Kings Crow2

იყო ერთი ძალიან ახალგაზრდა ხელმწიფე. მამა გარდაეცვალა თუ არა, ხალხმა მაშინვე მეფედ დასვა. ახალგაზრდაც იყო, ძალიან უყვარდა ნადირობა და მოიჩიტა კიდეც ამისთვის. ადრევე შეუდგა საცოლის ძებნასაც.

როგორც სანადიროდ, ისე საცოლის საძებრად ტანსაცმელ გადაცმული, მარტოდმარტო დაიარებოდა. ამ ხეტიალის დროს ერთი ქალწული ძალიან მოეწონა და მის პატრონს თავისი მოურავი გაუგზავნა და სთხოვა, რომ მიეთხოვებინათ თავისი ქალი ყმაწვილი მეფისთვის.

მშობლებმა გაიხარეს, მაგრამ მოურავს სადედოფლომ ჰკითხა:

– რა ხელობის კაციაო?

მოურავმა სიცილით მოახსენა: – მეფეაო!

ქალწულმა გაიკვირვა: – მეფობა რომელი ხელობააო! რისი ოსტატია, რა ხელოსანია, რა ხელობა იცისო?

მოურავმა ხელახლა შესცინა და გაუმეორა: – სახელმწიფოს მართვა-გამგეობა იცის, აი ესაა მისი ხელობაო! მეფეაო!

ქალწულმა გადაჭრით მოახსენა: – მეფობა ვერაფერი ხელობაა. თუ ნამდვილი ხელოსანი არ არის, ვერ წავყვებიო, გინდა მეფეც იყოსო.

ქალწულის მშობლები თავის კანში ჩაითუთქნენ, ხელმწიფის და ისიც ახალგაზრდა და მშვენიერი ყმაწვილის დაწუნება როგორ გაბედა ამ უგუნურმაო?

მეფემ რომ ეს გაიგო, კი არ ეწყინა, პირიქით ჩავარდა ფიქრში:

მართლაც ის კაცი რა კაცია, რომელმაც ერთი რომელიმე ხელობა არ იცის კარგადო? ვინ იცის, როგორ დამჭირდესო? და თავის მოურავს უთხრა:

– ხელობის ცოდნა მეფობას ხომ არ დაუშლის კაცსაო?

მოურავმა მოახსენა: რამდენი მეტი იცის კაცმა, ის სჯობია, რაღა თქმა უნდა, და მეფემ რო ხელობა იცოდეს, ხელს კი არ შეუშლის, პირიქით, ბევრ რამეში წაეხმარება გაჭირვების დროსაო. ვერ შეგბედეთ ხათრით, თუ არა, თქვენმა ძალიან მოწონებულმა ქალწულმა ასე უთხრა მასზე ერთობ გამწყრალ მშობლებს ჩემ წინაშე: – რომ გადააგდოს ხალხმა ხელმწიფე, რა ხელობამ უნდა შეინახოს?

– მართალია! ბრძენი ყოფილა ჩემი არჩეული და უნდა ვისწავლო ერთი ხელობა, მაგრამ რომელი? ესაა ძალიან დამაფიქრებელი!

ვეზირმა მოახსენა: – მე მგონია, რომ ოქრომჭედლობა ყველა ხელობას აჯობებსო.

– არაო! – მიუგო ახალგაზრდა მეფემ, – ნოხის მოქსოვის ხელობა ყველაფერს აჯობებს. რა სჯობია ყვავილების და ფრინველების ასოებით აბრეშუმის ნოხის თაიგულივით აყვავებას და მისი ჩემი სატრფოს შიშველი ფეხებით ტკეპნასო? ჩემი პირველი ხელოვნების ნაყოფი სატრფოს უნდა ვუძღვნაო.

მოურავი აღარ შეეკამათა და მოიხმეს ნოხების, ხალიჩების საუკეთესო მქსოველი. მოურიგდნენ და სასხლეში ასწავლიდა მეფეს ნოხის ქსოვას. პირველი ნოხი, რომელიც მოაქსოვინა სახელოვანმა ოსტატმა შეგირდ მეფეს, სულ სატრფიალო ლექსებით იყო მოქარგული. ლექსები ისე იყო ყვავილებში და ფრინველებში ჩაქსოვილი, რომ ასოების გამოცნობა და ლექსების ამოკითხვა ადვილი საქმე არ იყო.

ეს ნოხი უძღვნა მეფემ თავის სატრფოს, როგორც მოწმობა  ხელობის ცოდნისა; ამ ხელოვნურმა ნამოქმედარმა ქალწული აღტაცებაში  მოიყვანა და არამც თუ თუ თანხმობა განაცხადა მეფის მეუღლედ წაყოლაზე, არამედ მისი ნიჭითაც აღტაცებული დარჩა. მეფური ქორწილი გადაიხადეს.

გამოხდა ხანი. ერთხელ მეფემ ჩვეულებრივ, ტანისამოსი გადაიცვა და მარტოდმარტო სანადიროდ წავიდა. ვერაფერი ვერ მოკლა და ძალიანაც მოშივდა. გავიდა შარაგზაზე და გაფაციცებით ეძებდა, აბა, სადმე დუქანი თუაოა. ბოლოს, დაინახა ერთგან გზის პირას, ამ უსეირ ტყეში, დუქანი და ჯიქურ მიაშურა მას. შევიდა და ჰკითხა:

– სადილი გაქვთო?

– როგორ არაო!

მიკიტანმა ახედ-დახედა. ეტყობოდა რომ მოეწონა და მიუთითა: – მობრძაბდით და სადილსაც ახლავე მოგართმევენო.

მეფე წავიდა ოთახისაკენ. ოთახის წინა პირში, შესაბიჯებელთან ეგო მშვენიერი ნოხი, ოთახი მშვენივრად იყო მოწყობილი. მეფემ თქვა გულში: საჩემო ბინაც ეს არისო და შეაბიჯა ოთახში. ფეხის გადადგმა და იატაკის ჩამტვრევა ერთი იყო. უშველებელ და მაღალ ორმოში ჩავარდა მეფე.

მზის სინათლიდან მაღალ ორმოში ჩავარდნილს ყველაფერი შავი კუპრივით მოეჩვენა. როგორც დაეცა ორმოს ფსკერზე, ისე დარჩა, – ვეღარ გაეგო, თუ რა მოხდა იმის თავს. თავბრუსდასხმამ ნელ-ნელა გაიარა, აქ და იქ სინათლეში ლანდებიც მოეჩვენა, მაშინ მივიდა მასთან ერთი კაცი უთხრა:

– შენ რაღა ცოდვის კითხვამ მოგიყვანა ამ სასაკლაოშიო?

– როგორ თუ სასაკლაოშიო?

– შენ, მე, და, აი, ეს კაცი იმისთვის ჩამოგვაგდეს აქ, რომ დაგვკლანო…

– რას ამბობ?! როგორ თუ დაგვკლანო?

– როგორ და ჩვენისთანა ხბორების ხორცით კვებავენ ამ ტყეში გამვლელსა და გამომვლელს, ვინც კი შემოუხვევს ამ ბუნაგშიო.

– კაცის ხორცითაო?

– დიახ, კაცის ხორცით! აქ სასადილოდ მომსვლელი, რომელიც კი მოეწონებათ სასაკლაოდ, ჩვენსავით ჩამოცვივა აქაო. ფული არ ეხარჯებათ ხორცში და არაფერი. მოგებას ისე გაუწუწუკებია ეს კაცისმჭამელი მიკიტნები, რომ ვეღარ იშლიან ხელობას, თუმცა იციან, როცა იქნება, კოკა წყალზე გატყდება და ამდენი ხალხის ცოდვა მოეკითხებათო.

– რათი იცით, რომ ჰკლავენ ადამიენებს და მათ ხორცს…

– შენც ჩქარა გაიგებ… ჯერი ახლა ჩვენ ორთაგანზეა. ჩამოვლენ დაიარაღებული ხალხი  და ხარივით დაგვკლავენ ერთ-ერთს. გაქცევა არ შეიძლება და შებრძოლება. იარაღს სასადილოში ფეხის შემოდგმისთანავე ჩამოართმევენ ხოლმე ხალხს…

მეფეს გული გაუსკდა. ამ ლაპარაკში რომ არიან, ჩამოეშვა ორმოში დაიარაღებული ხალხი. ჩამოსვლისთნავე წააქციეს სწორედ  ის კაცი, ვინც ლაპარაკობდა, გაუკრეს ხელები და გამოსჭრეს ყელი მეფის თვალწინ. მეფემ იკითხა:

– მეც უნდა დამკლათო?

– შენ ვიღას ყვითელი კოჭი ხარ?

– თუ ისეთი ხელობა ვიცი, რომ ერთი ათასად მეტს აგაღებინებთ ჩემი ხელობით, ვიდრე აიღებთ ჩემი ხორცით, მაშინ რას მერჩით? მამუშავეთ, მაცოცხლეთ და თქვენ ფული ხვეტეთ…

– როგორ? შენ რა ხელობა იცი ამისთანაო? – ეჭვის თვალით შეხედეს ახალგაზრდა მეფეს.

– მე მოვქსოვ ისეთ ნოხს, ექვსი თუმანი დაჯდება და ხუთას თუმანს აიღებთ ულაპარაკოდო!

– ნოხში ხუთას თუმანს ვინ მოგცემსო?.. ეგ კაკალი შენს ღორებს დაუყარეო, – და გადაიჭახჭახეს.

– ნუ იჭყანებით!… მე საქმეზე გელაპარაკებით. ვინ გაიღებს ხუთას ოქროს, მაგასაც მე გასწავლითო. ჩემი ხელობა ნაღდია და უსათუო.

– აქ რომ მოგიტანოთ მასალა, გააკეთებ?

– სადაც გინდათ, ჩემთვის სულ ერთია.

– ჩვენთან ტყუილით ფონს ვერ გახვალო.

– ჩემს ხელობას ცრუობა და ჩარჩობა არ ესაჭიროება, ნაღდია და ნამდვილიო.

– რომ ვერ აგვაღებინო ხუთასი თუმანიო?

– თქვენს ხელში არა ვარ? ხომ უნდა დამკლათ, დამკალითო.

– ამით იქნება დროის მოგება გინდაო? იქნება რაღაცას აპირებო?

– ეჭვებს აქ ადგილი არა აქვს. მე ოქროს ხელი მაქვს და ისარგებლეთ. კაცების ხოცვას ჩემი მარჯვენით ერთი ასად ისარგებლოთ, არ გირჩევნიათ?

– აბა, დაგვიწერე, რა და რა იარაღია საჭირო და რა და რა მასალა?

– აი, მაგით გაიგებს ნოხის ყოველი ოსტატი, რომ მე ნოხის საუკეთესო მქსოველი ვარო! –

ეს სთქვა და ჩამოწერა, რა იარაღი სჭირდებოდა აუცილებლად და რა მასალა. ამ დანაწერით იკითხეს და გაიგეს, რომ ამის დამწერი მცოდნე და ნამდვილი ოსტატია ნოხის ქსოვისა და ყველაფერი მოუტანეს.

მეფე შეუდგა ნოხის ქსოვას ჭრაქის შუქზე ორმოში და იმის თვალწინ კი კაცებს ჰკლავენ.

გავიდა ხანი.

მოქსოვა, დაამთავრა. საუცხოვო გამოვიდა, რომ დახედეს ზედ, ამ კაცისმკვლელებმა, თვალები გააცეცეს. არა სჯეროდათ, რომ ეს მონადირე ყმაწვილი ამას გააკეთებდა: ფოთლები, ყვავილები და ფრინველები ისე მიზანშეწონილად და შემაგუებლად იყო თავთავის ადგილზე, რიგზე, ერთმანეთის შეფერებით, რომ ნოხი ცოცხალი ყვავილების წალკოტი ეგონათ და ფრინველებით გადავსებული.

– აბა, ახლა ვინ იყიდის? ვინ მოგვცემს ხუთას ოქროს? სად უნდა წავიდეთ?

ყმაწვილმა მიუგო: – ამ ნოხს უბრალო კაცი ვერ შეიძენს. მიიტანეთ მეფის სასახლეში, საიდუმლოდ, ღამით. ვინც დაგხვდებათ შინ – მეფე თუ დედოფალი, სულ ერთია – მაშინვე იყიდის და ფულსაც, სულ ბაჯაღლო ოქროებს ჩაგიჩხრიალებთ ხელშიო.

წავიდნენ. წაიღეს. ღამით მივიდნენ სასახლეში. კარისკაცებმა ჰკითხეს:

– რა გნებავთო?

– ძვირფასი ნოხი გვაქვს, ახლად-ახლა მოქსოვილი. მეფის ან დედოფლის მეტი ვერავინ შეიძენსო.

მოახსენეს დედოფალს. მიიწვია დედოფალმა დარბაზში. როგორც დახედა ნოხს, მაშინვე მიხვდა, რომ ეს ნოხი მისი მეუღლე მეფის ხელობაა. მეფე კი დაკარგულია. ალბათ ტყვეობაში მუშაობსო, იფიქრა, მაგრამ ენა დაიმოკლა კი არა, შეიკვნიტა…

– აბა, შევიტანო ჩემს საწოლ ოთახში და გავშალო, თუ არგოსო!

– კი, ბატონო, – და მოახლეებმა შეიტანეს ნოხი დედოფლის საწოლ ოთახში. იქ დედოფალს დააგქვიანდა, ის კითხულობდა ნოხის ფრინველებსა და ფოთლებს შორის ჩაქსოვილ ნაწერს. მეფის მთელი თავგადასავალი იქ იყო:

“გადაცმულმა ვინადირე, ვერაფერი მოვკალი. მომშივდა, გზაზე სამიკიტნოში შევუხვიე, ცალკე ოთახში მიმასწავლეს გასვლა. შევდგი ფეხი, ჩატყდა იატაკი, ჩავვარდი უშველებელ და მაღალ ორმოში. ეს ორმო კაცების სასაკლაოა. მეც უნდა დავეკალი და ჩემი ხორცი ულუფად გაეყიდათ მესადილეებზე. ნოხის ხელობა მიშველის, თუ შველაა ჩემთვის. მიეცი ხუთასი თუმანი ოქრო და დაავალე, რომ მე მომიყვანონ მანდ ოთახის გასაზომად, რომ ოსტატის აღებულ ზომაზე გამოგიწყონ დარბაზისთვის ნოხი. შეპირდი ათას თუმან ოქროს. შორიდან და სიფრთხილით თვალყური ადევნონ ადევნონ ჩემმა კარისკაცებმა ამათ და ამათ ამხანაგებს. დაუჩქარეთ, მაგრამ დიდი სიფრთხილით.”

ეს ნოხი ნამდვილი წერილი გამოდგა. დედოფალმა გამოუტანა დარბაზში ხუთასი თუმნის ოქრო და გადასცა ულაპარაკოდ. ახლა დარბაზი დაათვალიერებინა იმ კაცის მკვლელებს და უთხრა:

– აი, ამისთვის მინდა დიდი ნოხი. ათას თუმან ოქროს მოგცემთ, მხოლოდ სწორი ზომა უნდა აიღოთ. მეტ-ნაკლები თუ იქნება, ვერ მივიღებ და დიდი ზარალი მოგივათო. ამისათვის, მე მგონია, თვითონ ოსტატმა უნდა გაზომოს ამ დარბაზის სიგრძე-სიგანეო. ამ რომ დააკლდეს, ან რომ მოემატოს, არაფრად არ ეღირებაო. წინდაწინ ნათქვამი სჯობიაო. აწი თქვენ იცითო. ათასი თუმნები ტყუილ-უბრალოდ, თქვენც დამეთანხმებით, არ გადაიყრებაო.

ათასი თუმნის გაგონებაზე კაცისმკვლელბმა ერთხმად დაიძახეს:

– ხვალ ღამით გაახლებთ თვით ოსტატსაო, რომ სწორი ზომა აიღოსო.

ამ ოქროებით გახარებული კაცისმკვლელები გაუშვა დედოფალმა. კარისკაცბი მზვერავებად დაადევნა… მეორე ღამეს მოიყვანეს გადაცმული მეფე, ნოხის ხელობის ოსტატი…

შევიდნენ დაბრაზში, ოსტატმა გაზომა დარბაზი. შემდეგ ოსტატი გავიდა დედოფლის საწოლ ოთახში, გაყიდული ნოხის შესამოწმებლად, – თუ როგორ მოერგო ოთახსაო.

გადაიძრო იქ გადაცმული ტანისამოსი, ჩაიცვა სამეფო ტანისამოსი და ისევ დარბაზში გამოვიდა.

– თქვენ ხართ ნოხის მომტანებიო?

– დიახ, ჩვენ გახლავართო!

– თქვენ იღებთ დედოფლის ახალ შეკვეთას, ათაის თუმნის ნოხისასო?

– დიახ, ჩვენ ვიღებთო!

– ვინ ვარ მე, თუ იცითო?

– მეფე ბრძანდებითო.

– მეტი არაფერი იცითო?

– მეტი რა უნდა ვიცოდეთო?

– ის, რომ მე ვარ იმ ხუთასთუმნიანი ნოხის ოსტატი, რომლის საფასურიც ოქროთი მიიღეთ, თქვენ კი ხართ კაცისმკვლელები, კაცის ხორცისმჭამელები, ავაზაკებო!

უბრძანა თავის კარისკაცებს და ყველა იქვე დაატყვევეს. მოიხმეს კარისკაცებმა ნაზირ-ვეზირები, მოურავი, გამოიწვიეს ჯარიც. ვინც კი იყო ამხანაგი მიკიტნები, ყველა გაკოჭეს და ყველას დახრჩობა გადაუწყვიტეს. ჯარებმა მათი ბუნაგი სრულებით ააფუნდრიავა. ვისაც მიუსრწეს, დასაკლავად გამზადებულს, გაათავისუფლეს. დედოფალმა თავმოწონებით მოახსენა მეფეს:

– ცუდი ვქენი, ხელობა რომ შეგასწავლებინეო?

– მე შენით ვარ ცოცხალი: რომ ხელობა არ მესწავლა, მეფობა ვერაფერს მიშველიდა და დავიღუპებოდიო. შენ ხარ, დიახ, ჩემი სიცოცხლე, – ბარაქალა, ქალოო! ჩემი ხელობა რომ არა, ჩემი ხსენებაც აღარ იქნებოდა ახლაო. მეფობა ვერ მიშველიდა, ხელობამ კი მიხსნაო.

სტილი დაცულია. ჭირი იქა, ლხინი აქა… 🙂

Advertisements