robed_old_woman

ერთ რძალს ბრმა დედამთილი ჰყავდა. ერთ დღეს დედამთილმა ქათმის ხორცი მოინდომა და თავის რძალს სთხოვა: შვილო, შენ ისედაც დიდი ამაგი გაქვს ჩემზე, ეს სიკეთეც გამიწიე. ერთი პატარა მამალი ან ვარია დამიკალ, ქათმის ხორცისთვის კბილები მიკაწკაწებსო.

– რას ამბობ დედამთილო, ერთს კი არა ორს დაგიკლავო!

რძალმა დაიჭირა მაშინვე ერთი მსუქანი დედალი, დააკვლევინა მეზობლის ბიჭს და ქვაბით შემოდგა ცეცხლზე. როცა მოიხარშა, ამოიღო და, როგორც კი დადო თეფშზე, მოხარშული ქათამი მკვდარ კატად იქცა.

რძალი ძალიან შეწუხდა, მაგრამ რაღას იზამდა! დაკლა მეორე, მოხარშა და ამოიღო თუ არა ქვაბიდან, კვლავ მკვდარი კატა შერჩა ხელში. დაკლა მესამე, მოხარშა და ისიც კატად ექცა.

– უიმე, ეს რა მემართება! ღმერთო, განა რა შეგცოდე ასეთი, რომ სამაგიეროს ამით მიხდი?! – შეშინებულის ხმით წამოიძახა რძალმა.

ქათმის მოლოდინით სულწასულმა დედამთილმა ვეღარ მოითმინა და რძალს დაუძახა; – შვილო, რა ჰქენ, ქათამი ვერ მოხარშე?

– დედამთილო, არ ვიცი, რა უბედურებაა ჩემს თავს: რამდენიც მოვხარშე, იმდენი მკვდარ კატად მექცა. გამიგონია, ასეთი რამ ცოდვიან ადამიანებს ემართებათ, მაგრამ ვის რა ცოდვა გავუკეთე! რომ დავდივარ, ჭიანჭველასაც კი ფეხ ვარიდებ, – შეწუხებულის კილოთი უპასუხა რძალმა.

– არა, შვილო, შენ რა შუაში ხარ. სამართლიანობამ მაგით მე დამსაჯა… მომიტანე ის მკვდარი კატა… მე ქათმის ხორცის ღირსი არა ვარ – ათრთოლებული ხმით თქვა დედაბერმა.

– რას ამბობ, დედამთილო, განა რა ცოდვა მიგიძღვის ისეთი, რომ სიბრმავეც არ გეკმარა და კიდევ ისჯები? – ჰკითხა რძალმა.

– ეჰ, შვილო, ხელცოდვიანი ვიყავ და ისეც წამივიდა საქმე. მეც ჩემს რძლობაში ბრმა დედამთილი მყვადა. ერთხელ იმანაც ქათმის ხორცი მოინდომა. მე, სულგაყიდულმა ქათამი ვერ გავიმეტე, შავი კატა დავკალ, მოვხარშე და ის ვაჭამე. აი, ხედავ, ცოდვა სად მომეწია! – თქვა დედამთილმა, ამოშრეტილ თვალებზე მომდგარი ცრემლი შავი ძონძით მოიწმინდა, და აქვითინებული ხმით ჩაილუღლუღა: ტყუილად კი არ არის ნათქვამი: ავი საქმის მქნელსაო, ავი გადახდესაო.

Advertisements