა ეფექტი აქვს.

7. მზიან ამინდში, როდესაც სინათლე მკვეთრი და კაშკაშაა, ფოტოები გადაიღეთ ხის ჩრდილში, ან შენობაში. ფოტოზე განათება იქნება რბილი და სასიამოვნო, თანაც თავიდან აირიდებთ კონტრასტულ ჩრდილებს სახეზე, რაც ადამიანის გამომეტყველებას და სახეს საგრძნობლად ცვლის.

8. მნიშვნელოვანი კადრებისათვის რამოდენიმე დუბლი გადაიღეთ. განსაკუთრებით, თუკი იღებთ სპორტულ შეჯიბრებას ან რამე ღონისძიებას. შემდეგ შეძლებთ, რომ აარჩიოთ მაღგან საუკეთესო და არ გაუშვათ ხელიდან საკვანძო მომენტი. გადარჩევის შემდეგ, არ დაგავიწყდეთ, რომ წაშალოთ ზედმეტი ფოტოები, რათა არ შეგეშალოთ ხელი სამომავლოდ.

9. ფოტოაპარატთან ერთად წაიღეთ დამატებითი ელემენტები, ან აკუმულატორი და დამტენი. ასე ყოველთვის მზად იქნებით, საინტერესო კადრის დასაფიქსირებლად.

10. გამოიყენეთ მოულოდნელი ფოტოს ეფექტი ხშირად. არაფერია ახალი იმაში, რომ ადამიანი ბუნებრივია მაშინ, როცა არ იცის, რომ უღებენ. როცა ველოდებით ფოტოს და ვპოზიორობთ, ვიძაბებით და უმეტეს შემთხვევაში ფოტოს ხელოვნურის ელფერი აქვს. ყველაზე საშინელი ასეთი ფოტოებიდან პირადობის მოწმობის ფოტოა, როგორც წესი Smile

წარმატებულ და ლამაზ ფოტოკადრებს გისურვებთ. ვეცდები, მომავალშიც მოგაწოდოთ მსგავსი პოსტები.

ყურადღება: პოსტზე ყველა საავტორო უფლება დაცულია, მისი რაიმენაირი ფორმით გამოყენება, ჩემთან შეთანხმების გარეშე, ისჯება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, საავტორო უფლებები შესახებ. მოკლედ, არავითარი გადაკოპირება და სადმე დადება, შეთანხმების გარეშე!!!

Advertisements