speaking_of_joy_by_marielliott

დღევანდელ პოსტს ფსიქოლოებს მივუძღვნი და კერძოდ, მინდა მოგიყვეთ რა არის ფსიქოდრამა. თუმცა, სანამ უშუალოდ ამ საკითხს შევეხებოდე, ვისაუბროთ ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის განსხვავებაზე.

საერთოდ, საქართველოში ფსიქოლოგს და ფსიქიატრს ერთმანეთისაგან ცოტა თუ არჩევს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩვენთან მუდამ მაღალი კონკურსია, ურჩევენ კიდეც აბიტურიენტებს ახლობლები, იქ ჩაბარებას. მაგრამ აბა, ამავე ადამიანებს უთხარით, რომ თუნდაც ნერვიული ბავშვი მიიყვანონ ფსიქოლოგთან, შეიცხადებს: – აჰ, რას ამბობთ, ჩემი შვილი გიჟი არააო! ხოდა მოდი, სანამ თემას განვავრცობდეთ, შევთანხმდეთ და მარტივად ჩამოვაყალიბოთ: “ფსიქოლოგი არაა გიჟების ექიმი”  თუ მეთანხმებით და გაიგეთ, რას ვამბობ, განაგრძეთ კითხვა. თუ არადა სხვა სტატიაზე გადადით.

მაშ ასე, ვინაა ფსიქოლოგი? ამ კითხვას პასუხს მარტივად გასცემთ, თუ დაუკვირდებით ასეთ ფაქტს: როცა ძალიან გიჭირთ (არ მეგულება ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში ერთხელმაინც არ ჰქონია კრიზისი), მიმართავთ ახლობლებს და მეგობრებს, ხშირად არა რჩევისთვის, არამედ თანაგრძნობისთვის, გულის გადასაშლელად… მოკლედ ეძებთ თანაგანცდას, მაგრამ რეალურად იღებთ რას – უამრავ უსარგებლო რჩევას, ან აზრს, დარიგებას და სხვ. რომ ასე უნდა მოიქცეთ, ან უარესი – ასე და ასე რომ მოქცეულიყავით (ან არ მოქცეულიყავით), ეს არ დაგემართებოდა და ა.შ. ამ დროს, სულაც ვერ ხვდებიან, როგორ ამძიმებენ მდგომარეობას, რომ წარსულს ვეღარაფერი შეცვლის და ახლა რომ ძალგიძდეთ ეს ქმედებები, ასე ხომ არ იქნებოდით? რა თქმა უნდა,  ახლობელ-მეგობრებს სულ არ უნდათ თქვენი უფრო დამძიმება, უბრალოდ ისინი თავს ვერ იკავებენ, მათ  შველა უნდათ და თვლიან, რომ ასეა სწორი. რეალურად კი, ამ ყველაფერს უკუშედეგი მოაქვს… თქვენ იკეტებით საკუთარ ნაჭუჭში, ფიქრობთ, რომ თქვენი არავის ესმის და მოდის უამრავი შავ-ბნელი ფიქრი…

სწორედ ერთ-ერთი ასეთი კრიზისის დროს გადავწყვიტე, მეთხოვა დახმარება ფსიქოლოგისათვის. ახლაც მახსოვს ის მძიმე განცდები… და კაციშვილი არ იყო, გამგები. მეტიც, ჩემმა მეგობარმა ისეთი ფრაზა მითხრა, გული გამისკდა კინაღამ…. რა თქმა უნდა, მასაც იგივე მიზანი ჰქონდა – თვლიდა, რომ ამით უფრო მიშველიდა. რეალურად კი, საშინელი რაღაც გამოუვიდა. ბედის ირონიით, მას შეუბრუნდა 1 წლის მერე ჩემი სიტუაცია და საკუთარი, მწარე გამოცდილებით იგივე “რჩევა” ნამდვილად არ მიმიცია… მე მაშინ ხშირად მესმოდა ასეთი ფრაზებიც: “დაიკიდე, მოგეშვება”, “არა უშავს, გაივლის”  და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურიც იყო, დაუმთავრებელი არაფერია, მაგრამ სანამ გაივლიდა, კინაღამ გადავყევი თან და ეს ზოგადი ფრაზები მიშველიდა? სწორედ ამის გამო ჩავიქნიე ხელი მეგობების დახმარების იმედზე და ფსიქოლოგებს დავუკავშირდი. ერთ-ერთი იყო გიორგი დონაძე. რომელიც დღეს ჩემი მეგობარია. მისმა ნათქვამმა რამდენიმე რბილმა ფრაზამ, უბრალოდ მშვიდმა თანაგრძნობამ მეც დამამშვიდა, ნელ-ნელა გამოვედი ამ მძიმე სიტუაციიდან და დავუბრუნდი ადამიანურ ცხოვრებას. ამისთვის დღემდე მადობელი ვარ გიორგისი Smile

ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ, გიორგიმ შემომთავაზა, რომ მონაწილეობა მიმეღო ფსიქოდრამაში. ახლაც მახსოვს ჩემი და გიოს დიალოგი, მას მერე რაც ამიხსნა, რა არის ფსიქოდრამა:

– გიო, მე ვერ გავიხსნები, ვერ მოვყვები უცხო ადამიანებთან ჩემზე ვერაფერს…

– არავინ არაფერს გაძალებს, უბრალოდ მოდი და უსმინე სხვებს.  – ასეთი იყო გიოს პასუხი. მეც დავუჯერე და მივედი, რისთვისაც მეორე დიდი მადლობა გიოს. ვიცი, რომ ადამიანების უმეტესობას ჩემი რეაქციის მსგავსი რეაქცია აქვთ, რომ იგებენ ფსიქოდრამის არსს და ამიტომ მინდა მოგიყვეთ ჩემი თვალით დანახული ფსიქოდრამა. რა თქმა უნდა, იმ ყველაფრის გადმოცემა, რაცაა რეალურად ფსიქოდრამა, რთულია, მაგრამ შევეცდები.

პირველ რიგში, ჯგუფის წევრები შეიძლება იყვნენ უცხო ადამიანებიც და მეგობრებიც. ჩვენი ჯგუფი ასეთი იყო – მე მეგობრებთან ერთად მივედი და რამოდენიმე უცხო იყო. ამიტომ ჯგუფს სჭირდება გამოცდილი და კარგი ხელმძღვანელი, რომ გააცნოს ადამიანები ერთმანეთს და შეუქმნას კომფორტული გარემო ურთიერთობისათვის. ჩვენთან კი ასეთი გიო იყო. Smile

ჯგუფში არ აწებებს არავინ არავის იარლიყს, როგორც ეს საზოგადოებაში ვიცით. ყველა არის ის, ვინც არის. ჯგუფში მოყოლილი ამბავი არ გადის ჯგუფის გარეთ. მეგობარმა მკითხა, რა გარანტია გაქვს, რომ არ იტყვის სხვაო, თუნდაც მაშინ, როცა შენ არ ამბობო. გარანტია ცხოვრებაში არავის არაფრის არ აქვს, მაგრამ ეს ისეთი მომენტია, უნდა გამოსცადო, რომ მიხვდე – ზოგჯერ შეიძლება სხვისი ისეთი ტკივილის, ისეთი დაფარული ტანჯვის მოწმე გახდე, რომელმაც უცებ ამოხეთქა, რომ არავითარი სურვილი არ გაქვს, ეს სადმე გაიტანო. შენ ამ დროს დამხმარეს როლი გაქვს, ჯგუფის თითეული წევრი თავისებურად ეხმარება იმ დღის მთავარ გმირს, რამდენადაც ითავისებს მის ტკივილს და ამ დროს ამ ყველაფერს უყურებს გარედანაც, ახლებურად. აქ არავინ არაა ცნობისმოყვარე დამკვირვებელი, რომელიც წავა და სხვაგან იჭორავებს მერე… ეს იმხელა სულიერი ძვრაა, იმხელა სულიერი პროცესია, რომ კიდევ ვამბობ ძნელია ამის აღწერა… ამასთან, ვისი სულიერი მაშველიც ხარ შენ დღეს, ხვალ ის შეიძლება გახდეს იგივე შენთვის. შეიძლება კი არა, აუცილებლად გახდება, თუ ქვის არ ხარ…

როგორ ხდება ადამიანის “გხსნა”? როგორც უკვე ვთქვი, არავინ არავის არ აძალებს არაფერს. უბრალოდ, ჩვეულებრივი საუბრიდან შეიძლება წამოვიდეს რაღაც, ამოტივტივდეს ის, რაც გტანჯავდა და რისგან გათავისუფლებასაც ითხოვს სული. მე თავად არც მეგონა, რამდენი რამ მქონია თურმე ნატარები, ბავშვობიდან მოყოლებული და რამდენი იყო მოსარჩენი… ბავშვობაში მიყენებული ტრავმები ხომ მთელი ცხოვრება მიჰყვება ადამიანს და ზოგჯერ ძალიან უშლის ხელს ნორმალურ ურთიერთობებში. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ფსიქოდრამა ჩემთვის მაშველი რგოლივით ცხოვრების მძიმე მომენტებისაგან თავის დასახსნელად…

ფსიქოდრამაზე არავინ არ გეუბნებათ დამნაშავე ხართ თუ არა, არავინ არ განგსჯით. რასაც მეგობრებისაგან და ახლობლებისაგან იშვიათად თუ ეღირსები. გიკვირთ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლები მანამდე იქნებ უშვებდნენ კიდეც ასეთ შეცდომებს სხვებთან ურთიერთობისას, ახლა უცებ ასეთებად იქცნენ? ეს ისევ და ისევ ხელმძღვანელის დამსახურებაა, რომელიც დასაწყისშივე გიხსნით, როგორ უნდა იმუშაოთ ჯგუფში. ისწავლო ადამიანის არ განსჯა, თუნდაც მისი შეცდომების გამო – ძალიან დიდი შენაძენია…

ფსიქოდრამას ხშირად ადარებენ “ნარკომანების და ლოთების გამოსასწორებელ” წრეებს. ეს ფრაზა სხვებისგან მომისმენია და უბრალოდ ციტირებაა. რეალურად, ყველას სჭირდება დახმარება რაიმეზე დამოკიდებულ ადამიანს, თუ მავნე ჩვევებისაგან თავისუფალ ადამიანს… თუმცა, ფსიქოდრამა ზემოთ ნახსენები შეხვედრებისაგან არსით, სტილით, მიდგმით ნამდვილად განსხვავდება. რადგან მისი მიზანი და დანიშნულება სულ სხვაა – აქ თქვენ შეგიძლიათ გათავისუფლდეთ დაგროვილი ტკივილებისგან, რასაც წლების განმავლობაში ივიწყებდით გეგონათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ვერ  დაივიწყეთ… ისწავლოთ, რომ ახლებურად შეხედოთ სხვადასხვა პრობლემას და რაც მთავარია, ისწავლოთ მათთან გამკლავება. აღადგინოთ, ააწყოთ თქვენი თუ სხვათა მიზეზით დანგრეული ურთიერთობები, რომლებიც ძალიან გაკლიათ, იპოვოთ თქვენი ადგილი სოციუმში და ა.შ. – დანარჩენი თავად უნდა ნახოთ…

ასევე მინდა შევეხო კიდევ ერთ მოსაზრებას – ფსიქოლოგთან მისვლა მკრეხელობაა, რადგან მათით ვანაცვლებთ მოძღვარსო. ესეც მომისმენია. არამც და არამც! ეს ორი სრულიად განსხვავებული რამეა, ესეც საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ.  ეკლესია სულ სხვა განზმილებაა, მოძღვრის როლი სულ სხვაა, მას ეუბნებით აღსარებას, ინანიებთ ცოდვას, რასაც მართლა ნანობთ, ეკითხებით რჩევას, სულიერი სფეროდან, ან თუნდაც საერო ცხოვრების შესახებ და ა.შ. ფსიქოლოგთან კი არ მიდიხართ ცოდვების მოსანანიებლად, ან ცოდვებზე სასაუბროდ, აქ სულ სხვა ასპექტებია და ეს ზევით განვიხილე უკვე. ფსიქოდრამა კი მით უმეტეს, არანაირად არ ცვლის მოძღვარს, არ ცვლის ეკლესიურ ადამიანს, არავინ არ ახდენს რაიმე სახის მავნე გავლენას მონაწილეებზე, როგორც ეს ბევრი სკეპტიკოსისაგან მოვისმინე.

საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ყველა სკოლაში უნდა იყოს მოძღვარი და ფსიქოლოგი. მათი ერთობლივი მოღვაწეობა მოგვცემს სწორედ მშვიდ და გაწონასწორებულ მოზარდებს და უდიდესი შეცდომაა მანდატურის ინსტუტი – მოზარდის გაუცნობიერებელ, ასაკობრივ აგრესიას სახელმწიფომ უპასუხა აგრესიითვე და შედეგად მივიღეთ – არაფერი. სკოლაში თუ ვეღარ სკოლის გარეთ ხდება კრიმინალური გარჩევები, რომელსაც ასე ებრძვიან და შედეგი არ ჩანს, რადგან ამ ბავშვების გვერდით არავინ დგას. მხოლოდ მკაცრი ზედამხედველი ჰყავთ, ფორმით… თემას გადავუხვიე ოდნავ, დავუბრუნდეთ ფსიოდრამას და შევაჯამოთ:

ბოლოს კი, რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ფსიქოდრამიდან შეიძლება ძალიან კარგი მეგობრებიც შეიძინოთ… ჩემთვის ასე იყო ნამდვილად… უძვირფასესი მეგობრებიც შემძინა ამ შეხვედრებმა, გარდა იმისა, რომ ძალიან დამეხმარა, ცხოვრების ასე ვთქვათ, გამარტივებაში…. და არა მარტო მე… რაც ხელწამოსაკრავი ამბავი არაა, დამეთანხმებით Winking smile

მოკლედ, თუ დაგაინტერესებთ ფსიქოდრამა, კიდევ ერთხელ გთავაზობთ ბმულს, სადაც ნახავთ ინფორმაციას, როგორ მოხვდეთ ჯგუფში. ფსიქოდრამა საერთოდაც, საიტი http://change.ge/ ძალიან საინტერესოა და გირჩევთ გადახედოთ… სხვაგან მსგავსი რჩევები ფასიანია. Winking smile

წარმატებებს და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ ძვირფასო მკითხველებო… Angel

Advertisements