customer-service

ქართველები რომ არ ვართ მომსახურების სფეროსთვის გაჩენილნი, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში და სიტყვა “სერვისი” ჩვენთან რეკლამას ნიშნავს უბრალოდ… სხვადასხვა კომპანიების სარეკლამო რგოლები, ბროშურები თუ ე.წ. ბილბორდები უხვად გვთავაზობენ ახალ-ახალ პროდუქტებს, მოსახურებას და გვპირდებიან საუკეთესო სერვისსაც. რეალურად კი რა სურათი გვაქვს?…

ვისაც წაკითხული აქვს ჩემი ერთი ძველი პოსტი, გეხსომებათ როგორ დამტოვა “ლიბერთი” ბანკმა უფულოდ, მაგრამ ვისაც არ უნახავს ის პოსტი მოკლედ ვეტყვი – დამჭირდა უცებ მცირე თანხა, მივედი ბანკომატთან. თანხა ნამდვილად მეგულებოდა ანგარიშზე და რას ვხედავ – ბანკომატმა თავაზიანად მაცნობა, თქვენი ბარათის პინ-კოდს ვადა გაუვიდაო… ბარათი დედაჩემის სახელზეა და ფილიალში მისვლას აზრი არ ჰქონდა… მომიწია სახლში ასვლა და ის დღე დავკარგე საერთოდ…

არადა, “ლიბერთი”-ს რომ თავის დროზე გავეფრთხილებინეთ იმის შესახებ, რომ პინ-კიდს ვადა ჰქონდა, გავითვალისწინებდით რა თქმა უნდა და ეგეთ ცუდ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდი 😦

ჩემი დღევანდელი საჩივარიც ისევ “ლიბერთი”-ს ეხება. SMS ბანკის ჩასართავად მივაკითხე ერთ-ერთ ფილიალს. ის ოპერატორი, ვითანაც მოვხვდი, როგორც ჩანს ახალი იყო და მეორე ეხმარებოდა ფორმის შევსებაში, მაგრამ რად უნდოდა იმ ფორმის შევსებას ორი და მერე სამი კაცი, ვერ გავიგე… რაა გაუგებარი, რომ სახელსა და გვარის გრაფაში სახელი და გვარი უნდა ჩაწერო, მისამართის გრაფაში -მისამართი. ანკეტა იცოცხლეთ, ისეთი იყო, KGB-ს ფორმას გავდა, უმაღლესი განათლება მაქვს თუ საშუალო, დაოჯახებული ვარ თუ არა… დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის ყოლა-არ ყოლას, მესიჯის გამოგზავნისას?

ერთი სიტყვით, შეავსეს როგორც იქნა ფორმა და მეუბნებიან, ალბათ იცით, რომ 50 თეთრი ღირს მომსახურებაო. ესეც სიურპრიზი! სატელეფონო ოპერატორმა მითხრა უფასოა, ამათ ფასიანიაო. კარგი ბატონო, მაგრამ სანამ დაიწყებ ფორმის შევსებას წინასწარ არ უნდა უთხრა კლიენტს? “ალბათ იცით” კარგი მიგნებაა – რატომ უნდა ვიცოდე მე, ჩვეულებრივმა კლიენტმა მათი ტარიფების შესახებ??? არადა, CV რომ გაუგზავნო, არც წაიკითხავენ, პროფესიონალები გვინდაო და ესეც მათი “პროფესიონალები!”.

ნებისმიერი სამსახურის დაწყებისას, თუნდაც ეს ჩვენი სპეციალობა იყოს, ყველანი სუსტები ვართ თავიდან, მაგრამ დროთა განმავლობაში ხომ უნდა ისწავლო ადამიანმა ის საქმე, რასაც აკეთებ! დღეს ორი სტაჟიანი ოპერატორი იყო, ერთი ახალბედა. უნდა გითხრათ, რომ ახალბედა სჯობნიდათ!

არ იფიქროთ, რომ მხოლოდ “ლიბერთი”-ს ვერჩი. “მაგთიკომიც” არანაკლებ სცოდავს. მაგთის ორი ნომერი მქონდა, იშვიათად ვიყენებდი ორივეს, მაგრამ ვიყენებდი რა თქმა უნდა. ვინაიდან მესიჯით აღარ მოიოდა, როდის გაითიშებოდა ნომერი და სადამდე იყო ძალაში, ამა წლის სექტემბერში ოპერატორს დავურეკე ამ საკითხის გასარკვევად. მან მითხრა, რომ ორივე ნომერი ცალმხრივად 2010 წლის ოქტომბრის ბოლოს გაითიშებოდა, ხოლო ნომრები ერთი წლის განმავლობაში იქნებოდა ცალმხრივად, ანუ 2011 წლის ოქტომრის ბლომდე! და მერე გაუქმდებოდა. დღეს, 2010 წლის 10 დეკემბერს, სასწრაფოდ დამჭირდა ეს ნომრები და სადღაა – ორივე გაუქმებულია… 😦

კარგი ბატონო, ცვლი ამ პირობებს, შენი ნებაა. აცნობე რა აბონენტებს! რამდენი აღმოჩნდა ჩემს მდგომარეობაში, წარმოიდგინეთ…

ერთი სიტყვით, უმეტესი კომპანიების ამ მყვირალა რეკლამების მიღმა, არაპროფესიონალიზმი და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება იმალება… ამ ყველაფერს კი საბოლოოდ ერთი სახელი შეიძლება დაერქვას – დიდი ტყუილი, მომხმარებლის მოტყუება უსინდისოდ! ესაა, მეტი ფულის დაცინცვლის ათასგვარი ხერხები მომხმარებლისაგან; ეკონომიის გაწევა თანამშრომლების დაქირავებისას, მაქსიმალური მოგების მიზნით. შედეგად კი ვიღებთ დაბალი ხარისხის სერვისს… და ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჯანსაღი კონკურენცია არაა ბაზარზე, შედარებისთვის – არც სხვა ბანკები და მობილური ოპერატორები არიან რამით უკეთესები!

საკუთარი თანამემამულეების თუ არ გერიდებათ, უცხოელი ტურისტების ან საქმიანი ვიზიტორების მაინც არ გრცხვენიათ? არაერთ უცხოელის აღუნიშნავს ჩემთან გაოცებით, ჩვენთან ასეთი სერვისი რომ იყოს ბანკში, ის ბანკი ერთ დღესაც ვერ გაძლებდაო.

სათქმელი ალბათ კიდევ ბევრია, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ, მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხებზე??

პ.ს. მე მგონი ბლოგს კატეგორია უნდა დავამატო – აღმაშფოთებელი ამბები.. 😀

Advertisements