კავკასიონის მაღალ მთებში, პატარა სოფელში, ცხოვრობდა ვინმე მეცხვარე.  ერთ წელიწადს მეცხვარე შირაქში მიდიოდა ცხვრის ფარის სანახავად. ზამტარი იყო,  მთელ დღეს წყნარად თოვდა, მაგრამ შებინდებისას კი ამინდი შეიცვალა. ჯერ ნიავწანწალამ დაუბერა, მერე კი ქარბუქი ამოვრდა და მთელი მიდამო ნამქერში გაეხვია. ცხენი და მხედარი ბრმად მიიკვლევდნენ გზას. ქარი ქვისასავით აყრიდათ თვალებში თოვლის მონახვეტს. ერთგან ხიფათსაც კი გადარჩნენ: უმოაჯირო ხიდი უნდა გაევლოთ, ცხენმა ნაპირისკენ დაიწია და, ბედზე მხედარს თვალი რომ არ გაეხილა, ორივენი კლდეში გადაიჩეხებოდნენ.

–  არა,  წინ წასვლა აღარ შეიძლება, საქონელიც ცოდვაა, გზას ვეღარ იკვლევს, –  ჩაილაპარაკა მეცხვარემ და ცხენი ვიწრო ორღობებში შეაბრუნა. პატარა ფანჯრიდან მბჟუტავი ლამფის სინათლე გამოკრთოდა. მეცხვარე პირდაპირ მივიდა ფიცრულ სახლთან და მათრახის ტარით დააკაკუნა, დაუძახა ოჯახისშვილებს, გამოიხედეთო!

შინიდან კაცი გამოვიდა, როგორც წესია, ერთმანეთს მიესალმნენ.

–  ძმობილო, მგზავრი ვარ, ქარბუქში გზას ვეღა მივიკვლევ, ამარამ სემიფარე როგორმე ! – სთხოვა მწყემსმა.

– მოდი, კაცო მოდი! ამისთანა ამიდში შენ კი არა, მტერიც რომ ყოფილიყო, იმასაც არ გავაბრუნებდი უკან, – გულიანად შეიპატიჟა მასპინძელმა.

– ცხენს მე დავაბინავებ, შენ შეციებული იქნები.

მეცხვარე დიდხანს ბერტყავდა თავის ნაბადსა და გრძელბეწვიან ტყავის ქუდს, მაგრამ შეყინული თოვლი მაინც ვერ გააყრევინა. მასპინძელმა კვლავ შეიპატიჟა სტუმარი და სახლში შეუძღვა. დიასახლისმა ცეცხლი გააღვივა. ვახშამი მოამზადა,  ვაჟკაცებმა დიდხანს ისაუბრეს, თქვეს ამ მთისა, იმ მთისა, ალიანისა, ჩალიანისა, პურის ჭამა მოათავეს. მასპინძელი უხერხულ მდგომარეობაში იყო. ღონდებოდა: სად დაეძინებინა სტუმარი?  კუნჭულს კი მაინც გამინახავდა, მაგრამ ფეხმძიმე ცოლი აფიქრებდა, იქნება ამაღამ იმშობიაროსო. მეცხხვარე მიხვდა და თვითონვე გამოიყვანა მასპინძელი უხერხული მდგომარეობიდან და უთხრა:

–  ძმაო, ნურაფერზე წუხდები! მწყემსი კაცი ვარ, ჩემთვის გარეთ ძილი უფრო სასიამოვნოა. ნაბადი მაქვს, არ შემცივდებაო.

– ქარბუქია კაცო, ახლა გარეთ დაწოლა არ შეიძლება, მოდი,  თუ არ გეწყინება, მაღლა, სხვენზე მოისვენე, იქ თოვლის ნამქერი მაინც არ დაგეყრებაო.

მეცხვარე ავიდა სხვენზე, ნაბადში გაეხვია და მიწვა. ერთ ხანს იჭუჭყუნა და, რაკი სიცივისგან ვერ დაიძინა, წამოჯდომა ამჯობინა.

შუაღამე გადასული იქნებოდა, რომ დიასახლისს მართლაც მუცელი ასტკივდა. ქმარმა ბებიაქალი მოიყვანა.

ძილგამფრთხალ და ფიქრებში წასულ მეცხვარეს თავის სიახლოვეს რაღაც ჩურჩული შემოესმა. სმენადქცეულმა ცხადად გაიგონა ყველაფერი: ახლა ამ სახლში რომ ბიჭი დაიბადება, ეს ბედი დაეწეროს: გაიზარდოს, ოცი წლისა რომ გახდეს, ცოლი შეირთოს, ქორწილის დღეს ცოფიანმა მგლებმა დაკბინონ და მოკვდეს. ვინც ჩვენს ნათქვამს ხელი შეუშალოს, მას გადახდეს ამ ბიჭის გადასახადიო.

მეცხვარეს უმალ გაახსენდა ხალხში გაგონილი, თქვა: ბედისმწერლებს რომ ამბობენ, უსათუოდ ესენი იქნებოდნენო. გაგონილი სიტყვები რამდენჯერმე გაიმეორა, გონებაში ღრმად ჩაიჭდევა, არ დამავიწყდესო.

გათენებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი, რომ გახარებულმა მასპინძელმა ხმამაღლა შესძახა: ძმობილო, ბიჭი შემეძინა, ჩამოდი, ბედი დავულოცოთო.

ვაჟკაცები ხელმეორედ შემოუსხდნენ სუფრას, კვლავ გახშირდა ტკბილი ქართული ბაასი.

– კეთილი ფეხი გქონია ჩემო ძმაო! – უთხრა მასპინძელმა – რაკი ძეობაში შეგვესწარ, მოდი, ნათლიაც შენვე იყავ! ხელიც კეთილი გექნება. დაე, შენი მარჯვენაც ფარავდეს ჩემს შვილს, როცა კი გასაჭირში იყოსო.

მწყემსმა რაკი სიტყვა მისცა, ნატლიად უსათუოდ მე ვიქნებიო, შეასრულა კიდეც. იმ დაბადების ყოვლ წლისთავე ინახულებდა ხოლმე თავის ნათლულს და რამდენადაც გულს უხარებდა მისი ზრდა, იმდენად ფიქრი და დარდიც უხშირდებოდა.

აი, დაიწყო მეოცე წელიც. იმ წელიწადს მეცხვარე ცხვარში აღარ წავიდა.

შემოდგომის მზიანი დღეს იყო, როცა მწყემსის ეზოში მისმა ნათლულმა ოფლით გახვითქული ცხენი შემოაჭენა. შეღერებულ ვაჟკაცს, ისედაც სიხარულით ნათელმოფენილ სახეს უფრო მეტად უმშვენებდა თეთრი ჩოხა-ახალუხი.  სტუმარი სორიდანვე მიესალმა: ჩემს ნათლიას გაუმარჯოსო! ცხენიდან გადმოფრინდა და ერთმანეთი გადაკოცნეს.

–  ნათლიავ, რაღაც ხასიათზე არ მეჩვენები, – ხუმრობის კილოთი უსაყვედურა ნათლულმა, – ჩემი ბედნიერება ხომ არ გეწყინა? ხვალ ქორწილი მაქვს და, ხომ იცი, უშენოდ ჯვარს არ დავიწერო.

მეცხვარემ ბედნიერება მიულოცა, ხელმეორედ გადაეხვია, მაგრამ გული ისე ჰქონდა დახურული და სახეც ისე გაქვავებოდა, რომ კაცი სასიხარულოს ვერაფერს ამოიკითხავდა.

– ნათლიავ, ჩემს ვაჟკაცობას გეფიცებით,  ქორწლის ჩავშლი, თუ შენ იქ არ მეყოლები! – კვლავ მტკიცედ უთხრა მოპატიჟემ.

– წარღვნაც რომ იყოს, წამოუსვლელი  არ დავდგები, – დააიმედიანა მწყემსმა და სოფლის შარაგზამდე გააცილა. ის კარგა ხანს თვალს არ აშორებდა თეთრცხენიან მხედარს. ყურში კი კვლავ ესმოდა: ქორწილის დღეს მგლებმა დაკბინონ და მოკვდესო. მეცხვარემ ხელი სატევარზე გაივლო და ჩაილაპარაკა: მაშ, მოგიკვდეს ნათლია, თუ ბედნიერი დღე გაგიმწაროსო.

მეცხვარემ ის ღამე თეთრად გაათენა, ზილი გაუფრთხა. ლოგინში დოლაბივით ტრიალებდა, ბორგავდა. ცაში ჯერ კიდევ ნათელი არ იყო ჩავარდნილი, რომ წამოდგა, ჩაიცვა ჯაწვის პერანგი და ცხენი შეკაზმა, მერე ისევ სახლში შებრუნდა, ღვედის ბტყელ ქამარზე ხმალი და სატევარი დაიკიდა, შიგ გატენილი დამბაჩა ჩაიბნია, თოფი მხარიგლივ გადაიგდო, შეჯდა შავ ულაყზე და ნიავქარივით წამოვიდა.

ნათლულმა შორიდანვე იცნო თავისი ნათლია და გახარებული გზაში მიეგება. მეცხვარე ომახიანად მიესალმა სტუმრებს, ნათლიმამას და ნათლიდედას კი შვილის ბედნიერება მიულოცა.

ხალხი გაკვირვებული უყურებდა აბჯარში გამოწყობილ უცხო ადამიანს და ერთმანეთს ჩურჩულითე კითხებოდნენ: ეს კაცი ჩვენთან საონრად ხომ არ არის მოსულიო?

მექორწილენი ნეფე-პატარძალს გაყვნენ ეკლესიაში ჯვრის დასაწერად. ნათლია მხარში ედგა თავის ნათლულს და გასასვლელ გზას შორ მანძილზე თვალით სინჯავდა. ის საყდარში არ შეჰყვა, მოშორებით საფლავის ქვაზე შედგა და გაღმით, ტყიან ფერდობს გაჰყურებდა. ის იყო მეორწილენი ეკლესიიდან გამოვიდნენ, რომ ვიღაცამ შემზარავი ხმით კივილი მორთო, მგლები! მგლებიო! ქალები და ბავშვები წივილ-კივილით ჯგუფად მიაწყდნენ საყდრის კარებს, ვაჟკაცები კი ერთმანეთს გაკვირვებით ეკითხებოდნენ, რა დაინახეს?! რა მოეჩვენათო?! მხოლოდ მაშინ გამოერკვნენ, როცა კარგა მოშორებით მეხივით გავარდა თოფი. მეცხვარეს შორს მოეკრა თვალი ტყიდან გამოვარდნილი სამი მგლისათვის და წინ შეგებებოდა.  ორმა მგელმა ერთი უკან მოიტოვა, ნასროლი ტყვიით გულგანგმირული და, ეკვეთნენ ვაჟკაცს.  დამბაჩის ხმამ და ნადირის შემზარავმა ღმუილმა კიდევ ერთხელ ააფორიაქა შეშინებულთა გულები. ახლა ხმალი და სატევარი აელვარდა მამაცი მეცხვარის ხელში.

ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ხანჯალმომარჯვებულმა ვაჟკაცებმა მხოლოდ მაშინ მიუსწრეს, როცა ორი დაჩეხილი ნადირი უსულოდ ეგდო მიწაზე. ბრბოდ შემოხვეული ხალხი გაქვავებულივით იდგა და სიბრალულით შეჰყურებდა უცხო ვაჟკაცს, რომელსაც სისხლი თქრიალით სდიოდა წვივიდან და სისხლისაგან იცლებოდა: მგელს მოესწრო და კბილი გაეკრა. ყველაზე მეტად ნეფე იყო შეწუხებული, სახეზე ნაცრისფერი დასდებოდა, თვალები წყლით ავსებოდა. იულაჯომ პარატძალს თეთრი სარტყელიც კი ჩამოგლიჯა ჭრილობის შესახვევად, მაგრამ ვერა და ვერ შეუწყვიტეს მომსკდარი სისხლი.

ხალხის სიჩუმ ისევ მეცხვარემ დაარღვია: ჩემო ნათლულო! რაკი შენ გადაგარჩინე, აღარაფერსა ვჩივი. ნათლიმამავ, შენთანაც პირნათლად ვარ: თქვენს ოჯახში კეთილი ფეხი შემოვდგი, ძეობის ღამეს მისურვე: დაე, შენი მარჯვენა ფარავდეს ჩემს შვილს, როცა ძალიან უჭირდესო. დღეს ჰქონდა გასაჭირი და მეც ჩემებურად დავეხმარე… მეცხვარეს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სისხლისაგან დაცლილს სიტყვა გაუწყდა და სული დალია.

ხალხმა ზღვა ცრემლით დაიტირა შორეული სტუმარი, დიდხანს დარჩათ სასინანულო მოსაგონებლად: ნამდვილი კაცური გული ჰქონია, რომ ადრევე  შეუტყვია თავისი ნათლულის ბედისწერა, თავი გასწირა და ის კი გადაარჩინაო.

Advertisements