ტკივილი, რომელიც სხვისთვის სულ ერთია...

ზიხარ შენთვის სამარშუტო ტაქსიში (ისე მე, მიუხედავად ჩემი ფილოლოგობისა, “მარშუტკას” ვეძახი. შეჩვევაა ესეც),  ფანჯრის მხარეს და გაჰყურებ ქუჩებს. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად 40 წუთი გაქვს. ზუსტად ამდენ დროს უნდება ეს “მარშუტკა” ბოლო გაჩერებამდე მისვლას, სადაც შენც ჩამოდიხარ. 40 წუთი პლუს–მინუსით, რადგანაც სულაც არაა გამორიცხული წერეთელზე საცობი იყოს, ან სანაპიროზე მოაჯირის რომელიმე მონაკვეთი არ აქვს გარღვეული ნაღამევ, ნამთვრალევ მძღოლს. ამ ადგილას მოძრაობა შეფერხებული იქნება, სასწრაფოს მანქანები, ევაკუატორი და კიდევ ბევრი ცნობისმოყვარე მძღოლი.

პატრულის მანქანა იქვე. პატრული კი ალბათ ხელის ენერგიული მოძრაობით მიანიშნებს მოძრაობა შენელებულ ავტომანქანებს, რომ ენერგიულად იმოძრაონ. “წადით, წადით, არაფერია აქ თქვენთვის საინტერესო. საშინელება მოხდა, კი, გეთანხმებით, მაგრამ თქვენ რა? ხო, იტყვით (10–დან შვიდი მაინც), რომ “რატომ სვამდა და ნასვამი რატომ ჯდებოდა საჭესთან, ან ამას მაინც: რატომ უყიდა მამამისმა ეს ამხელა ჯიპი ამ თითისტოლა გოგოს, ტარებაც არ  სცოდნია”..  ამით თითქოს ცდილობთ გაამართლოთ თქვენი გულგრილობა, და ფიქრები სხვა რამისკენ გადაიტანოთ. იქითკენ, რომ ზოგს არ აქვს “მარშუტკით” მგზავრობის ფულიც კი და ესენი კი ჯიპებით მოაჯირებს ანგრევენ. შემთხვევის ადგილის 50 მეტრით გაცდენის შემდეგ გულში “ღმერთო, გადაარჩინეს” იტყვი, 100 მეტრით რომ გასცდებით კი უკვე სხვა საფიქრალია გონებაში, სამზირალიც სხვაა, – ახალ ქუჩაზე ახალი მაღაზია გახსნილა. “ვაა, ახალი ბრენდი თბილისში? ნეტავ მართლა ორიგინალია, თუ მარკებს აკერებენ, როგორც ხდება ხოლმე, სტამბოლის საქონელს?”. თავზე ვიღაც ქალი გადგას (ვიღაც რა, უკვე იცნობ, მისი ყველა საყურე და ბეჭედი ზეპირად იცი, კიდევ ის, რა სუნამოს ხმარობს), სქელი მანტოთი, თვითონაც სქელი, ხოლო ვიღაცის გატარება–გამოტარებისას კი ნახევრად კალთაში გიზის. შენ არ უთმობ ადგილს და ეს სრულიად ბუნებრივია დილის საათებში ამ ხაზის “მარშუტკებში”, ამ შემთხვევაში ეტიკეტს და “მამათა ჩივილს შვილთა გავირების შესახებ” თეორიას არავინ დაგიდევთ. “მარშუტკაში” საცობია, ან გადატვირთული მოძრაობა. “გადამატარეთ, ჩავდივარ”–იძახის ვიღაც ბოლო სკამიდან, “აუუუ”. უცებ წამოიჭრება ორი პრობლემა: 1. მძღოლი, როგორც წესი ამ ძახილს იგებს 5 წუთის შემდეგ, 50 მეტრით გადააცილებს მგზავრისთვის სასურველ ადგილს, მერე შუქნიშანი აღმოჩნდება და აუცილებლად იტყვის: “გადავალ და გაგიჩერებ”. ამას მოჰყვება, რა თქმა უნდა, ჩამსვლელის  ბუზღუნი, თუ კაცია, თუ ქალია პრეტენზიული ტონი – “ოჰ, აჰ..” , ხოლო თუ ბიჭია, – “ბიძა, რა პონტია, ყრუ ხართ?!” ცხვირის დაკეტვა. “ჩადი, ჩადიიი”. 2. მეორე პრობლემა, რომელიც ყველა ფეხზე მდგომ მგზავრს ეხება და მჯდომარეთა ნახევარს (მიხვდებით რატომაც), გადატარების პრობლემაა. ამ შემთხვევაში, ძალიან კარგი იქნება, ყველა დიეტაზე იყოს. კაცებს – ღიპები, შუახნის ქალებს კი მთელი სხეულით სიმსუქნისკენ მიდრეკილება არ ჰქონდეთ,  ახალგაზრდა ქალებს მოკლე კაბები არ ეცვათ და, რაც ყველა მგზავრზე ვრცელდება, თან არ ჰქონდეთ ბარგი პარკების ან სხვა სახით, თუმცა სადაა იდეალური სიტუაცია. მოკლედ, უმეტეს შემთხვევაში ხდება “მარშუტკის” დაცლა და ახლიდან შევსება. ამოისუნთქებს “მარშუტკა”, ჩაისუნთქებს, შენც მასთან ერთად ამოიოხრებ, ამოაყოლებ დარდს, მიჩუმდები.

ფანჯრის მიღმა კი ცივა. შემოდგომაა, მტკვარი კი ისეთი,მღვრიეაა, აშკარაა კუშტი ფიქრები შემოსწოლია. შენ ცდილობ, ლამაზად დაინახო ცაც, ქუჩაც, მტკვარიც, გზაზე გამოკიდებული მუშები ძველმანებში, ის კაციც, წითელი ბუშტით, ზღაპრის გმირს მიამსგავსო, ოღონდ ვერ გაიხსენო, რომელ ზღაპრის გმირს… და ეს ქალებიც, თეთრი ჩექმებით, ტაქსიში წაყუდებულები საქმიანად (საქმის თაობაზე).. ჩვენ არაფერი ვიცით. არავის შესახებ არაფერი ვიცით, თუ მისგან არ გავიგეთ! ჩვენ სტატიკით (უფრო ხშირად) და დინამიკითაც ვფიქრობთ ვინმეს შესახებ, მასზე წარმოდგენებს ვიქმნით, და ხშირ შემთხვევაში, არც ვაპირებთ ამ წარმოდგენების გადამოწმებას, თავიდანვე დარწმუნებულები ვართ მის უტყუარობაში…ვამბობთ, რომ პირველ შეხვედრისას შექმნილი აზრი ბოლომდე მიგვყვება და არც ვტყუვდებით, ვამაყობთ კიდეც, ჩვენს თანდაყოლილ ფსიქოლოგიურ ნიჭზე მივუთითებთ.  შენ ყოფიერებაში ითქვიფები და მაინც ჯიუტად ამბობ, რომ შენ, მხოლოდ შენ, ფიქრობ შეცივნულ მტკვარზე, შენ, მხოლოდ შენ, გტკივა, თბილისს რომ კუნძული დაეკარგა, შენ, მხოლოდ შენ, წუხხარ იმ გოგოზე, უგონოდ რომ დატოვე სანაპიროზე, შენ, მხოლოდ შენ, გახსენდება დედამისი, შენ, მხოლოდ შენ, ფიქრობ, რომ ყველა მეძავი იყო ქალწული, რომ ყველას რაღაცამ,  უკუღმართმა აიძულა, თეთრი ჩექმების ჩაცმა, თუნდაც დავარქვათ ამ უკუღმართს – სისხლი!.. შენ, მხოლოდ შენ, დაიღალე ამ ყოფიერებით და გინდა გაიქცე, გინდა გაარღვიო შაბლონები, ჩვევები, ფრაზები დაივიწყო, რომლებიც, ყოველდღე გესმის…გტკივა!.. ფანჯარას თვალს წყვეტ და “მარშუტკაში” მიმოიხედავ.  სულ რამდენიმე მგზავრი შემორჩენია. ყველა ნაცნობია, ყველას სავარაუდო სამუშაო ადგილი იცი, ისიც იცი, ვინ როდის ეტყვის, “გაააჩერეს”, “გამიჩერეს”, “შეაჩერეს”, “გაგვიჩერეს” (მიუხედავად იმისა, რომ ერთია). ყველაფერი იცი და არაფერი იცი  მაინც. გტკივა შიგნით, არც იცი, ზუსტად სად, მაგრამ გტკივა.

“რომ გადახვალთ, გააჩერეთ”– 40 წუთი გადის ზუსტად 40 წუთში.

Advertisements