იყო ერთი მეფე, ჰყავდა სამი ვეზირი. ერთ დღეს მოიხმო მეფემ ვეზირები და უთხრა: – გამიგეთ, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე რამდენი ხნის სავალია, ღმერთს საითა აქვს პირი და მე რამდენი ვღირვარო?

ვეზირებმა ვერ ახსნეს. მაშინ მეფემ უბრძანა: – მე სამი დღის ვადას გაძლევთ და ამ სამ დღეშო ან თქვენ ამიხსენით და ან იპოვეთ კაცი ამის ამხსნელი, თორემ სამივეს თავებს დაგაჭრითო.

წავიდნენ. თვითონაც ბევრი იფიქრეს, სხვასაც ბევრს ჰკითხეს, მაგრამ ეს სამი კითხვა ვერ ახსნეს. მივიდნენ ერთ მეწისქვილესთან და მეწისქვილეს ცეცხლის დანთება უბრძანეს. მეწისვილემაც ცეცხლი დაანთო და შემჩნია ვეზირებს მოწყენილობა, ჰკითხა: – რად ბრძანდებით ეგრე მოწყენილები ჩემო ბატონებოო?..

ჯერ არც ერთმა არა უთხრა-რა, იფიქრეს: ამას რა გაეგებაო.

მერმე ერთმა მათგანმა თქვა: იქნება ღმერთმა აგონოს და აგვიხსნასო. უთხრეს: ასე და ასეა ჩვენი საქმეო.

მეწისქვილემ მოახსენა: – ეგ რა საფიქრებელი და დასაღონებელია, მა შემიძლია მაგ კითხვების ახსნაო.

გაუხარდათ ვეზირებს, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს: – ბატონო მეფევ, ჩვენ თქვენი კითხვების ახსნა ვერ შევძელით და კაცი კი ვიპოვეთ მაგის ამხსნელიო.

მაშინვე მოიხმო მეფემ მეწიქვილე და უბრძანა:  – აბა, მითხარი, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე რამდენი სავალიაო?

მეწისქვილემ მიუგო: – აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე არც თქვენ ბრძანებულხართ ფეხით და არც მე, მზე-მთვარით ოცდაოთხი საათის სავალი არისო.

მერმე მეფემ უბრძანა: – აბა, ახლა ამიხსენ, ღმერთს პირი საითა აქვსო?

მეწისქვილემ აანთო სანთელი და ღმერთს მოახსენა: აბა ამ სანთელს საითა აქვს პირიო?

მეფემ თქვა: – ამას პირი ყოველმხრივა აქვსო.

მაშინ მეწისქვილემაც მიუგო: ღმერთსაც ყოველ მხრივა აქვს პირიო!

მეფემ ახლა მესამე კითხვა მისცა: – მე რამდენად ვღირვარო?

მეწისქვილემ მოახსენა: – მეფევ ბატონო, თუ არ გამიწყრებით, მოგახსენებთ: ქრისტე 30 ვერცხლად გაყიდეს და მეტად აღარც თქვენ ეღირებითო!

მეფეს ძალიან მოეწონა მეწისქვილის პასუხი და დაასაჩუქრა.

Advertisements