wminda-giorgi

გიორგობას გილოცავთ ყველას, გფარავდეთ მისი მადლი, მრავალს დაესწარით…

მოკლედ წმინდა გიორგის შესახებ: წმინდა გიორგი კაბადოკიაში დაიბადა, დიდებულის ოჯახში.

გადმოცემის თანახმად, იგი დიოკლეტიანეს ჯარში მსახურობდა და ერთ-ერთი გამორჩეული მხედართმთავარიც იყო. მაგრამ, როდესაც დიოკლეტიანემ ქრისტიანების დევნა დაიწყო და კერპთაყვანისმცემლობა აღადგინა, წმინდა გიორგი განუდგა მას.

დიოკლეტიანემ მრავალი ხერხი სცადა, რათა გადმოებირებინა გიორგი. არაფერმა არ გასჭრა, არც უფრო განდიდების დაპირებამ, არც დიდძალმა ფულმა. მაშინ განრისხებულმა დიოკლეტიანემ, მისი წამება ბრძანა. მრავალჯერ, სასტიკად აწამეს წმინდა გიორგი. თუმცა, ღვთის ნებით, მაშინვე იკურნებოდა ის, უხორცდებოდა ჭრილობები და ამ სასწაულის ხილვის შემდეგ, უამრავი ადამიანი ეზიარა ქრისტეს, მათ შორის დიოკლეტიანეს მეუღლე, დედოფალი ალექსანდრიაც იყო.

ბოლოს დიოკლეტიანეს წმინდა გიორგის მოკვლა მოსთხოვეს კერპთმსახურებმა. დიოკლეტიანემ მასთან ერთად, საკუთარ მეუღლესაც გადაუწყვიტა სივდილით დასჯა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო დედოფალმა ალექსანდრიამ ლოცვისას განუტევა სული.

წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება ასევე ლეგენდა ქალაქს დაპატრონებული ურჩხულის შესახებ. ეს ურჩხული წყალს არ აძლევდა ქალაქს, თუ მსხვერპლად თითო ასულს არ მიჰგვრიდნენ ყოველ დღეს. წმინდა გიორგი შეებრძოლა ურჩხულს და შუბით განგმირა ის. წმინდანი ხატებზე უმეტესად ასეც გამოისახება: ცხენზე ამხედრებული და ცხენის ფეხებთან განრთხმულ ურჩხულს შუბს სცემს პირში. მე არ ვარ ამ სფეროს მკვლევარი, თუმცა, შესაძლებელია, რომ ურჩხული და წყალი რაიმე სხვა რეალობის ალეგორიაც იყოს…

ასეა თუ ისეა, წმინდა გიორგის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მართლმადიდებლურ სამყაროში და არა მხოლოდ მართლმადიდებლურში – უდიდეს წმინდანად ითვლება ის კათოლიკეებისთვისაც და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, მუსულმანებისთვისაც… ეს არის წმინდანი, რომელსაც უამრავი სარწმუნეობის ადამიანი სცემს თაყვანს და სთხოვს შემწეობას.

ქართველებისათვისაც განსაკუთრებით სათაყვანოა იგი, რადგან ჩვენი სამშობლოს მფარველად და მეოხადაც ითვლება. ყველასთვის ცნობილია გამოთქმა “365 წმინდა გიორგი” (ზოგი გადმოცემით 363), ეს რიცხვი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რაოდენობას აღნიშნავს საქართველოში (ამჟამად, დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტია…). საქართველოშიც შეხვდებით წმინდა გიორგის ეკლესიას, სადაც ქართველები და მუსულმანები ერთად ლოცულობენ და ბუნებრივის ისიც, რომ საქართველოში მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელი გიორგია. ასევე მრავალ სოფელს თუ ადგილს ჰქვია ამ წმინდანის სახელი, ერთ-ერთი მათგანი ჩემი სოფელია – გიორგიწმინდა… 🙂 ხოლო, ნოემბერს ძველად გიორგობისთვეს უწოდებდნენ ქართველნი (მე ახლაც ასე ვიხსენიებ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს თვეს), რადგან ამ თვის 23 რიცხვში აღვნიშნავთ, მისი ხსენების დღეს…

დიდი ახსნაც არ უნდა მგონი იმ ფაქტს, თუ რატომ  უყვართ  საქართველოში ასე ეს წმინდანი. წმინდა გიორგი ხომ მხედრების, ანუ მებრძოლი, მეომარი ხალხის მფარველად ითვლება. საქართველო კი ოდითგან საკუთარი ვაჟკაცების, მებრძოლების იმედზეა, ურიცხვი მტრის წინააღმდეგ. ამასთან სიმბოლურია ჩვენთვის მისი ხატიც, – ის ამარცხებს ურჩხულს და ჩვენს სამშობლოსაც მრავალჯერ მოუწია და უწევს, დამპყრობელი ურჩხულების დამარცხება…

კიდევ გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, ერთად შევავედროთ ჩვენი სამშობლო წმინდა გიორგის და ვიყოთ ქართველები მუდამ ერთად – ერთად მყოფთ ვერავინ ვერ მოგვერევა… 🙂

წმინდა გიორგის ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.”

Advertisements