abortion-mychoice

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცოტა უცნაურ საზოგადოებაში გვიწევს ახლა ცხოვრება. აიტაცებენ რაღაც თემას და ითხოვენ მის გატანას.. ამჟამად აბორტის აკრძალვის თემაა აქტუალური. ბევრგან წავაწყდი სიკუსიას, ბევრი პეტიცია თუ ჯგუფი შემომთავაზეს, რომ ხელი მომეწერა აკრძალვის მოთხოვნისათვის. არ მოვაწერ ხელს და ვეცდები ავხსნა, რატომ..

დასაწყისშივე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აბორტის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მე პირადად, ჩემთვისაც ის მკვლელობაა, თუმცა აკრძალვა არ მიმაჩნია გამოსავლად. ეს უფრო დაამძიმებს ისედაც რთულ, დემოგრაფიულ მდგომარეობას, რადგან იატაკქვეშა აბორტმახერები მომრავლდებიან, რომლებიც კაცმა არ იცის, როგორ და რა პირობებში გააკეთებენ ამ ურთულეს ოპერაციას. თუკი, ახლა წელიწადში 36 000 ბავშვი არ იბადება (სტატისტიკა მართლაც შემზარავია), აკრძალვის შემდეგ მზად ვართ, რომ 36 000 ახლგაზრდა ქალიც მოკვდეს?

საერთოდაც, როცა ჩანასახის სიცოცხლის უფლებაზე ვსაუბრობთ, ქალების უფლებებიც არ უნდა დავივიწყოთ. არავის, არ აქვს უფლება, ქალს აიძულოს ორსულობა. სიტყვაზე, სახელმწიფო მიხედავს უკვე დაბადებულ, არასასურველ ბავშვს, რატომ გვავიწყდება, რომ ორსულობა მთელი რიგი ფიზიოლოგიური პროცესებისგან შედგება. ჯერ ერთი, ორსულს კარგი კვება და მოვლა უნდა, შემდეგ მინიმუმ ორი სეზონისათვის მან გარდერობი მთლიანად უნდა განაახლოს, რადგან ზომები იცვლება, ბუნებრივია. ბევრ ქალს არ სურს ეს, ან არ აქვს საშუალება. შესაბამისად, არავის არ აქვს უფლება, ქალს აიძულოს გამრავლების ობიექტად, ინკუბატორად ყოფნა, ეს ქალთა უფლებების დარღვევაა და ყველამ ვიცით, როგორ პირობებში ცხოვრობენ უარყოფილი ბავშვები, თავშესაფრებში. ჯერ შექმენით პირობები ბატონებო და შემდეგ ისაუბრეთ აკრძალვაზე!!! ამასთან, როცა სხვა საკითხების გათვალისწინებისას ვსაუბრობთ რელიგიური უმცირესობების შესახებ, ახლაც არ უნდა დაგვავიწყდეს ეს კატეგორია.

არავინ არ ფიქრობს, ამ საკითხის წამოწევისას, ე.წ. „უკანონო ბავშვებზეც“. ხშირად არ სურთ დედებს ამ ბავშვების მოცილება, მაგრამ არ უდგას არავინ გვერდით, არც ფინანსურად დამოუკიდებელნი არიან და ქალთა თავშესაფრებიც მხოლოდ დორებითია, საბოლოო ჯამში. გამოდის, რომ ოჯახი და საზოგადოება, რომელიც ვერ ეგუება ქორწინების გარეშე ჩასახული ბავშვის არსებობას, მაინც აიძულებს ორსულს, მიაკითხოს აბორტმახერს. აკრძალვის შემთხვევაში კი, იატაკქვეშა აბორტმახერს, ანდა სულაც ხალხურ საშუალებებს სცდიან.. თითქმის ყველა ქალმა იცის მსგავსი საშუალებები, სამწუხაროდ… მოიშლიან მუცელს და შემდეგ მშვიდად მივლენ სამედიცინო დაწესებულებაში, შემდგომი პროცედურების ჩასატარებლად. ექიმებსაც ისღა დარჩენიათ, რომ დაეხმარონ.. ასევე, კატასტროფულად გაიზრდება, სანაგვეზე და საპირფარეშოებში ნაპოვნი ჩვილების რაოდენობა, ან, „ვაჟკაცი“ მამების და ძმების მიერ, სიკვდილამდე ნაცემი ორსულების რაოდენობაც.

ილუზია და ზღაპარია, ისიც, რომ პოლიცია ყველა იატაკქვეშა აბორტმახერს აღმოაჩენს და აღმოფხვრის ამ პრობლემას. ნარკოტიკების მოხმარებაც აკრძალული და დანაშაულია, თუმცა მასთან ბრძოლა საკმაოდ ძნელია, როგორც ვხედავთ.

ამასთან, აბორტის ცოდვის სიმძიმეს საზოგადოება მთლიანად ქალს აკისრებს და ავიწყდებათ მამაკაცი, რომელიც ასევე მონაწილეობს ბავშვის ჩასახვაში და ისევე პასუხისმგებელია, საკუთარ შვილზე, როგორც ქალი. მაგრამ არა – ჩვენთან ქალია ვალდებული დაიცვას თავი და თუ ვერ დაიცვა, თავად მოაგვაროს ეს პრობლემა. პრობლემა, რომელსაც არასასურველი ბავშვი ჰქვია. საზოგადოება კი, ისევ ვიმეორებ, განზე დგება ამ შემთხვევაში და მხოლოდ მარწუხების შემოღებას უჭერს მხარს, ბრმა და დაუფიქრებელი განცხადებებით. არადა, რამდენი ვიცით, რომელსაც მეუღლე აიძულებს აბორტის გაკეთებას, ცალკე მარაზმია სელექციური აბორტები… ჩემში ეს ადამიანები საშინელ ზიზღს იწვევენ, მაგრამ აბორტის აკრძალვა მაინც რომ უარესი იქნება, ვიცი.

ასევე, არაა ნორმალური, აიძულო ქალი, გააჩინოს ბავშვი, რომელიც ძალადობის შედეგად ჩაისახა… თუ ადამიანს არ უნდა, ასეთი ბავშვის გაჩენა, სისასტიკე იქნება, აიძულო.

ასე, რომ პრობლემას აკრძალვა ვერ უშველის და გამოსავალი ყველაფრიდან არსებობს.

1. ქვეყანაში უნდა შეიქმნას შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური ფონი. უმეტესობას არ უხარია, ეს საშინელება, მაგრამ, არ იციან რა აჭამონ უკვე დაბადებულ შვილებს;

2. უნდა მიეწოდოთ კონტრაცეფციის შესახებ ინფორმაცია. ვიცი, დაუჯერებლად ჩანს, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის, როგორ დაიცვას თავი!! განსაკუთრებით, დედაქალაქიდან დაშორებულ რეგიონებში. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ შოკში ჩააგდო საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება – უმეტესად მაღალ მთიან სოფლებში, წარმოდგენაც არ აქვთ კონტრაცეფციის შესახებ, ხოლო არასასურველ ნაყოფს წინდის ჩხირით და ათასი საშინელი ხერხით იცილებდნენ!!!

3. უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, აბორტის შემდგომი პროცესების და მისი შესაძლო გართულებების შესახებ. როგორც ვთქვით, ურთულესი ოპერაციაა და ლეგალური აბორტის შემთხვევაშიც, ხშირია გართულება, ხშირად სიკვდილიანობაც. რომც გადაურჩეს ქალი, ერთი შეხედვით, გართულებების გარეშე, წლების შემდეგ, მაინც იჩენს თავს რამე პრობლემა. ერთ-ერთი და ყველაზე გავრცელებულია, უშვილობა და სიმსივნე. ბოლოს და ბოლოს, აბორტი მთლიანად ურევს ორგანიზმის ჰორმონალურ ფონს და ქალი უეცრად სუქდება, თუმცა ვერ ხვდება რატომ, ამ პრობლემის მკურნალობა კი საკმაოდ რთულია. აღარაფერს ვამბობ, განადგურებულ ფსიქიკაზე – ცნობილია, ქალების დიდი ნაწილი აბორტის შემდეგ, თვითმკვლელობაზე ფიქრობს..

4. უნდა აიკრძალოს სქესის თქმა იმ ვადამდე, სანამ აბორტი შესაძლებელია!!!!! ასეთი აბორტების “დამკვეთები” ძირითადად ვაჟის, გვარის გამგრძელებლის მოსურნე მამები არიან. სამწუხაროდ, ასეთი პირუტყვები მრავლად გვყოლია, საზოგადოებაში. გეკითხებით, გოგო შვილი არაა? ანდა, აიღეთ და აკუწეთ უკვე დაბადებული გოგონა. ზუსტად იგივეა, რასაც მუღლეს სთხოვთ!

5. ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც დაელაპარაკება დედას და დაეხმარება, გადაწყვეტილების მიღებაში. ბევრი ქალი ვერც აცნობიერებს, რომ ცოცხალ არსებას კლავს და გულწრფელად სჯერა, რომ სანამ აბორტი შესაძლებელია, ჩანასახი არაა ცოცხალი. რაც რა თქმა უნდა შეცდომაა – ჩანასახი ჩასახვის მომენტისთანავე ცოცხალია!

კიდევ ერთი თემა მინდა განვიხილო აქვე – კონტრაცეფცია. აბორტის აკრძალვის მომხრეები მის აკრძალვასაც ითხოვენ, ესეც მკვლელობააო! ხალხო, ან წაიკითხეთ რამე, ან სამედიცინო დაწესებულებაში იკითხეთ, ან ტვინი გაანძრიეთ, რადგან თვითონ სიტყვა გვეუბნება – ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება! ანუ, ხელს უშლის ჩასახვას. ჩასახვისათვის ხელის შეშლა, მკვლელობა არაა. რადგან ცალკე აღებული სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი, არაა სულიერი, ცოცხალი არსება. ისინი მხოლოდ შეერთების შემდეგ ქმნიან სიცოცხლეს. თქვენი ლოგიკით კი, ყოველი მენსტრუაციაც მკვლელობაა!რეალურად,  კონტრაცეფცია ძალიან კარგი საშუალებაა, აბორტების თავიდან ასაცილებლად და ოჯახის დასაგეგმად. ერთადერთი საკამათო საშუალება სპირალია, თუმცა, მის გარდა კიდევ უამრავი არსებობს! ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების აკრძალვას ვინც ითხოვს, რატომ არ ფიქრობს იმ ქალებზე, რომლებმაც ახლახანს გააჩინეს ბავშვი და ჯერ ფიზიკურად არ შეიძლება ეგრევე დაორსულება, მით უმეტეს, თუ საკეისროთი გააჩინა. ან ისევ იმ ხალხზე, ვინც ვერ არჩენს ბევრ შვილს? ჩემთვის ისიც ცოდვაა, გააჩინო 10 შვილი და მიწისქვეაშა გადასასვლელებში დასვა სამათხოვროდ!! მოზრდილობაში კი კრიმინალისა და პროსტიტუციისათვის გაწირო!!! ვერც ასე გამრავლდება ერი ნორმალურად!

აქვე მცირე ინფორმაცია, კონტრაცეფციის შესახებ. განვიხილოთ მისი სახეობები:

  • ბარიერული მთოდი – ხელს უშლის სპერმატოზოიდს მიაღწიოს საშვილოსნომდე. ბარიერული მეთოდის ყველაზე გავრცელებული სახეობა ჩვენში პრეზერვატივია და ყველაზე საიმედოდაც ითვლება, თავდაცვის სახეობებს შორის.
  • კალენდარული მეთოდი – ეფუძნება ოვულაციის დღეების მიხედვით თავდაცვის გეგმას. ბევრი წარმატებით იყენებს ამ მეთოდს, მაგრამ ბევრისთვის არაეფექტურია. რადგან ორგანიზმზეა მთლიანად დამოკიდებული, ხოლო ის როდის „რას აურევს“, კაცმა არ იცის. ამიტომ, ამ მეთოდის გამოეყენება სხვებთან ერთად, ბევრად უფრო ეფექტური იქნება. კალენდარული, ანუ ოგინოს მეთოდის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე: ოგინოს მეთოდი
  • ადგილობრივი საშუალებები – ესენი როგორც წესი, არის უსაფრთხო აბები, ან სანთლები,რომლებიც აქტამდე 5-10 წუთით ადრე შეჰყავთ საშოში. მათი შემადგენელი ნივთიერებები შლიან სპერმატოზოიდს და შესაბამისად, განაყოფიერება აღარ ხდება. ასეთი პრეპარატებია ჩვენთან მაგ: „ფარმატექსი“, „პატენტექს ოვალი“ და მრავალი სხვა. თუმცა, მათი გამოყენების ინსტრუქციის ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია! სხვა შემთხვევაში, „გაპარვის“ ალბათობა მაინც არსებობს. თუმცა, კალენდარულ მეთოდთან ერთად, საკმაოდ ეფექტურია. მაგ: ჩასახვისათვის ნაკლებად ხელსაყრელ დღეებში შეგიძლიათ ადგილობრივი კონტრაცეფცია გამოიყენოთ, ხოლო ჩასახვისათვის კარგ დღეებში ბარიერული მეთოდი.
  • შემდეგია ჩასახვის საწინააღმდეგო, ჰორმონალური აბები – ესეც ეფექტურ სახეობად ითვლება, მაგრამ მისი მიღება დუშვებელია ექიმის და გამოკვლევების გარეშე!!! ჰორმონებთან ხუმრობა არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გასუქდეთ ძალიან, ან წვერ-ულვაშით დამშვენდეთ. ანდა, ორივე ერთად. ექიმის და კარგი ენდოკრინოლოგის მიერ სიფრთხილით დანიშნული კი, პირიქით, სარგებლობის მომტანიცაა.
  • ეაკულაცია საშოს გარეთ – უსაფრთხოა, ჯანმრთელობისთვის. თუმცა ბოლომდე საიმედო არაა – სპერმის საბოლოო გამოსვლამდე, აქტის პროცესში მაინც გამოიყოფა მცირე რაოდენობით სპერმა. განაყოფიერებისათვის კი, ერთი სპერმატოზოიდიც კმარა.

რაც მთავარია, დაივიწყეთ მითი, რომ ჩამოთვლითაგან რომელიმე საშუალება, შემდეგ დაორსულებაში შეუშლის ხელს – ეს სისულელეა. ზოგიერთი მათგანი პირიქით, უშვილობის მკურნალობისასაც გამოიყენება (ჰორმონალური აბები). კიდევ ვიმეორებ – კონტრაფეციამ არა და აბორტმა შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა!

რაც შეეხება სპირალს – მასზე ჯერ კიდევ დაობენ ექიმები. ერთნი ამბობენ, რომ ისიც ხელს უშლის სპერმატოზოიდის მიღწევას კვერცხუჯრედამდე, მეორენი კი, ამბობენ, რომ უკვე განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს კლავს მისი წამახული ბოლოები.. მეორე ვერსია თუ მართალია, ესეც აბორტია. რის გამო, კატეგორიულად არ მომწონს თავდაცვის ეს მეთოდი. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სპირალს არც ერთი ნორმალური ექიმი არ უდგამს არანამშობიარებ ქალს. ასევე, არ შეიძლება ჩადგმა და დავიწყება. საჭიროა რეგულარული ვიზიტი ექიმთან, მისი მდგომარეობის შემოწმება და სხვ. არც თუ იშვიათია, მის მიერ გამოწვეული გართულებებიც.

გავრცელებული შეცდომები, კონტრაცეფციის გამოყენებისას:

  • პრეზერვატივის ჩამოცმა, აქტის ბოლოსკენ, კულიმინაციამდე. როგორც უკვე ვთქვით, მცირე რაოდენობის სპერმა მანამდეც გამოიყოფა, ამიტომ თუ თავდაცვა გინდათ, თავიდანვე გამოიყენეთ პრეზერვატივი, მეტი საიმედოობისათვის.
  • იაფფასიანი პრეზერვატივი – ის შეიძლება გაიხეს, თანაც ბოლო მომენტში.
  • ადგილობრივი საშუალებების გამოყენებისას ინსტრუქციის ბოლომდე არ დაცვა – ხშირად არ აცდიან გადნობას ან უარესი – საშოში შეჰყავთ აქტის შემდეგ, რასაც აზრი რა თქმა უნდა არ აქვს.
  • ჰორმონალური კონტრაცეფციის თვითნებურად, ექიმის გარეშე მიღება – გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გართულებებისა, შეიძლება უბრალოდ არაეფექტური იყოს.

მოკლედ, თემა ვრცელია და უსასრულოდ შეიძლება ამაზე საუბარი.. მაგრამ აქ შევჩერდები.

უბრალოდ ქალებს მინდა მივმართო: კონტრაცეფცია თქვენი უფლებაა!!! და კანონიც იცავს ამ უფლებას. თუ პარტნიორი წინააღმდეგია მისი გამოყენების, ნუ დათმობთ ამ საკითხს, რადგან დაორსულდებით თქვენ და არა მამაკაცი! ყველა ქალს ვუსურვებ დედობის სიხარულს, მაგრამ ყველას უწევს თავდაცვაზე ფიქრი, რადგან მთელი ცხოვრება ორსულად ვერ იქნებით. შესაბამისად კონტრაცეფცია თქვენი არჩევანია, მთავარია ყველაფერი ზუსტად გააკეთოთ.

ასევე, ყველა მამაკაცს მინდა მივმართო – ქალის სხეული მისი ნებაა. აბორტის და კონტრაცეფციის საკითხები, ქალის გადასაწყვეტია. მის სხეულში ჩასახული ნაყოფიც, საბოლოო ჯამში, მისი საქმეა და არა საზოგადოების. რადგან ქალმა უნდა ატაროს 9 თვე და გაიაროს ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომი მტანჯველი პერიოდი. ყველა მშობიარე, სიცოცხლეს რისკავს, შესაბამისად, მამაკაცებისათვის ადვილია ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების სროლა და აქციაზე დგომა, რადგან მათ ეს ყველაფერი არ ეხებათ!!!! და საერთოდ, ვინც აბორტის აკრძალვას ითხოვთ, გეკითხებით, რამდენი შვილი გყავთ? მკვლელს რომ ეძახით იმ ქალებს, ვინც აბორტი გაიკეთეს უკვე, ჰკითხეთ საკუთარ დედებს, იქნებ თქვენც გყავთ დაუბადებელი და-ძმა? ანდა, როცა უკვე დაბადებული ბავშვები შიმშილით იხოცებიან ქვეყანაში, რატომ ამაზე არ იღებთ ხმას?

კიდევ ვიმეორებ – მე აბორტის წინააღმდეგი ვარ და მას არასოდეს მივმართავ, მაგრამ, ვინაიდან ღმერთმა ადამიანი შექმნა თავისუფალი ნების მქონე არსებად, ადამიანებს არ აქვთ უფლება, წაართვან თავისუფალი ნება სხვა ადამიანებს. არჩევანის საშუალება ყოველთვის უნდა იყოს.. ქალები არ არიან ინკუბატორები, ან მონები, გამრავლების ობიექტად ყოფნა აიძულოთ!

ნორმალური საზოგადოება და გარემო თუ გინდათ, დაიცვით ქალთა უფლებები, ჩადეთ კანონში უფრო ძლიერი მუხლი, რომელიც დეკრეტულ შვეულებაში მყოფ დედას დაიცავს და დეკრეტის მერე, ეგრევე არ გაუშვებენ სამსახურიდან და საერთოდ, დაოჯახებულ ქალბებს დასაქმების თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეთ. არ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც, დედის გარეშე ვერ დაარქმევს მამა, ბებია ან პაპა ბავშვს სახელს. ამ პატრიარქალურ საზოგადოებაში, ესეც დიდი პრობლემაა და ხან, ოჯახებიც კი ინგრევა, ამის გამო! დაიცავით ქალები და ბავშვები ოჯახური ძალადობისაგან, აამაღლეთ ცხოვრების, ჯანდაცვის და განათლების დონე და მერე ილაპარაკეთ!!!!!!!!!

Advertisements