უკვე  8  წელია, რაც ის “ბასელონაშია”.  2003-2004 წლებში არგენტინელი კატალონიური გუნდის მეორე გუნდში თამაშობდა. 2004 წლიდან კი  პირველ გუნდშია და მატჩიდან მატჩამდე იზრდება. “ბარსელონას” ხელმძღვანელებს ლეო მესის შეძენა კლუბის ყოფილმა მწვრთნელმა, კარლეს რექსაჩმა ურჩია, რომელიც იმ დროს სელექციონერი გახლდათ.

13 წლის არგენტინელის ფეხბურთი რექსაჩმა არგენტინაში იხილა და მიხვდა, რომ მსოფლიოს მომავალი ვარსკვლავის თამაშს უცქერდა. 2003 წლის 16 ნოემბერს “პორტუსთან” მატჩში ლეო მესის ოფიცილური დებიუტი შედგა. ის 16 წლის და 145 დღის იყო. 2004 წლის 16 ოქტომბერს კი პირველად ითამაშა პრიმერა დივიზიონში, “ესპანიოლის” წინააღმდეგ. 2005 წლის 1მაისს, 17 წლის, 10 თვის და 7 დღის მესიმ “ალბასეტესთან” მატჩში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც “ბარსელონას” მაისურით გამოიჩინა თავი. 2007 წელს არგენტინელის რეკორდი ბოიან კრკიჩმა გააუმჯობესა. სხვათაშორის მან გოლი მესის პასით გაიტანა

2005-2006 წლების სეზონში, როცა “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა თასიც აღმართა, ლეო მესი ტრავმებმა გატანჯა. ბოლო რამდენიმე თვე მას საერთოდ გაუცდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში, ლონდონის “ჩელსისთან” შეხვედრისას ბარძაყის კუნთი დაეჭიმა. სწორედ იმ სეზონის მსვლელობისას გააფორმა თავდამსხმელმა ახალი კონტრაქტი, რომლის მისედვით კლუბში 2014 წლამდე დარჩება. მას შემდეგ, ლეო სხვა დიდმა გუნდებმა მიიწვიეს.  თუმცა არგენტინელმა ყველა გუნდის შემოთავაზებაზე  უარი თქვა და დღემდე კატალონიელთა  ერთგულია. 2007 წლის 10 მარტს, მორიგი “ელ კლასიკოს” დროს, ლეო მესიმ ჰეთ-თრიქი  შეასრულა, შეხვედრა კი ფრედ, 3-3 დასრულდა, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსელონა”-“რეალის” შეხვედრაში გამოიჩინა თავი და ამავდროულად, “ბარსელონას” პირველი მოთამაშე რომარიოს შემდეგ, ვინც “სამეფო” კლუბის კარი ერთ შეხვედრაში სამჯერ დალაშქრა. თითქმის ერთი თვის შემდეგ, 2007 წლის 18 აპრილს , თასის გათამაშების ნახევარფინალში, ლეომ “ხეტაფეს” გაუტანა გოლი, რომელმაც გულშემატკივრებს დიეგო მარადონას მიერ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრების კარში გატანილი გოლი გაახსენა. მას შემდეგ ლეო მესის მუდმივად ადარებენ მარადონას, თავად დიეგომ ერთხელ თქვა კიდეც, მესი ჩემზე დიდი ფეხბურთელი დადგებაო. მესი თითქმის ყველა თამაშში საოცრებებს ახდენს. მის მიერ შეგდებულ ულამაზეს გოლებზე და საოცარ პასებზე რომ არაფერი ვთქვათ, მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ 2009 წლის 1 თებერვლისთვის, 28 შეხვედრაში 25 გოლი ჰქონდა გატანილი. 2009 წლის 1 თებერვალს, პრიმერა დივიზიონის  მორიგ ტურში, “ბარსამ” სანტანდერის “რასინგს”  2-1 სძლია. ლეომ დუბლი შეასრულა, მისი მეორე გოლი კი, ლა ლიგაში კატალონიური გრანდისთვის საიუბილეო, მე-5000 გამოდგა.

Advertisements