images

ამ საღამოს, დამღლელი და საკმაოდ მძიმე დღის შემდეგ, დავბრუნდი სახლში და სანამ ვისვენებდი, ტელეარხებს გადავავლე თვალი.

მაინცდამაინც საინტერესო არსად არაფერი არ იყო (რა თქმა უნდა!). შედარებით საინტერესოდ მეჩვენა ახალი გადაღებული “ჯაყოს ხიზნები” იმედზე. დამაინტერესა, რადგან საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ ნაწარმოებს და აბა როგორია ეკრანიზებული მეთქი, ჩავუჯექი…

პირველი ემოცია მალე იმედგაცრუებამ შეცვალა. არ ვიცი საიდან დავიწყო. ოპერატორული ნამუშევრიდან? კი ბატონო – ზოგჯერ კადრი ისე “დახტოდა” თვალები მეტკინა. ისეთი შთაბეწდილება იქმნებოდა, რომ მოყვარულის მიერ გადაღებულ კადრებს ვუყურებდი და არა ფილმს. კადრის “კანკალიც” აშკარად ჩანდა. “კადრიდან გაქცეული” მსახიობები ცალკე პრობლემა იყო საერთოდ…

თავად ფილმის იდეა რა იყო ვერ გავიგე – პირდაპირ ეკრანიზაცია, თუ ინტერპრეტაცია. თეიმურაზ ხევისთავი ენას უკიდებს, ნაწარმოებში. აქ კი ერთგან ცოტა ათლიფინდა ხევისთავი და ეგ იყო. ისე კი, ჩვეულებრივ მეტყველებდა. მოკლედ ხევისთავისათვის ასე სახასიათო მეტყველება არსად ჩანდა. თავად თეიმურაზიც სულ არ ტოვებდა იმ კაცის შთაბეჭდილებას, რაც ჯავახიშვილმა აგვიწერა და რა იდეასაც ატარებს ხევისთავის პიროვნება წიგნში. ზერელედ ასრულებდა თითქოს ამ როლს მსახიობი…

მარგო ბევრად უფრო გათანამედროვებული მეჩვენა, ვიდრე სხვა გმირები ფილმში. ისინი ისევ ძველი გმირები არიან, მარგოს კი თანამედროვე ქალის ბევრი ნიშანი აქვს. წიგნში ის საკმაოდ მოკრძალებული ქალბატონია, თავიდან მაინც. აქ კი რა ვიცი… არავის წყენინება არ მინდა, მაგრამ ჯავახიშვილისეული მარგო ლამაზი და ფუნჩულა ქალი იყო… საბოლოო ჯამში ვინაა მარგო ვერ გავიგეთ, მარგოს მთელი განცდების გადმოცემა, რაც ჯავახიშვილმა აგვიწერა, – მსახიობმა მკაცრად მოკუმული ტუჩებით, უშინაარსო მზერით და დუმილით სცადა. არ გამოვიდა აშკარად…

ჯაყო ერთი შეხედვით სიმპათიებს იწვევს. არც ისაა ის ჯაყო, რაც ჯავახიშვილის მიერაა აღწერილი, არც ეს ჯაყო იყო იმ იდეის გამომსახველი, რის გამოც დაიწერა საერთოდ ეს წიგნი და დაიბადა ეს პერსონაჟი. ყაჯოს საუბრის მანერა და ტერმინოლოგია აქ დაცულია, მაგრამ – უღიმღამოდ, უხალისოდ, ხელოვნურად… მოკლედ, მსახიობი “ძალით ჯაყოა” ვერ მოირგო გმირი.

წლების განმავლობაში ეროტიკის აკრძალვამ და საზოგადოების მაინც თავშეკავებულმა დამოკიდებულებამ ამ საკითხისადამი, ქართველი ხელოვანების ერთი ნაწილი მეორე უკიდურესობაში გადააგდო – აქაოდა 21-ე საუკუნეა და თვალი უნდა გაუსწოროთო ყველაფერს, საჭიროა თუ არა, ყველგან ეროტიკას გჩრიან ცხვირში, თან საკმაოდ უხამსს და უნიჭოდ გაკეთებულს. არც აქ გვაკლდა მსგავსი სულელური სცენა – როცა ხევისთავი მიხვდა, რომ მეუღლე ღალატობდა, ჯაყოს მოკვლა განიზრახა და ჩუმად შეიპარა სახლში. თავზე წაადგა მძინარე მარგოს და ჯაყოს. კადრი ფილმში – ორივე წევს შიშველი, აქცენტი ჯაყოზე იყო – დედიშობილა, გაშხლართული… საშინლად გულისამრევი სანახავი იყო. არანაირად არ იყო საჭირო სიშიშვლის ასე იდიოტურად დემონსტრირება… ხევისთავის შემსრულებელი კი აქაც სუსტი იყო – გახსოვთ ალბათ, წიგნში, რა განცდებში იყო თეიმურაზი ამ მომენტში, სანამ გონებას დაკარგავდა. ცივი ოფლი ასხამდა, ხელ-ფეხი უკანკალებდა… აქ კი? ერთი დახედა და გაიშხლართა ძირს, 5 დღის მშიერი ტოპ მოდელივით…

ეს იყო ბოლო წვეთი, გადავრთე!!! შეიძლება ვინმემ მითხრას, რომ ეს რეჟისორის გადაწყვეტააო ასეთიო, შეცვალაო რაღაც. მაგრამ ასე ნახევრად? ცვლილება, იდეა და რაღაც ხაზი კი არა სრული დომხალი იყო! ბოლომდე გაუკეთებელი, ჩამოუყალიბებელი, მოკლედ გახვრეტილი გროშიც არ ღირს ეს ფილმი…

ეს ჩემი, როგორც რიგითი მაყურებლის შეფასებაა. სხვამ თავად განსაჯოს. ამ ფილმში საკმაოდ ნიჭიერი მსახიობები არიან და რა სჭირს ამ ფილმს არ ვიცი. ნახევარი ევროა ფილმის ბიუჯეტი – ასე ამბობენ. რაში გადაყარეს ნახევარი მილიონი?…

Advertisements