charlesiv_3

გამარჯობა ძვირფასო მკითხველო… დღეს გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ ერთი პატარა ჩეხური თქმულება, ალიოს ირასეკის წიგნიდან, “ძველი ჩეხური თქმულებანი”… ამ წიგნს შემთხვევით გადავწყდი ბიბლიოთეკაში და სხვათა შორის, პირველი მკითხველი აღმოვჩნდი, ვინც ის გამოიტანა… 🙂

ადრეც ვისაუბრე იმაზე, რომ თქმულებები, მითები, ლეგენდები, ზღაპრები – ეს ყველაფერი ერის კულტურიდან, ცნობიერებიდან, მისი ისტორიიდან და ცხოვრების წესიდან მოდის… ამიტომ დამაინტერესა ამ წიგნმა და ზოგიერთ თქმულებას შემოგთავაზებთ თქვენც… მაშ ასე, მოდი, უფრო ახლოს გავიცნოთ ჩეხები 😉 მთარგმნელის სტილი დაცულია მაქსიმალურად.

როდესაც მეფე სვატოპლუკი* უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მორაველებმა გადაწყვიტეს აერჩიათ ქვეყნის სხვა გამგებელი. დაიწყეს ძებნა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მეფის ტახტის ღირსი.

იმ დროს პრეშოვში, ხროპინის ციხე-სიმაგრეში ცხოვრობდა, დიდი მამულის მფლობელი ზემანი**, კაცი პატივცემული მეზობლებისაგან და საყვარელი ხელქვეითთათვის. ლმობიერად და ადამიანურად ექცეოდა იგი ყველას. ბუნებით ჭკვიანი, ბრძნულად და სამართლიანად სჯიდა მათ საქმეებს. მოილაპარაკეს ზემანებმა და პანებმა***

რად უნდა ვეძებოთ სხვაგან მმართველი, როდესაც ასეთი ჩვენს შორისაც არის?

ერთსულოვნად, უკამათოდ და ყოველგვარი უთანხმოების გარეშე აირჩიეს მეფედ ხროპინელი ზემანი. მათ არჩევანი მოიწონეს და მთელ ჩეხეთში და ყველა შეხაროდა ახალ მეფეს.

მორავიის სამეფოს ყველა კუთხეს რომ გასცნობოდა, შეუდგა მეფე თავის სამშობლოში მოგზაურობას. ყველანი დიდებითა და ზეიმით ხვდებოდნენ, – სამხრეთ მორავიაში, სადაც ვენახი ხარობს, კურთხეულ განაში,**** ჩრდილოეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებში, ტყით შეფენილ ბორცვებს შორის ფართოდ გადაშლილ ხეობებში. ყველგან ცდილობდნენ ესიამოვნებინათ მისთვის; პანები და ზემანები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტად მოიგებდა მეფს გულს. ეფარისევლებოდნენ, ელაქუცებოდნენ, სთავაზობდნენ საჩუქრებს, აწყობდნენ გაერთობებს, მართავდნენ ნადიმებს. ხროპინში რომ დაბრუნდა, მეფემ მოიწყინა, ციხე-სიმაგრე მეტიესმეტად მიყრუებუად და გამოცარიელებულად მოეჩვენა; არაფერი უამებდა გილს, თვით ნაზი, მოსიყვარულე ცოლის ალერსიჩ კი. გართობა და ლხინი ენატრეობდა. ბოლოს მოიხმო კარის მსახურნი, უბრძანა, გაემართათ ნადმი და წარჩინებული სტურებიც ბლომად მოეწვიათ.

ძვირფას ბეწვშემოვლებულ ტანსაცმელში გამოწყობილი, მოელვარე ხმალ-ხანჯალასხმული, ფარშავანგის ფრთიანი ძვირფასი ქუდებით მორთული, ოქრომკედით მოქარგული ყაჯარგადაფარებული მშვენიერი ბედაურებით მოეშურებოდნენ პანები და ზემანები ხროპინის სასახლეში. მორავიის ყოველი მხრიდან მოდიოდნენ. იმდენი იყვნენ, რომ ძლივს დასტიეს სასახლეში. მხლებლებმა და ცხენებმა მთელი ქალაქი დაიკავეს.

სასახლეში ნადიმი ნადიმს მოჰყვა, მხიარულება მხიარულებას. ამის შემდეგ, თანახმად მეფის სურვილისა, ხშირად იკრიბებოდნენ სტუმრები სასახლეში. ისმოდა მხიარული სადღეგრძლოები, ეწყობოდა გართობანი და შეჯიბრებები. ღვინო ჩქფდა შადრევანივით.

dom-olomouc

გლეხები საღამოთი მინდვრის სამუშაოებიდან შინ რომ ბრუნდებოდნენ, ხროპინის სასახლეში უკვე გახურებული ქეიფი იყო, ისმოდა ჭიქების წკრიალი, გაჩირაღდნებული დარბაზებიდან სუფრული სიმღერები რაკრაკებდა. როდესაც მძიმე მუშაბის შემდეგ შევენებული გხლეხკაცი დილაარიან კვლავ მინდორს უბრუნდებოდა, სასახლეში კვლავ გრძელდებოდა მხიარული ნადიმი.

დაღვრემილი გლეხები უკმაყოფილოდ შესცქეროდნენ მეფის სასახლეს – საეჭვოა, სახელმწიფოს ასეთ მართვა- გამგებლობას კეთილი ბოლო ჰქონდესო. იგონებდნენ დედოფალს, რომელიც სულითა და  გულით ებრალებოდათ, რადგან იცოდნენ, რა მძიმ იყო მისი ცხოვრება, რა აუტანელ მდგომარეობაში იყო იგი. იცოდნენ, როგორ არიდებდა თავს ზეიმებს და გართობებს, რომლებიც დიდად ეჯავრებოდა.

ხალხი ტყუილუბრალოდ არ ღელავდა. ასეთი მხიარული ცხოვრებისთვის მეფეს არამცთუ საკუთარი, სახელმწიფო ქონებაც კი აღარჰყოფნიდა. დაუწყო ხალხს სულ ახალ-ახალი, სულ უფრო და უფრო დიდი გადასახადებით დაბეგვრა, ამკრებებს კი უბრძანა, შეღავათი არავისთვის გაეწიათ და, ვინც გადასახადზე უარს განაცხადებდა, მკაცრად დაესაჯათ.

ხროპინის ციხე-დარბაზს  ხალხი უკვე შიშით კი არა, ზიზღითა და რისხვით შეჰყურებდა. ყველა უჩიოდა მეფეს, ლანძღავდა მას, დედოფლისადმი ერთგულება კი უცვლელი დარჩა. მღელვარებით ჰყვებოდნენ, როგორ ემუდარებოდა თურმე დედოფალი მეფეს, როგორ ურჩევს, ნუ სტანჯავ და ავიწროებ ღარიბებსო.

ყოველივე ეს სრული ჭეშმარიტება იყო, მაგრამ არავის უნახავს დედოფლის ცრემლები , რომელსაც მარტოობაში მალულად ღვრიდა, არავინ იცოდა, როგორ სწუხდა იგი თვით მეფეზე და მისდამი ღრმა სიყვარულით შთაგონებული, როგორ ევედრებოდა, ლმობიერება გამოეჩინა. როგორ უყვიროდა მეფე და უხეშად იცილებდა თავიდან, თავჩაქინდრული და ათრთოლებული როგორ გამოდიოდა მისი დარბაზდან გულმოკლული დედოფალი, თვალთ როგორ უბნელდებოდა ცრემლისა და სიცხვილისაგან.

ერთხელ, როცა მეფემ ხალხს მძიმე გადასახადი კვლავ შეაწერა და დედოფალმა ისევ დაუწყო ხვექნა, მოეღო მოწყალება, განრისხებულმა მეფემ გაშმაგებით იძრო ხმალი და ცოლს ისეთი გამალებით დეადევნა, რომ ქალმა ძლივს გაასწრო კარებში.

გაცოფებულმა მეფემ ბრძანა, სასწრაფოდ მოაშორეთ დედოფალი სასახლეს, თვალით არ დავინახოო. მერე ფანჯარაში გაიხედა, ჩემი ბრძანება შეასრულეს თუ არაო, და, როცა თვალი მოჰკრა გაუბედურებულ დედოფალს, უარესად გაცოფდა, გამოვარდა დარბაზიდან და ხმალამოღებული გამოუდგა ცოლს. საბედნიეროდ დედოფალმა დროზე შეამჩნია ადევნებული მეფე, მაგრამ არსად და არავისთან შეეძლო თავი შეეფარებინა. შიშატანილი იხედებოდა აქეთ-იქით, ეზებდა თავშესაფარს. გზის პირად მოჩანდა მხოლოდ დამწიფებული პირად მოჩანდა მხოლოდ დამიწფებული წერის ყანა – ვრცელი და ბარაქიანი ყანა – გრძელულვაშა, მზეზე მბზინავი ურიცხვი თავთავებით.

გაიწ-გამოიწია ვრცელი ყანის ზედაპირი. თავთავები შეირხა და მათზე გაიქროლა დედოფლის ოქროსფერმა თმამ. მირბოდა იგი ყანაში და უცებ გაჰქრა, თითქოს შთაინთქა ოქროს მორევში. წამსვე მიწყნარდა ტალღები. ყანის ზედაპირი შრიკრა. ყველაფერი მიჩუმდა, ისეთი სწიყნარე ჩამოვარდა, როგორც ზღვაზე იცის უქარო მყუდრო ამინდში. მიირბინა მეფემ, დიდხანს ათვალიერა იქაურობა, ცოლს ეძებდა, სად უნდა წასულიყოო.

დედოფალი სოფლელმა ქალებმა იპოვეს, მის გვერდით კი ჩვილი ბავშვი, რომელიც იქ სეძენოდა. წაიყვანეს სოფელში, მზრუნველობით უვლიდნენ, მეფის ძეს კი ქეროვანი დაარქვეს ნიშნად იმისა, რომ ქერის ყანაში დაიბადა.

როცა ხროპინის მთავარმა შეიტყო, სად აფარებდა თავს მისი ცოლი, საკუთარი შვილიც კი არ შეიბრალა, უბრძანა, დედა და შვილი ხროპინიდან გააძევეთო. ჯარისკაცებმა წაიყვანეს ისინი შორეულ მხარეში და კაცმა არ იცოდა, სად.

მაგრამ მომხდარი ამბავი არ ასვენებდა მეფეს, სულ თვალწინ ედგა უდანაშაულო ცოლის ნაწამები სახე, ხშირად ფიქრობდა თავის ერთადერთ ვაჟიშვილზეც და ბოლოს, როცა ნადიმები და ფუქსავატური დროსტარება მობეზრდა, ცოლ-შვილზე მძიმე ფიქრები დაეუფლა მთელ მის არსებას.

ისეთმა დარდმა მოიცვა, რომ ბევრი აღარ დაუყოვნებია, გაგზავნა კაცები ცოლისა და ვაჟის მოსაძებნად და ხროპინის სასახლეში დასაბრუნებლად.

შეწუხებული დაბრუნდნენ გაგზავნილი კაცები – დედოფალი ვერსად იპოვეს; ძლიერ ეწყინა მეფეს, როცა გაიგო, რომ დედოფალი და უფლისწული უკვალოდ დაიკარგნენ.

3_8 მაშინვე შესძრა მთელი ხალხი და ყოველ კუთხივ გაგზავნა საძებნელად. პირველი წავიდნენ ხროპინის მცხოვრებნი, მათ მიჰყვა მთელი პრშეროვის მოსახლეობა. ყველა ხალისითა და დიდი სურვილით მიდიოდა, რადგან ყველას უყვარდა კეთილი დედოფალი. თვითონ მეფეც გაემგზავრა თავისი ლაშქრით ცოლ-შვილის საძებნელად. არ დაუტოვებია კუთხე თავისი ასმეფოსი, სულ შემოიარა მთა და ბარი, ეძებდა სოფლებში, ქალაქებში, ტყეებსა და გამოქვაბულებში, ვიდრე არ მიადგა ერთ ვეებერთელა უღრან ტყეს ზაბორის მთაზე.

აქ, ბნელ გამოქვაბულში გრძელქვერიანი ჭაღარა განდეგილი შეხვდა; ჰკითხა მეფემ ღვთისმოშიშ მოხუცს, ხომ არა იცი რა, სად იმყოფებიან ჩემი მეუღლე-დედოფალი და ჩემი ვაჟიშვილი ქეროვანიო.

წარსდგა განდეგილი ხროპინის პანის წინაშე, ბრალმდებელივით მკაცრად შეხედა და ასე მიმართა წინასწარმეტყველური სიტყვებით:

შენი ცოდვების და დანაშაულის გამო არა ხარ  ღირსი შენი კეთილშობილი ცოლისა და შენი შვილისა. ვაჟიშვილი გამოასწორებს ამ შენს დანაშაულს. შენ ხარ უბედურება მორავისი ქვეყნისთვის, იგი მისი კურთხევა და ხსნა იქნება. თუ შენ გწყევლიან, იმას ლოცვას დაუწყებენ. იცოდე, მას ვერ იპოვი, თვალითაც ვერ იხილავ. იგი გამოცხადდება და მოვა მაშინ, როცა ჩვენი სამშობლო ყველაზე დიდ განსაცდელში ჩავარდება. მტრები გაქელავენ ჩვენს მიწა-წყალს. ეგონებათ, ახლა კი დადგა დღე ხალხის აღსასრულისაო, მაგრამ ამ დროს გამოჩნდება ქეროვანი თავისი უძლეველი ლაშქრით, განდევნის მტერს და გაათავისუფლებს მორავიას უცხოელთა უღლისაგან. შენ კი წადი ახლა და ცოდვები მოინანიე.

მოსმენილით თავზარდაცემული მეფე სასახლეში დაბრუნდა, მიხვდა თავის დანაშაულს, სინდისის ქენჯნა იგრძნო. გულს უღრღნიდა ცოლ-შვილის დარდი. გულჩათხრობილი და დაღვრემილი დადიოდა მეფე სასახლეში, გაურბოდა ხალხს, მარტოობას ეძებდა. ბოლოს ვერ აიტანა და სასახლეში კვლავ მოიწვია წარჩინებული სტუმრები, ძველებურად გაიმართა ნადიმები. მაგრამ სხვისი მხიარულება ვერ ამშვიდებდა მეფეს. სუფრიდან დგებოდა, სტოვებდა სტუმრებს და მოუსვენრად დაბორიალობდა მთელი ღამეები დარბაზებსა და ეზოში. ბოლოს ვეღარ გაუძლუ უსაზღვრო სასოწარკვეთილებას და სასახლის ეზოში გაჭრილ ღრმა ჭაში გადაეშვა.

*

* *

Regions-South Moravia2

განდეგილის წინასწარმეტყველება ხროპინის პანის ვაჟიშვილზე სწრაფად მოედო მთელ მორავიას. ხალხი ელოდა მეფე ქეროვანს, ხროპინის სასახლეში ყოველთვის გაშლილი იყო უფრა, ყოველთვის მზად იყო საწოლი ოთახი, თითქოს ყოველ წუთში შეიძლება გამოჩენილიყო ქეროვანი.

ელოდებოდნენ და ეძებდნენ მეფე ქეროვანს, ხროპინისა და ქალაქ პრშეროვის მცხოვრებნიც, ჟალკოვიდა და მტელი პრშეროვის მხარის ხალხი. ყოველ წელს ქალაქებიდან და სოფლებიდან თავს იყრიდა ხალხი, იარაღით ხელში გადადიოდნენ სოფლიდან სოფელში, ეძებდნენ მთასა თუ ბარში, ტყესა და მინდორში თავისი უკეთესი მომავლის იმედს, სანატრელ მეფე ქეროვანს.

ცხოვრება თანდათან გაჭირდა, გლეხებს სულ სძვრებოდათ აუტანელი საბატონო გადასახადებისგან, მაგრამ ხალხში ცოცხლობდა რწმენა, რომ მეფე ქეროვანი გამოჩნდებოდა და ახდებოდა განდეგილის წინასწარმეტყველება. და აი, როცა იმპერატორ იოსების***** დროს ყმებს მდგომარეობა შეუმსუბუქეს, ყველას დაებადა რწმენა, რომ ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა მეფე ქეროვანი, რომ დგება სანატრელი დრო, როცა ყველანი განთავისუფლდებიან და საბატონო გადასახადიც მოისპობაო. ხალხმა არ დაიჯერა, როცა მოვიდა ცნობა, იმპერატორი იოსები გარდაიცვალაო.

– ცოცხალია, ცოცხალი, – გაიძახოდნენ. – პანებს ემალება რომელთაც არ სურთ შეღავათი მისცენ სოფლის ხალხს. ხალხშია იმპარტორი და გადაცმული დადის სოფელ-სოფელო.

პანებს ასეთი მეფე როდი მოსწონდა. ეშინოდათ და ეჭვობდნენ, რომ მისი სახელით სოფლად უკმაყოფილო ხალხი დადიოდა, წამქეზებლები, მეამბოხეები; ამიტომ სდევნიდნენ ყველგან ქეროვანს.

051103MORAVIAvistas-15

ისეც ხდებოდა, რომ ქვეყნის ყველა კუთხეში დათქმულ დროს ღამ-ღამობით ეწყობოდა იდმალი მეფის ძებნა. ყველა, ვინც კი პანებს ემსახურებოდა – მონადირეები, ტყის მცველები, ბაზიერები, კანცელარიის მოხელეები, მეკარეები, ჯარისკაცები – იარაღით ხელში დაძრწოდნენ ქალაქებსა და სოფლებში, ყოველ სახლს ჩხრეკდნენ. მათ ამ საქმეში მამასახლისები და ქალაქის მრჩევლებიც უნდა დახმარებოდნენ. გულაგულ ჩხრეკდნენ ყველა სახლის საკუჭნაოს, სარდაფს, სხვენზეც ადიოდნენ. მოკლედ, მთელ სოფელს გადააქოეთებდნენ ხოლმე.

მაგრამ იმას, ვისაც ეძებდნენ, – ქეროვანს ვერსად პოულობდნენ. ჩაგრულ ადამიანთა რწმენით, იგი ფარულად დადიოდა ხალხში და ანუგეშებდა, აჯერებდა, მალე მოეღება ბოლო ბატონყმობას, მალე ყველანი კარგად იცხოვრებთო. ყოველ სოფელსი, ყოველ დაბაში ჰყავდა მას ერთი-ორი ნაცნობი გლეზი. ყოველთვი ღამით ესტუმრებოდა ხოლმე, როცა შინაურებს ეძინათ. მოვიდოდა მოულოდნელად. შუახნისა იყო, საკმაოდ ტანმაღალი და წარმოსადეგი, ლურჯი მაუდის მოსასხამით დადიოდა, ქუდი ეხურა, გრძელიხიფთანი ეცვა, ჩექმებში გრძელი, ლურჯი შარვალი ჰქონდა ჩატანებული, ჩექმები მუდამ სარკესავით კრიალა ჰქონდა, თუნდაც თავსხმა ყოფლიყო. წვიმაში არ სველდებოდა, მუდამ მშრალი იყო: არც ქუდზე, არც მოსასხამზე ერთი წვეთიც არ ეცემოდა. იმ მოსასხამს საოცარი თვისება ჰქონდა – პატრონი არასდროს არ სველდებოდა, შეეძლო არ დაეძინა, არ ეჭამა, არც ესვა. ეს მოსასხამი უჩინ-მაჩინისა იყო – დანახვა ქეროვანისა შეეძლო მხოლოდ იმას, ვისაც იგი მოისურვებდა.

ქეროვანს არც სიბნელეში უჭირდა სიარული,დაკეტილ კარშიც ადვილად შედიოდა, მიუჯდებოდა სუფრას, გამოჰკითავდა ნაცნობ გლეხს ათას რამეს, უფრო ის უნდოდა გაეგო, როგორ ეპყრობოდნენ ხალხს საბატონო ბეგარაზე. ქეროვანი ამბობდა, რომ გლეხობას წინანდელზე მეტ გადასახადებს შეაწერენო, – ცოცხზედაც კი გადასახადი იქნებაო. მაგრამ იმასაც ამბობდა, რომ მალე მოეღება ბოლო ხალხის მწუხარებას, აუტანელი გადასახადები მოისპობა, საბატონო ბეგარაც აღარ იქნებაო.

ასე ილაპარაკებდა – არაფერს კი არ შეჭამდა, – უეცრად ადგებოდა და წავიდოდა, ისევ დაკეტილი კარიდან გავიდოდა. არ იტყოდა, სად მიდიოდა. მზის ჩასვლის შემდეგ არავისთან რჩებოდა. ბნელ ღამეში, ჯადოქრულ მოსასხამში გახვეული მარტოდმარტო დაეხეტებოდა ხალხის სანუგეშებლად ხეობებსა და ჭაობებში, გზებზე და უგზო ადგილებში და სრულებით არ ეშინოდა მდევნელების.

არა ერთხელ შეჰფეთებია წინ მდევნელებს, რომლებიც იარაღით დაძრწოდნენ ყველგან, მის შესაპყრობად, იგი კი უჩინრად გვედში მიჰყვებოდა მათ, მიდიოდა თავისი გზით მეფე ქეროვანი, ყველა ჩაგრულის ნამდვილი ნუგეში, ხორცშესხმული იმედი და რწმენა, რომ მორავია უკეთეს დღეებს მოესწრება, ის იმედი, ის რწმენა, რომელმაც მრავალი საუკუნე გაუძლო ათას უბედურებას, რომელსაც ვერც ვერაფერი ჩაახშობს და ვერც ვერაფერი ჩააქრობს, რომელიც არასოდეს ხალხს არ უმტყუნებს.

————————–

* სვატოპლუკი – მეფე სვატოპლუკმა (IXს.), თქმულების მიხედვით, თითქოს საიდუმლოდ მიატოვა ტახტი და მონასტერში მიიმალა; მეფე ქეროვანის ამბები ისტორიულად არასარწმუნოა.

** ზემანი – აზნაური.

*** პანი – აქ: მსხვილი მიწათმფლობელი.

**** განა – მორავიის მდიდარი მხარე

***** ავსტრიის იმპერატორმა იოსებ II 1781 წელს გააუქმა ბატონყმობა ჩეხეთში და შეეცადა ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა გლეხების მდგომარეობა. სინამდვილეში მის რეფორმებს არ შეუმცირებია გლეხების ბეგარა. მეფე ქეროვანის თქმულებაში ასახულია განუხორციელებელი ოცნება კეთილ მეფეზე.

 

Advertisements