internet

ინტერნეტი –  ესაა ვირტუალური სივრცე, რომელიც ადამიანების გარკვეულ ნაწილს ანდამატივით იზიდავს. ამ მსოფლიო აბლაბუდაში მრავალ საინტერესო საიტს გადააწყდებით, მათ შორისაა ფორუმები.

ფორუმის მოკლე განმარტება ასეთია დაახლოებით: ესაა საიტი სადაც ხდება ინფორმაციის და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ზოგჯერ ჯანსაღი დისკუსიის ფონზე. ფორუმელი შეიძლება გახდეს ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებელი, რომელიც გაივლის რეგისტრაციას.

ფორუმი რაღაცით გავს რეალურ ცხოვრებას – აქაც ხდება თვითდამკვიდრება. თუმცა რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით, აქ თავად შეგიძლიათ შეცვალოთ ბევრი რამ და შეიქმნათ თქვენთვის სასურველი ატმოსფერო, თუ ამის სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ყოველივე არ უნდა სცდებოდეს ზღვარს – ფორუმზე არსებობს წესები და ამ წესების დაცვას უზრუნველყოფენ ადმინისტრატორები და მოდერატორები.

აი სწორედ აქ იწყება თავდავიწყება. მე პირადად საკმაოდ ბევრ ფორუმზე ვარ და კარგადაც დავიკვიდრე ადგილი. სადაც კი შევსულვარ, ყველგან უცნობი სიტუაცია დამხვედრია (ანუ ნაცნობს არ უთქვამს, მოდი ამ ფორუმზე, კარგი სიტუაციაა, თან ხალხს ვიცნობ და ადვილად შეეჩვევი, ან სხვ.), მაგრამ მე იქ შევიძინე ახალი მეგობრები და თავს კომფორტულად ვგრძნობ მათთან ერთად… დიახ, სულ უცნობი ადამიანები, საკმაოდ ახლო მეგობრები გახდნენ! როგორც ჩვეულებრივ მომხმარებელს ანუ “უსერს” არასოდეს შექმნია პრობლემა ფორუმის ადმინისტრაციასთან – გაოფების ან უცენზურო პოსტების გამო. საბოლოო ჯამში, მეც მოდერატორი ან ადმინისტრატორი ვხდები ხოლმე 🙂 ჩემნაირი მომხმარებელი ბევრია, მაგრამ არის კატეგორიაც, რომელიც წესებს არად დაგიდევთ და შემდეგ მოდერატორთან ქმნის პრობლემას ე.წ. “ვორნის” (გაფრთხილების) გამო და ზოგჯერ თავის უკმაყოფილებას მთელი ფორუმის პრობლემად აქცევს ხოლმე.

ასეთი ადამიანების მხრიდან იწყება კონკრეტული პრობლემის განზოგადება, მთლიანად ადმინისტრაციაზე თავდასხმა და ბოლო აკორდია ყველა ფორუმელი, ვინც ამ კონკრეტულ ადამიანს შეეწინააღმდეგება. აი აქ ძაღლი-პატრონს ვერ ცნობსო, შეიძლება ითქვას. თვლიან ისეც, რომ ე.წ. ძველები ხელს უშლიან ახლების დამკვიდრებას და ეს  პატარა ფორუმის კომპლექსიაო, ბრძანეს კიდეც (თუმცა, ყველაზე დიდი ფორუმზე საქართველოში, არ დავასახელებ, ისედაც ყველამ იცის, რომელიცაა – ყველაზე რთულია თავის დამკვიდრება 🙂 ) და ამ დროს არ ან ვერ უფიქრდებიან იმას, რომ ე.წ. “პატარა” ანუ “იმ ცნობილ ფორუმთან” შედარებით უფრო მცირე რაოდენობის წევრები რომელ ფორუმსაც ყავს, – უფრო თბილად იღებს ახლებს, ეს ყველა ფორუმელის ინტერესში შედის, თუ უნდა ფორუმის განვითარება. რადგან დროთა განმავლობაში ე.წ. “ძველები” ასე თუ ისე გაიცნობენ ერთმანეთს, იგებენ ერთმანეთის შეხედულებებს მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე და გადადიან ზოგად თემებზე – ფორუმი მათთვის უფრო გასართობ ფუნქციას იძენს და ყოველდღიური რუტინისაგან თავის დაღწევის საშუალება ხდება.

მათ კი, ვინც თვლის, რომ ახლების არ დამკვიდრება შეგნებულად ხდება და ეს კომპლექსია, ავიწყდება ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ვინც სხვის კომპლექსებსა და ნაკლოვანებებზე საუბრობს ხშირად, თავად მალავს საკუთარ კომპლექსებს და შეიძლება შიშსაც. თვითდამკვიდრება სამსახურში, უნივერსიტეტსა თუ ფორუმზე არაა მარტივი პროცესი რა თქმა უნდა გარკვეული შიშიც ახლავს თან. ზოგი ამას გარკვეულწილად აგრესიული ქცევით ცდილობს.  მაგრამ რადგან თუ მაგალითად სამსახურში ახალმისული ამ ქცევით ვერაფერს გააწყობს და იცის, რომ ეს მის იმიჯს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, ფორუმზე ამის შიში არ უჩნდება, აქ ყველაფერი გაცილებით მარტივია – თუ თავად არ გაიხსენი, არ დადე შენი ფოტო, არ დაწერე სახელი, ბევრი ვერც გაიგებს, ვინ ხარ… ასეთ ადამიანებს ვირტუალური რეალობა ზოგჯერ ცხოვრებაში გადააქვთ და იკარგებიან კიდეც მასში… 🙂

ფსიქოლოგიაში კი ცნობილია, რომ პრობლემის საწყისი საკუთარი თავი და აზრებია – ვერ ეწყობით ადამიანებს? ვერ შოულობთ ისეთ სამსახურს როგორიც გინდათ? ვერ იმკვიდრებთ საკუთარ ადგილს საზოგადოებაში ან სოციალურ ქსელში? – ეს პირველ რიგში თავად ადამიანისგან მოდის, უნდა ისწავლოთ აზრებისა და სურვილების კონტროლი. თუკი ამას გააცნობიერებს ადამიანი და შეძლებს, მიხვდება, რომ ცხოვრება უფრო საინტერესოა, ვიდრე თუნდაც ფორუმზე სიტყვებზე გამოკიდება და იმის ჩაყლაპვაც არ მოუხდება, რაზეც პასუხი არ აქვს… 🙂

თუ გაინტერესებთ როგორ მიაღწიოთ ამას, იხილეთ დოკუმენტური ფილმი  The Secret … 🙂 აქ ნამდვილად, ბევრად უკეთესადაა ახსნილი ყველაფერი, ვიდრე მე გადმოვეცი…

ეს პოსტი კი არაა არც ჭკუის დარიგება ვინმესთვის, არც ირონია და სხვ. ეს უბრალოდ კეთილი რჩევაა, ყველაათვის, ვისაც სურს, რომ წარმატებული იყოს.

და ბოლოს: ნუ გადაიტანთ ვებ სივრცეს რეალურ ცხოვრებაში – ის ვირტუალურია და არ არსებობს! არ ღირს ყველა წვრილმანის გამო ნერვების მოშლაც… 😉

Advertisements