books

ამ პოსტს წიგნის და ბიბლიოთეკების მოყვარულებს ვუძღვნი… მათ, ვისაც წიგნი სულ “შია” თუმცა, ბიბლიოთეკები ახსოვთ ბნელი, ნესტიანი, წიგნებგაცლილი, უხელფასო, ნერვებდაწყვეტილი, გაავებული ბიბლიოთეკარების ფონზე და ამიტომ ბიბლიოთეკაში სიარულის ჩვევა ან ვერ გამოიმუშავეს, ან გადაივიწყეს…

მე მეორე კატეგორიაში შევდიოდი – მთელი სტუდენტობა ბიბლიოთეკაში, კერძოდ კი მაღლივის ბიბლიოთეკაში გავატარე – სამკითხველო დარბაზში ძალიან კარგი ქალბატონები იყვნენ, მაგრამ სამაგიეროდ იქ ციოდაა, მზე არსაიდან არ ანათებდა დარბაზს, ნესტიანი იყო, წვიმა ჩამოდიოდა….  მოკლედ, ერთი “სიამოვნება” იყო დეკემბრის თვეში იქ ჯდომა და კონსპექტის კეთება (სტუდბილეთი დაკარგული მქონდა, ჩანთასთან ერთად მომპარეს, იმ ავადსახსენებელ ქურდბაცაცობის დროს და აღდგენას არ დააყენეს საშველი, მის გარეშე კი წიგნს ვერ გამოიტანდი, ჩათვლის წიგნაკს არ სცნობდნენ, რატომღაც). ძვლებიანად ვიყინებოდით ხოლმე, მე და ჩემნაირები, ცოცხალ-მკვდარი მიმიტანეს ერთხელ სახლში. 🙂

სტუდბილეთი რომ მეღირსა, უარესი პირველ სართულზე მელოდა, სადაც წიგნების გაცემა ხდებოდა, ჯგუფელები ერთად მივდიოდით და მთელ მოთმინება-გამბედაობას ვიკრებდით, რათა იქ მომუშავე ქალბატონების უხეშობისა და კივილისთვის გაგვეძლო… განსაკუთრებით ერთი იყო, იშვიათი ეგზემპლარი, ორგანულად ვერ იტანდა ვერავის, სისხლში ქონდა გამჯდარი, ლანძღვა-გინება 🙂 (მათ შემყურეს ისევ დარბაზში გაყინვა მერჩია, ძვლებიან-სისხლიანად).

ჩვენ რომ დავამთავრეთ, იმის მერე შეიცვალა კადრი, – ახალი თანამშრომლები სრულიად განსხვავდებოდნენ ძველებისაგან… სასიამოვნო სიურპრიზი იყო ასეთი ცვლილების ხილვა… (დიპლომების აღებამდე ცნობა მივიტანეთ, რომ ბიბლიოთეკის დავალიანება არ გვქონდა და ამის გამო მიგვიწია იქ ასვლა) ბედი უნდა რა ყველაფერს 🙂

ჰოდა ამ და კიდევ სხვა მწარე გამოცდილებებით, აღარც ვეძებდი ბიბლიოთეკებს უნივერსიტეტის დამთავრების მერე, ან ბუკინისტებთან ვყიდულობდი რამეს, ან წიგნების მაღაზიაში (თუ ჩემი ჯიბე კარგ ხასიათზე იყო ოღონდ 🙂 ).

სულ ცოტა ხნის წინ ბიძაშვილმა მითხრა, კარგი ბიბლიოთეკააო მარჯანიშვილზე. დავინტერესდი და ერთად წავედით მე და ბიძაშვილი. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა – შენობა გარემონტებული რა თქმა უნდა, სისუფთავე, სიწყნარე და სიმშვიდე – ის რაც მკითხველს სჭირდება (სითბოც ზამთარში 😉 )

ბიბლიოთეკაში რამოდენიმე განყოფილებაა: ქართული  – აქ ინახება როგორც ქართული ლიტერატურა, ასევე ქართულ ენაზე გამოცემული ყველა წიგნი; საბავშვო – საბავშვო წიგნების დიდი არჩევანის გარდა საუკეთესო გარემოა ბავშვებისათვის, მხიარული, ლამაზი ოთახი, ათასგვარი გასართობით – ასეთი გარემო ნამდვილად საუკეთესოდ აზიარებს და შეაყვარებს წიგნს ბავშვს 🙂 ამასთან, აქ მოზრდილებმსაც შეგვიძლია ბევრი, ჩვენთვის საჭირო რამ ვიპოვოთ 😉 უცხოური – აქ კი უცხო ენებზე გამოცემულ ლიტერატურას ნახავთ, როგორც ჩვეულებრივ ტექსტებს, ასევე ადაპტირებულსაც. მათთვის ვინც უცხო ენას სწავლობს, პირდაპირ მისწრებაა ეს განყოფილება 🙂

წიგნების გატანის წესი კი ასეთია: თითო განყოფილებიდან 4 წიგნის გამოტანა შეგიძლიათ ერთი თვით, ხოლო საბავშვოდან 10 დღით. თუკი ამ დროში ვერ მოასწარით წაკითხვა, ვადის გაგრძელება შეგიძლიათ კიდევ ერთი თვით, ხოლო საბავშვოში, შესაბამისად 10 დღით 🙂

თანამშრომლები კი, მართლაც კარგები არიან, ეს მგონი ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა არ ეშლებათ და კარგ განწყობაზე დაგაყენებენ… 😉

ბიბლიოთეკაში რეგისტრირება და მკითხველის ბარათის შეძენა 3 ლარი ღირს, თუმცა რეგისტრაცია მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებს შეუძლიათ, ანუ ვის პირადობაშიც საცხოვრებელი ადგილი თბილისია მითითებული…

ასევე აქვთ სამკითხველო დარბაზიც (აქ მგონი არ არის საჭირო, თბილისში იყოთ რეგისტრირებული ზუსტად არ ვიცი), ასევე აქვთ ინტერნეტიც და აუდიოთეკაც… ასე რომ ჩემი აზრით, სამი ლარი ნამდვილად არაა ძვირი ამ ყველაფერში… 🙂

ბიბლიოთეკა ტოვსტონოგოვის ქ. №2-შია განთავსებული, უფრო მარტივად ასე მიაგნებთ: დ. აღმაშენებლის 119/1 –შესახვევში, შეუხვევთ და უკვე ტოვსტონოგოვის ქუჩაზე აღმოჩნდებით, ცოტა ზევით აუყევით  ქუჩას და ხელმარცხნივ დაინახავთ დიდ შენობას, მასზე უზარმაზარი აბრსაა – ქ.თბილისის მერიის ცენტრალური ბიბლიოთეკა. აბრაც რომ არ იყოს, მაინც მიხვდებით, რომ ეს ბიბლიოთეკის შენობაა 🙂 მოკლედ, ძალიან უნდა ეცადოთ, რომ ვერ მიაგნოთ ან გასცდეთ 😀

საინტერესო წიგნების აღმოჩენა – წაკითხვას გისურვებთ, მე პირადად 2-3 კვირაში ერთხელ ვსტუმრობ ხოლმე ამ ბიბლიოთეკას და ყოველთვის მიხარია იქ მისვლა… 🙂

Advertisements