უბედური შემთხვევა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ–ერთ ულამაზეს ეროვნულ პარკში, იელოუსტონის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია მთელს მსოფლიოში და ჩემი აზრით ყველაზე ლამაზიც, გასულ ოთხშაბათს კი საშინელმა ამბავმა იელოუსტონიდან, მთელი მსოფლიო შეძრა. ცოლქმარი, რომლებიც ვატიპის ტბის ტურისტულ ბილიკზე დასეირნობდნენ, დედა გრიზლის მსხვერპლი გახდნენ, საბედნიეროდ აღნიშნულ ბილიკზე ახლომახლოს სხვა ტურისტული ჯგუფი იმყოფებოდა და ცოლის ყვირილზე მის დასახმარებლად გაიქცნენ და ის მაინც გადაურჩა საშინელ აღსასრულს, რადგან რამოდენიმე ადამიანის დანახვისას დედა გრიზლი გაიქცა, ამის შემდეგ მათ პარკის ადმინისტრაციაში მობილური ტელეფონით გადარეკეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი მსოფლიოში ძალიან იშვიათად ხდება, თავად იელოუსტონის ეროვნულ პარკში ბოლოს დათვმა ადამიანი 1986 წელს იმსხვერპლა, გრიზლი ყველაზე საშიში დათვია, ამ ცხოველის სახეობებს შორის, მაგრამ ჩვეულებრივ ის ადამიანებს გაურბის. საქართველოში მობინადრე დათვი (მურა დათვი) შედარებით კეთილშობილია, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში მუშაობის დაწყებისთანავე ვიკითხე მსგავის ფაქტების შესახებ, თუ ოდესმე მომხდარა თავდასხმა ან მსხვერპლი დათვისაგან, თუმცა ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. მე პირადად დათვი თავისი ორი ბელით რამოდენიმე მეტრიდან მყავს ნანახი, თუმცა საბედნიეროდ ის გაიქცა.

Advertisements