орден отечественной войны первого степени

გავაგრძელებ 9 მაისის თემას და ამ პოსტს მივუძღვნი პაპას – დიმიტრი კევლიშვილს…

მე პაპა არ მახსოვს – მაგრამ დამრჩა მოგონებები მის შესახებ, ლეგენდად ქცეული ამბები მისის სიკეთის და პიროვნების შესახებ… მის მიერ გაკვალული ნათელი გზა მთელი ცხოვრება მხვდება წინ და გულს მითბობს… ჩემს რაიონში ვისაც კი ახსოვს პაპა, ყველას უხარია იმის გაგება, რომ მე მისი შვილიშვილი ვარ… ჯერ არ გამიგია აუგი მასზე და მუდამ საფიცარია ჩემთვის მისი სახელი, მის ხსოვნას არ ვუღალატებ არასოდეს…

მაინც ვინ იყო ასეთიო, იკითხავთ. ის იყო ერთი ჩვეულებრივი, მოკრძალებული ადამიანი. ძალიან განათლებული და უსაზღვროდ ნიჭიერი. მთელი ცხოვრება თანამდებობიდ პირი იყო, თუმცა ცხოვრების გზა პატიოსნად და სიკეთის კეთებაში განვლო, – მოკლედ უიშვიათესი ადამიანი იყო.

პაპა 1916 წელს დაიბადა საგარეჯოს რ/ნ-ის სოფ.გიორგიწმინდაში, მრავალშვილიან ოჯხაში. 7 და-ძმას შორის მეექვსე შვილი იყო ოჯახში. 16 წლის ასაკიდან დაიწყო პრაქტიკულად დამოუკიდებელი ცხოვრება… ანუ სკოლის დამტავრებისთანავე. სწავლობდა და მუშაობდა პარალელურად.

1937 წელს, 21 წლის ასაკში მოხალისედ წავიდა საბჭოთა არმიაში. 1937 წლიდან 1949 წლის ოქტომბერშივე გაიწვიეს წყნარი ოკეანის ფლოტში და იქ მსახურობდა წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა გაიარა ომის ჯოჯოხეთური წლებიც, 1942 წლიდან 1944 წლამდე იბრძოდა. პირველი ამბავიც, რომელიც მის შესახებ მინდა მოგიყვეთ, ომს მეორე მსოფლიო ომს ეხება.

პაპა 140-ე პოლკში ასეულის პლიტხელი იყო და როგორც ამბობდნენ, ძალიან უყვარდათ თანამებრძოლებს. საბრძოლო მოქმედებების დროს, ნაღმზე აფეთქდნენ, ბვრი დაიღუპა, ბევრიც დაიჭრა. მძიმედ დაიწრა პაპაც – ოივე ხელი ძლიერ დაუზიანდა და ასევე მძიმე ჭრილობა მიიღო ყელის არეში. იმდენად მძიმე, რომ ხმის იოგა დაუზიანდა… ამიტო, როცა ექიმები და მედდები ეძებდნენ ცოცხლად გადარჩენილებს, ვერ შენიშნეს პაპა, რადგან ვერც ხმას იღებდა, ვერც მოძრაობდა… იწვა დაჭრილი, გარდაცვილიებს შორის, ესმოდა, ხედავდა, როგორ გადაჰყავდათ დაჭრილები, თავად კი მხოლოდ თვალებს ახამხამებდა, რომ როგორმე შეემჩნიათ… ისევ თანამებრძოლებმა დაიწყეს თავიანთი საყვარელი ხელმძღვანელის ძებნა გულდაგულ. მადლობა ღმერთს, იპოვეს და გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში.

ჰოსპიტალში ქირურგმა მარჯვენა ხელის ამპუტაცია გადაწყვიტა, უმძიმესი ჭრილობების გამო. პაპაჩემი სასტიკი წინააღმდეგი იყო. როცა ქირურგი პალატაში შევიდა მასთან, რათა დაერწმუნებინა ოპერაციის აუცილებლობაში, მოთმინებიდან გამოსულმა პაპამ რაც ხელში მოხვდა ის ესროლა (თუ არ ვცდები წყლიანი ჭიქა) – რაც ძალიან უცნაური იყო პაპას ხასიათის ადამიანისათვის. ძალიან წყნარ და მშვიდ ადამიანად ახასიათებდნენ. მას სიცოცხლე პრაქტიკულად პალატის ექიმმა – ირინა ნეუმიხავინამ შეუნარჩუნა. სწორი და ინტენსიური მკურნალობის წყალობით, მას ხელის ამპუტაცია არ დასჭირდა. დაზიანებული ხმის იოგაც აღუდგა.  თუმცა ომის ნაკვალევი, მთელი ცხოვრება დარჩა მას სხეულზე… როგორც მიყვებიან, ორივე ხელი დასერილი ჰქონდა…

1944 წელს მძიმე ჭრილობების გამო გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან. გამოჩენილი გმირობისა და ამაცობის გამო, უამრავი მედალი და ორდენი აქვს მიღებული… ყველა საპატიო ჯილდო აქვს, რაც კი არსებობდა მაშინ.

პაპაჩემი გარეგნობით ძალიან ლამაზი კაცი იყო (სამწუხაროდ დასკანერებული ფოტო არ მაქვს ჯერ), ამიტომ ბევრ ქალსაც უყვარდა 🙂 პაპამ კი უკრაინაში გაიცნო მომავალი მეუღლე – ბებიაჩემი მარიამ ევდოკიმოვნა. როდესაც საქართველოში ჩამოიყვანა, ნაცნობმა ქალებმა პირდაპირ გამოთქვეს უკმაყოფილება – ჩვენ აქ არ ვიყავითო? – ეს უკვე ბებიას მონაყოლიდან მახსოვს 🙂 ბებიაც ულამაზესი ქალი იყო და მრავალ თაყვანისმცემელს შორის სწორედ პაპა აარჩია – არ ეწეოდა, არ სვამდა და ძალიან თბილი ბუნების იყო, ამიტომ გამოვყევიო – ასე ამბობდა თავად 🙂

კიდევ უამრავი მოგონება არსებობს, რომლებსაც ხშირად იხსენებენ და რამოდენიმე კარგად მახსოვს მეც. ერთ-ერთი დედას დედას ბავშვობის ამბავია:

სოფელში მიდიოდნენ დედა და პაპა მანქანით. მაშინ პაპა რაიკომის მდივანი იყო და “პაბედა” ჰყავდა, სამსახურეობრივი რა თქმა უნდა. მიდიოდნენ საკმაოდ ცუდ გზაზე – ამ გზას “მოსალოცავის გზას” ეძახიან და ჩემი ბლოგის მკითხველს ემახსოვრება ძველი პოსტიდან. მოკლედ ამ გზაზე დაინახეს მოხუცი ბებო, რომელიც ურიკაში შებმული ვირით მიდიოდა თავისთვის ნელ-ნელა. უცებ ვირი დადგა, გაიჩნდა – როგორც კახეთში იტყვიან და როგორც ვირს სჩვევია. გაჩერდა, ვეღარ გადაადგმევინა ფეხი წინ ბებომ. დაინახა ეს პაპაჩემმა, გააჩერა მანქანა, გადავიდა და უშველა. როგორც იქნა, გადაადგმევინეს ვირს ფეხი, ლოცა და ლოცა იმ ბებომ ჩემი პაპა.

ჩაჯდა პაპაც მანქანში და ახლა მისი მანქანა აღარ იძვროდა ადგილიდან. მთელი 15 წუთი ამაოდ ცდილობდა, დაქოქვას, მაგრამ იმდენად მორიდებული იყო, საშველად არავისთვის არ დაუძახია. არადა მაშინდელი რაიკომის მდივანს, მთელს რაიონში ცნობილ და პატივცემულ კაცს, ვინ არ დაეხმარებოდა! მანამდე იყვნენ იქ, სანამ ვიღაცამ არ გაიარა, არ გააჩერა და პაპა რომ იცნეს საერთოდ, დაეხვათ ნახევარი სოფელი თავს და დაეხმარნენ რა თქმა უნდა.

რა არის ამაში განსაკუთრებული? ბევრი არაფერი შეიძლება, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა, არ მეგულება ბევრი თანამდებობიდ პირი, რომელიც შეწუხდება მოხუცებული ადამიანისა და მისი ვირის გამო 🙂

შემდეგი ამბავი ასეთია: იმ პერიოდში კომუნისტები კაპიკის მოპარვას არ პატიობდნენ არავის და ვაი მას, ვინც სახელმწიფო სამსახურში იყო (არასახელმწიფო არც არსებობდა 🙂 ), თანხასთან ჰქონდა საქმე და დანაკლისი ექნებოდა. ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელიც მაღაზიაში მუშაობდა, 37 კაპიკი ჰქონდა დანაკლისი და ამის გამო პატიმრობა ემუქრებოდა. შეწუხებული დედამისი რაიკომში მივიდა და ბედად პაპა დახვდა. მოუსმინა პაპამ, გაარკვია ისიც, რომ სამამულო ომის მონაწილის ქვრივი იყო ქალბატონი. ამიტომ შუამდგომლობა გაუწია მათთან, ვისაც უშუალოდ ეხებოდა ეს ამბავი. პაპას უარს ვერ ეტყოდნენ, შეისწავლეს საქმე და დაასკვნეს, რომ 37 კაპიკი არაა დიდი დანაკლისი 🙂 მხოლოდ საყვედური აკმარეს იმ ახალგაზრდას.

ვისთანაც პაპამ გაგზავნა იმ ბიჭის დედა, მან უთხრა იმ ქალბატონს: – ძალიან გაგიმართლათ, რომ დიმიტრი ვასილევიჩს შეხვედრიხართო…

პაპაჩემს ქრთამი რომ არ აუღია მთელი ცხოვრების მანძილზე, ამაზე მართლა შემიძლია თავი დავდო. ცხოვრობდა ჩვეულებრივ, მხოლოდ ხელფასით, რაც ნამდვიალდ ეტყობოდა იმ სახლს, სადაც ვიზრდებოდი კარგა ხანი, ჩვეულებრივი სახლი იყო, ჩვეულებრივი ავეჯით და არავითარი ფუფუნება. ასევე არ უყვარდა მირთმეული საჩუქრები, არავითარ საჩუქარს არ იტოვებდა.

მთელი მანქანა საზამთრო გააბრუნა თურმე, ერთხელ და როცა შვილებს გული დასწყვეტიათ საზამთრო გვინდაო, წავიდა, იყიდა და მოუტანა…

ასევე უკან გაუბრუნებია მთელი მანქანა  საუკეთესო ყურძენიც. მძღოლს ბევრი არ უფიქრია თურმე და წაიღო მთელი ყურძენი სახლში, დაწურა დააყენა ღვინო და როცა ამ ღვინით პირველად გაუმასპინძლდა სტუმრებს, პირველივე სადღეგრძელო პაპაჩემის შესვა. გაოცდა ხალხი, რა შუაშია ახლა დიმიტრი ვასილიჩიო.

შუაში კი არა თავშია – ის რომ არა, ეს შესანიშნავი ღვინო არ მექნებოდაო, უთქვამს მასპინძელს…

კიდევ უამრავი რამ შეიძლება დავწერო, მაგრამ შორს წაგვიყვანს ძალიან. პოსტს ერთი შემთხვევით დავასრულებ, რომელიც უკვე მე მახსოვს.

მოგეხსენებათ, საგარეჯოს რაიონში შედის სოფელი იორმუღალნო, ეროვნებით აზერბაიჯანელებით დასახლებული. ჰოდა ერთ ზაფხულსაც წაგყვიყვანა ბიძაჩემმა მე და ბიძაშვილი – პომიდორს ვიყიდიო და თქვენ მეტი რა საქმე გაქვთ, გამოისერნეთო. ჩვენც წავყევით რა თქმა უნდა. აქ გზაზე აქვთ ხოლმე გამოტანილი ყველაფერი, რასაც ყიდიან და საკმაოდ იაფადაც. ერთი მოხუცებული კაცის პომიდორი მოგვეწონა შორიდანვე და შევჩერდით. ბიძაჩემსუყვარს ხოლმე მუსაიფის გაბმა და გამელაპარაკა მოხუცსაც. მოხუცმა შეხედა და ჰკითხა – ვისი შვილი ხარო. ბიძამაც უთხრა, გაგიჟდა კაცი – მაგაზე კარგი ადამიანი არ შემხვედრრია ცხოვრებაშიო…  10კგ და მეტიც, საუკეთესო პომიდორი გვაჩუქა, არაფრით არ გამოგვართვა ფული – ვასილიჩს იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, ეს რა არის იმასთან შედარებითო…

აი ასეთი იყო ჩემი სათაყვანებელი ადამიანი… ყველაზე დიდი ქება და ბედნიერებაა ჩემთვის, როცა მამსგავსებენ მას, ქცევით თუ ბუნებით.  ერთია, ფიცხი ხასიათით უკრაინელ ბებიას უფრო ვგავარ 😀

მართლაც რა რჩება ადამიანს, ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, გარდა კეთილი სახელისა და იმ სიკეთისა, რასაც აქ ტოვებს. ჩემი ცხოვრების იდეალი ზუსტად პაპაჩემია: “ისე ლამაზად მინდა ვიცხოვრო, შვილებს არ შერცხვეთ ჩემი ხსენება…” მახსენდება ეს ფრაზა და ვფიქრობ – პაპას ეს ნამდვილად გამოუვიდა!

თქვენ კი მადლობა, ვინც მოთმინებით გაიზიარეთ ეს მოგონებები ჩემთან ერთად, ჩემი უსაყვარლესი პაპის შესახებ… 🙂

Advertisements