08-09-10_1305

დავბრუნდი შვებულების შემდეგ და დედაქალაქის ცხოვრების წესი უკვე იწყებს მოქმედებას ჩემს ძლივს დამშვიდებულ ნერვებზე… 🙂

დავიწყოთ ტრანსპორტიდან: ნახევარი საათი მიწევს ავტობუსის ლოდინი, ამის მერეც ან მოდის, ან არა და ვინაიდან უკვე დაგვიანების საფრთხის წინაშე ვარ, იძულებული ვარ, დელისამდე მაინც გავყვე რამეს და იქიდანაც რამეს…. მოკლედ, მგზავრობა ისედაც ხომ ძალიან “იაფია” 40 თეთრი და ხშირად წასვლა-წამოსვლა 80 თეთრიდან ლარამდე მიჯდება, რაც ჩემს და ბევრი ჩემნაირის ბიუჯეტზე არც თუ ისე კარგად აისახება… ბიუჯეტს რომ თავი დავანებოთ, ისედაც ნერვების მომშლელია ლოდინი, მერე გადაჯდომა და ა.შ. საღამოს ათ საათზე კი, როდესაც მე სამსახურს ვამთავრებ, ჩემს სახლამდე მომავალი ავტობუსი აღარაა, ისევ დელისამდე რამე და დელისთან “მარშუტკას” უნდა მიუსწრო, თუ ვერ მოახერხე, მაშინ 4-5 ადამიანი უნდა მოაგროვო და ტაქსს აყვე ლარად, თუ ვერ შეძელი, 5 ლარი უნდა გაწირო სახლში მოსახვედრად და თუ 5 ლარიც არ გაქვს, ან ტაქსი ვეღარ იშოვე, მაშინ უნდა შეუდგე ნუცუბიძის ფერდობის ჭიუხებს ფეხით….  თუ სწრაფად ივლი, ასე ორ საათში მიაღწევ სახლში… ერთადერთი რითაც შეიძლება ნერვები დაიმშვიდო, ისაა, რომ ფეხით სიარული ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ასეთი ვარჯიშის შემდეგ, მეორე დღეს დაჭიმული კუნთების გამო, შეიძლება ვეღარც ადგე ფეხზე…. თან ქარში და წვიმაში ეს არც თუ ისე სასიამოვნოა….

მოკლედ, სახლიდან რომ გავდივარ, არასოდეს არ ვიცი ზუსტად, რით წავალ დანიშნულების ადგილამდე და სახლში როდის და მივალ და როგორ მოვახერხებ ამას…

კონტროლი და მგზავრობის საფასურის გადახდა ავტობუსში ცალკე თემაა, ხან აპარატი “ჭედავს”, ხან ბარათი, ხან ხურდა ჩაიბნევა ჩანთაში საფულიდან და სანამ ამოქექავ, თავზე დაგადგება კონტროლი და მეორე კლასელი ბავშვივით, რომელმაც გაკვეთილუ არ იცის, უნდა უხსნა, რატომ არ გაქვს მისი ბრწყინვალების ამოსვლამდე, შეძენილი ბილეთი (სხვათა შორის, ევროპელების მიბაძვით გვაქვს ეს აპარატები, მაგრამ იმავე ევროპელებს ფული დასახურდავებელი აპარატებიც აქვთ ტრნსპორტში!!) და რაც ყველაზე სამწუხაროა, კონტროლიორების უმეტესობა უტიფარი, უინტელექტო და თავხედია… ვიმეორებ ყველა არა, მაგრამ ბევრი შემხვედრია ასეთი, მაგ: უბილეთო ქალბატონს ერთმა უთხრა, “ჩამოეთრიე ახლა ქალო ქვევითო”, ქალბატონი გადაირია, აქეთ გადაგახდევინებ შენ მორალური შეურაცხყოფისთვისო….

14444

ისიც ყველამ ვიცით ალბათ, რომ 1 ოქტომბრიდან მეტრო მთლიანად საბარათე სისტემაზე გადადის, ხოდა დღეს მეტროს და ავტობუსის სამგზავრო ბარათის ასაღებად შევედი მეტროში, მარჯანიშვილზე. რა თქმა უნდა, ორივე ფანჯარასთნ რიგი იდგა, რადგან ორივეგან ერთი და იგივე ოპერაციები ხორცილედებოდა: ჟეტონების გაყიდვა, ბარათების "დატენვა" და ახლების გაცემა. ისინი, ვისაც უბრალოდ ბარათზე თანხის ჩარიცხვა უნდოდა, ან ჟეტონის ყიდვა, ამ უთავბოლობის გამო დიდხანს უწევდათ რიგში დგომა. არადა, ერთ ფანჯარაში ჟეტონები გაეყიდათ მხოლოდ და მეორეგან ბარათები, არ ჯობდა??? ეს კიდევ არაფერი, მეორე ფაქტთან შედარებით: როგორც იცით, 1 ოქტომრამდე უფასოა ეს ბარათები და მის ასაღებად პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოთ. ამის შესახებ კი არაფერი არ იყო გამოკრული და მე მოლარემ ამიხსნა. რა თქმა უნდა, პირადობის მოძებნაზე ჩანთაში, დრო დავკარგე; ასევე, საკმაო დრო მიდის, სანამ მონაცემებს ამოიწერენ, მერე თანხას ჩაგირიცხავენ (მინიმუმ ერთი ლარი მაინც უნდა ჩარიცხოთ)…. გამოაკრან რა ამ ოჯხაშენებულებმა, რა არის საჭირო და როგორ, ან ამ ცარიელ რეკლამას ტელევიზორში, მიამატონ, რომ პირადობაა აუცილებელი. ახლა წარმოიდგინეთ, ვიღაც ქალბატონი 20 წუთი იდგა რიგში ჩემს უკან და რომ გაიგო, პირადობაა საჭიროო წავიდა – იმ წუთას პირადობის მოწმობა არ ჰქონდა თან…..

სახალხო ბანკმა, ახლა უკვე ლიბერთიმ კი უფულოდ დამტოვა იმ დღეს – ჩამოვედი სოფლიდან 2 დღით საქმეზე და, ბარათზე ცოტაოდენი თანხა მეგულებოდა. მივედი ბანკომატთან და ისაო, ესაო, შენი დიდი ხათრიცა მაქვსო, მაგრამ პინ კოდს ვადა გაუვიდაო, მოგვაკითხე სერვის ცენტრშიოო….. რადგან ბარათი დედის სახელზე იყო, ვერც ბანკში ვერ ავიღებდი პირადობით… მეტი რა გზა მქონდა ავედი სახლში და მერე წავედი საქმეზე… წინ და უკან ვიარე ტყუილად, დავკარგე დრო, იმის გამო, რომ არავის არ მოსვლია ბანკში აზრად გავეფრთხილებინეთ, რომ თურმე პინ კოდსაც ვადა აქვს….

მოკლედ, ხალხო, ისწავლეთ რას ნიშნავს ს ე რ ვ ი ს ი !!! დაზოგეთ თქენი ნერვებიც და ჩვენიც……

p.s. პოსტის მთავარი სურათი აღმაშენებლის ქუჩის კუთხეშია გადაღებული, გარშემო მანქანები, სუაში გუბე და კარგა ხანს ვიფიქრე, საზაფხულო ღია ფეხსაცმლით როგორ გადამელახა ეს “ვენეცია” უსაფრთხოდ…. კარგით რა, ერთ-ერთ ცენტრალური ადგილია ბოლოს და ბოლოს ქალაქის!!!

Advertisements