ღვინოს დავლევ, წყალს არა

qartuli sufra

როცა ნერვები დაჭიმულია,

ღვინო სიცოცხლე და სტიმულია!

 

ცხოვრება გირტყამს მძიმედ ხან ჩქარა,

ხან გაგიბზარავს გულს სიტყვა ავი,

ნერვებს ნუ ასდევ სინჯე „ხვანჭკარა“

ან წვრილი ჭიქით შესვი მანავი.

 

თუ დაიღალე ცოლის ხმაურით

და დამიღონდი, მენდე, გიშველის

დიდი ფიალით – „ცოლიკაური“

ან ჯიხვის რქებით სვი „რქაწითელი“.

 

ვერ მოგერევა ქვეყნად ვერავინ, –

მტერს ეწყინება, ძმას ეამება,

ნათალი ჭიქით სვი „საფერავი“

და აზარფეშით თეთრი „სამება“.

 

და თუ ცხოვრებამ ავი გარგუნა,

აზვირთდი, სჩხუბობ და გული გერჩის,

მე დამიჯერე, – სინჯე „აგუნა“,

ან თიხის ჯამით შესვი „გარეჯი“.

 

ცხოვრება მძიმე და საყვარელი

გულის წვერს დაგწვავს ვით მუგუზალი, –

ჭაპნის კრამიტით შესვი „ყვარელი“.

ან კვახის ხაპით სვი „მუკუზანი“.

 

ზედ ჯიგარზე გაქვს ბოღმა მიბრჯნილი,

შენს გრძნობებს ბოღმა და ჯავრი სთელავს,

ჭავჭავაძიაანთ ჭრელი ჭინჭილით,

რომ დაგელია, – გირჩევდი „თელავს“

.

შემოგეყრება ქალი – ქარაფი,

ჩაგჩეხავს ფიქრში ელეთ-მელეთით,

პირდაპირ ბოთლით შესვი „წარაფი“.

გადაჭრილ ნესვით სინჯე – „ჰერეთი“.

 

„გურჯაანი“ და „ვაზისუბანი“,

„ნაფარეული“ და „წინანდალი“ –

უიმედობას სავალს უპოვნის,

წამალია და სენს კი რა დათვლის?!

 

ვარამი, ჯავრი, ურვა, – ასეთი,

ღვინოსა ვსვამდი გახელებითა,

ამიტომ შემრჩა ტურფა კახეთი

დასახლებული კახელებითა…

 

თუ გსურს, რომ დიდხანს შეხვდე ალიონს,

მერწმუნე, ძმაო, უნდა დალიო!

 

ნოდარ დიღმელაშვილი

——————————————————————-

ლექსის ავტორს, როგორც პოეტს, ფართო საზოგადოება არ იცნობს…. უდაოდ ნიჭიერი ადამიანი იყო… იყო ვამბობ, რადგან გარდაიცვალა რამოდენიმე წლის წინ 😦 დედას კლასელი იყო, მათ სამეგობროში გამორჩეული პიროვნება, ყველას მართლა ძალიან უყვარდა… კიდევ მრავალი, ძალიან ლამაზი ლექსის ავტორია, ვეცდები ხანდახან შემოგთავაზოთ ხოლმე….

Advertisements