Beach_wedding_couple

დღეს მეგობარმა მაჩუქა საპატრიარქოს მიერ გამოცემული წიგნი “ჯვრისწერის საიდუმლო და ეკლესიური ოჯახი”. წიგნში როგორც უკვე მიხვდით, გადმოცემულია ქრისტიანული ოჯახის არსი. ეს პოსტი უფრო საინტერესო იქნება იმ მამაკაცებისათვის, ვისაც ჰგონია, ცოლს და საერთოდ ქალს, “თავზე უნდა ეჯდეს” და მართოს თავისი სურვილისამებრ და არცთუ იშვიათად, რელიგიას იყენებენ ამ საქციელის გასამართლებლად… პოსტი ასევე საინტერესო იქნება ალბათ არაეკლესიური ადამიანებისათვის, რადგან არავითარი ქადაგება არაა აქ,  უბრალოდ კარგადაა გადმოცემული ქალის და მამაკაცის ურთიერთდამოკიდებულება, ქრისტიანული თვალთახედვიდან. ზოგადად, ყველასათვის საინტერესო იქნება, ვისაც აინტერესებს, მართლმადიდებლური ეკლესიის ჭეშმარიტი მიდგმა ამ საკითხისადმი.

 

ქორწინება – კაცისა და ქალის ურთიერთსიყვარულის ყველაზე სრულყოფილი განხორციელებაა. სიყვარული მათ ისე აერთებს, რომ ორნი ერთი ცხოვრებით ცოცხლობენ სრულყოფილ ჰარმონიაში. ღმერთის მიერ კურთხეულ-განათებული სიყვარული ბედნიერების უდიდესი წყაროა, რომელიც ქორწინებაში მოიპვება; სწორედ მასში ძევს გარდაქმნის ძალა იმათთვისაც, ვისაც უყვარს, და იმათთვისაც, ვინც უყვართ. სიყვარულის  ასეთი გარდამქმნელი ძალის შედეგად ოჯახური ცხოვრების ყველა სიძნელე და ნაკლოვანება შეიძლება დაძლეულ იქნას. ჭეშმარიტი სიყვარული არასოდეს არ წყდება – არც ამქვეყნად, არც მომავალ საუკუნეში. ქორწინებაში უმთავრესი უნდა იყოს უერთგულება და ურთიერთნდობა, რამეთუ შეუძლებელია იყოს მოტყუება სიყვარულში. როცა ცოლ-ქმარი სიყვარულით ერთდება, ისინი საერთო ცხოვრებას იზიარებენ და ყველაფერში ეხმარებიან ერთმანეთს, რასაც კი აკეთებენ: სიყვარული ერთურთისადმი ვლინდება ურთიერთშეწევნასა და თანადგომაში. ცოლ-ქმარი მხოლოდ ინდივიდუალური სიამისთვის კი არ უნდა ცხოვრობდეს, არამედ ერთმანეთისათვის, რამეთუ სწორედ ასეთ ცხოვრებაში მდგომარეობს ჭეშმარიტი სიყვარულის აზრი.

გვირგვინთა დადგმა, რომელიც ჯვრისწერის აღსრულებისას ხდება, სიძესა და რძალს ახალ თემად, ახალ ერთობად წარმოაჩენს ქრისტეში. ქმარია ამ თემის მეთაური, თავი, – როგორც  ქრისტეა ეკლესიის თავი, (ეფეს. 5,23). ეს მეთაურობა ძალაუფლება კი არ არის ცოლზე და ოჯახზე, არამედ ღმრთისგან მოცემული პასუხისმგებლობაა. ქმრის მეთაურობა არის მისი მსხვერპლგაღებითი მსახურება სიყვარულისადმი. იგი უნდა ასაზრდოებდეს და დაჰფუფუნებდეს თავის ცოლსა და ოჯახს, “ვითარცა ქრისტე ეკლესიასა” (ეფეს. 5,29). ცოლი – თავის ქმრის შემწეა, ცხოვრების საყვარელი თანამგზავრისა, სიხარულისა და კეთილდღეობის წყაროსი. ევაში – სიცოცხლის დედაში გამომჟღავნდა სიცოცხლის სისრულე, რადგან უმისოდ ადამი მარტო იყო და მას არ ჰყავდა თავისი შესაფრი თანამგზავრი         (“…არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი” – დაბად. 1,18). როგორც სიცოცხლის მატარებელი შვილთა ჩასახვაში, ცოლი უშუალდ ზრუნავს სიცოცხლესა და მის ხარისხზე, სწორედ იგია ის, ვინც შინაარს ანიჭებს თავისი ქმრისა და თავისი ოჯახის ცხოვრებას.

აი ასე. იმედია გამგები გაიგებს და ჩასწვდება ამ ორი პატარა აბზაცის დიდ აზრს. ისე კი, რატომ არ უნდა უნდოდეს ადამიანს ჰარმონიაში ცხოვრება და რა არის აქ მიუღებელი? მგონი არაფერი Thinking smile

დასასრულ, ერთ პატარა შემთხვევასაც მოვყვები: დღეს მცხეთაში გახლდით მეგობრებთან ერთად, სვეტიცხოვლის ეზოში ვისვენებდით. იქვე შორიახლოს მამაო ფუსფუსებდა მუშებთან ერთად, ეზოში ახალი სკამების განლაგების გეგმას განიხილავდნენ. ცალ-ცალკე დავდგათ ეს სკამები მამაო? – ჰკითხა ერთ-ერთმა. არა, ერთადო, მიუგო მამაომ – შეყვარებულებისთვისაც ხომ უნდა ვიფიქროთო. შეყვარებულებისთვისო? გაუკვირდასავით მუშებს. აბა რა, ღმერთი სიყვარული არსო – ბრძანა მოძღვარმა…  – ეს მათთვის, ვინც შეყვარებულებს ერთად ხელიხელჩაკიდებულ სეირნობასაც კი უწუნებს თბილისი ქუჩებში Winking smile

ბედნიერებას და ჭეშმარიტი, დიდი სიყვარულის პოვნას გისურვებთ, ჩემო მკითხველებო Red heart

Advertisements