კარლეს პუიოლ საფორსადა, “ბარსელონას” კაპიტანი, ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთ  საუკეთესო  კლუბში უკვე 400-ზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ამ გუნდის ერთ-ერთი ვეტერანი, ის  კამპ ნოუზე 1999 წლიდან თამაშობს. 17 წლის იყო, როცა “ბარსელონას” მეორე გუნდში ჩაირიცხა, მანამდე მშობლიურ ქალაქში, ლა პობლა დე სეგურში, ამავე სახელწოდების კლუბში თავდამსხმელად თამაშობდა. დაცვაში პუიოლმა მხრის ტრავმის შემდეგ გადაინაცვლა.

“ბარსელონაში” ჯერ მარჯვენა მცველი იყო, ხოლო მოგვიანებით, ცენტრალურ მცველად მოგვევლინა. 1999 წლის 2 ოქტომბერს, კარლეს პუიოლმა პირველად იასპარეზა პრიმერა დივიზიონში. ლუის ვან გაალის  “ბარსელონამ” იმ შეხვედრაში “ვალიადოლიდი” 2-0 დაამარცხა, დებიუტანტმა კი პორტუგალიელი სიმაო საბროსა შეცვალა და “ესტადიო ნუევო ზორილიაზე” 35 წუთი ჩაატარა. მას შემდეგ კარლესი, რომელსაც  “ბარსელონას”  გულშემატკივრებმა მეტსახელად “ზვიგენი” შეარქვეს, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. 2008 წლის 16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაში ლისაბონის სპორტინგის წინააღმდეგ, პუიოლმა საიუბილეო მე400 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე მეტჯერ, 548-ჯერ, 1973-1989 წლებში მიგელმა ითამაშა. კარლეს პუიოლი  “ერთგულთა სიაში ” მიგელის, ჩავის, კარლეს რექსაჩის და გილერმო ამორას მხარდამხარ საუკეთესო ხუთეულშია.

2001-2002 წლების სეზონში, პუიოლმა კლუბში პირველი გოლი გაიტანა. ლა ლიგაში, “კამპ ნოუზე” , “ვალიადოლიდის” კარი დალაშქრა. 2002 წლის 26 ოქტომბერს, პრიმერა დივიზიონის მე-7 ტურში, “ალავესთან” მატჩის დროს, პუიოლმა პირველად მოირგო კაპიტნის სამკლაური, პირველი კაპიტანი ლუის ენრიკე შეცვალეს, მან სმკლაური, ვიცე კაპიტან ფილიპ კოკუს გადსცა,  რომელმაც მინდვრიდან გასვლის წინ, თავის მხრივ, “გუნდის თავობა” პუიოლს მიანდო. 2004-2005 წლების სეზონის დაწყების წინ, “ბარსელონა” ლუის ენრიკემ და ფილიპ კოკუმ დატოვეს, 28 ივლისს კი, კარლს პუიოლი ოფიციალურად დაამტკიცეს კატალონიური გრანდის კაპიტნად. ამ რანგში მისი დებიუტი, პირველივე ტურში, სანტანდერის “რასინგთან” შეხვედრაში შედგა. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში პუიოლმა 2000 წელს სიდნეიში გამართული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2008 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ამას გარდა, 2002 და 2006 წლების მსოფლიოს და ევროპის 2004 წლების ჩემპიონატებზე ითამაშა, რაც ყველაზე მთავარია მან შეძლო გამარჯვების მოპოვება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. 2006 წელს უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის შედეგებზე დაყრდნობით, “ბარსელონას” კაპიტანი ევროპის საუკეთესო მცველად დაასახელა. 2002, 2005, 2006 და 2008 წლებში კარლეს პუიოლი  უეფა-ს მიერ შედგენილ ევროპის ნაკრებში, 2008 წელს კი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

Advertisements