სეზარ როდრიგეს ალვარესი, იგივე სეზარი “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო გოლეადორია: პრიმერა დივიზიონში კატალონიელთა მაისურით 195 გოლი გაიტანა, საერთო ჯამში კი 235-ჯერ გამოიჩინა თავი. მარიანიო მარტინის შემდეგ (1943),  სეზარი “ბარსელონას” მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორის ტიტული მოიგო.

1948-49 წლების სეზონში 28 გოლი გაიტანა. “ბარსელონას” შემადგენლობაშო ფეხბურთელი 1939 წელს ჩაირიცხა, თუმცა ჯარში უხმეს და კლუბს მხოლოდ 1942 წელს დაუბრუნდა –  მანამდე “გრანადაში” თამაშობდა, იმ ქალაქის კლუბში, სადაც სამხედროდ მსახურობდა.

1941 წელს სეზარი კლუბს სეგუნდა დივიზიონის მოგებაში დაეხმარა. 1941-42 წლების სეზონში კი მან და კლუბმა პირველად ითამაშეს პრიმერა დივიზიონში. საინტერესოა, რომ იმ ჩემპიონატში, “კასტელიონთან” 7:3 მოიგებულ მატჩში სეზარმა 6 (!) გოლი გაიტანა, სეზონი კი “ვერცხლის ბუცის” მოგებით დასრულდა.

1942 წლიდან ის უკვე “ბარსელონას” თავდამსხმელია, 1945 წელს კი ჩემპიონის ტიტულს პირველად იგებს. 1941 წელს, ქვეყნის თასის ფინალში “სოსიედადთან” 3:0 მოგებულ მატჩში მას 2 გოლი გააქვს, 1 წლის შემდეგ კი ესტანისლაო ბასორას, ლადისლაო კუბალას, ედუარდო მანჩონის და მორენოს მხარდამხარ თავდამსხმელთა  იმ ლეგენდარული ხუთეულის წევრია, რომელიც 5 ტიტულის მოგებაში ლომის წილს იღებს!

1952 წელს მან 2 გადამწყვეტ შეხვედრაში გაიტანა გოლი:  ქვეყნის თასის ფინალში “ვალენსიასთან” 4:2 და ლათინთა თასის (ჩემპიონთა ლიგის წინამორბედი)  გათამაშებაში, საფრანგეთის “ნიცასთან” 1:0.

1945-52 წლებში სეზარ როდრიგეს ალვარესმა 12-ჯერ ითამაშა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, სადებიუტო შეხვედრა კი 1945 წლის 11 მარტს, პორტუგალიელთა წინააღმდეგ ჩაატარა – ფრე 2:2. 1943-47 წლებში მან 10-ჯერ ითამაშა კატალონიის ნაკრებში. 1947 წლის 19 ოქტომბერს კატალონიის ნაკრებმა 3:1 სძლია ესპანეთის ნაკრებს – სეზარმა დუბლი შეასრულა.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ბომბარდირი მწვრთნელად მოგვევლინა: “სარაგოსა” ანგარიშგასაწევ ძალად აქცია, 1963-64 წლებში კი “ბარსელონას” თავკაცის პოსტზე ექს-თანაგუნდელი ხოსეპ გონსალვო შეცვალა. სეზარმა 85 შეხვედრაში უხელმძღვანელა კლუბს,  თუმცა, სასურველი შედეგის არქონის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სეზარ როდრიგეს ალვარესი.

კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები:

 ესპანეთის ჩემპიონი: 1945, 1948, 1949, 1952, 1953.

 ესპანეთის თასი: 1951, 1952.

Advertisements