როდესაც ქართველი ჯარისკაცი ხარ, გაუმწესებიხარ საქარველოს ოკუპირებული რეგიონის სწორედ იმ მონაკვეთზე, საიდანაც უდურბინდოდაც კარგად მოსჩანს რუსი ოკუპანტების მუდამჟამს გალეშილი სიფათები, მკვეთრად მოისმის რუსული ტანკების ღმუილის ხმა და ყოველ ღამეს ჩვენს მხარეზე გადმოპარული მშიერმუცელა და საჭმლის მაძებარი სეპარატისტების დევნაში უნდა იყო, ამ დროს დღენიადაგ სხვა რაზე უნდა იფიქრო, თუ არა ომსა და უბედურებაზე…

არადა, სანამ ჯარისკაცი გახდებოდი… მანამდე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყავი და დიდი მატჩის გამოტოვება, შენთვის ლამის საკუთარი თავის ღალატის ტოლფასი იყო. ახლა კი მობილურ ტელეფონში ინტერნეტით ნანახი მშრალი ანგარიშებით კმაყოფილდები და მხოლოდ საკუთარი ფანტაზიის მოშველიებით შეგიძლია წარმოიდგინო ის, თუ რა სასწაული დაატრიალა ლეო მესიმ, როდესაც “არსენალს” პოკერი შეუსრულა და როგორი ბედნიერი იქნებოდი, ეს მატჩი საკუთარი თვალით რომ გენახა. მოსკოვის არმიელთა კლუბის ძლევით გახარებული მოურინიოს ,,სიფათის’’ ნახვისათვის, ალბათ, ნახევარ სიცოცხლესაც მისცემდი, მაგრამ მაშინ როდესაც რუსები მილანელებთან მარცხდებოდნენ, სუსხიანი საღამო იყო, პოსტზე იდექი და დაბოღმილი იცქირებოდი გაღმა, სადაც რუს ჯარისკაცებს მათსავე მიერ დანგრეული ქართული სოფლის ბაღებში ხეხილი მოეჭრათ, დიდი ცეცხლი გაეჩაღებინათ და კონსერვის ცარიელი ქილებით სვამდნენ ქართველებისათვისვე წართმეულ არაყს.
როდესაც შენს სამხედრო ბაზაზე ტელევიზორები მოიტანეს, ყველა გილოცავდა, რადგან იცოდნენ, რომ თუკი სხვისთვის ფეხბურთი ტკბილი გასართობი იყო, შენთვის ეს მთელს ცხოვრებას ნიშნავდა. ტელევიზორებიც მოიტანეს და სატელიტური ანტენებიც დააყენეს, მაგრამ როდესაც ჩემპიონთა ლიგა იწყებოდა, იმ არხებს სადაც ფეხბურთი უნდა გასულიყო, უხილავი, ძალმოსილი ხელი თიშავდა და მხოლოდ ამის გამო ნერვიულობას შეიძლება გადაჰყოლოდა კაცი. ითიშებოდა ყველა არხი, სადაც კი ფეხბურთის ჭაჭანება იყო და მხოლოდ კვირაობით, როდესაც ევროპის ეროვნული ჩემპიონატების მატჩები იყო, ისღა დაგრჩენოდა იტალიურ ტელეკომპანია “რაი 1”-ის ცნობილ საკვირაო საფეხბურთო თოქ-შოუზე გადაგერთო, სადაც ფეხბურთს რა თქმა უნდა არ აჩვენებდნენ, მაგრამ აჩვენებდნენ დიდ დარბაზს, სადაც ყველა იტალიური კლუბის ცნობილი ქომაგები ისხდნენ და პარალელურად მიმდინარე სერია A-ს მატჩებზე მსჯელობდნენ. რად უნდა ამის ცქერას იტალიური ენის ცოდნა?
გაიტანდა გოლს ფელიპე მელო, წამოხტებოდა “იუვენტუსის” ქომაგი ჩათქვირებული ქალბატონი და აყვირდებოდა “ფილიპეეე… ბრავისიმო ფილიპეეე”… და მაშინ შეიძლებოდა მიმხვდარიყავი, რომ ტურინელებმა გოლი გაიტანეს. “პარმას” მიერ გატანილ გოლზე დარბაზში სიხარულისგან აცქმუტდებოდა ემილიელთა ქომაგი ჭაღარა კაცი და ვალერი ბოჟინოვის ინსცენირებული (ამ გადაცემაში გატანილ გოლებს თეატრალურად დგამენ ხოლმე) გოლის ნახვაც ერთ რამედ ღირდა.
მაგრამ მაინც სულ სხვა იყო ამ ლეგენდარულ გადაცემაში ნანახი იტალიელი პირმშვენიერი ასულები, რომლებიც შეიძლება ფეხბურთში დიდად ვერ ერკვეოდნენ, (ანდა ვის რა ჯანდაბად სჭირდება ფეხბურთში მათი “პროფესორობა”), მაგრამ ისეთი ჰაეროვნებით ამბობდნენ: “მილანო” – “ფიორენტინა” ძერო-ძერო” ანდა, “ატაკანტე ფრანჩესკიტო ტოტტი…” რომ მარტო მათ გამო ღირდა ფეხბურთის სიყვარული და კვირა დღის გათენება.
კვირაობით, თუკი მთელი დღით თავისუფლებას გაძლევდნენ, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ნაჩვენებ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებითაც შეიძლებოდა თავის შექცევა, მაგრამ მაინც მუდმივად 18.00 საათსა და იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის დაწყებას ელოდი, როდესაც ლამაზ-ლამაზი ანჯელები, ჯულიები და ტერეზები, 2 საათის განმავლობაში მთვრალ რუს ჯარისკაცებსა და მათი ტანკების გრუხუნს გავიწყებდა და თავს გალაღებული ქვეყნის შვილად წარმოიდგენდი, რომელიც “ფრიულის”, “არტემიო ფრანკისა” თუ “ენიო ტარდინის” ტრიბუნებზე იჯდა და სხვა ათასობით ტიფოზის მსგავსად, შენც ბედნიერი იყავი იმ წუთს.
ბოლო რამდენიმე ღამეა, რუსები სროლას არ წყვეტენ და ფეხბურთზე ფიქრი ამ დროს ძალიან ძნელია. ძირითადად, სულ სანგარში გიწევს ჯდომა და ცდილობ არ გახდე მორიგი ის ადამიანი, რომელსაც სიკვდილის შემდეგ გმირის ორდენს ანიჭებენ. მაგრამ მაინც, როდესაც სროლა ცოტა ხნით წყდება, ფიქრობ ერთკვირიან ესოდენ ნანატრ შვებულებაზე და 21 აპრილზე, როდესაც საკუთარ სახლში მეგობრებთან ერთად დაჯდები და “ინტერი”-”ბარსელონას” მატჩს “ჯუზეპე მეაცას” ტრიბუნაზე მჯდომი ბედნიერი ქომაგივით მიაჩერდები.

P.S. ეს მცირე ჩანახატი მინდა ყველა ქართველ ჯარისკაცს და პოლიციელს მივუძღვნა, რომლებიც ახლა ახალგორთან, ნიქოზთან, პერევთან, ერგნეთთან და განმუხურის ხიდთან, ოკუპანტების პირისპირ დგანან. ეს ადამიანები ჩვენგან ერთ ბევრად მეტს იმსახურებენ…

Advertisements