Feliz Cumpleaños Leo!!!

1987 წლის ზაფხული ჟორჟე მესის ოჯახში სასიხარულო ამბით დაიწყო და ეს ზაფხული მას და მის მეუღლეს არასოდეს დაავიწყდებათ, დღევანდელ დღეს მათ ოჯახში ერთი პატარა ბიჭი დაიბადა, სახელად მას ლიონელი დაარქვეს და ეს გახდა თარიღი, რომელმაც შემდგომ წლებში მსოფლიო აალაპარაკა. ძალიან რთულია მესის პროფესიონალიზმზე და მაღალ კლასზე საუბარი, რადგან აუცილებლად რაღაც გამოგრჩება, ამიტომ მის მაგიურ საფეხბურთო ძალაზე არაფერს დავწერ. მისი ხასიათი კი სამაგალითოა მთელს საფეხბურთო სამყაროში, ფეხბურთი კი უფრო მეტია ვიდრე სპორტი!!!

ის მოედანზე ნამდვილ შოუს დგამს და ამავდროულად ძალიან კეთილია, მისი არასპორტული და ქედმაღლური  საქციელი არავის ახსოვს, თუმცა ამის საბაბი ნამდვილად აქვს, ის კარგადაა აღზრდილი. არასოდეს ავიწყდება ზრდილობისა და ეთიკის საკითხები და მუდამ ცდილობს თანაგუნდელებს  და მეტოქეებს პატივი სცეს. ახლა კი ერთ ამბავს გავიხსენებ, რომელიც ღიმილს მგვრის და მესის დაბადების დღეზე ამის გახსენება უპრიანია, რადგან აღნიშნული ამბავიც დაბადების დღეს ეხება. ამა წლის იანვარში მას დედისათვის დაბადების დღის მილოცვა განსაკუთრებულად ჰქონდა გადაწყვეტილი, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩში ”რასინგის” წინააღმდეგ, გოლი უნდა გაეტანა და ეს გააკეთა კიდეც, თუმცა მხოლოდ გოლის გატანას არ დასჯერდა და მაისური აიწია და შიგნით ჩაცმულ მაისურზე, საკუთარი ხელით დაწერილი წარწერა დაანახა მსოფლიოს სადაც ესპანურ ენაზე ეწერა ”დაბადების დღეს გილოცავ დედა!”

ეს დაბადების დღის მილოცვა მესის საკმაოდ ძვირი დაუჯდა, ესპანეთის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მას 3000 ევროიანი ჯარიმა ამოუწერა, ხოლო მსაჯმა ყვითელი ბარათი აჩვენა. იმედია მეც არავინ დამაჯარიმებს, მაგრამ მინდა ამ მცირე პოსტით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს დაბადების დღე მივულოცო.

Advertisements