დღეს სამწუხაროდ, შეჩვეულნი ვართ ქუჩაში სამოწყალოდ ხელგაწვდილი ჩვენი თანამემამულეების ხილვას…   მოხუცები, ბავშვები, საშუალო ასაკის ადამიანები, ბავშვიანი ქალები… მათი რიცხვი ჩვენდა სავალალოდ, საკმაოდ  დიდია…

არ მიყვარს სიტყვა „მათხოვარი“ არ ვუწოდებ მე მათ მათხოვრებს, ისინი მხოლოდ დახმარებას გვთხოვენ,  ჩვენ, ვისაც მცირეოდენი მაინც შეგვიძლია ვუწილადოთ….  ეს საკითხი ჩემთვის დიდი ტკივილია წლების მანძილზე და ალბათ, არა მხოლოდ ჩემთვის… რამდენიმე დღის წინ მოხუცმა ბებომ ისე დამლოცა, მჯერა ახლაც რომ მისი ლოცვაც დამიფარავს ნამდვილად 🙂  მთელი გულით და სულით, იმიტომ არა, რომ ხურდა მივეცი, უბრალოდ, ძველ ქართულად, ტკბილად, გულიანად დამლოცა, ისე როგორც ბებია ლოცავს შვილიშვილს…

თუმცა, სიტყვა გამიგრძელდა, დღეს ზუსტად რომ მათხოვრებზე ვაპირებ საუბარს. ესენი არიან ბავშვები და მოზარდები, რომელთა ოჯახებსაც ისე ნამდვილად არ უჭირთ, რომ ბავშვები სამათხოვროდ გაუშვან ქუჩაში. ამას მათი ჩაცმულობა და მობილური ტელეფონებიც მოწმობს თუნდაც და მაინც, ხშირად გაიგონებთ: „ხურდას ვერ დამიმატებთ?“, „აუ, ცოტა ფული გვაკლდება  და ლარი არ გაქვს?“,  „1-2 ლარს ვერ გვაჩუქებთ?“ და სხვ. უარის შემთხვევაში, ზოგს საინტერესო რეაქცია აქვს: „ძუნწო“, „მათხოვარო“ , „გენანება, რა იყო??“ ან სულაც შეიძლება უწმაწურადაც შეგაგინონ….

ორიოდ დღის წინ სამსახურიდან მოვდიოდი დაღლილი, შემხვდნენ ასეთი მათხოვრები, ჯიქურ გადამიღობეს გზა და როცა ვკითხე რისთვის უნდოდათ ხურდის დამატება, ავტობუსის ფული არ დაგვრჩა სახლამდე წასასვლელიო!! ასაკი ვკითხე, ერთი 8 წლის იყო, ორი მათგანი ათის და სულ უფროსი 12 წლის გახლდათ.  გამეღიმა, „მარშუტკის“ ფული მაინც გეთქვათ, ბავშვებისთვის ხომ უფასოა მეთქი. – მოსწავლის ბილეთები არ გვაქვსო,  თანო. – იხტიბარს არ იტეხდნენ. არადა საშინაოდ ეცვათ, ამიტომ ვუთხარი, რომ ჯერ ერთი, მათი ასაკის და გარეგნობის ბავშვებს არც უმოწმებენ ბილეთებს და თანაც, გიცნობთ, აქვე ცხოვრობთ სოლოლაკში მეთქი (არადა სულაც არ ვიცნობდი, ბედი ვცადე), გაჭრა – აღიარეს, რომ იტყუებოდნენ. ფული რად უნდოდათ?? „რავი, ისე….“

რა მექნა, დავმოძღვრე, რომ 10-20 თეთრში არაა საქმე და მართლა გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, მათ კი, მიუხედავად იმისა, დღეს არავის ულხინს, არც სამათხოვროდ აქვთ საქმე, მათდა საბედნიეროდ… დამიქნიეს თავები… რეალურად რას ფიქრობდნენ არ ვიცი…  🙂 იმედი მაქვს, ცოტას გაიაზრებდნენ მაინც.

რა ემართებათ ამ ბავშვებს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? არც სირცხვილი დასტყობიათ მინდა გითხრათ და  „რავი, ისე“ ფულის შეგროვებაც საერთოდ… ის მაინც ეთქვათ, რომ ნაყინზე აკლდებოდათ, ან რამე მსგავსი…

სამწუხაროდ, ბევრია ასეთი და სულ გადაჯიშდა ერი თუ რა ხდება??

p.s. ეს თემა არ ეხებათ ქუჩის მუსიკოსებს, ეს სხვა კატეგორიაა, ისინი შემოქმედი ადამიანები არიან, რომლებიც გვახალისებენ გადასასვლელში გადასვლისას…

ხან ლამაზადაც გვიძღვნიან სიმღერებს პერსონალურად  და არ იწვევენ არავითარ გაღიზიანებას. 🙂

Advertisements