მიგელისა და ჩავი ერნანდესის შემდეგ კარლეს რექსაჩს ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული “ბარსელონას” მაისურით –  452.  12 წლის იყო, როცა კატალონიური კლუბის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა. 34 წლისამ სწორედ “ბარსელონაში” დაასრულა კარიერა. 54 წლის ასაკში კი, 2001 წელს, კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

1974  წელს “ბარსელონამ” 14-წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. ამ გამარჯვებაში რექსაჩმა და ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა ლომის წვლილი შეიტანეს. მისი დებიუტი “ბარსაში” 1965 წელს, თასის მატჩში სანტანდერის “რასინგთან” შედგა.  კატალონიელებმა 4:0 გაიმარჯვეს, დებიუტანტმა კი მეოთხე გოლი გაიტანა.

1971 წელს კარლეს რექსაჩი მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელ გარატესთან ერთად ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 29 მატჩში 19 გოლი გაიტანა. “ბარსელონას” მემატიანენი რექსაჩის საუკეთესო შეხვედრად 1974 წლის შემოდგომით, ჩემპიონთა თასზე “კამპ ნოუზე”  “ფეინოორდთან” ჩაატრებულ მატჩს ასახელებენ – კარლესმა ჰეთ-თრიქი  შეასრულა, სამივე გოლი კრუიფის პასით გაიტანა.

1979 წელს  “ბარსელონამ” პირველად აღმართა თასების მფლობელთა თასი – დიუსელდორფის “ფორტუნასთან” 2:1 მოგებულ მატჩში რექსაჩმა 1 გოლი შეაგდო. 1981 წლის 1 სექტემბერს, კატალონიური კლუბის მაისურით ჩატარებული 452 ოფიციალური მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა. “ბარსელონას” არგენტინის ნაკრებთან ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ გამოეთხოვა. 1988 წელს რექსაჩი იოჰან კრუიფის თანაშემწედ დაინიშნა. 1991 წლის თებერვალში “მფრინავი ჰოლანდიელი” გულის უკმარისობის დიაგნოზით საავადმყოფოში დააწვინეს და სეზონის ბოლომდე კლუბს რექსაჩმა უხელმძღვანელა.

1996 წელს, როდესაც ხოსეპ ლუის ნუნიესმა კრუიფი გაათავისუფლა, რექსაჩი დროებით მწვრთნელად დაინიშნა. იგივე მოხდა 2001 წლის გაზაფხულზე, როდესაც რექსაჩმა ლორენს სერა ფერერი შეცვალა. 2001-02 წლების სეზონში კარლეს რექსაჩი ოფიციალურად დაინიშნა “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად. თუმცა, მისი თავკაცობით კლუბმა ღირებულს ვერაფერს მიაღწია და მანაც თანამდებობა დატოვა.

კარლეს რექსაჩ კარდა.

კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები:

ესპანეთის ჩემპიონი: 1974.

ესპანეთის თასი: 1968. 1971. 1978. 1981.

თასების მფლობელთა თასი: 1979.

 ბაზრობათა/უეფა-ს თასი/ევროპის ლიგა/1966.

Advertisements