რაც ახლა მინდა გაგიზიაროთ, დიდი ხანია მაწუხებს და მტანჯავს… მით უმეტეს, რომ ახლა სოფელში ვარ და და უფრო მძაფრად ვხედავ ამ პრობლემას – ესაა სიღარიბე, უფრო სწორად სიღატაკე და ამას მიმატებული ძალადობა ოჯახებში, იქ, სადაც იზრდება მომავალი თაობა….

არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ღატაკია – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. უმეტესობას საარსებო მინიმუმიც კი არ გააჩნია, არიან ისეთები, ვინც თვიდან თვემდე მეზობლების დახმარების იმედად და სოციალური შემწეობით სულდგმულობს (ზოგს ეს უკანასკნელიც არ აქვს, გაურკვეველი მიზეზების გამო).

ასე მაგალითად, ჩემს სოფელში ცხოვრობს ფსიქიურად დაავადებული დედა–შვილი, შვილი ახალგაზრდა გოგონაა, მაგრამ უკვე საკმაოდ მძიმე ფსიქიკურო აშლილობით, რაც სავარაუდოა, მემკვიდრეობით გადაეცა დედისაგან და გაამძაფრა მძიმე სოციალურმა პირობებმა. ისინი არავის არაფერს არ უშავებენ, თითქმის 24 საათი სახლში არიან ჩაკეტილნი, მაგრამ ნუთუ არ უნდა არსებობდეს სოციალური სამსახური, რომელიც ასეთ ადამიანებზე იზრუნებს? მე ვგულისხმობ შესაბამისი განათლების მქონე სოციალურ აგენტებს, რომლებიც შეისწავლიან ყველა ოჯახის პრობლემას და შესაბამის დახმარებას გაუწევს შემდეგ მათ სახელმწიფო. თუმცა არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მე იმ სოც.აგენტებს ვაკნინებ, რომლებიც ახლა დადიან ოჯახებში, აღწერენ ვის რა აქვს, უწერენ შესაბამის ქულას და მოსახლეობას ქულის მიხედვით უნიშნავენ დახმარებას. ეს აბსოლუტურად სხვა სამსახურია, მათ უმრავლესობას არ აქვს არავითარი სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური განათლება და ამ საქმისათვის არცაა საჭირო ალბათ.

მე პირველ რიგში ვგულისხმობ ისეთ სამსახურს, რომლის პრეცედენტიც არსებობს საზღვარგარეთ – ისინიც ამოწმებენ ოჯახებს და მაგალითად, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებს დაუყოვნებლივ გაგზავნიან  შესაბამის დაწესებულებაში სამკურნალოდ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი როლი ბავშვებთან მიმართებაში – თუკი ოჯახი ვერ ან არ ზრუნავს ბავშვზე, ამ ფუნქციას თავის თავზე სახელმწიფო იღებს და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, სოციალური აგენტები ამოწმებენ. მაგ: ა.შ.შ–ში მშობლებს ჩამოართვეს ბავშვი, რომელსაც ადოლფ ჰიტლერი დაარქვეს. მართალია ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ რაც უნდა ის დაარქვას შვილს, მაგრამ, სოციოლოგებმა და ფსიქოლოგებმა მიიჩნიეს, რომ ამ სახელით ბავშვს სოციალიზაცია (საზოგადოებაში ტავის დამკვიდრება) გაუჭირდებოდა და ამით ბავშვის უფლებები დაირღვა.

დამერწმუნეთ, ამ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი საქმე ექნებათ: მაგალითად, მაქვს ცნობა მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ, რომელიც საკმაოდ გაჭირვებულია, მათ სახლიც არ ჰქონდათ. სახელმწიფომ ამ ოჯახს უსასყიდლოდ გადასცა სახლი და მიწის ნაკვეთი საგარეჯოს რაიონში, თუმცა როგორც აღმოჩნდა მათ რაიონში ცხოვრება იუკადრისეს! (არადა საგარეჯო სულ რაღაც საათის სავალზეა თბილისიდან და დედაქალაქზე არანაკლებ განვითარებულია). რა თქმა უნდა, რაიონში ცხოვრებას მეტი შრომა უნდა, ამიტომ მშობლებმა  ქალაქში დარჩენა გადაწყვიტეს, ცხოვრებას ისევ ქუჩაში აგრძელებენ. მათი უფროსი ქალიშვილი მეძავობს, უმცროსები კი ქურდობენ და მათხოვრობენ. მოკლედ, შვილები დაღუპეს ამ ადამიანებმა. ხომ უნდა ჩამოერთვათ მათ მშობლის უფლებები?  სკოლაზე და რამენაირ განათლებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ რომ არსებობდნენ ისეთი მკაცრი სოც.აგენტები, როგორც საზღვარგარეთ, ეს ბავშვები დაღუპვას გადარჩებოდნენ.

გვაქვს ისეთი ფატქებიც, როცა ბავშვებს მათხოვრობას არავინ აიძულებს, თუმცა ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი ელემენტარული პირობები არ აქვთ სახლში, ზოგიერთს სათამაშოც კი არ აქვს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მშობელი არაა დამნაშავე, ამიტომ მათ მეტად უნდა ეხმარებოდნენ, წესით.

პრობლემა მეორე, ჩემი აზრით უდიდესი პრობლემა: ძალადობა ოჯახში. ძალიან გახშირდა ისეთი შემთხვევები, როცა ქმრები სცემენ ცოლებს, ცემა კიდევ ის სიტყვა არაა – სიკვდილის პირას მიჰყავთ.  რაც აქ ვარ, ლამის ყოველ დღე მესმის, იმის შესახებ, თუ როგორ უსწორდებიან ქალებს ფიზიკურად მეუღლეები, ზოგი ისეთი ნაცემია, კვირაობით ვერ გამოდის სახლიდან, სანამ შეშუპებული და ჩალურჯებული სახე არ დაუცხრებათ. ზოგიერთი ბევრჯერ მეზობლებს ან ოჯახის წევრებს გადაურჩენიათ სიკვდილისაგან, როცა ქმარი წიხლით იყო შემდგარი ცოლს, ან კუნძზე ადებინებდა თავს ძალით, რათა შეემდეგ თავი მოეჭრა… ვნახე, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ტანზე ერთი თეთრი ადგილი არ ჰქონდა, ისე იყო ჩალურჯებული…. ამ ყველაფერს, მათი ძვირფასი ქმრები პათოლოგიური სიმთვრალის გამო ჩადიან. ეს დათრობა კი, მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყოველდღიურია. ერთ–ერთი მათგანი ამბობდა, თუ არყით თვრება, მე მცემსო, თუ ღვინით, სახლში ამტვრევს ყველაფერსო, თუ ლუდით, გარდაცვლილი დედის სულს მიტრიალებს გინებითო, მე კი ვზივარ და ვფიქრობ, რომელი მირჩევნიაო… ბევრჯერ მომხდარა ისეც, რომ ნაცემ–ნაბეგვი ქალი მეზობლებს ან ნათესავებს შეუფარებიათ და შემდეგ იძულებული გამხდარა, უკან დაბრუნებულიყო… ასეთი ფაქტის შესახებაც შევიტყვე: ისე სცემა ერთ–ერთმა ფეხმძიმე ცოლს, რომ ქალს მუცელი მოეშალა…. დედამთილმა ამის შემდეგ მშვიდად განაცხადა: რომელ ქმარს არ უცემია ცოლიო!!! ხოლო, ის, რომ ამ „კაცმა“ უფრო სწორად არაკაცმა, ჯერ არ დაბადებული შვილი მოკლა, ვითომც არაფერი…

ძნელია იმის თქმა, რატომ ითმენენ ამ ყველაფერს ქალები,  ზოგის მშობელს „უკან მობრუნებულ შვილს“ მკვდარი შვილი ურჩევნია, სამწუხაროდ, ოღონდ „ხალხში თავი არ მოეჭრათ“. ზოგს ემუდარება ოჯახი, დაბრუნდეს უკან, მაგრამ თავად არიან მონები აზრის: „რას იტყვის ხალხი“ და ითმენენ, ეს მოთმინება კი ჯანმრთელობის, ხან სიცოცხლის და შვილების ჯანმრთელობის, მომავლის ფასადაც უჯდებათ. ოღონდ „ჯახი არ დაინგრეს“ – ამა თუ ოჯახი ქვია!!! – და იმას ვერ ხვდებიან, რომ ყოველი ცემა–ტყეპა თუ სკანდალი მათ ოჯახში, რაც არ უნდა დამალონ, ყველასთვის ცნობილია მაინც (ზოგი არც მალავს, მსხვერპლის როლით და ცრემლებით დარბის მეზობლებთან და აჩვენებს დალილავებულ სხეულს) და იმავე ხალხისთვის მათი ე.წ. „ოჯახის“ ისტორიები ყავასთან მისაყოლებელი, გასარჩევი ამბავი ხდება. ხოლო ამ ყველაფრისათვის წერტილის დასმით, რომ უფრო ნაკლებ ჩავარდებიან ხალხის ყბაში ვერ ხვდებიან სამწუხაროდ…

უმეტესობას ისიც არ აქვს გაცნობიერებული, თუ რას ნიშნავს „ძალადობა ოჯახში“, ზოგი ამავეს უყურებდა ბავშვობაში საკუთარ ოჯახში, ბევრმა არ იცის, რომ ყველა ადამიანს აქვს გარკვეული უფლებები და მათთვის, ვისაც წასასვლელი არ აქვს, არსებობს სპეციალური თავშესაფრები (ამის შესახებ რეკლამა სერიალების დროს მაინც აჩვენონ ამ საწყლებს). ხოლო ვინც იცის, კაცმა არ იცის რატომ, მაგრამ ვერ ბედავს ამ ნაბიჯის გადადგმას….  არ ვიცი, რისი ეშინიათ, უსახსროდ დარჩენის ყველაზე ნაკლებად ალბათ, რადგან უმეტესი მათგანი თავად ინახავს ოჯახს და მათ მიერ ნაშოვნ კაპიკებს, მათი მეუღლეები სასმელში ფლანგავენ…. თუმცა მნიშვნელოვანია ფაქტორია ალბათ, შიში, მოძალადის წინაშე – უმეტესობას არ სურს რა თქმა უნდა, ჯავრის ამოსაყრელი ობიექტის, ამასთან უფასო მოახლის დაკარგვა და ემუქრება, წახვალ და ყველგან გიპოვი, მაინც მოგკლავო….

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ყველაფერს ბავშვები უყურებენ და ასეთ არაჯანსაღ გარემოში გაზრდილი ბავშვი როგორ შეძლებს ცხოვრებას, ხომ წარმოგიდგენიათ…. ზოგიერთი მათგანი სკოლაშიც ვერ დადის, რადგან მათთვის ფეხსაცმლის საყიდელი ფულით მამიკო არაყს ყიდულობს…. და ალბათ ჩემი ახსნა არ სჭირდება არავის, რამდენად დამთრგუნველად მოქმედებს ეს ყველაფერი პატარას ფსიქიკაზე…

აი ამ შემთხვევაშიც საჭიროა სოციალური აგენტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იძულებით ღონისძიებებსაც გაატარერებენ, დედებისა და ბავშვების დასაცავად ძალადობისაგან და ასეთი მამების სამკურნალოდაც ალბათ….

რა თქმა უნდა, ეს დიდ თანხებთან და შრომასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შრომა არ გვეზარება, ხოლო თანხებს რაც შეეხება, კარგი იქნება, ამაზე დაფიქრდებოდეს ვინმე და ტურისტული ქალაქების მოწყობასთან ერთად, ჩვენს გაუბედურებულ თანამოქალაქეებზეც ვიზრუნოთ.

ამ ყველაფერზე ფიქრმა ისე დამთრგუნა, აღარ მინდა თქვენც დაგამძიმოთ უფრო, ამიტომ გადავიფიქრე იმ საცხოვრებელი სახლების ფოტოების დადება, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ…

მანამდე კი, ალბათ ურიგო არ იქნებოდა, მოგვეხერხებინა რაიმე საზოგადოების დაარსება და ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ელემენტარული საკუთარი უფლებების გაცნობა ამ ხალხისათვის და მცირედი დახმარება მაინც… ისინი ხომ ჩვენი თანამემამულენი არიან, მათი შვილები ჩვენს გვერდით იზრდებიან და მტკივნეულია ამ ყველაფრის გვერდიდან ცქერა…

საზოგადოების და ერის მომავალი იღუპება…

Advertisements