school children

რა სახის პოსტი არ დამიწერია, ჩემს ბლოგზე, მაგრამ არასოდეს დამიწერია ჩემი პირადი თავგადასავალი, ან ისტორია… დღეს გადავწყვიტე გავიხსენო და აღვწერო ერთი ამბავი, ჩემი ბავშვობის დროინდელი… მინდა მკითხველს დავანახო, როგორი არ უნდა იყოს პედაგოგი… პედაგოგიკაზე ბევრს ვფიქრიბ და ვკითხულობ, მას შემდგ, რაც თავადაც პედაგოგი გავხდი … 🙂

მაშ ასე, ეს ამბავი რომ შემემთხვა, მეექვსე კლასის მოსწავლე გახლდით, ფრიადოსანი, მშვიდი, მოკლედ მასწავლებლებს რომ უყვართ ისეთი 🙂 იმ ხანად ისტორიის მასწავლებელი გვყავდა საკმაოდ ასაკიანი, ამავ დროს რთული ხასიათის ქალბატონი. განსაკუთრებით უხეში იყო მოსწავლეებთან ურთიერთობისას, სალანძღავი სიტყვები, ისეთი, როგორი იყო, :”დებილი”, “იდიოტი”, “კრეტინი”, “ვირიშვილი”, “დამპალი”, “ნაგავი” და სხვ. ბევრად უარესი, მისი ლექსიკონის ჩვეულებრივი ნაწილი იყო. ყოველთვის მიჩენდა ხოლმე პროტესტის გრძნობას მისი ასეთი მიმართვა, თანაკლასელებისადმი. პირადად ჩემთვის ასე არ მოუმართავს, თუმცა საერთო ქვაბში ბევრჯერ მოვუხარშივარ, ანუ ყველა მოსწავლე, მთელი კლასი ერთად შეუმკია ხშირად… ამასთან სარკასტული და ცინიკური გამოხტომებიც ახასიათებდა, ისეთ მწარე სიტყვას გეტყოდა, გულს მოგიკლავდა, მით უმეტეს, ბავშვისათვის უფრო ადვილია გულს ტკენა (თანაც, ბავშვობის შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრება გასდევს ადამიანს…). მე ამ სკოლაში ახალი გადასული გახლდით, ხოლო ის ქალბატონი იმ სემესტრში შემოვიდა ჩვენთან პირველად. მაოცებდა კლასელების სიჩუმე. რა თქმა უნდა, არავის არ მოსწონდა, ჩუმადაც დრტვინავდნენ, მაგრამ ხმასაც არავინ იღებდა…და ერთხელ 2 თვიანი დუმილიც დაირღვა…

მარტის ერთ მშვენიერ დილას, პირველი ისტორიის გაკვეთილი გვქონდა. ის-ის იყო ვიწყებდით გაკვეთილს, გადავშალეთ წიგნები, მოვამზადეთ დღიურები და მასწავლებელმაც გადმოგვაფრქვია თავისი ლექსიკონის საგანძურიდან რამოდენიმე სალანძღავი სიტყვა, რომ კარი ჩემმა კლასელმა შემოაღო, რომელთანაც ვმეგობრობდი და ყველაზე ახლოსაც ვიყავი. მორიდებით იკითხა, შეიძლება მას? მასწავლებლის პასუხი: “შემოეთრიე და დაეგდე ვირიშვილო”. მოსწავლემ თავი ჩაღუნა და მერხთან რომ მოვიდა (გვერდიგვერდ ვისხედით), ცრემლები შევნიშნე… აი ეს კი ვეღარ მოვითმინე და ავდექი:- მანანა მას, რატომ გვიწოდებთ ვირიშვილებს და სხვა მსგავს სიტყვებს მეთქი… მახსოვს, რომ ხელები გამიცივდა დაძაბულობისაგან… მერიდებოდა მაინც, მაგრამ… ვეღარ მოვითმინე. ამის კითხვა და კივილი ერთი იყო – როდის გეუბნებით მსგავს რამეებსო! არადა სულ რაღაც 10 წუთის წინ თქვა!

კლასი გაისუსა. ახლახანს უთხარით ჩემს კლასელს მეთქი, წყნარად ვუპასუხე. იგონებო, კიოდა, ისტერიკა დაიმართა. გაკვეთილი არ იცი და გაკვეთილს მიშლიო. ვიცი მეთქი, ისევ მშვიდად ვუთხარი (მიუხედავად იმისა, რომ საშინლად სუსტი პედაგოგი გახლდათ თავის საგანშიც, მიყვარდა ისტორია და ვსწავლობდი ყოველთვის). გამოდი და მოყევიო, გავედი და დავიწყე მოყოლა, ეგვიპტის ისტორია გქვონდა, რა დამავიწყებს! ეს არ გვაქვსო, უსირცხვილოდ მეუბნება. მაშინ შებედა ერთ-ერთმა, მას ეს გვაქვსო. არაფერი გაუვიდოდა – ყველას გვეწერა დღიურებში გაკვეთილი, ხოლო მას ჟურნალში ჰქონდა შეტანილი.

მაინც არ აღიარა, რომ ცდებოდა ჩვენთან – აბა რად მომიგონე ასეთი რაღაცო. არ მომიგონია, რაც თქვენ გვასწავლით, სულ ასეა მეთქი. ასე ვთქვიო? გადაუბრიალა თვალი კლასს. დიახ მასო, გაუბედავად თქვეს. ამის მერე რა ტონალობაში კიოდა, ამის წარმოდგენა თქვენთვის მომინდვია 🙂 დამრიგებელიც გამოიძახა რა თქმა უნდა. მე გარეთ გამომიშვეს, ასე 20 წუთი ვიცდიდი დერეფანში, ხოლო კლასში შესვლის შემდეგ ჰოი საოცრებავ! – მთელი კლასი ერთხმად ამბობდა, რომ მასწავლებელს არასოდეს მსგავსი რამ არ უთქვამს!!! ხოლო ის, ვის გამოც ეს ამბავი ავტეხე, ორჭორფობდა, იცითო, მე წიგნს ვფურცლავდი და არ გამოგიაო!… იმ წუთას აღარ ვუთხარი, წიგნს როგორ ფურცლავდი, როცა შენს დაგვიანებას მოჰყვა მეთქი ეს ყველაფერი. უბრალოდ გავოგნდი….

შემდეგ რა თქმა უნდა სამასწავლებლოსი გამაქანეს, დაიწყეს ჩემი დამუშავება, რომ მასწავლებლისათვის უსამართლოდ მიყენებული შეურაცხყოფისათვის ბოდიში მომეხადა, რომ მას ვუყვარვართ და დღე-რამეში 24 საათს ჩვენზე ფიქრსა და ზრუნვას უთმობს…. მაგრამ, რა ჯიუტი, პირდაპირი და პრინციპულიც მაშინ ვიყავი, დღემდე იმად დავრჩი – მე ტყუილი არ მითქვამს, არც რაიმე ცუდი მიკადრებია მასწავლებლისათვის და ბოდიშს არ მოვიხდი მეთქი… სხვათა შორის, დამრიგებელიც დიდი ვერაფერი ხვითო გვყავდა (მის “პროფესიონალიზმზე” მოგვიანებით გიამბობთ). საქმის გარკვევის ნაცვლად, დაამუშავა მთელი კლასი -გარიცხვით და ათასი უბედურებით დაემუქრა (ეს წლების შემდეგ მითხრა ერთ-ერთმა, შემთხვევით რომ შევხვდი სამსახურში), თუკი მოაღებთ პირს და სიმართლეს იტყვითო!

მოკლედ, ეს ამბავი დირექტორამდე მივიდა (ძალიან კარგი პიროვნება გახლდათ, ერთადერთი ნორმალური ადამიანი, ვინც იმ სკოლაში ვნახე მე პირადად). ცალკე შემიყვანა კაბინეტში, გამომკითხა ყველაფერი და მითხრა, რომ სჯეროდა ჩემი, რადგან უხეშობა მოსწავლეების მიმართ, მასაც შენისული ჰქონდა, თუმცა ასე მძიმე ფორმებში არაო, დასძინა. მაგრამ ვინაიდან ის მასწავლებელი საკმაოდ ასაკში იყო, თან კოლეგიალობა და ამბები, ღიად ვერაფერს მოიმოქმედებდა, გულწრფელად მითხრა. თუმცა, მართლა არ გაქვს ბოდიში  მოსახდელი, ამიტომ ვეცდები მასწავლებელი გამოგიცვალოთო.

დირექტორის კაბინეტიდან მკაცრად დასჯილს მომელოდნენ, ხოლო დირექტორის გადაწყვეტილებამ მასწავლებლები შოკში ჩააგდო. ახლა დამრიგებელმა დამიწყო დაკითხვა, რა გითხრაო, მაგრამ ვინაიდან დირექტორისთვის პირობა მქონდა მიცემული, რომ არ გავამხელდი ჩვენი საუბრის შინაარსს, არც გამიმხელია, მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლოს უნიშნოდ დატოვებით, ან ფრიადების გაფუჭებით დამემუქრა…

ერთი სიტყვით, მასწავლებელი გამოგვიცვალეს და ყველაფერი კალაპოტს დაუბრუნდა თითქოს, მაგრამ… გულით ვეღარ ვმეგობრობდი, ადამიანთან, ვინც საკუთარი ინტერესებიც ვერ დაიცვა, ხოლო ვინც ის დაიცვა, არც მას დაუჭირა მხარი. მოგვიანებით, როცა ვუსაყვედურე ეს ამბავი, რა მექნაო, მარტო მე რას გიშველიდიო და ა.შ. ვერც კლასთან ვიყავი ძველებურად, 30 ბავშვიდან, არც ერთს არ აღმოაჩნდა, პროტესტის გრძნობა, თავისუფლების ოდნავი შეგრძნებაც კი. მონასავით გაჩუმდა ყველა და ის თქვა, რაც უბრძანეს. შეიძლება მავანმა თქვას, შენ რას დათა თუთაშხიობდიო, მაგრამ უსამართლობას ვერასოდეს ვერ ვიტანდი და ვერც ახლა ვიტან!!! ამ ხასიათის გამო მტრებიც შემიძენია, მაგრამ არ ვნაღვლობ, რადგან მათზე მეტი მეგობარიც შევიძინე! “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო” ესეც ბრძანა ვაჟა-ფშაველამ…

თუკი მეტყვით, რომ მეექვსე კლასელი ბავშვებისაგან ბევრს ითხოვდიო, შეგახსენებთ, რომ მეც მათი თანატოლი და უფრო მეტიც, ერთი წლით პატარა ვიყავი (ადრე მიმიყვანეს სკოლაში და ბავშვებისათვის ერთი წელიც საკმაო განსხვავებაა) და მოგიყვებით ერთ ამბავსაც, რომელიც ზუსტად მეექვსე კლასში შეემთხვათ ჩემს სხვა კლასელებს, ანუ მათ, ვისთნ ერთადაც დავამთვრე სკოლა და ვისაც ვთვლი ნამდვილ კლასელებად, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, მეექვსე კლასში ჯერ არ ვიყავი მათთან, სამწუხაროდ.

რამოდენიმე მოსწავლემ რაღაც დააშავა, მასწავლებლებმა იცოდნენ ვინ იყო დამნაშავე, მაგრამ აღიარება სჭირდებოდათ. ვერაფრით ვერ გამოტეხეს, ვერც დამნაშავეები და ვერც დანარჩენები. ბოლოს ერთ-ერთს უთხრეს, გარდაცვილი მამის სული დაიფიცე, რომ არ იყვნენ ესენიო. იცოდნენ, მამის სულს ტყუილად არ იფიცებდა. თქვენ როგორ გგონიათ, რა გააკეთა? კლასელების გულისთვის ტყუილად დაიფიცა! ჩვენი მასწავლებლები დღემდე იხსენებენ ამ ამბავს, როგორც თანადგომის უდიდეს მაგალითს 🙂

მოკლე პოსტი მინდოდა, მაგრამ მაინც ბევრი დამეწერინა 🙂 ესეც ამბავი, განსჯა თქვენთვის მომინდვია… ამ კლასში აღარ მიძლებდა გული, სადღაც ერთ თვეში გადავედი კიდეც. ხოლო, მომდევნო სასწავლო წლის სექტემბერში, იმ მასწავლებელს იგივე შეემთხვა მეათე კლასელებთან. ჩემი კლასელებისაგან განსხვავებით, ისინი ვერ გააჩუმეს და მასწავლებელს სკოლის დატოვება მოუწია… 

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კარგი იყო ბავშვობა, რამდენი რამაა თურმე გასახსენებელი :)  და ყველაზე კარგი ისაა, რომ ხვდები – არ შეცვლილხარ, ისევ იმ პრინციპებისთვის იბრძვი, რისიც გწამდა და გჯეროდა… რომ ისევ ვერ იტან, არ ეგუები, უსამართლობას, ცინიზმს, დამცირებას და შეურაცხყოფას.

ბოლოს კი დავამატებ, მასწავლებლის უპირველესი ვალი კი სამართლიანობის დაცვა, თავისუფალი აზრის თამამად გამოხატვის სწავლება უნდა იყოს და არა, ტერორის, შანტაჟის, “ჩაშვების” მაგალითების მიცემა.

Advertisements