დაიბადა 1938 წლის 10 სექტემბერს ჰამბურგში, ბანკირის საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. მამის ფინანსურმა შეძლებამ, რომელმაც დიდძალი ფული ევროპაში კონსერვირებული რძის ექსპორტით იშოვა, ბიჭს საშუალება მისცა შესანიშნავი განათლება მიეღო. ადრეულ ასაკში ბრწყინვალედ შეისწავლა ინგლისური, იტალიური და ფრანგული ენები, გადაიკითხა მშობლების მდიდარი ბიბლიოთეკა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, მის “მეს” ჩამოყალიბებაში დედამ – სუფთასისხლიანმა არისტოკრატმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. ფრაუ ლაგერფილდი კარგად ერკვეოდა მოდასა და პარფიუმერიაში. შეიძლება ითქვას, რომ პროფესია კარლს დედამ შეურჩია და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვაჟიშვილისთვის დახვეწილი გემოვნება ჩამოეყალიბებინა. დიზაინერი იხსენებს, რომ ერთხელ, როცა პიანინოზე უკრავდა, დედამ ინსტრუმენტის თავსახური დახურა და უთხრა: “მხატვრობით უნდა დაკავდე – ეს ნაკლებ ხმაურს იწვევს”.  14 წლის ასაკში კარლმა გააცნობიერა, რომ ზრდისთვის უფრო დიდი სივრცე ესაჭიროებოდა, ვიდრე მშობლების სახლი და მათივე ლოცვა-კურთხევით პარიზში გაემგზავრა. გერმანელი მოზარდი თავისუფალი და დახვეწილი ქალაქის ტყვე გახდა. აქ მან სანიმუშო მოწაფესავით გააგრძელა სწავლა. თუმცა ერთ დღესაც მოსაწყენი სახელმძღვანელოები და კონსპექტები გვერდზე გადადო და “რაღაცის” შექმნა გადაწყვიტა. ეს “რაღაც” მოდის ესკიზების კონკურსზე მოხვდა, რომლის ჟიურიში იყვნენ კრისტიან დიორი, პიერ ბალმანი და იუბერ ჟივანში. მაშინ ლაგერფილდი სულ რაღაც 16 წლის იყო. ასე დასრულდა გერმანელი სტუდენტის გონისმიერი ცხოვრება და დაიწყო ბოჰემური, შეშლილი და რაც მთავარია, “უფროსებისთვის დამახასიათებელი” პერიოდი, რომელიც დღემდე გრძელდება. პირველი კონკურსის შემდეგ კარლი სამუშაოდ თავად პიერ ბალმანმა მიიწვია. ბალმანთან მან სამი წელი გაატარა და სწავლობდა, თუ როგორ მუშაობდა მოდის უზარმაზარ მექანიზმში თითოეული ჭანჭიკი.
1958 წელს ლაგერფილდი ჟანა პატუს მოდის სახლში მიიპატიჟეს, აქ უკვე მომავალმა ცნობილმა დიზაინერმა 5 წელი დაჰყო ისე, რომ ყოველ წელიწადს ორ-ორ კოლექციას ქმნიდა. 1963 წელს სარისკო “ტრიუკი” გააკეთა, რომელიც დღემდე არავის გაუმეორებია – ერთდროულად მოდის ოთხ სახლთან დაიწყო მუშობა, ესენი იყო – Chloe, Krizia, Charles Laurdan da Fendi, თან ისე, რომ თითოეულისთვის რადიკალურად განსხვავებულ კოლექციებს ქმნიდა. დღეს უკვე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაბიჯმა კარლის ტალანტი და გენიალურობა უფრო მეტად გამოააშკარავა: ის ცნობილი სახლების “ხელწერას წარმატებით აყალბებდა” ისე, რომ არანაირად არ ცვლიდა მამა-შემქნელების სტილს, თუმცა საკუთარ დეტალებს დახვეწილი გემოვნებით ამატებდა. ლაგერფილდის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად Chanel-ის მოდის სახლთან გაფორმებული კონტრაქტის გაფორმება გახდა.

1971 წელს ლეგენდარული კოკოს გარდაცვალების შემდეგ სახლის მთავარი სტილისტის სავარძელი “ობლად” ელოდა “დიდებული მადამის” სულიერ და იდეურ მემკვიდრეს. თუმცა რამდენიმე ნიჭიერი და ინდივიდუალისტი დიზაინერი მოდის სახლის ხელში ჩაგდების სურვილმა შეიპყრო, Chanel-ის სახლის მარკის მფლობელებს კი სურდათ ისეთი ადამიანი ეპოვათ, რომელიც მომავალ კოლექციებში გაბრიელ შანელის განუმეორებლობას და უნიკალურობას, მეტიც მის სულს, თანამედროვეობის ელემენტებს დახვეწილად შეუხამებდა.
1983 წელს ლაგერფილს მაღალი მოდის ხაზს აბარებენ, 1984 წელს კი ყველა მიმართულების მთავარი შემქმნელი კარლი ხდება. საბოლოოდ, ლაგერფილდის 24-საათიანი მუშაობა დაფასებული იქნა, ტრიუმფი კი დროული და დამსახურებული. ყოველწლიურად კარლი საშუალოდ 2500 ესკიზს ქმნის, ანუ თითქმის 7 მოდელს ყოველდღიურად. მისი სამუშაო დღე კი 20 საათიანია. რითი არის დაკავებული მთელი ამ დროის განმავლობაში? ხატავს, “სულებს” ქმნის, საკუთარ იდეებს ფოტოებს უღებს და ქსოვილში აცოცხლებს.  მას სამი მიდრეკილება და ინტერესი აქვს, რომელთა გაგების საშუალებასაც საზოგადოებას აძლევს. მას სამი მიდრეკილება და ინტერესი აქვს, რომელთა გაგების საშუალებასაც საზოგადოებას აძლევს.
სულები – ეს პირველი ინტერესია, უფრო სწორედ “ძირითადი ინსტინქტი”. “ჩემთვის არომატის შეგროვებაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს – სხვადასხვა სურნელის შექმნისას ან უკვე შექმნილების შეხამებისას იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ შეიძლება ეს სურნელი ადამიანის შეგრძნებაზე აისახოს. არომატის შექმნას კოლექციაზე მუშაობისგან ვერ განასხვავებ – ეს ერთი მთლიანი ორი მხარეა”.

მის “პირად არქივში” Chloe-ისთვის შექმნილი არომატიც შედის – სახელწოდებით Parfumes Lagerfeld, პარფიუმი Photo, სუნამოები მამაკაცებისთვის JAKO და KL  – მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქმნილებაა.

მეორე გატაცება ფოტოგრაფიაა. ერთხელ თქვა, რომ სამყაროს ფოტოაპარატის ლინზიდან ხედავს, ფოტო კი მისთვის რეალობის გამოხატვის საშუალებაა. ყველა ახალი კოლექციის ფოტორეკლამას თავად ქმნის – როგროც თავად ამბობს, ამ ინტიმური პროცესის ჩატარებას ვერავის ანდობს.

წიგნები მისი მესამე გატაცებაა. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს, აუცილებლად ჩამოაქვს საყვარელი ავტორების ფოლიანტები, განსაკუთრებით ბალზაკი და დოსტოევსკი უყვარს. ბევრი ამბობს, რომ მსოფლიოს რამდენიმე ბიბლიოთეკასაც კი შეშურდებოდა მისი წიგნთსაცავში არსებული უნიკალური გამოცემების. სხვათა შორის, 2000 წელს წიგნების კოლექციის ნაწილი, რომელიც XVIII საუკუნის ფრანგულ ხელოვნებას ეხებოდა, Christei’s-ის აუქციონზე გაყიდა.

რასაც არ უნდა მოჰკიდოს ხელი, ყველაფერში წარმატებას აღწევს.

“ჩემი წარმატების საიდუმლო ჩემს უნარშია – მუდმივად ვიმოძრაო წინ, დროის გასასწრებად. შემოქმედება, მუშაობა და პირადი ცხოვრება ჩემთვის ერთი მთელია. ყოველი ჩემი მიღწევა ჩემი ხელების მიერ არის შექმნილი და ამიტომ ვარ ბედნიერი”, – ასე ფიქრობს თავად. საინტერესოა, ესეც ხელოვნების მისტიფიკაციაა? არანაირად! როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც ბედნიერი ვარსკვლავის ქვეშ იბადებიან.

Advertisements