მეტრო, ყველაზე იაფი და შედარებით პრაქტიკული საზოგადოებრივი ტრანსპორტია მთელ მსოფლიოში, ჩვენი თბილისის მეტროს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ადამიანი გადაჰყავს დანიშნულების ადგილზე.

ამჟამად თბილისის მეტროში 22 სადგურია განლაგებული ორ ხაზზე — დიდუბე-სამგორისა და საბურთალოს ხაზები. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორაციით გამოირჩევა. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება როგორც ძველი “ე” ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ვაგონები, ასევე შედარებით ახალი ტიპი 81-717/714. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო, „ელექტრო დეპო“ და „გლდანის დეპო“.

2005 წელს მეტრომ დაახ. 105,6 მილიონი ადამიანი გადაიყვანა. ექსპლოატაციაში 186 ვაგონია და ორი დეპო. პლატფორმები ხუთ ვაგონს იტევს, თუმცა მხოლოდ 4 და 3 ვაგონიანი ეშელონები გამოიყენება პირველ და მეორე ხაზებზე შესაბამისად. ერთი მგზავრობის საფასური 40 თეთრია მთელი მგზავრობის პერიოდისთვის (სტუდენტებისათვის მგზავრობის ღირებულება შეადგენს 20 თეთრს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის – 10 თეთრს, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მგზავრობა უფასოა). ვაგონების სამუშაო საათებია დილის 6:00-დან ღამის 00:00-მდე, ვაგონთა შორის 4 წუთიანი და 2,5 წუთიანი (პიკის საათებში) ინტერვალებით.

ამჟამად თბილისის მეტროს სისტემა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის პროცესშია: აღდგენილია სადგურების უმრავლესობა და განახლებულია ელმავალ-ვაგონები. ქალაქის ბიუჯეტმა 2006 წელს პროექტისთვის 16 მილიონი ლარი გამოყო. 2005 წლიდან თბილისის მეტროს გენერალური დირექტორია ზურაბ კიკალიშვილი.

სისტემას სამომავლოდ განვითარების მასშტაბური გეგმა აქვს. მასში შედის მესამე ხაზის დამატება, რომელიც ვაკის რაიონს მოიცავს. ამით მას ტიპიური საბჭოთა ქალაქის სამკუთხა სამხაზიანი ცენტრში გადაკვეთილი ექვს ფრთიანი განლაგება ექნება. თუმცა მშენებარე სადგურების უმრაველოსობა ჯერჯერობით გაყინულია.

Advertisements