ვისაც ქუთაისში ერთი ზამთარი მაინც გაუტარებია, ყველამ იცის თუ რა ჭირვეული და უსიამოვნო პერიოდია. ამ დროს ქალაქი იწყენს, თუმცა იუმორის მექაში ადგილობრივები ამას არ იტყობენ და ბუნებას ახალისებენ. სწორედ ასეთ მოწყენილი და ხალხის მიერ გახალისებული ოთხი ზამთარი გავატარე ქუთაისში.

აივანზე გასულს  წყალთოვა მასველებს, თუმცა სასიამოვნო ნიავია და გარემოს ვათვალიერებ, ჩვეული სურათი: თოვლში, წვიმაში, პაპანაქება სიცხეში, დილის 7 საათზე, ღამის 3 საათზეც “ბირჟაზე” მდგომი ბიჭების “ხროვა”, რომლებიც ათას „საჭიბოროტო“ თემაზე საუბრობენ, ამ დღის თემა განსაკუთრებით დამამახსოვრდა, გაგიკვირდებათ და უმრავლესობაში იყვნენ ისეთები, რომლებიც პინგვინის ცხოველობას ამტკიცებდნენ, მე კი ის უფრო, გამიკვირდა, რომ აღმოჩნდა მათში ისეთი პიროვნება, რომელიც სრულ ბიოლოგიურ და ზოოლოგიურ ჭეშმარიტებას ამტკიცებდა – “პინგვინი ფრინველია!”. – “მაშ დელფინი რაღაა?!”

აღნიშნულ “კრებას” ესწრებოდა პიროვნება, რომელიც “ბირჟაზე” მანამდე არასოდეს მენახა, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ის იცინოდა! იცინოდა განუწყვეტლივ, უემოციოდ… გავიფიქრე პინგვინის ცხოველად მომხსენიებლებს დასცინისთქო, მეც მორიდებულად ჩავიცინე, მეზობლისაგან ჩემს სადარბაზოში, ჩემს სართულზე ახალი ოჯახის გადმოსვლის შესახებ მოვისმინე და ოთახში შევბრუნდი.

სტუდენტობა, რომ ცხოვრების “ოქროს ხანაა” ეს ბანალური ჭეშმარიტებაა, თუმცა განსაკუთრებული გახლდათ ჩემთვის, ვცხოვრობდი მარტო, მივეჩვიე დამოუკიდებელ ცხოვრებას, დამოუკიდებელ აზროვნებას. წვიმას თოვა ცვლიდა, თოვას წვიმა ახალი წელი მოდიოდა და მეც მშობიურ მესხეთში ოჯახთან წასასვლელად ვემზადებოდი, აივანზე ვიდექი და გაზზე შემოდგმული კარტოფილის შეწვას ვუცდიდი. ავტობუსის მოსაცდელთან შავქურთუკიანი დაბალი ბიჭი ბოლთას სცემდა, რომელიც უკვე მერამდენედ შევნიშნე აივნიდან და გავიფიქრე: “ჩემი ახალი მეზობელი.”

კიდევ ერთხელ შევავლე თვალი მის “ბუტილკა” ჯინსს, შავ ბატინკებს და კვლავ ნაცნობი ემოცია დავინახე,  უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა – დავაკვირდი და ის იცინოდა!

შევბრუნდი სამზარეულოში, გაზი გამოვრთე და ნელი დეიდასთან გავეშურე, ტყემლის გამოსართმევად. ნელი დეიდას შვილივით ვუყვარდი, მისი შვილი კი რუსეთის ფაშისტურ მისწრაფებებს ცხინვალში შეეწირა და შავებში ჩაცმულმა შინ შემიპატიჟა, სწავლის და სამსახურის საქმეები გამომკითხა, მწვანე ტყემლის ბოთლი გამომიტანა (წითელს მირჩევნია) და მეც უბნის ამბები გამოვიკითხე, არასოდეს ვიცოდი ახალი “ჭორები”, რადგან სახლიდან დილით გავდიოდი და უმეტეს შემთხვევაში დაბნელებული იყო, როდესაც შინ ვბრუნდებოდი. ახალი მეზობლების შესახებ არაფერი ვიცოდი, ცნობისმოყვარეობას ვიკმაყოფილებდი და ნელი დეიდას კითხვები დავაყარე. ამ საუბრიდან გავიგე, რომ გაჩერებაზე მდგომი, “ბუტილკა” შარვლიანი ბიჭი ჩემი ახალი მეზობელია, რუსეთის დედაქალაქიდან სამშობლოში დაბრუნდნენ საცხოვრებლად, მამამ ბაზარში მწვანილით ვაჭრობა დაიწყო, ყავდა მეუღლე და ჩვილი ბავშვი. ბოლოს ლოგიკური კითხვა – “რატომ იცინის?”

რუსეთის მოსახლეობაში ფაშისტური მისწრაფებები, რომ ძალიან პოპულარული და ბენიტო მუსოლინის ფაშიზმზე უფრო საშიშია, არავისთვისაა ახალი.  ჩემი მეზობელიც ამ “ნიუ ფაშიზმს” შეეწირა, კავკასიური გარეგნობის გამო სამსახურიდან დაბრუნებულს “სკინჰედები” დახვდნენ და ისე სცემეს, ფსიქოლოგიურად შეიშალა და ამის მერე ის სულ იცინოდა! ეზოში მოსეირნე მისი მუდამ დანაღვლიანებული ცოლი და ქერათმიანი პატარა გოგო ერთმანეთს ჩახუტებოდნენ, ის კი კვლავ იცინოდა…

Advertisements