This and the next are nice

იყო ერთი მოხუცი დურგალი. განთქმული იყო თავისი ხელობითა და გონებით. ეს დურგალი მაღალი ბოძის წვერზე ააგებდა ისეთ სახლსა, რომელიც ამ ბოძზე ტრიალებდა და მუდამ მზე ანათებდა მის ოთახებს. მის მეტს ქვეყანაზე არავის შეეძლო ასეთი სახლის აშენება.

დურგალს ეყოლა ვაჟი. რომ წამოიზარდა, მამამ თავისი ხლობა შეასწავლა.

იზდებოდა ეს ბიჭი. საქორწილო ვაჟია. მამამ უთხრა: შვილო, შენ ცოლი გინდა, მე -  კარგი რძალი. ეს კია, ჭკვიანი ქალი უნდა ვისოვოთ. ჭკვიანი რძალი აავსებს ოჯახს, სულელი კი – დაავსებსო.

შვილი დათანხმდა. წავიდა მამა, ბევრი ფული დახარჯა და ის კი მოახერხა, რომ თავის შვილს აზნაურის ქალი შერთო ცოლად. იფიქრა: ეგ უფროკაი გაზრდილი და ნასწავლი იქნებაო.

გავიდა ხანი. ერთხელ მამა ეუბნება შვილს: აბა, შვილო, ახლა მომატებული ჯაფა და შრომა გმართებს, ოჯახი ფეხზე უნდა დააყენო, წავიდეთ, სამუშაო ვიშოვით, ბარაქიანი შრომით ხარჯები ავანაზღაუროთო.

ცოტა თუ ბევრი სიარულის შემდეგ მიადგნენ ერთ ტყეს. მამამ უთხრა შვილს: შვილო, სიარული მიჭირს, შედი ტყეში, მშველელი გამომიყვანეო.

შევა შვილი ტყეში. აქეთ-იქით აწყდება, ეძებს, მაგრამ ტყეში ვერავის ნახავს და ცარიელი გამოვა.

– ეს უბრალო საქმე გაგიჭირდაო, – მამამ უთხრა, – აბა, წადი, შენ ცოლსა ჰკითხე, ის გასწავლისო.

წავიდა ბიჭი, მაგრამ აზნაურის ქლმა პირი დააღო და ვერაფერი ურჩია ქმარს.

გაჯავრდა მამათილი და ეუბნება შვილს: ახლავე გაუშვი, ეგ ქალი ჩვენს ოჯახს არ გამოადგებაო.

დაღონდა ვაჟი მეტისმეტად, მაგრამ მამისა დიდი ხათრი ჰქონდა, შესვა ქალი ცხენზე, მისი მზითევი ურემზე დააწყო და მიუყვანა სიმამრს.

წავიდა მამა, ორი იმდენი ფული დახარჯა და მოიყვანა რძლად თავადის ქალი.

რამდენიმე ხნის შემდეგ მამამ უთხრა შვილს: შვილო, ქალაქში წადი, ჩვენი ნახელავი წაიღე გასაყიდად, მაგრამ გზაზე სიარული რომ არ გაგიჭირდეს, ბაზარზე გაიარე და ორ კაპიკად ცხენი და მისი უნაგირი იყიდეო.

გაცეცხლდა ვაჟი: მამასხარავებ, მამაჩემო, ორ კაპიკად ცხენი და უნაგირი ვინ უნდა მომცესო?

– ჰკითხე შენს ცოლს, ის გეტყვისო.

თავადის ქალი თვალებს აცეცებს აქეთ-იქით, ჯავრობს: ეგეთი ცხენ-უნაგირი მამაჩემის სახლში არც მინახავს და არც მეკადრებაო.

ახლავე გაუშვი ეს ქალიც, – მამა ეუბნება ვაჟს, – თორემ წავალ და გადავიკარგები.

რა ექნა ბიჭს? ბარემ არ უნდოდა, მაგრამ მეორე ცოლიც გზას გაუყენა. მამამ ახლა სამი იმდენი ფული დახარჯა და ხელმწიფის ქალი მოუყვანა ცოლად თავის პირმშოს. ცხოვრობენ კარგად.

ერთხელ მამა და შვილი ყანაში წავიდნენ სიმინდის სატეხად. დიდი აღმართი ჰქონდათ ასავლელი.

– შვილო, გზა დიდია და ან მე ამეკიდე, ან მე აგეკიდებიო, – მამამ უთხრა.

შვილი გაშტერებული უყურებს და უარზეა. როგორც იქნა ავიდნენ ყანაში. ყანა ისეთია, ავ თვალს არ დაენახვება. მამა ამბობს: ამ ზამთარს რა გვეშველება, ეს ყანა სანახევროდაც რომ არ არის მოსულიო.

– რას ამბობ, მამი, ჩვენი ყანის ნახვას არაფერი სჯობს, შენ ამბობო, სანახევროდაც არ მოსულაო!

– რაკი შენ ვერ გაგიგია ამ ყანის ამბავი,წადი, ჰკითხე ცოლსა, იმას მაინც ეცოდინებაო.

მივა ქმარი თავის ცოლთან, ეკითხება, ცოლი კი ჯავრობს: მამაჩემის სახლში განა გულთმისნობას მასწავლიდნენო. მაგაზე ფიქრი სულაც არ მეკადრებაო.

ტირის ეს ბიჭი, თავში იცემს: მამამისი მესამე რძალს უშვებს სახლიდან.

– კარგიო, – ვაჟმა უთხრა, – წავალ, ჩემი გუნების ქალს მე ტვითონ მოვძებნი. იმას კი აღარ შეველევი, ან სულ გადავიკარგები აქედანაო.

იარა, იარა და მივიდა ეს ბიჭი ერთ სოფელში. ღამეა და ერთი გლეხის სახლში სინათლე ბჟუტავს. მივიდა ეს ბიჭი, შეეხმაურა: მასპინძელო, ღამე გამათევინე, შორეული მგზავრი ვარო!

გაუღო კარი გლეხის ქალმა: მობრძანდი, სტუმარი დალოცვილიაო.

შევიდა ეს ბიჭი. ქალის ზის და მატყლს ართავს, უყურებს ბიჭი და თვალში მოსდის ეს ქალი, მაგრამ ფიქრობს: რად მინდა ტყუილად მაგის ცდვაში ჩავდგე, მამაჩემი მაინც არ დამიყენებს. სადაც მეფის, თავადის და აზნაურის ქალები დაიწუნა, ამ უსწავლელ გლეხის ქალს რას გააჩერებსო.

– რას ოხრავო? – ჰკითხა ქალმა ბიჭს.

– ე, ჩემი საქმე წასულია, ამაჩემი ცოლებს არ მიყენებს სახლშიო.

– რათაო?

– რათა და, – უამბო ამ ბიჭმა თავისი ცოლების ამბავი.

ქალმა გაიცინა: არც შენ ყოფილხარ ჭკვიანი და ცოლებიც სულელები გყოლია. აბა, ყური დამიგდე: მამამ რომ გითხრა, ტყიდან მშველელი გამომიყვანეო, მოუჭრიდი კარგ შინდის ჯოხსა და მშველელიც ის იქნებოდაო. ორ კაპიკად ცხენსა და უნაგირს არავინ მოგყიდდა, მაგრამ ღვინოსა და პურს კი იყიდდი, იქ იქნებოდა შენი მატარებელი ცხენიცა და უნაგირიცაო. მამასენმა რომ გითხრა, გზა გრძელია, ან შენ ამეკიდე, ან მე აგეკიდებიო, გეთქვა კარგი ზღაპარი გზაზე, ან მამაშენისათვის დაგეგდო ყური და გზაც შეგიმოკლდებოდათო.ყანაზე რომ გითხრა მამაშენმა, სანახევროდაც არ არის მოსული, რატომ დაგავიწყდა, რომ ვალი გქონდათ და ნახევარი ამ ვალის დაფარვას უნდოდაო!

წამოხტა ვაჟი, ეხვეწება: სენს მეტი ცოლი არ მინდა, ჭკვიანიცა ხარ და ლამაზიცო!

წამოჰყვა ის ქალი შინ. ცხოვრობენ ტკბილად და უდარდელად.

ერთხელ მამა-შვილი მეფემ დაიბარა. შეუკვეთა სახლის აშენება. ააშენა დურგალმა სახლი; მაღალი ბოძის წვერზე ტრიალებს სახლი, მის ნახვას არაფერი სჯობს.

აივსო გაუმაძღარი მეფის გული შურით: ეს სახლი ასეთი კარგი ამიშენა, ვინ იცის, წავა და სხვას კიდევ უკეთესს აუშენებსო. ან არადა სხვას რად უნდა ჰქონდეს ჩემისთანა სახლიო.

იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა, მოეკლა დურგალიცა და მისი შვილიც. მოხუცი დურგალი დიდი გონების კაცი იყო.

– აი, შენი ცოლის ჭკუა და მოხერხება სად გვჭირდება, ის თუ გვიშველის, სხვა ვერავინო, – უთხრა შვილს.

ადგა და გააჩერა ის სახლი დურგალმა, მეფე ეკითხება, რა ვქნა, ეს სახლი რატომ აღარა ტრიალებსო?

დურგალმა უთხრა: შინ დამრჩა უმართ-სამართი, სანამ იმას არ მოვიტან, ეს სახლი ვერ მომართება რიგზეო.

– ვერ გაგიშვებთ შენა და შენს შვილსაო, – მეფემ უთხრა.

– ბატონი ბრძანდები, შენი შვილი წავიდეს, მე ჩემ რძალთან სიტყვას დავაბარებ და ის გამოატანს უმართ-სამართსაო.

წავიდა ხელმწიფის ვაჟი. მივიდა დურგლის რძალთან და ეუბნება: მამამთილმა შემოგითვალა: ხელმწიფეს სახლი ავუშენე, მაგრამ უმართასართსა მთხოვს და, აბა, შენ იციო.

მიხვდა ჭკვიანი რძალი. შეიპატიჟა ხელმწიფის ვაჟი სახლში, ჩაკეტა მაგრად ცხრაკლიტულში და ხელმწიფეს შეუთვალა: თუ ჩემი ქმარი და მამამთილი ახლავე თუ არ გამოგიშვია ჯორკიდებული ოქროთი, შენ შვილს შავ დღეს დავაყენებო, მძევლადა მყავსო.

მეტი რა ღონე ჰქონდა ხელმწიფეს, გამოუშვა მოხუცი დურგალი და მისი შვილი. გამოატანა ჯორკიდებული ოქრო.

– ხომ ხედავ, შვილო, ჭკვიანი რძალი რად მინდოდა, – მამამ უთხრა შვილსა. – აკი გითხარი, ჭკვიანი რძალი აავსებს სახლსა, სულელი კი დაავსებს მეთქი.

Advertisements