როგორც უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და უნივერსიტეტზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი ვერ გავჩერდი და ვეხმაურები ჩემი პოსტით თსუ-ს თვითმმართველობასთან დაკავშირებით ატეხილ ამბებს…

მცირეოდენი ისტორიული გადახვევით დავიწყებ – ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი 2003 წელს გავხდი.  მაშინდელი თვითთმართველობის და ახლანდელის ბიუჯეტი მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მაგრამ რაც ქონდათ, იმას ძირითადად თავადვე ითვისებდნენ რბილად რომ ვთქვათ. ერთადერთი ექსკურსია, რომელიც მახსოვს, პირველ კურსელებს მოგვიწყვეს. მერედა როგორ იყო ორგანიზებული! ავტობუსს შუა გზაში გაუთავდა საწვავი. დავრჩით სადღაც ტრასაზე, ბენზინგასამართი სადგური კი არა სულიერის ჭაჭანება არ იყო ირგვლივ (ან მძღოლები რას ფიქრობდნენ, ასე მცირე საწვავით რომ მოდიოდნენ, ვერ გამიგია).  მოკლედ, დიდი გადარეკვა-გადმორეკვების და რამოდენიმე საათიანი ლოდინის მერე, თბილისიდან მომავალ „მარშუტკას“ გამოატანეს საწვავი. მანამდე კი გზისპირას გაშლილი სუფრით ვიქცევდით თავს…. ეს იყო ყველაზე დამღლელი და ცუდად მოსაგონარი ექსკურსია, რაც კი მახსოვს.

მაშინდელ თვითმმათველობაში გახლდათ ბ-ნი დაჩი ცაგურია. ცოტა ხნის წინ პატრიოტად და წამებული გმირის იმიჯით რომ მოევლინა საზოგადოებას… მაშინ კი კრიტიკას არად აგდებდა სხვებთან ერთად… თუმცა, მადლობა ღმერთს, არავის არ ურტყამდნენ.

მესამე კურსზე ვიყავი უკვე, როცა ხმა დაირხა თსუ-ს პირველი კორპუსი იყიდებაო…. ავაგორეთ პროტესტის ტალღა და ვერ მოვისვენეთ, სანამ არ დაგვიდეს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ეს კორპუსი და სხვებიც, თსუ-ს საკუთრებად ითვლება სამუდამოდ…  ამ პროტესტს არ დადგომია გვერდში უკვე ახალი თვითმმართველობა.  გაჩუმება არჩიეს ტრადიციისამებრ.

კიდევ უამრავი სტუდენტური ვნებათაღელვა მახსოვს… ამ დროს იზრდები როგორც მოქალაქე, როგორც პიროვნება და ეს ის ასაკია, როცა ადამიანი ყველაზე გულწრფელია, ყველაზე მეტად სჯერა იმის, რასაც აკეთებს (გამონაკლისების გარდა). ასეთები ვიყავით ჩვენც და ასეთები არიან ახლაც… არ იცვლება სტუდენტობა საბედნიეროდ და არც თვითთმართველობა, სამწუხაროდ.  პირიქით, უარესი გახდა როგორც ჩანს.

არ დავიწყებ ახლა იმ დეტალების მოყოლას თავიდან, რაც ათასგზის დაიწერა და გავრცელდა სხვადასხვა საიტსა თუ ბლოგზე. უბრალოდ, მართლა აღშფოთებული ვარ ამ ფაქტით. როგორ ვერ უნდა იტანდე ადამიანი კრიტიკას, როგორ უნდა იყო საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, რომ სტუდენტები სცემო! მერედა, როგორი „მზრუნველი“ იმიჯი ჰქონდა დღეევანდელ თვითთმართველობას და ეს ცემა-ტყეპაც მათი ზრუნვის ნაწილია როგორც სჩანს?? თუ „შიში შეიქმს სიყვარულსაო“ ამ პრინციპით იხელმძღვანელეთ ბატონებო???

ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ როდესაც აღშფოთებულმა სტუდენტებმა ეს ამბავი გააპროტესტეს, ამასაც არ მოჰყვა ნორმალური რეაქცია. სტუდენტების უკან თეა თუთბერიძე „დალანდა“ მავანმა და ამაზე კომენტარების კეთებაც არ დაიზარა: ”18 აპრილს თსუ მეორე კორპუსთან გამართული აქციის უკან, თეა თუთბერიძე დგას. ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალა, სადაც კარგად ჩანს თორნიკე ჭუმბურიძე და ლაშა ქავთარაძე როგორ მართავენ მასთან შეხვედრებს”,- განაცხადა სტუდენტური თვითმართველობის პრესიზიდენტ…მა, დაჩი გუბაძემ ”ობიექტივთან” საუბრისას. „

„მისივე თქმით, აქციას თუთბერიძის მიერ დატრეინიგნგებული  ხალხი მართავდა. მათი ერთადერთი სურვილი იყო, სტუდენტური თვითმართველობა არაფრის გამკეთებელ ორგანიზაციად წარმოეჩინათ.“

არაფერ შუაშია თეა თუთბერიძე!!!

ეს იყო სტუდენტების პროტესტი, რომლებიც გვერდით დაუდგნენ თანატოლებს და იმის ნაცვლად, რომ ბოლოს და ბოლოს, ყოფნოდათ გამბედაობა, ეღიარებინათ შეცდომა, დაესაჯათ დამნაშავეები და მოეხადათ ბოდიში, სტუდენტებს ცილი დასწამეს და შეურაცხყოფაც მიაყენეს.

ერთი საინტერესო მოწოდებაც ვნახე, თვითმმართველობისაგან: თუკი არ მოგწონთ თვითმმართველობა, მიბრძანდით უნივერსიტეტიდანო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – რატომ აიგივებს თვითმმართველობა საკუთარ თავს უნივერსიტეტთან??? თანაც მეორე წუთში ამბობს, რომ მათ სასწავლო მასალების მომზადება სულ არ ევალებათ და გასართობ ღონისძიებებზე არიან ორიენტირებულნი. საკუთარ აზრებში იხლართებით ბატონებო – პირველი განცხადების მიხედვით, თქვენ ბრძანდებით ყველაფერი და ვისაც თქვენ არ მოსწონხართ, არაფერი ესაქმებათ უნივერსიტეტში, ხოლო მეორე შემთხვევაში თავს ისაწყლებთ – აბა ჩვენ რა შეგვიძლიაო.

რაც შეეხება სიტყვა დატრეინინგებულს – არ შემიძლია ამას არ შევეხო – უვიცობის და გაუნათლებლობის მწვერვალია პირდაპირ! ჯერ ერთი „ტრენინგი“ ბარბარიზმია, შემოსული ინგლისური სიტყვიდან Training – რაც ქართულად ნიშნავს წვრთნას! ან ეს და – თავსართი საიდან მოიტანეს გასაგჟებელია პირდაპირ. „დამესიჯება“, „დატრეინინგება“, „დარეპორტება“.  მოკალით ენა და ეგაა. მერე იტყვის სკოლიდან გამოყოლილი ფრიადოსნის იმიჯიანი პირველ კურსელი გოგონა, ფეისბუქის საშუალებით, რომ თუ სწავლა უნდათ, ყველა ენაზე ისწავლიანო! თანაც ნუ იტყვით სირცხვილითაც იწვება უკვე, რომ ჯავახიშვილში ჩააბარა! მიდი, გაიქეცი გენაცვალე, გაექეცი სირცხვილს, გადაიტანე საბუთები, რაც მალე, მით უკეთესი! რადგან სირცხვილია ის, რომ შენნაირებს ერქვათ ცოდნის დიდი და წმინდა ტაძრის, თსუ-ს სტუდენტები!

ამისთანების უმრავლესობას ჯერ მშობლიური ენა აქვს სასწავლი და მერე პროფესია. რა თავში ვიხლით თქვენისთანების სწავლას, თუკი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ერთი წინადადებაც ვერ თქვით და ვერ დაწერეთ მშობლიურ ენაზე გამართულად. ჯერ კიდევ როდის ბრძანა დიდმა ილიამ: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“. ჰო, იმედია იცით, ვინ იყო ილია.

სტუდენტს რომ სცემ, კრიტიკის გამო, ხომ სირცხვილია და პროტესტის გამო რომ დაემუქრები „რაღაცებით“, კიდევ უფრო დიდი სირცხვილი! სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება – ადამიანის უფლებათა კონვენციაში ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია და როგორც მახსოვს, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ… თუ არასწორად მახსოვს?

აღარც ვიცი, ღირს თუ არა ჩვენი ტელევიზიების ხსენება – „კავკასიისა“ და „მაესტროს“ გარდა ყველამ წაუყრუა ამ ამბავს. ნუთუ არ მობეზრდათ სირაქლემას პოზა??? იყავით ეგრე, ერთხელაც ქვიშაში გაიგუდებით უბრალოდ…

დასასრულს კი, მინდა შევახსენო ყველას, რომ „წყალნი წავლენ და წამოვლენ“ ქვიშანი დარჩებიანო. გავა დრო და მოიგწევთ შეელიოთ, მაგ სკამებს, არავინ დარჩენილა არსად მუდამ, რომ თქვენ დარჩეთ. მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება მარადჟამს და იმედია, უკეთესი ხელმძღვანელობით.

თქვენთვის კი უკეთესია, ისწავლოთ კრიტიკის მოსმენა – კრიტიკა უნდა გაფხიზლებდეთ და არა გაგიჟებდეთ. ყველგან ვერ გახვალთ ფონს ამ მეთოდებით, ყველგან გამოჩნდება თქვენზე ძლიერი!

პატივისცემით, სულით და გულით უნივერსიტეტელი!

Advertisements