წ ა რ ს უ ლ ი    მ ო მ ა ვ ა ლ შ ი


უფალს განსაკუთრებით უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი, ლოცავს მათ. თუ თქვენ გექნებათ დიდი სიყვარული და სურვილი მასთან სიახლოვისა, თქვენი გული გახდება ტაძარი სულისა წმიდისა, სავანე ღვთისა.

გიყვარდეთ ღმერთი გიყვარდეთ ადამიანი, გიყვარდეთ წიგნი, რადგან სიყვარული სათავეა სიხარულისა და ადამიანი ბედნიერებისა.

დალოცვილი და გახარებული იყავით, იარეთ ჭეშმარიტების გზით და ჭეშმარიტება  მიგიყვანთ უფალთან.

უნდა აღვავლინოთ ვედრება უფლისადმი, რო მ ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ და ჩვენს ერს წყალობა, მშვიდობა, ბარაქა, სიბრძნე, ჯანმრთელობა, მრავალშვილიანობა.

ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მრავალი ხატი იწერება დღეს საქართველოში, მრავალი სასწაულმოქმედი ხატიც ჩამობრძანდა დედა ღვთისას წილხვედრ მიწაზე, მაგრამ რატომღაც მივივიწყეთ ჩვენ წინაპართა მიერ განდიდებული ხატები. ასეთია აწყურის ღვთისმშობლი ხატიც  – ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულება, რომელიც შემობრძანდა და დამკვიდრდა საქართველოში, რომლის მეშვეობითაც ივერიელებმა პირვლად ვიხილიეთ მფარველი და პატრონი ჩვენი ერისა.

წმინდა ხატის ისტორია ასეთია: მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ღვთისმშობელს წილად საქართველო ხვდა.  უკვე გადაწყვიტა კიდევაც, წამობრძანებულიყო, მაგრამ მოწევნულ იყო ჟამი მისი მიძინებისა. და აი, ეჩვენა ღვთისმშობელს ძე თვისი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და უთხრა: “დედაო ჩემო, არა უგულებელსვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის…წარავლინე პირველწოდებული ანდრია შენს წილხვედრ ქვეყანაში და თან გაატანე შენი ხატი…შენ წილ ის ხატი მკვიდრობდეს მცველად მათთა უკანასკნელ ჟამამდე.”

“შვილო ანდრია” – უთხრა დედა ღვთისამ მოციქულს – “ჩემს სულს დიდად უმძიმს, რომ ჩემს წილხვედრ ქვეყანაში ჩემი ძის სახელს არ ქადაგებენ, მაგრამ როცა საქადაგებლად ვაპირებდი გამგზავრებას, გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და დარჩენა მიბრძანა, შენ უნდა წახვიდე იქ, ქვეყანას ჩემსა წილხვდომილსა, წაასვენო სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, რათა ვიყო გამგებელი მათი ცხოვრებისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ მტერთაგანმა სძლიოს მათ. ” “იყავ ნება შენი, ყოვლადწმინდაო, – მიუგო მოციქულმა, – და ნება ძისა შენისა.” მაშინ ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, სახეზე მიიდო და ფიცარზე მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. ”

მისცა დედა ღვთისამ ხატი ანდრია მოციქულს და დალოცა: “სადაც არ უნდა წახვიდე მადლი და შეწევნა ჩემგან მშობლისა უფლისა გსდევდესო თან…მეც შეგეწევიო ქადაგებაში.” წმინდა ანდრია ყოვლადწმინდა ქალწულის წინაშე დაემხო და მადლობა შესწირა. შემდეგ აიღო წმინდა ხატი და საქართველოსკენ გამოემართა.

წმინდა ანდრია პირველად ტრაპიზონში შემოსულა, “რომელ არს სოფელ მეგრელთა,” და მცირედი ჟამი იქ დაუყვია. შემდეგ გადასულა “ქვეყანასა ქართლისასა, რომელსაც დიდ – აჭარა ეწოდება” და სახარების ქადაგება დაუწყია. ამ ადგილების მკვიდრნი, როგორც მატიანე მოგვითხრობს, “პირუტყვთა უგუნურესნი” ყოფილან. ეს წარმართები შემოქმედ ღმერთს არ სცნობდნენ და არაწმინდა წესს აღასრულებდნენ. ურიცხვი განსაცდელი დაითმინა მოციქულმა, ურწმუნოთაგან, თუმცა ღვთისა და წმინდა ხატის შეწევნით მრავალი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე,. იქ კი, სადაც ხატი დაასვენა, მკურნებელი წყარო აღმოცენდა.

მოციქულმა შეკრიბა იმ კუთხის მკვიდრნი, ნათელს სცა და მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა. დიდ – აჭარლებმა წმინდა ანდრიას კურთხევით ეკლესიაც ააშენეს ღვთისმშობლის სახელზე.

დადგა განშორების დრო, არ ეთმობოდა მრევლს მოძღვარი, დარჩენას ევედრებოდა. ბოლოს თხოვეს სასოდ და მცველად ღვთისმშობლის ხატი მაინც დაგვიტოვეო. წმინდა მოციქულმა აიღო ამავე ზომის ფიცარი, მიადო წმინდა ხატს და დედა ღვთისას სახე მყისეულად გამოისახა მასზე. ხატი დიდი პატივით დაასვენეს ეკლესიაში, ხოლო წმინდა ანდრიას დიდი სიყვარულით გამოეთხოვნენ.

წამოვიდა ანდრია პირველწოდებული, გადმოვლო მთა, მას შემდეგ რაც იქ მოციქულმა ჯვარი აღმართა, ამ ადგილს რკინის ჯვარს უწოდებენ, გაიარა ოძრხეს ხევი და სამცხის საზღვართან ერთ სოფელში გაჩერდა, რომელსაც ზადენ-გორა ერქვა, აქ წარმართული კერპები ყოფილა, აღმართული. ულოცია წმინდანს ღვთისმშობლის ხატთან და ყველა კერპი დამხობილა.

იქ დიდხანს არ დარჩენილა ანდრია, წამოვიდა და მიადგა ერთ დაბას, რომელსაც სოსანგეთს ეძახდნენ (ახლანდელ აწყურს). იქაურები არტემისსა და აპოლონს სცემდნენ თაყვანს.

ამ მხარეს ერთი ქვრივი ქალი სამძივარი განაგებდა, ქვრივს ერთადერთი ვაჟი ჰყოლია და ისიც წმინდა ანდრიას მისვლისას მოჰკვდომოდა. იყო დიდი ვაბეა და ტირილი. დაღამდა და მწუხარებით გათანგულებმა ციხიდან გამომომავალი დიდი ნათელი  იხილეს. გათენდა თუარა სამძივარმა მაშინვე გაგზავნა ხალხი საქმის გასაგებად. აუწყეს, ციხეში უცხოტომელები გაჩერებულან და უცხო ღმერთს ქადაგებენ, შემოქმედსა და დამბადებელს, კაცთა სიცოცხლის მომნიჭებელს და მკვდართა აღმადგინებელს; აქვთ მშვენიერი ხატი, რომელსაც თაყვანს სცემენო. “მკვდართა არმადგინებელს”  – მოესმა თუარა სამძივარს მონებს წმინდა ანდრია მოაყვანინა.

– “ვინ ხართ?” – ჰკითხა ქალმა, – “საიდან მოდიხართ ან რას ქადაგებთ?”

წმინდა ანდრიამ მიუგო, რომ მოციქული იყო ჭეშმარიტი ღმერთისა, რომელიც “წამისყოფით აღადგენდა მკვდარს” და რომ ყველა ვინც კი მას ირწმუნებდა და ნათელს იღებდა, ყოველგვარი სენისაგან განიკურნებოდა და რასაც ითხოვდა, ყოველივე მიეცემოდა.

ატირდა ქვრივი, შეევედრა მოციქულს, ელოცა და მკვდრეთით აღედგინა მისი მხოლოდშობილი ძე. “თუ ირწმუნებ იესო ქრისტეს, რწმენის მეოხებით ყოველივე მოგეცემა.” – უთხრა ანდრიამ, ქალმა მთელი გულით აღიარა მაცხოვარი, მაშინ მოციქულმა მწმინდა ხატი სხეულზე დაასვენა მიცვალებულს, ილოცა და ყრმას ხელი გაუწოდა. ისიც თითქოს ახლა გაიღვიზაო საღ-სალამათი წამოდგა ფეხზე.

გახარებული დედა მუხლებში ჩაუვარდა ანდრიას, მერე კი სახლეულთან ერთად ნათელი იღო, შემდეგ წერილი მისწერა სამცხი9ს მთავრებს და თავისთან მიიწვია, რათა უმჯობესი განეჩინათ.

ხალხით გაივსო სოსანგეთი, ყველას უნდოდა მკვდრეთით აღმდგარი ქვრივის ძის ხილვა, დაიწყეს კამათი, რომელი ღმერთი იყო ჭეშმარიტი – იესუ, კაცთა მკვდრეთით აღმადგინებელი, თუ ის კერპნი რომელსაც თაყვანს სცემდნენ ადგილობრივები. “შევასვენოთ ჩვენი ხატი თქვენს საკერპოში და დავაბრძანოთ თქვენს ღმერთებს შორის,” – შესთავაზა მოციქულმა, – “დავბეჭდოთ ორივე კარი, დავუყენოთ მცველნი და დილით ვიხილოთ, ვისი ღმერთია ჭეშმარიტი.” ასეც მოიქცნენ. დილით, როცა საკერპო გააღეს, კერპნი დამსხვრეული ნახეს, ხოლო ხატი ღვთისმშობლისა – მზესავით გაბრწყინებული, მაშინ კი ყველამ ერთად აღიარა ქრისტიანთა ღმერთი.

წმინდა ანდრია ერთხანს სოსანგეთში დარჩა, ასწავლა ხალხს ქრისტეს სჯული, დაუდგინა ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონნი, მერე კი გზის გაგრძელება გადაწყვიტა. მესხნი შეევედრნენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მათთვის დაეტოვებინა. მოციქული დაჰყვა მათ თხოვნას და ხატის შექმნის ისტორიაც მოუთხრო. როცა სეიტყვეს, რომ მათი მფარველი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო, ყველა დიდი სიხარულით აღივსო.

წმინდა ანრიამ მოციქულებრივის სვლა განაგრძო, ხოლო წმინდა ხატი ივერიაში დამკვიდრდა. მესხებს ის მცირე ეკვდარში დაუბრძანებიათ.

VII საუკუნის დასაწყისში საქართველოში ჰერაკლე კეისარი შემოიჭრა, ის საგანგებოდ მისულა ხელთუქმნელი ხატის თაყვანისსაცემად და როგორც “ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს, აწყურის დიდი საყდრის შენებაც დაუწყია. განუსრულებიათ ეკლესია “მორწმუნე კაცთა” და საეპისკოპოსო კათედრად უქცევიათ.

წმინდა დემეტრე თავდადებულის მეფობისას სამცხეს დიდი განსაცდელი დასტყდომია თავს: აღდგომას მიწა იძრა და ეს მხარე ერთიანად მოსრა, ურიცხვი ხალხი დაიღუპა, საყდარი ეკლესია და ციხე აღარსად დარცა, დაინგრა აწყურის საყდარიც,  სწორედ იმ დღეს ღვთისმშობლის ხატი ლიტანიობით შეებრძანებინათ და შუა ტაძარში დაესვენებინათ,  მიწისძვრისას ეკლესიის გუმბათი ჩამოვარდნილა და ქუდივით დაფარებოდა წმინდა ხატს.

რა იყო ეს მიწისძვრა? იქნებ გაფრთხილება ღვთისმშობლისა…

1476 წელს საქართველოს ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი შემოესია, დაარბია სამცხე და აწყურის ღვთისმშობლის ხატი ტყვედ წაიყვანა. შეიქმნა დიდი გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი, აღდგენენ მესხნი და ქართლში გადასახლდნენ, . მათი მწირობა შვიდ წელიწადს გაგრძელდა, ირანს კი ღვთის რისხვა დაატყდა თავს: ხატის დატყვევების შემდეგ ამ ქვეყანაში “არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ხემან ჰყო ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა.”  გამოიძიეს მიზეზი. თქვა ზოგიერთმა საქართველო, რომ დავლაშქრეთ, ერთი საყდრიდან დიდი პატივით შემკული ფიცარი წამოვიღეთ, ჯერ კიდევ მგზავრობისას ვნახეთ მის მიერ მოხდენილი სასწაული – საღამოს ბარგის სიღრმეში რო ჩავდებდით, დილით  მაღლა გვხვდებოდა და მზესავიტ ბრჭყინავდა; ეს რისხცავ უეჭველად მისგან მოგვევლინა, სჯობს მოვიძიოთ და თავის ქვეყანაში დავაბრუნოთო. იპოვეს ხატი, მაგრამ მის წამოღებას ვერავინ ბედავდა. ბოლოს ასე მოიქცნენ, ხატი უხედნელ რასზე დააბრძანეს და გაუშვეს. ღვთის განგებით ცხენი სამცხეში ჩავიდა და “იქმნა დიდებული” სასწაული – განათდა, გაბრწყინდა მთელი სამცხე, მიეახლნენ მესხნი და სიხარულის ცრემლით თაყვანი სცეს წმინდა ხატს, ქართლში გადახვეწილმა მესხებმაც შეიტყვეს ეს ამბავი და დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ მეფე კონსტანტინემ არ გამოუშვა, ისინიც ადგნენ და გამპიპარნენ, შეიტყო კონსტანტინემ და ჯარი დაადევნა, მოუბრუნდნენ მესხნის და “აწყურის ღვთისმშობლის სახელით” დაამარცხეს მდევარი.

გავიდა ორი წელი და სამცხეს ახლა იაყუბ ყაენი შემოესი. მესხებმა მოასწრეს და ხატი გადამალეს, მტერმა მათ პირობა მისცა, რომ აწყურს არ ააოხრებდნენ, შეცდნენ  მესხნი და მიართვეს კლიტენი, მაგრამ სპარსელებმა გატეხეს სიტყვა და “მიეტევნეს ვითარცა მხეცნი.” მოსახლეობის ნაწილი მოსრეს, ნაწილი ტყვედ წაასხეს, ხატი კი იაყუბ ყაენს მიართვეს. ყაენმა ხატი სამკაულთაგან გაძარცვა და ცეცხლში ჩააგდო,  ცეცხლი განელდა, ხატს კი მცირედაც არ შეხებია. ეს სასწაული ყაენის ლაშქარში მყოფმა ერთმა არამართლმადიდებელმა ქრისტიანმა იხილა, მოიპარა ხატი და თავისთან წაასვენა და დიდი პატივით მოეპყრო, მაგრამ ერთ დღეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და დაემუქრა “თუ ჩემს ქვეყანაში არ დამაბრუნებ, დიდ უბედურებას მოგაწევო.” მივიდა კაცი მანუჩარ ათაბაგთან და ყველაფერი უამბო, გახარებულმა მანუჩარმა კაცნი გაგზავნა და ხატი დაისხნა, ეს 1486 წლის 25 სექტემბერს მოხდა.

მალე ღვთის რისხვა ეწია იაყუბ ყაენს და მის სანათესაოს – სხვადასხვაფერი სიკვდილიტ ერთიანად მოესრნენ.

1535-1545 წლებში სამცხე იმერეთს ეკუთვნოდა, შემდეგ ოსმალომ წაართვა. 1546 წელს ბაგრატ იმერთა მეფეს სამხრეთიასაკენ გაულაშქრია, სამცხე ვეღარ დაუბრუნებია, მაგრამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი გამოუტაცნია და ციხისჯვარში დაუსვენებია, 1553 წელს კი იმერეთში გადაუბრძანებია. 1562 წელს  ბაგრატის ძეს, იმერთა მეფე გიორგი II-ს და ქაიხოსრო ათაბაგს ზავი დაუდიათ და აწყურის ღვთისმშობლი ხატი მესხებისათვის დაუბრუნებიათ.

ო. შმერლინგი, შ. ამირანიშვილი და თ. საყვარელიძე აწყურის ღვთისმშობლის ხატის ვერცხლის მოჭედვას გიორგი II-სა და მის მეორე ცოლს თამარს მიაწერენ, ხოლო დ. ბაქრაძე იმერთა მეფე გიორგი III-სა (1604-1639) და მის თანამეცხედრეს. უფრო კმისაღები დ. ბაქრაძის მოსაზრება უნდა იყოს, რადგან ხატზე გაკეთებულ წარწერაში მოხსენიებული “მეფე პირმშონი” ალექსანდრე და მამია გიორგი III-ისა და თამარის შვილები იყვნენ. წარწერა კი ასე იკითხება: “ჩვენ მეფეთ-მეფემან პატრონმან  და თანამეცხედრემან ჩვენმან დედუფალთ-დედუფალმან თამარ და ძეთა ჩვენთა პირმშოთა ალექსანდრე და მამიამ, მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლადწმიდისა, წარსამართლებლად მეფობისა ჩვენისათვის და ცოდვათა ჩვენთა შესანდობლად. ამინ”.

აწყურის ღვთისმშობლი ხატი ნახსენებია 1645 წლის როსტომ მეფის სიგელში. მეფეს სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს ქართლში, სოფელ ღოღეთში, ჩამოსახლებული აწყურის ღვთისმშობლის საყმო: “მას ჟამსა, ოდეს აწყურის ღვთისმშობლის საყმო აზნაურიშვილი და გლეხი ჩვენს საბატონოში ჩამოსულიყვნენ და ღოღეთს დაესახლებინათ და რაცა ხატი და ჯვარი ყოფილიყო, თქვენს (მცხეთის) ტაძარში დაესვენებინათ…სხვას კაცს ღოღეთს ხელი არ ჰქონდესო…ვინ იცის, სოფლის საქმე ასე მოუხდეს, რომე საათაბაგიშვილოს ქრისტიანე მეპატრონე გაუჩნდეს და აწყურის ღვთისმშობლის ხატი და ჯვარი თავის სამკვიდროზე მიასვენონ და მათი ყმა ასაყრელად მოინდომონ, ვერავინ დაუჭიროს…” შემდგომ ხატი იმერეთში მოხვედრილა, მაგრამ როდის არავინ არ იცის.

წმინდა ხატი ჩასვენებულია ტრიპტიქის სახის მოჭედილ კუბოში, რომელიც წარწერის თანახმად, შესრულებულია იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შეკვეთით 1764 წელს, ამ “მოკრძალვით

არარად სარაცხ კნინ ძღვენზე” – მოჭედილობაზე, აჯობებს ხელოვნებათმცოდნეებმა ისაუბრონ. ჩვენ მოხოლო დიდი კრძალვით მოგითხრეთ წმინდა ხატის ისტორია, რომელიც ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს.

სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალულია განუყოფელი კვართი მაცხოვრისა – სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა, რასაც არარად დაგიდევდნენ სამცხის ათაბაგნი, მცხეთის საყდრისაგან გამოყოფას ცდილობდნენ. და რას მიაღწიეს? სამცხე დაცარიელდა მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან, გავერნდა. სამცხის მიწა დატოვა თვით ღვთისმშობლის ხატმა. სწორედ ამის შემდეგ იყო (როგორც შენიშნავს მეუფე ანანია ჯაფარიძე), რომ სამცხე-სათაბაგოს მოსახლეობა ძირითადად გამაჰმადიანდა, გათათრდა და დაეკარგა ქართველ ერს. წმინდა ხატი იქ ქრისტიანობასა და ქართველებს იცავდა. მართლმადიდებელი მესხნი მთელ საქართველოში მიმოიფანტნენ. სხვადასხვა კუთხეში გაჩნდა სოფლები: ვარძია, ანანური, აწყური… მესხებმა თან წაიღეს წმინდა ხატები, ჯვრები, გადმოცემები, ლეგენდები და იმედი, რომ დადგებოდა დრო როცა მესხეთს ქრისტიანი პატრონი გაუჩნდებოდა და აწყურის ღვთსისმშობლის ხატიც დაუბრუნდებოდა თავდაპირველ სამყოფელს. განათდებოდა და გაბრწყინდებოდა მესხეთი და შემოიკრებდა ყოველ მხარეს გაფანტულ შვილებს.

არ ვიცი აღსდგება თუ არა აწყურის საყდარი, არც ის ვიცი ინებებს თუ არა ღვთისმშობლი ხატი (ალბათ უკვე მუზეუმის ტყვეობიდან თავდახსნილი) ი8ქ დამკვიდრებას, მაგრამ გვახსოვდეს მაცხოვრის ნათქვამი, რომ იგია ჩვენი მცველი უკანასკნელ ჟამამდე.

Advertisements