1999 წელს, კლუბის საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, „ბარსელონას“ გულშემატკივრებმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. ლადისლაო კუბალამ, რომელიც 1951-61 წლებში თამაშობდა კატალონიურ გრანდში, დიდი უპირატესობით იმარჯვა. უნგრეთიდან დევნილმა კუბალამ კატალონიელებთან კონტრაქტი 1950 წლის 15 ივნისს გააფორმა, თუმცა ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა 1 წლის შემდეგ ჩაატარა.

მანამდე მხოლოდ თასზე და ამხანაგურ შეხვედრებში ირჯებოდა: 1950 წელს „ბარსელონამ“ ორჯერ სძლია „ფრანკფურტერს“ 4:1 და 10:4. კუბალამ ამ მატჩებში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.1951-52 წლების სეზონი კუბალასათვის პრიმერა დივიზიონი სადებიუტოა: 19 მატჩში 26 გოლი გააქვს, მათ შორის 7 (!) გოლი ხიხონის „სპორტინგთან 9:0 მოგებულ თამაშში გაიტანა. ამავე ჩემპიონატში ვიგოს „სელტას“ 5 გოლი გაუტანა. „სევილიასთან“ და „სანტადერთან“ კი ჰეთ-თრიქები შეასრულა!

მომდევნო სეზონებში ის დიდებული თამაშით ხიბლავდა ქომაგებს, პარალელურად კი სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებში თამაშობდა. 1953 წელს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ 90 წლის იუბილე აღნიშნა: ქვეყნის პირველი გუნდი  ევროპის ნაკრებს „უემბლიზე“ გაეჯიბრა. ფრედ 4:4 დასრულებულ შეხვედრაში კუბალამ დუბლი შეასრულა! 1953-61  წლებში მან ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ 19 მატჩში 11 გოლი გაიტანა. კატალონიის ნაკრების მაისური კი ოთხჯერ მოირგო და ამდენივე გოლი შეაგდო.

50-იანი წლების მიწურულს „ბარსელონაში“ ლადისლაო კუბალას  ორი  თანამემამულე ჩაირიცხა: შანდორ კოჩიში და ზოლტან ციბორი. ორივე მათგანს „ბარსაში“ გადასვლა სწორედ კუბალამ ურჩია. ამ სამეულმა „ბარსელონას“ წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა: 1958 წელს გუნდმა პირველად მოიგო ბაზრობათა თასი (ევროპის ლიგა), 1959 წელს ჩემპიონატი და თასი. 1960 წელს კი მეორედ აღმართა ბაზრობათა თასი და ჩემპიონის ტიტული დაიცვა. 1960-61 წლების სეზონში „ბარსელონა“ ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, გზად კი კატალონიელებმა მადრიდის „რეალი“ დაამარცხეს –  „ბარსა“ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სამეფო კლუბი ამ გათამაშებას გამოთიშა. ფინალში „ბარსელონა“ ლისაბონის „ბენფიკასთან“ დამარცხდა და კუბალამაც კლუბი დატოვა – კატალონიელთა ბავშვთა გუნდს ჩაუდგა სათავეში. 1962-63 წლების სეზონში  ლეგენდარული ფეხბურთელი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი გახდა, თუმცა ბაზრობათა თასზე „ცრვენა ზვეზდასთან“  მარცხის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

ლადისლაო კუბალა.

კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები:

ესპანეთის ჩემპიონი: 1952. 1953. 1959. 1960.

 ესპანეთის თასი: 1951. 1952. 1953. 1957. 1959.

ბაზრობათა თასი /უეფა-ს თასი/ევროპის ლიგა: 1958. 1960.

Advertisements