პაბლო პიკასოს “გერნიკა” ომის წინააღმდეგ მიმართული განაცხადია. 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი გაჩაღდა –  უკიდურესი მემარჯვენე ნაციონალისტები, რომელთაც მხარს გერმანელი ნაცისტები უჭერდნენ, მემარცხენე რესპუბლიკელების მთავრობას თავს დაესხნენ. ამ დიდი შოკის მომგვრელი სურათით პიკასოს იმ მსხვერპლისა და ნგრევის ჩვენება სურდა, რაც 1937 წელს ნაცისტთა მიერ რესპუბლიკელთა მხარდამჭერი ქალაქის, გერნიკას დაბომბვას მოჰყვა.

რესპუბლიკელთა მთავრობამ პიკასოს პარიზის დიდი გამოფენისთვის დიდი ტილოს დახატვა სთხოვა. თავდაპირველად პიკასომ არ იცოდა, რა დაეხატა, მაგრამ დაბომბვიდან 5 კვირაში “გერნიკა” უკვე მზად იყო. სურათმა პარიზში არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო, ვინაიდან ბევრი მას ძნელად გასაგებად თვლიდა. მოგვიანებით რესპუბლიკელების ინიციატივით სურათმა სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურა, რათა მას მსოფლიო ხალხების თანაგრძნობა მოეპოვებინა.  ინგლისში საგამოფენო დარბაზში შესვლის საფასური ძველი ჩექმები იყო, რომლებიც რესპუბლიკელთა ჯარს ეგზავნებოდა.

გერნიკა…

პიკასო ფიქრობდა, რომ ხელოვნებას მოვლენებზე რეალური ზემოქმედება შეეძლო. 1945 წელს მან განაცხადა: “სურათები  ბინების მოსართავად როდი იქმნება. ესაა საომარი იარაღი, რომელიც ,  მტერზე თავდასხმისა  და მტრისგან თავდაცვისთვის გამოიყენება.”

“გერნიკა” სავსეა სიმბოლოებით. პიკასოს არ სურდა, რომ მათი  მნიშვნელობა  აშკარა ან სწორხაზოვანი ყოფილიყო და არც მათი ახსნა უყვარდა. თუმცა, ეს კი განაცხადა: “ცხენი ადამიანებს ნიშნავს, ხარი კი –  სისატიკესა და სიბნელეს.”

მარცხნივ ვხედავთ ხარს, რომელიც უყურებს, როგორ დასტირის დედა დაღუპულ შვილს. მიწაზე მკვდარი ჯარისკაცი გდია, იქვე ცხენი მოჩანს, რომელსაც შუბი აქვს  მოხვედრილი. მარჯვენა კუთხეში, ფანჯრიდან  შიშისგან თავზარდაცემული  ადამიანის სახე იყურება. ერთი ქალი გაქცევას ცდილობს, მეორე კი ყვირილით ვარდება ცეცხლმოკიდებილი სახლიდან.კუთხოვანი ფიგურების მკვეთრი კონტურები გარშემო გამეფებულ საყოველთაო ნგრევას უსვამს ხაზს. სახეები დამახინჯებულია და   მათზე დიდი ტკივილი  და ტანჯვაა ასახული.

სინათლისა და სიბნელის მკვეთრი მონაცვლეობით მხატვარი ბომბების  აფეთქებებზე მიგვითითებს. ფერების სიმცირე სურათს გაზეთში დაბეჭდილ ფოტოსურათს ამსგავსებს.

გერნიკას დაბომბვამდე პიკასო აცხადებდა, რომ პოლიტიკური მხატვარი არ იყო, მაგრამ დაბომბვის შემდეგ როგორც ჩანს, მან აზრი შეიცვალა  მისი თქმით, სურათი “გერნიკა” ხალხისადმი მოწოდებას, პროპაგანდას შეიცსვდა. ტილო ისეთი დიდი იყო, რომ პიკასოს სახელოსნოში ძლივს ეტეოდა. პიკასოს მიზანი იყო, მონუმენტურ, დიდ ტილოს, მასზე გამოსახული წამების სცენებით მნახველზე ძლიერი შთაბეჭდილება მოეხდინა. სხვადასხვა ქვეყნის დახმარების მიუხედავად, რესპუბლიკელები დამარცხდნენ და ესპანეთში დიქტატურა დამყარდა. პიკასოს სურდა , რომ სურათი ესპანეთში მხოლოდ დემოკრატიის აღდგენის შემდეგ გამოეფინათ.  ეს 1975 წელს მოხდა და “გერნიკა” დღესაც მადრიდშია გამოფენილი.

Advertisements