24-12-10_1350

ქართველებს რომ დღესასწაულები განსაკუთრებით გვიყვარს, ისიც მოწმობს, რომ თითქმის ყველა დღეასასწაული ორ-ორი გვაქვს და თითოეულს სათანადოდ ვხვდებით, ჩვენი ნაქები სუფრით… რა თქმა უნდა, არც ეს ახალი წეილაი გამონაკლისი და ბაზრის მოვლაც კიდევ ერთხელ მომიწია ორიოდ დღის წინ…

არ მეგულება ბაზარი მსოფლიოში ქართულ ბაზარს რომ ჰგავდეს, აქ ყველაფერს ერთად ნახავთ, – გურულ ჩიჩილაკს, კახურ ჩურჩხელას და ტროპიკულ ანანასს… ისეთი გულმისავალი და ლამაზია ყველაფერი, რომ გამოფენა გეგონებათ. ლოყებდაბრაწული ვაშლები, იქროსფერი მანდარინი, დაშაქრული ჩირი, საახალწოდ ბაზრობისათვის საგანგებოდ გადანახული საუკეთესო პროდუქტები თვალს იტაცებს პირდაპირ და გულს ახარებს, მაგრამ აი ჯიბის რა გითხრათ – ყველაზე მოკრძალებული სუფრისათვის მინიმუმ 70 ლარი დაგჭირდებათ და ისიც დიდი გაჭირვებით უნდა იმყოფინოთ.

ყველაზე “საწყალი” ვაშლის ფასი 1,50-დან იწყება, ნორმალური 3 ლარი ღირს კილო. სტაფილო 80 თეთრი და თან ქართულ სტაფილოზეა საუბარი, რომელსაც მცირე ზომის გამო იწუნებენ ჩემდა საბედნიეროდ, თუმცა ისიც სანთლიდ საძებარია. სამაგიეროდ უხვადაა სომხური სტაფილო და 2 ლარამდეა მისი ფასიც. კარტოფილის ყველაზე მოკრძალებული ფასი 80 თეთრია, ჩურჩხელა ცალი 1,50 – 2 ლარი, ნოგიზი 15-20 ლარი და ა.შ.

ამიტომ ბაზარში მყიდველიც ნაკლებადაა, გამყიდველი კი საკმაოდ… მაგრამ ნუ დაითრგუნებით და ჩემსავით რომანტიკული განწყობით წაბრძანდით ბაზარში – თუ ბევრს ევრაფერს იყიდით, გულს მაინც გადააყოლებთ – აქ ხომ საქართველოს ყველა კუთხის შვილს ნახავთ: კახელებს, გურულებს, იმერლებს, მეგრელებს, სვანებს, ქართლელებს, აჭარლებს  გვერდიგვერდ დაუდგამთ დახლები და ყველა კუთხის სითბოს და სურნელს იგრძნობთ მათგან, აქ ქართული მადლიანი იუმორი და ლოცვა მაინც ხომ უფასოა 🙂 ყველა კილოს ხომ თავისი ხიბლი და სითბო აქვს და ისე უშურველად გაძლევენ ამ სითბოს, მეტი არც არაფერი გინდა უკვე… გულიანად, სიყვარულით ვუსურვებთ ერთმანეთს მრავალს დასწრებას, ბედნიერ ახალ წელს და მჯერა, რომ ასეც იქნება… 🙂

ერთი რამ მაინცაა იაფი – ჩიჩილაკი, საკმაოდ მოზრდილი და ლამაზი 1 ლარი ღირს 😉 ალბათ გაგიკვირდებათ კახელი ჩიჩილაკს ყიდულობო? დიახ, ვყიდულობ და ჩიჩილაკის სიმბოლურ დატვირთვაზე მოგაწვდით მოგვიანებით პოსტს 🙂

მრავალს დაესწარით!!! 🙂

Advertisements