ხოსეპ სამიტიერი  “ბარსელონას” ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო. ის 1919-1932 წლებში თამაშობდა კატალონიელთა შორის და 326 გოლი გაიტანა, თუმცა გოლების უმეტესობა ესპანეთის ჩემპიონატის დაარსებამდე სხვადასხვა ტურნირებში შეაგდო და ამიტომ, ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა შორის, ისევე როგორც პაულინო ალკანტარა (კატალონიის ჩემპიონატში და ესპანეთის თასზე ჩატარებულ 357 თამაშ, 357 გოლი), ვერ ხვდება.

“ბარსელონას”  შემადგენლობაში სამიტიერმა პირველად 17 წლისამ 1919 წელს ითამაშა. 1925 წლისთვის კი ის ესპანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იყო.  1919-32 წლებში სამიტიერმა “ბარსასთან” ერთად 12-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი კი ხუთჯერ აღმართა. საინტერესოა, რომ მან 4 ფინალში მოახერხა გოლის გატანა: 1922, 1925, 1926 და 1928 წლებში.

1928- 29 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი პირველად გაიმართა და სასუკეთესოს ტიტული “ბარსელონამ” მოიპოვა. სამიტიერი კი იმ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. “ოქროს სეზონის” შემდეგ, “ბარსელონამ” ჩემპიონის ტიტული მხოლოდ 1945 წელს მოიგო. ხოსეპ სამიტიერმა კი  ოქროს მედალი  უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში მოიპოვა. რიკარდო ზამორას დარად, ხოსეპ სამიტიერი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც “ბარსელონადან”  მადრიდის “რეალში” გადაინაცვლა – დედაქალაქში ის 1932-34 წლებში თამაშობდა და თითოჯერ მოიგო ჩემპიონატი და თასი.

1936-39  წლებში ესპანელი გოლეადორი საფრანგეთის “ნიცას” ღირსებას იცავდა – 82 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერა იქვე დაასრულა. 1942 წელს კი რამდენიმე თვით წვრთნიდა კლუბს.

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ხოსეპ სამიტიერმა 1947 წელს დატოვა და სელექციას ჩაუდგა სათავეში. კლუბის ისტორიკოსები ლეგენდარული ლადისლაო კუბალას “ბარსელონაში” გამოჩენას სწორედ სამიტიერს უკავშირებენ. 1950 წელს კუბალა საფეხბურთო კლუბ “უნგარიასთან” ერთად ჩავიდა ესპანეთში. 1 წლის შემდეგ  კი კატალონიელთა მაისურიც მოირგო. უნგრელს  მადრიდის “რეალიც” ეპატიჟებოდა თუმცა ამბობენ, რომ სამიტიერმა ხელისუფლებასთან თავისი კავშირები გამოიყენა და კუბალა გადაიბირა.

ხოსეპ სამიტიერ ვილალტა.

კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები:

 ესპანეთის ჩემპიონი: 1929.

 ესპანეთის თასი: 1920, 1922, 1925, 1926, 1928.

Advertisements