საფეხბურთო კლუბ “მილანის” ყოფილი ბრაზილიელი მწვრთნელი ლეონარდო გუნდის ყველაზე დიდი “მტრის” მილანის “ინტერის” მწვრთნელად დანიშნეს, ეს  მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანელმა რაფაელ ბენიტესმა ვერა და ვერ მოახერხა კლუბისათვის სულის ჩადგმა და რამოდენიმე უსახური მატჩი ჩაატარა, კლუბმა სეზონის პირველი წრე მე-7 ადგილზე დაასრულა,  რაც ჩემპიონთა ლიგის მფლობელისათვის არც თუ ისე კარგია.

41 წლის ბრაზილიელმა მწვრთნელმა მილანის “ინტერი” ძალიან მძიმე მომენტში ჩაიბარა და საინტერესოა რა შედეგები იქნება მეორე წრის დაწყების შემდეგ.ლეონარდომ ჟურნალისტებთან გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“იტალიის ჩემპიონატი ისე დიდ ხანს გრძელდება, ისე ძალიან რთული, ამაღელვებელი, მოულოდნელობებით აღსავსე და საინტერესოა, რომ არ შემეძლო ამ შემოთავაზებაზე უარი მეთქვა.”
ლეონარდომ აგრეთვე გაამხილა მისი და “ინტერის” ყოფილი ბოსის, ჟოზე მოურინიოს საუბრის სესახებ, რომელიც ლეონარდოს ინიციატივით შედგა.

“ჟოზე შესანიშნავი ტაქტიკოსია, მე მას დავურეკე და მან რამოდენიმე დარიგება მომცა “ინტერთან” დაკავშირებით, ჟოზეს დარიგების გარეშე “ინტერნაციონალეს” მწვრთნელობა პრაქტიკულად შეუძლებელია.”

“ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ იმედი გამოთქვა, რომ ლეონარდო მის კლუბს კვლავ ტიტულებს მოაგებინებს და აღნიშნული ჩავარდნა დასასრულს მიუახლოვდება.

“მე მას სრულ ნდობას ვუცხადებ, მჯერა, რომ ლეონარდო ჩვენ გულშემატკივრებს კვლავ გაახარებს და შავ-ლურჯ დროსებს კვლავ ყველაზე მაღლა ააფრიალებს.”

ლეონარდო პირველ მატჩს “ინტერის” მწვრთნელის პოსტზე შემდეგ კვირაში “სან სიროზე” გამართავს “ნაპოლის” წინააღმდეგ.

Advertisements