ilia chavchavadze deda ena

არაერთხელ გვსმენია, ან წაგვიკითხავს ეს ფრაზა, მაგრამ ვეჭვობ, ყველას ჰქონდეს გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა…

დღეს ბევრი წერს იმაზე, რომ ქართული ენა დეგრადაციის წინაშე დგას. თუმცა შედეგს მაინც ვერ ვხედავთ. საშინელი გაუმართავი ფრაზები თუ გამოგონილი სიტყვები  იწერება ყველგან. ამ მხრივ განსაკუთრებით ჟურნალისტები სცოდავენ. სულ ბოლოს worldsport.ge-ს ჟურნალისტის “გამოგონებამ” გამაოგნა! ციტატა:

1. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების შესაძლებლობები აშკარად გადაზედმეტდა და ზოგმა გაზაფხულზე უკვე პოლონეთ-უკრაინაში წარმოიდგინა თავი;
3. გადაზედმეტდა კონკრეტული ფეხბურთელების კლასიც (თუ “კლასი” ჰქვია), განსაკუთრებით, ზოგიერთი მათგანის;

ოჰ, რა ბრწყინვალე ახალი სიტყვა შეეძინა დღეს ქართულ ენას “გადაზედმეტდა”! წაიკითხავენ ახლა ამას და აიტაცებენ 😦 თანაც ამ საიტზე ძალიან ბევრი მოზარდი შედის, გადაიღებენ მეტყველებაში და… ჩემი მეგობარი კი მეკამათება, ჯერ ქართული ფეხბურთი და მერე სხვაო. მასაც ვუთხარი და ყველას მინდა გავუმეორო: ქართველებს ანდერძად გვაქვს დატოვებული ეს გენიალური სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება… თუ ამ სამს გავუფრთხილდებით, გადარჩება სამშობლოც, ცნობიერებაც და ფეხბურთიც!!! არაა აუცილებლად ფილოსოფოსი იყო, რომ ეს გაიგო, ცოტა დაფიქრებაა საჭირო 🙂

ასევე საინტერესო სიტყვა” გამოიგონეს” ტელეჟურნალისტებმა. “თავისუფლებაზე გამოვიდა” , რაც როგორც ყველა ვხვდებით, მოდის რუსული ჟარგონიდან “სვაბოდაზე”. როგორც ჩანს, სატელევიზიო ეთერისათვის “თარგმნეს” და მათი აზრით ლიტერატურული სიტყვა მიიღეს… ჩნდება ლოგიკური კითხვა – ამ ადამიანებს საერთოდ წიგნი თუ გადაიშლიათ ცხოვრების მანძილზე, ან რომელმა ჭკუათმყოფელმა მიიღო ისინი სამსახურში????

ასევე ხშირად შეხვდებით ასეთ ფრაზას: “ერთში” როდესაც გულისხმობენ რაიმე ქუჩის პირველ ნომერს. ძნელი მისახვედრი არაა, საიდან მოდის ის. ინგლისურის 1st გადმოთარგმნეს პირდაპირ… 🙂 “კაცს მამა დაავიწყდა და მამინაცვალს იფიცებოდაო” ასეა ამათი საქმე. ბარბარიზმებით ყელამდე ავსებულ მეტყველებას ნუღარ იკითხავთ: “ივენთი”, “ფართი”, “ფეშენი” და სხვ. უკვე ქართული სიტყვები ჰგონიათ მე მგონი. მომკალით და ვერ ვიტყვი “ივენთს” როდესაც ქართულში მოგვეპოვება სიტყვა ღონისძიება. ვერ ვიტყვი “ფართს”, როდესაც არსებობს ძალიან ლამაზი და ბევრად უფრო შესატყვისი სიტყვა – წვეულება! ანდა რატომ უნდა ვთქვა “ფეშენი” და არა ჩვენება??? არ შემიძლია ასევე არ შევეხო სიტყვებს”” ტრენინგი”, “ტრენერი”, “დატრენინგება”, “მონიტორი”, “მონიტორინგი”. “ტრენინგის” მაგიერ თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სწავლება, “ტრენერის” მაგიერ მწვრთნელი, ინსტრუქტორი. ისე საინტერესო განმარტება აქვს ამ სიტყვას: trainer – noun მწვრთნელი, ტრენერი; ინსტრუქტორი; პირუტყვთ მწვრთნელი. “დატრენინგება” კი საერთოდ მიუღებელი და ენის შეურაცხმყოფელია!!! ჯერ და თავსართიც ახლახანს შემოიჭრა ენაში, შესაბამისად შეცდომაა “დამესიჯება”, “დათაგვა” და მისთანანი. ხოლო “დარტენინგება” შეცდომის, სიმახინჯის, უვიცობის, გაუნათლებლობის, უწიგნურობის გამოვლენის მწვერვალია!!!!!

რაც შეეხება “მონიტორს” და “მონიტორინგს”. არც ამათ სჭირდებათ დიდი ახსნა, თუ რომელი ენიდან შემოიჭრნენ ჩვენს ულამაზეს ენაში და ანაგვიანებენ, ზემოთ ნახსენებ სიტყვათა მსგავსად. თავად ნახეთ სიტყვა Monitor-ის განმარტება: monitor – noun წესრიგის მეთვალყურე უფროსი მოსწავლე დაბალ კლასებში; ჯგუფხელი, ჯგუფის მამასახლისი; დამრიგებელი, მოძღვარი; მრჩეველი;
{ტექ} მონიტორი, წყალსაცემი; მაკორექტირებელი მოწყობილობა.
შესაბამისად, ქართულად  რასაც გულისხმობენ სიტყვა “მონიტორი”-ის გამოყენებისას, მის ადგილას თავისუფლად შეიძლება გამოიყენონ “დამკვირვებელი”, მეთვალყურე. “მონიტორინგის” მაგივრად დაკვირვება, თვალყურის დევნება. ერთადერთი, ალბათ შედარებით დასაშვებია “მონიტორის” გამოყენება, როდესაც ვგულისხმობთ კომპიუტერის ეკრანს 🙂

და დაბოლოებების პრობლემაც ხომ ცნობილია ჩვენში. გაიგეთ ხალხო, რომ შეცდომაა:  გავაკეთოდ, დავგეგმოდ, გავაუქმოდ და სხვ. ყველა მსგავსი სიტყვა ბოლოვდება-ზე, რადგან ესენია ზმნები! რაც შეეხება ალბა-ს, ძველად იყენებდნენ ამ სიტყვას დ დაბოლოებით, თუმცა დროთა განმავლობაში შეიცვალა და ჩამოყალიბდა როგორც ალბათ.

ენის დამახინჯებას რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოდის აყოლაც უწყობს ხელს. მოზარდების უმეტესობამ იცის, რომ სწორია “სხედან” და არა “ზიან”. მაგრამ ამბობენს “ზიანს”-ს რადგან ეს რატომღაც “სვეტურად” ითვლება და რომ თქვა სხედან – გოიმად ჩაგთვლიანო…. ასევე “სვეტურია” “ვისხედით”-ს მაგიერ “ვიჯექით”, “გადავწყვეტ”-ის მაგიერ “გადავწყვიტავ” “გამარჯობა”-ს მაგიერ “გამარჯობათ”. არადა ყველა ეს სიტყვა ჯერ საშინლად ამახინჯებს ენას და მერე იმ ადამიანის მეტყველებას, ვინც მათ იყენებს, თანაც შეგნებულად… ყველას მინდა ვუთხრა, რომ როდესაც ასე მეტყველებთ, “სვეტებად”, თბილისელებად და “გამოსულებად” კი არ ჩანხართ, არამედ, უწიგნურ და გაუნათლებელ ადამიანებად… აბა სხვა რა უნდა იფიქრო, როცა წესით და რიგით დაწყებითი კლასების გრამატიკაში უნდა ისწავლოს ადამიანმა, რომ ქართულში გამარჯობას მრავლობითი ფორმა არ აქვს და თუ ამბობს ვიჯექი, ე.ი. მხოლოდ საკუთარ თავს გულისხმობს. ასევე მესამე პირში, მხოლობით რიცხვში ვიყენებთ სიტყვას ზის. “ზიან” და “ვიჯექით”-ის მაგიერ აუცილებელია ვთქვათ – “სხედან”, “ვისხედით”. ბოლოს და ბოლოს,  ამ ყველაფრის ცოდნას გრამატიკის გაკვეთილებზე ყურებდაცქვეტილი ჯდომაც არ სჭირდება. იკითხეთ რაც შეიძლება ბევრი, ნაკითხი ადამიანი ამ შეცდომებს ვერ დაუშვებს! ვერც ცხელ გულზე, როგორც წეღან მითხრეს, worldsport.ge-ს ჟურნალისტის დასაცავად.

ასევე, არ მოკლდება სიტყვა საქართველო  არავითარ შემთხვევაში. არადა, ხშირად წერენ – საქ-ში, საქ-ლოს და სხვ. 😦 ასევე, სახელთა დაბოლოებებშიც ვცოდავთ ძალიან. როგორც ვიცით, ელ-ზე დაბოლოებული სიტყვები იკუმშება. მაგალითად აღმაშენებლის და არა აღმაშენებელის. ამასთან, თუკი სახელთან ვწერთ ადამიანის ფსევდონიმს ან მის წოდებას, სახელი არ უნდა შევამოკლოთ. მაგ: დ. აღმაშენებელი, ვ. ფშაველა, თ. მეფე… ეს ყოვლად მიუღებელია, მაგრამ არად დაგიდევენ ამას. ქუჩაში, აბრაზე ზუსტად ასე წერია. წაიკითხავს ვინმე და დაიმახსოვრებს ამასაც… რადგან წიგნებზე მეტად აბრებს კითხულობენ 😦

მომიტევოს ყველამ, ვინც მეტ-ნაკლებად იცნო საკუთარი თავი ამ წერილში, მაგრამ საკუთარ ენას ვინც პატივს არ სცემს და შეგნებულად ამახინჯებს, ჩემს პატივისცემასაც არ იმსახურებს… სტუდენტობისას, ერთ-ერთმა ლექტორმა მოგვიტანა თავისი კონსპეტქები. სადაც ასევე “ახალი და საინტერესო” სიტყვები აღმოვაჩინეთ. ორი მათგანი განსაკუთრებით მახსოვს: “დაშენებულობა” და “მწვლურჯი”. პირველს მიხვდებით ალბათ, რასაც გულისხმობდა. ხოლო “მწვლურჯი” მწვანე და ლურჯი ყოფილა! ერთ სიტყვაში გამოვთქვიო!… წარმოიდგინეთ ჩემი და ჩემი ჯგუფელების გაოცება… ამ ქალბატონმა წამსვე დაკარგა ავტორიტეტი და პატივისცემა ჩვენს თვალში.

ძვირფასო თანამემამულენო! ულამაზესი, უმდიდრესი და დიდი საიდუმლოს მატარებელი ენის პატრონები ვართ, ვეცადოთ, რომ გავუფრთხილდეთ… არა მხოლოდ სიტყვები გვაქვს ღრმა და დიდი აზრის მატარებელი, არამედ თავად თითეული ასოს მოხაზულობაც არაა შემთხვევით შექმნილი და დიდ საიდუმლოს მოიცავს. მე არ მაქვს პრეტენზია, რომ თუნდაც ეს ჩემი ნაწერი უშეცდომოა და მე კარგად ვიცი ქართული. არა ბატონებო, არ მაქვს ამის ილუზია, მაგრამ ამ საშინელ შეცდომებს მაინც არ დავუშვებ, რაც ზევით აღვწერე. ენას გაფრთხილება სჭირდება, ისევე როგორც მშობელს… აკი თავად გვეუბნება დალოცვილი: დედა ენა. ენა დედაა ჩვენი და ჩვენი მომავლის…

ბოლოს კი, ყველას გირჩევთ, ადევნოთ თვალი ბ-ნი თამაზ კვაჭანტირაძის გადაცემებს” მოგზაურობა სასიტყვეთში”. სულიერად დაისვენებთ და სიტყვათა მარაგსაც გაიმდიდრებთ… 🙂

Advertisements