მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში რიკარდო ზამორა ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითლება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია კი პრიმერა დივიზიონის საუკეთესო მეკარეს სწორედ ამ ლეგენდარული მეკარის სახელობის  პრიზით აჯილდოვებს.

“ბარსელონას”  შემადგენლობაში რიკარდო ზამორა 1919-22 წლებში თამაშობდა და მასთან ერთად ზედიზედ სამჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონის ტიტული. 1920 და 1922 წლებში კი ესპანეთის თასიც აღმართა. ის “ბარსელონა”, რომელსაც  ჯეკ გრინველი თავკაცობდა, კლუბის ისტორიაში საუკეთესოთა შორის სახელდება. ზამორას მხარდამხარ რამდენიმე ლეგენდარული ფეხბურთელი თამაშობდა:  ხოსეპ სამიტიერო, სახიბარბა, პაულინო ალკანტარა, ფელიქს სესუმახა…

1920 წელს რიკარდო ზამორამ ანტვერპენის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ფინალში ითამაშა – ვერცხლის მედალი მოიპოვა, სხვათა შორის, ბელგიიდან შინ დაბრუნებილი დააკავეს, ციხეში ჩასვეს და ჯარიმაც გადაახდევინეს მხოლოდ იმიტომ, რომ  კუბურ სიგარას ეწეოდა.

ესპანეთის ნაკრების ღირსებას ზამორა 1920-36 წლებში იცავდა. 1920-30 წლებში კი კატალონიის ნაკრებშიც თამაშობდა. კატალონიის ნაკრების შემადგენლობაში მან 1922, 1924 და 1926 წლებში ესპანეთის რეგიონთა პირველობაზე იმარჯვა. 1936 წელს, როდესაც ქვეყნის პირველ გუნდში ასპარეზობა დაასრულა, მის ანგარიშზე ნაკრებში 46 მატჩი იყო. ეს მიღწევა შემდეგი 38 წლის განმავლობაში რეკორდი იყო – ზამორას მხოლოდ 1974 წელს გადაასწრო ხოსე ანხელ ირიბარმა.

1929 წელს, ესპანეთის ნაკრებმა ინგლისს 4:3 სძლია და გახდა პირველი არაბრიტანული გუნდი, რომალმაც ინგლისი დაამარცხა. იმ შეხვედრაში ზამორამ გატეხილი ნეკნით ითამაშა. 1934 წელს ესპანეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნისეტო ალკალი-ზამორამ რიკარდო ზამორას რესპუბლიკის ღირსების მედალი გადასცა. 1950 წელს კი ლეგენდარული მეკარე დიქტატორმა ფრანკომ დიდი ჯვრის ორდენით დააჯილდოვა.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ რიკარდო ზამორა მწვრთნელი გახდა: “ატლეტიკო ავისიონთან” (მადრიდის ატლეტიკოს წინამორბედი) 1940 და 1941 წლებში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, 1948 წელს კი ვიგოს “სელტა” თასის ფინალში გაიყვანა. 1952 წელს მან 2 შეხვედრაში უთავკაცა  ესპანეთის ნაკრებს.

რიკარდო ზამორა.

კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები:

ესპანეთის თასი: 1920, 1922.

Advertisements