ჩემი თაობის ბავშვობა იმ მძიმე 90-იან წლებს დაემთხვა, რაც დღემდე ტკბილ-მწარე მოგონებად დარჩა საზოგადოების ნაწილს Smile

ჩვენ არ გვქონდა დენი, ბუნებრივი აირი, კომპიუტერი, ახალ-ახალი ფერადი სათამაშოები, არ გვიხდიდნენ დაბადების დღეებს დაბადების დღის ცენტრებში და “მაკდონალდსში” (მადლობა ღმერთს). ჩვენ ბევრი რამე გვაკლდა, მაგრამ ამის გამო ჩვენ არ ვართ გონებაჩლუნგები… ანუ უკეთ რომ ვთქვათ, არ ვართ ჩამორჩენილები რამეს, რადგან არ ანაბანა არ გვისწავლია კომპიუტერის დახმარებით…. ჩვენ მშობლიური ანბანი გოგებაშვილის “დედა ენამ” გვასწავლა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ მე პირადად…. ხოლო ის, რაც გვაკლდა , ვცდილობდით, რომ ჩვენით აგვენაზღაურებინა…

ასე მაგალითად, როცა თავდაპირველად “ბარბი თოჯინები” გამოჩნდა, საკმაოდ ძვირი ღირდა და ჩემს უბანში მშობლების უმეტესობას არ ჰქონდა საშუალება მისი ყიდვის. ბავშვი კი რის ბავშვია, თუ რაიმე დაინახა, უნდა… მით უმეტეს, როცა მეზობელ ბავშვს უყიდეს პირველად ეს თოჯინა… ახლაც მახსოვს შავთმიანი პატარა თოჯინა, ქათქათა თეთრ კაბაში შემოსილი როგორ გამოიტანა და შორიდან დაგვანახა, დედის ზედამხედველობის ქვეშ. ხელის მოკიდებაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო, ეგრევე შეარბენინა დედის ბრძანებით და მას მერე აღარც გამოუჩენია. სამაგიეროდ, ყველამ ხომ იცოდა, რომ შვილს ბარბი უყიდეს! ეჰ… რა გქვენა მათ, ვისი მამაც ვერ მოხვდა ბენზინის ბიზნესში და ქვაბში არ ინახავდა დოლარებს? (არ ვხუმრობ, მართლა ასე იყო Smile ) … რა და დაიბადა იდეა – გამეკეთებინა “ბარბი” საკუთარი ხელით!

დიდხანს არც მიფიქრია, ავიღე “შტაპიკები” , პლასტელინის დახმარებით გავაკეთე ტანი “შტაპიკზე”, შემოვახვიე ლამაზი ნაჭრები კაბის მსგავსად, პლასტელინის მეშვეობითვე მივაწებე თავზე თმა, რომელიც სკამზე დასაფენის ფოჩებისაგან დავამზადე – გავრეცხე, გავშალე, გავაშრე და მშვენიერი ქერა კულულები იყო Open-mouthed smile  ფლომასტერით მივახატე სახე და პირველი “ბარბიც: მზად იყო… ცოტა ხანში ჩემი”ბარბები” საკმაოდ პოპულარული გახდა და მთელ უბანს დავუმზადე, რომ გვეთამაშა ერთად… Smile რომ ცვდებოდა ახლებს ვაკეთებდი, “შტაპიკების” ამოწურვის მერე ლეღვის ტოტებს ვიყენებდით – ლეღვის ნორჩი ტოტები საკმაოდ კარგად იფცქვნება და გადასარევი მასალა იყო Open-mouthed smile. მერე დავხვეწე, “მოძრავი” ხელ-ფეხიც გავუკეთე და ვერთობოდით იქამდე, სანამ “ბარბები” ხელმისაწვდომი არ გახდა ყველასათვის … Smile

ზევით დავწერე, კომპიუტერი არ მქონდა მეთქი, მაგრამ დედას სამსახურში მათამაშებდნენ ხოლმე თანამშრომლები.ეს ის დრო იყო, როცა კომპიუტერს მაუსი არ ჰქონდა და “ვინდოუსი” როგორც ოპერაციული სისტემა საერთოდ არ არსებობდა. იყო მხოლოდ დოსი და მორჩა… მაგრამ კომპიუტერი ხომ იყო! მეც მომინდა მქონოდა სახლში, რაც ზღაპარი იყო მაშინ. ამიტომ, კომპიუტერიც ჩემით “დავამზადე”. “კლავიატურის” ფუნქცია საგულე საშუალების “ინტერკორდინის” ცარიელ ფირფიტას დაეკსირა. ვისაც ახსოვს ეს წამალი, დიდი ფირფიტა ჰქონდა, სადღაც 30 ტაბლეტი იყო, თუ მეტი, შესაბამისად, “კლავიატურად” ძალიან გამომადგა Open-mouthed smile ხოლო “მონიტორობას” კონსერვის დიდი ქილის პლასტმასის თეთრი სახურავი ეწეოდა… სხვათა შორის პირველად მე “მქონდა” ბრტყელ ეკრანიანი მონიტორი Open-mouthed smile

ჩვენს ბავშვობაში ჩვეულებრივი ქალაქის ტელეფონი თითქმის ყველა ოჯახში იყო, მაგრამ პრაქტიკულად უფუნქციო. მეც მშვენივრად ვერთობოდი წითელი, თეთრი და შავი დისკიანი ტელეფონების აპარატებით, მაგრამ არ მაკმაყოფილებდა ის, რომ “მიბმული” იყო ტელეფონი და თამაშისას ვერსად ვერ წავიღებდი. მერე კი დავათრევდი გაფუჭებულ აპარატს, მაგრამ დიდი და მოუხერხებელი იყო… ხოდა გაჩნდა ისევ იდეა, – ავიღე ხის ნაფოტი, დავხატე ღილაკები, პატარა ეკრანი და მერე რატომ მომივიდა ეს თავში აზრად არ ვიცი, ლურსმნით ჩავხვრიტე და სირმით გავუკეთე “გასაშლელი ანტენა”.  ესეც ჩემი პირველი “მობილური”.1991-92 წლებში მობილური საერთოდ არ იყო საქართველოში, მაგრამ სამაგიეროდ ტელეფონის ხელოსნებს ჰქონდათ ტელეფონის ყურმილი, ზედ დამაგრებული დისკით,იყო კალკულატორიც… ხოდა მათი სინთეზით მივიღე”მობილური” Open-mouthed smile 

ბავშვი რაც უფრო იზრდება, იზრდება მისი ცნობისმოყვარეობაც და ჩხირკედელაობის სურვილიც. არც მე და ჩემი ბიძაშვილი ვიყავით ამ მხრივ გამონაკლისები და ერთმანეთის მიყოლებით ვშლიდით ძველ რადიოებს, ტელევიზორებს, საათებს, ფირსაკრავებს…. იყო შეკეთების წარუმატებელი მცდელობებიც. ასე მაგალითად, ჩემმა “აღდგენილმა” მაღვიძარამ კი დარეკა, მაგრამ აღარ გამოირთო, ძლივს გავაჩუმეთ. ჩემი და ბიძაშვილის მიერ “გარემონტებული” ფირსაკრავი კი ჩქარ-ჩქარა უკრავდა Open-mouthed smile 

ჩემს ტოლ გოგონებს გეხსომებათ ბარბის მაღაზია ვაკეში და იქ გამოჭიმული ვარდისფერი სახლები ბარბებისთვის და ვარდისფერი ოცნება ჩვენთვის… ზუსტად მაშინ გამოსწორდა ცოტა ელ.ენერგიის მოწოდება ქალაქში და მწვანე ნავთქურებთან ერთად “kumtel”-ის ელექტრო გამათბობლები გამოჩნდა, რომელსაც თავისი ფორმის გამო, სამკუთხედის სტილის ყუთში იდო და ეს ყუთი ფორმით ძალიან ჰგავდა თოჯინის სახლს. ხოდა აქაც იდეა რეალობად იქცა, ამოვჭერი ფანჯრები, დავკიდე ვარდისფერი ფარდები, გავუკეთე შუაში კარდონი, გავაწყვე სათამაშო ავეჯით და “ორსართულიანი ბარბის სახლიც” მზად იყო Smile

ერთი სიტყვით, იმ სიბნელესა და სიცივეში, როცა მხოლოდ შეშის ღუმელით, ნავთქურით ან ზემოთ ნახსენები ელექტრო გამათბობლით ვთბებოდით (ისიც ბედნიერ დღეებში), ახალ წელსაც ნავთის ლამპების შუქზე ვხვდებოდით და თოვლის პაპის არც გვჯეროდა… როცა ბავშვები სუნით და ფერით ვარჩევდით ნავთის ხარიხს და გაკვეთილებს ვამზადებდით სანთლების, ჯერ ჩვეულებრივი, მერე კი სარკიანი ლამპების ფონზე, ხოლო ჩვენი წიგნები ან უხარისხო ქსეროქსები იყო ძირითადად, ანდა ფერადი, ისიც ნათხოვარი და საკმაოდ შელანძღულიც… იმდენად, რომ გაკვეთილებზე “ჩემს წიგნში ეს გაკვეთილი ამოხეული იყო მას” ჩვეულებრივი მიზეზი იყო გაკვეთილის არ ცოდნისა. ოცნება იყო ვიდეო მაგნიტოფონი, რომ გვენახა ტომი და ჯერის ყველა სერია, დენის მოსვლა კი საღამოს დღესასწაული, რადგან ბასტი-ბუბუს ვნახავდით და ცოტა უფრო ვიგრძნობდით თავს ბავშვებად… დიახ, როცა ცხოვრებამ ასეთი ნაცრისფერი ბავშვობა შემოგვთავაზა ჩვენით ვიფერადებდით ჩვენს ბავშვობას ისე, როგორ შეგვეძლო… მე ასე, სხვა სვანაირად… და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გვაკლდა, როგორც ბავშვებს, ნამდვილად არ გვაკლდა კომპიუტერი და მისი მეშვეობით მიღებული განათლება. პირიქით, ჩვენთან იყო წიგნი, ფანტაზია და შემოქმედება… ადრეული ასაკიდანვე დავიწყე ზღაპრების და მერე მოთხრობების წერა, რაც ზუსტად ბევრი კითხვის და სხვა გასართობოს ნაკლებად ქონის დამსახურებაცაა …..

არ ვამბობ, რომ 21-ე საუკუნეში საერთოდ ხაზგადასასმელია ინფორმაციული ტექნოლოგიები, მით უმეტეს, თავად ამ სფეროში ვარ უკვე კარგა ხანია, მაგრამ არ უნდა მივაჩეჩოთ ბავშვებს ის ზედმეტად… სად მზამზარეული თამაშები, სადაც სხვის მიერ დაწერილ გეგმას მიჰყვები და შენი იდეების განხორციელება ნაკლებად შეგიძლია, მხოლოდ “შემსრულებელი” რომ ხდები და სად ეზოში, თანატოლებთან ერთად გამართული ომობანა, სახლობანა, ექიმობანა, ორდროშობანა და სხვ. სადაც სწავლობ ლიდერობას, გეგმავ რაღაცებს, ავითარებ იდეებს…. საიდანაც იწყება პირველად ურთიერთობებს და სწავლობ ამ ქვყნად უძვირფასესს – მეგობრობასაც… Smile

ამიტომ ნუ გეცოდებით, თუ არ გვქონდა კომპიუტერი… ჩვენ გვიყვარს ჩვენი ბავშვობა, ჩვენი “გამოგონებებით”, ზღაპრული გმირებით, ჩვენს მიერ შეგროვილი “ნაკლეიკებით”, ძილისწინა ფერადი ოცნებებით…

მე არ მყავს შვილები და არც ის ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო, რომ ნაკლებად ისხდნენ კომპიურეტთან, როცა მეყოლებიან. მაგრამ შევეცდები აუცილებლად, რომ ვირტუალური სამყაროს გარდა ჰქონდეთ რეალური, თბილი სამყარო და პირველ რიგში შეიყვარონ წიგნი, ჰქონდეთ  ურთიერთობა და ჩვევა წიგნთან მუშაობის… დანარჩენს ყველაფერს ისწავლიან Smile

ამ ვიდეოს კი ვუძღვნი ჩემს თანატოლებს, ვის ბავშვობასაც ათბობდა ორი ჯუჯას კეთილი სიმღერები Smile

Advertisements