zorrosmalllogo3

უცნობი ისე გაჩერდა, რომ კარის ჩრდილი ფარავდა მას, ფართო სომბრერო თვალებამდე ჰქონდა ჩამოწეული, ტანზე კი შავი, გრძელი მოსასხამი ეხვია.

ლენდროდი სწრაფად გაეშურა მისკენ. უცნობი ჩრდილს მოშორდა და ოთახში სინათლეზე გაჩერდა, ახლა ყველას კარგად შეეძლო მისი დანახვა. ლენდროდი შედგა და შიშისაგან ცრემლებიც კი წამოსცვივდა, ხოლო გონსალესს თვალები გაუფართოვდა გაოცებისაგან. უცნობს ნიღაბი უფარავდა სახეს, მაგრამ თვალებისათვის დატოვებული ორი ხვრელიდან უთუოდ იგრძნობდით გამჭოლ, ცოცხალ მზერას, რომელიც ყველას და ყველაფერს ამჩნევდა.

„მე სენიორ ზორო გახლავართ“ თქვა მამაკაცმა „და მე აქ თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი“ უთხრა გონსალესს.

„რას გულისხმობთ?“ შეეკითხა გონსალესი.

„მე ვიცი რა ადამიანიც ბრძანდებით სერჟანტო გონსალეს“ მიუგო ზორომ „ოთხი დღის წინ თქვენ გზაზე ერთი კაცი გააჩერეთ და უმოწყალოდ სცემეთ. ეს კაცი ღარიბი, საწყალი და სუსტი იყო. მას არაფერი ჩაუდენია საიმისო, რომ თქვენ ასე მოქცეოდით. მე ამ ღარიბ-ღატაკი კაცის მეგობარი ვარ და აქ თქვენს დასასჯელად მოვედი!“

ზორო სრულ სიმართლეს ამბობდა, გონსალესი მართლაც გაუსწორდა გზაზე უმიზეზოდ ვიღაც ღატაკს. სერჟანტსაც გაახსენდა ეს ამბავი, თუმცა, იმ წუთას გუბერნატორის მიერ დაწესებული ჯილდოც მოაგონდა და სახეზე ღიმილი დაეფინა.

„ძალიან კარგი სენიორ ზორო“ თქვა მან „შემებრძოლეთ“.

მან იძრო მახვილი და ზოროსკენ წავიდა. ზორომ ელვის სისწრაფით ამოაძვრინა მოსასხამის ქვეშიდან პისტოლეტი და გონსალესს დაუმიზნა. „ეს რაა?“ ახარხარდა გონსალესი „თქვენ რა, აპირებთ რომ მესროლოთ? ვერ ყოფილხართ გამბედავი, სენიორ ზორო. თქვენ შეუშინდით ჩემს მახვილს. დიახ, ძალიან ადვილია მოკლა ვინმე პისტოლეტით, მაგრამ აი მახვილით გამართულ ორთაბრძოლაში ეს ძალიან რთულია“.

„აქ ძალიან ბევრი ადამიანია და ყველა თქვენიანი“ უპასუხა ზორომ „ჩვენ ვიბრძოლებთ მახვილით, მაგრამ ეს პატიოსან ორთაბრძოლა უნდა იყოს.“ მან იარაღი ჯარისკაცებს და ლენდროდს დაუმიზნა და უკან დახევა უბრძანა. მათაც სხვა რა გზა ჰქონდათ, შეასრულეს ბრძანება.

„მე მარჯვენა ხელით ვიბრძოლებ, მაგრამ მარცხენაში პისტოლეტი მექნება და ვინც გაინძრევა, ვესვრი“ თქვა ზორომ და შემდეგ სერჟანტს მიუბრუნდა „ახლა მზად ვარ, დავიწყოთ სენიორ!“

გონსალესმა იერიში მიიტანა ზოროზე, მაგრამ ზორომ მკვირცხლად მოიგერია მისი იერიში. გონსალესი გულმოდგინედ ცდილობდა ზოროზე თავდასხმას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ბევრი ილეთი სცადა, მაგრამ ვერც კი შეახო მახვილი ზოროს სხეულს. ზოროს თვალებიდან ცეცხლი იფრქვეოდა და აშკარად ჩანდა, რომ ის იღიმოდა ნიღბის ქვეშ.

სერჟანტი ვერ იბრძოდა კარგად, მან საკმაოდ მიირთვა ღვინო და დაღლაც შეეტყო. ზორომ შეუტია მას, ნელ-ნელა კედელთან მიამწყვდია და სწრაფი მოძრაობით ხმალიც აართვა გონსალესს, მახვილი ხმაურით დავარდა ძირს… სერჟანტმა თვალები დახუჭა, ის უკვე სიკვდილს ელოდა, მაგრამ იმ წუთასვე კარი გაიღო და სასტუმროში რამოდენიმე ადამიანი შევიდა, ისინი საჭმელს და სასმელს ეძებდნენ.

ზოროს ამდენ ხალხთან ბრძოლა აღარ შეეძლო. სწრაფად დამალა იარაღი მოსასხამის ქვეშ, ახტა სკამზე, რომელიც ფანჯარასთან იდგა და გონსალესს დუძახა „ჩვენ არ დაგვიმთავრებია ჩვენი ორთაბრძოლა სენიორ, მომავალ შეხვედრამდე!..“

ამის შემდეგ ზორო ფანჯრიდან გადახტა და სიბნელეში გაუჩინარდა. ჯარისკაცები გაცვივდნენ სასტუმროდან, მაგრამ წვიმასა და წყვდიადში ვერაფრის გარჩევა ვერ შესძლეს. ზორო გაქრა. ჯარისკაცები კი უკან შებრუნდნენ თბილ ოთახში.

„ნახეთ ზორო?“ ჰკითხა გონსალესმა ახლადმისულ სტუმრებს „მას არ სურდა პატიოსანი ორთაბრძოლა, მხოლოდ პისტლეტით მემუქრებოდა. ამიტომაც მოვისროლე ჩემი მახვილი ძირს“. რა თქმა უნდა, ტყუოდა გონსალესი, მაგრამ არავინ შეწინააღმდეგებია.

რამოდენიმე წუთში დონ დიეგო ისევ გამოჩნდა სასტუმროში „რა მოხდა აქ? რა ხმაური იყო?“ იკითხა მან.

„სენიორ ზორო იყო აქ“ უპასუხა გონსალესმა.

„ოჰ, აქ იყო? კი მაგრამ, სადაა მისი ცხედარი?’

ლენდროდს და ჯარისკაცებს გაეღიმათ, ხოლო გონსალესს სახე აუჭარხლდა.

„არავითარი ცხედარი არაა აქ“ უგულოდ უპასუხა მეგობარს სერჟანტმა.

„ალბათ შენმა ჯარისკაცებმა გაიტანეს აქედან?“ ჰკითხა დონ დიეგომ „მომიყევი ყველაფერი, როგორ იბრძოდით, როგორ მოიმწყვდიე და მოკალი ზორო“ და დონ დიეგომ გადაიხარხარა „ახლა კი ნამდვილად მიიღებ შენს ჯილდოს სერჟანტო!“.

გონსალესი ხმას არ იღებდა, ჯარისკაცები კი მას შესცქეროდნენ.

„რატომ ხარ წყნარად ჩემო მეგობარო?“ წამოდგა დონ დიეგო „ვერაფერს ვხვდები, ნუთუ არ მოგიკლავს ზორო?“ ჩაეკითხა გონსალესს.

„ზორო გაიქცა, მას პისტოლეტი ჰქონდა და არ ისურვა პატიოსანი ორთაბრძოლა“. ამოღერღა გონსალესმა.

„გასაგებია, მაგრამ რატომ არ აართვი პისტოლეტი? მითხარი, ხომ იცი მე ვერ ვერკვევი ამ ორთაბრძოლის წესებში“. ჰკითხა დიეგომ და თან ლენდროდს გასძახა „კიდევ მოუტანეთ ღვინო სერჟანტს“.

მაგრამ გონსალესი აღარ იყო სმის ხასიათზე. „მე კომენდანტი უნდა ვნახო“ თქვა მან „უნდა ვნახო და ჩავაბარო ანგარიში ორთაბრძოლის შესახებ, ღამე მშვიდობის“. წასვლისას კი კარში შემობრუნდა და იყვირა „იცოდეთ, შემდეგში, როცა მე ვნახავ ზოროს, მე მოვკლავ მას!“

დონ დიეგო ამ დროს ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს უყურებოდა და იღიმოდა.

Advertisements