zorrosmalllogo3

თებერვლის ერთ ბნელ და ცივ ღამეს, პატარა სასტუმროში ჯარისკაცების მცრიე ჯგუფი შეკრებილიყო. სასტუმრო ლოს ანჯელესის ცენტრალური მოედნის ერთ-ერთ მხარეს იყო განთავსებული. საშინელი, ქარიშხლიანი ამინდი იყო გარეთ, ქარი ღმოუდა, ხოლო წვიმა მთელი ძალით ასხამდა სახურავზე. სასტუმროში კი სინათლე და სითბო იყო, ჯარისკაცები ბუხართან ისხდნენ, ცეცხლს ეფიცხებოდნენ, ღვინოს სვამდნენ და ბანქოს თამაშობდნენ.

– „კიდევ მოგვართვი ღვინო, ლენდროდ!“ ხმამაღლა გასძახა ტანადმა და წვეროსანმა კაცმა სასტუმროს მეპატრონეს. წვეროსანი კაცი ჯარისკაცების მეთაური გახლდათ, სერჟანტი გონსალესი.

„ახლავე სენიორ“ უპასუხა ჩასუქებულმა ლენდროდმა და სწრაფადვე შეუვსო ჭიქა ღვინით. ლენდროდს აფრთხობდა გონსალესი; იგი ფიზიკურად ძლიერი კაცი იყო, ადვილად ბრაზდებოდა და ხშირად ქონდა უსიამოვნებები სხვა ჯარისკაცებთან.

„გონსალესთან საუბარი და მისი კეთილგანწყობის მოპოვება ნამდვილად სჯობია მასთან შეტაკებას“ გაიფიქრა ლენდროდმა „ნეტავ რა შემიძლია ვუთხრა ისეთი, რაც გონსალესს დააინტერესებს?“და უცებ მოისაზრა: – „მთელი ქალაქი სენიორ ზოროს შესახებ საუბრობს, სენიორ გონსალეს, ის ისევ უნახავთ ლოს ანჯელესში.“ თქვა ლენდროდმა.

გონსალესმა მოულოდნელად ძირს დაანარცხა თავისი ჭიქა: – „სენიორ ზორო!“ იღრიალა საშინელი ხმით, – „ნუთუ სულ ეს სახელი უნდა მესმოდეს? მე მძულს ის! ეს კაცი, ზორო, ძალიან ჭკვიანია, არავინ იცის, ვინაა ის. არავის უნახავს მისი სახე, რადგან სახეს შავი ნიღბით იფარავს, საიდანაც მხოლოდ თვალები მოუჩანს. ზორო თავის მტრებს მახვილით უსერავს სახეს, ეს იარა გავს ასო Z (ზეტ.მთარგმნ.)-ს და მას ხალხი ზოროს ნიშანს ეძახის.“

– „მაგრამ ზორო ჩვენ არასოდეს გვწვევია, სენიორ“ – ჩაურთო ლენდროდმა ნერვიულად.

– „დიახ და იცით რატომ? მას ჩემი ეშინია, მე ხომ საუკეთესო ჯარისკაცი ვარ, მთელი კალიფორნიის არმიაში!“

– „სენიორ ზოროს ოდესმე ვინმე მოუკლავს?“ – იკითხა ლენდროდმა.

– „არა, ჯერ არა.“ უპასუხა გონსალესმა ნელა და დაფიქრებით „ის არწმუნებს ხალხს, რომ ქურდი არაა და მხოლოდ ჩაგრულების, სუსტების დამცველია ძალმომრეობისაგან. მაგრამ ზოროს დღეები დათვლილია, გუბერნატორმა ჯილდო დააწესა მისი მოკვლისათვის“ დასძინა გონსალესმა და ფეხზე წამოდგა.

– „მე არ ვისურვებდი ზოროს ხილვას აქ.“ თქვა ლენდროდმა.

– „დაე მოვიდეს!“ შესძახა გონსალესმა – „მე ველი მას, მე მოვკლავ მას და მე მივიღებ ჯილდოს!..

მოულოდნელად კარი გაიღო და სასტუმროში მამაკაცი შემოვიდა. ყველამ დაჟინებით და გაოცებით დაუწყო ცქერა მას, გონსალესმა მახვილი მოზიდა ქარქაშიდან, ის უკვე მზად იყო ბრძოლისათვის. მაგრამ ეს ზორო არ იყო, ეს დონ დიეგო ვეგა გახლდათ.

ვეგას ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახი იყო მთელ სამხრეთ კალიფორნიაში, უკვე დიდი ხანი იყო, რაც ეს ოჯახი აქ ცხოვრობდა, ისინი მსხვილი მიწათმფოლბელები იყვნენ, ასევე ურიცხვი მსხვილფეხა საქონლის და ცხენების მფლობელნიც გახლდნენ. დონ დიეგო ამ კეთილშობილი ოჯახის ერთადერთი ვაჟი, მხოლოდ 24 წლის იყო, ეს საოცრად მოხდენილი ჭაბუკი უმშვენიერეს ხასიენდას ფლობდა, ასევე მის საკუთრებაში იყო დიდი სახლი სოფელში და შესანიშნავი სახლი ლოს ანჯელესშიც. დონ დიეგოს ლოს ანჯელესის სახლი სწორედ ამ პატარა სასტუმროს პირდაპირ იყო.

დონ დიოეგო საკმაოდ განსხვავდებოდა ამ ქალაქში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებისაგან. მას არ უყვარდა ხმამაღალი საუბარი და ორთაბრძოლა, მას არც ქალებისთვის თავის მოწონება და მათი გულების დაპყრობა აინტერესებდა. დონ დიეგოს მუსიკა, პოეზია და მშვიდი საუბარი უფრო იზიდავდა.

დონ დიეგო და სერჟანტი გონსალესი ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მეგობრები იყვნენ. დონ დიეგო ხშირად პატიჟებდა გონსალესს ღვინის დასალევად და სიამოვნებით უგდებდა ყურს მის საუბარს.

ახლაც, დონ დიეგოს დანახვაზე სერჟანტმა ხმალი ქარქაშში ჩააგო და მოუბოდიშა მას:

– „ვწუხვარ მეგობარო, შენზე თავდასხმა არც მომსვლია აზრად, მე უბრალოდ შენი სახე ვერ გავარჩიე სიბნელეში; ჩვენ ახლახანს იმ ქურდის, ზოროს შესახებ ვსაუბრობდით“.

– „ო, არა, ისევ ზორო!“ თქვა დონ დიეგომ დაღლილი ხმით, ის მოწყენილიც ჩანდა. – „ხომ იცი, მე არ მიყვარს ისტორიები სისხლსა და ძალადობაზე. მართლა აღარ მსურს, გავიგო რამე, ან ვისაუბრო ზოროს შესახებ!“

– „კი მაგრამ, გუბერნატორმა ძალიან კარგი ჯილდო დააწესა მისი მოკვლისათვის“ შეეპასუხა გონსალესი – „და მე ვაპირებ, რომ დავიჭირო ის, მე ყველაფერს მოგიყვები, როცა ჯილდოს მივიღებ, მე მოგიყვები, თუ როგორ დავიჭირე ის და როგორ მოვკალი…“

– „გონსალეს, გეთაყვა, გთხოვ, აღარ ისაუბრო მკვლელობაზე, ისედაც საკმაოდ ბევრი მაქვს მოსმენილი ამის შესახებ.“ უთხრა დონ დიეგომ და ლენდროდს დაუძახა: – „გთხოვთ,კიდევ მიართვით გონსალესს ღვინო, იქნებ მაშინ მაინც მორჩეს ამ საშინელებებზე საუბარს.“

ლენდროდმა მაშინვე შეუვსო ღვინით ჭიქები ორივეს, დონ დიეგო ნება-ნება მიირთმევდა ღვინოს, გონსალესმა კი უცებ გადაკრა თავისი წილი. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, დონ დიეგო წამოდგა: – „სახლში უნდა წავიდე“ თქვა მან.

– „კი მაგრამ, ამინდი ისეთი საშინელია“ უთხრა გონსალესმა „ჩემი ჯარისკაცები გაგაცილებენ, ასე ჯობია უსაფრთხოებისათვის.“

– „არა, არა,“ უპასუხა დონ დიეგომ „დარჩნენ ისინი აქ, ბუხართან. მე ნამდვილად არ მჭირდება ახლა გამცილებლები. კიდევ მიართვი შენს ჯარისკაცებს ღვინო, მე მოგვიანებით გადავიხდი. ღამე მშვიდობის.“

– „ღამე მშვიდობის სენიორ“ ერთხმად დაემშვიდობა ყველა.

როდესაც დონ დიეგო წავიდა, გონსალესმა თავის ჯარისკაცებს უთხრა: – „ეს ახალგაზრდა კაცი უჩვეულო ვინმეა, მას არც ორთაბრძოლა აინტერესებს, არც ქალების გულებზე ნადირობა; მაგრამ ის მაინც ჩემი კარგი მეგობარია, რადგან ის შესანიშნავი ადამიანია!“

ჯარისკაცები დაეთანხმნენ გონსალესს, გონსალესმა მათი ღვინის ფული გადაიხადა, რითაც მათ აღტაცება მოჰგვარა, აღტაცებული და ბედნიერი გახლდათ ასევე ჩასუქებული ლენდროდიც.

გონსალესი ფეხზე წამოდგა, ამოიღო მახვილი ქარქაშიდან და ჰაერში დაატრიალა, – „დონ დიეგოს არ უყვარს ორთაბრძოლა“ ყვიროდა ის, – „მაგრამ მე მიყვარს! რატომ არ მოვა ახლა აქ ზორო? მე მზად ვარ მის დასახვედრად!“

იმ წუთასვე კარი გაიღო და უცხო მამაკაცმა შეაბიჯა სასტუმროში.

———————————–

რა ზოროს ნიშანი, რა ხდება? ახლავე გაგარკვევთ 🙂 მოკლედ, ინგლისური ენის ცოდნის უფრო განსამტკიცებლად, ადაპტირებულ ლიტერატრას ვეცნობი ხოლმე. ერთ-ერთი, რაც ხელში ჩამივარდა ცოტა ხნის წინ, ჯონსონ მაკლეის “ზოროს ნიშანია”. საინტერესო და სახალისოა წასაკითხად. ჰოდა გადავწყვიტე, ცოტა თარგმანში წამევარჯიშა და თან მკითხველიც გამეხალისებინა. თუ თარგმანი მთლად იდეალური არაა, ნუ დამძრახავთ, ამ საქმის პროფესიონალი ნამდვილად არ ვარ 🙂

გაგრძელება იქნება…

Advertisements