ჩემი თაობის ბავშვობა იმ მძიმე 90-იან წლებს დაემთხვა, რაც დღემდე ტკბილ-მწარე მოგონებად დარჩა საზოგადოების ნაწილს ![]()
ჩვენ არ გვქონდა დენი, ბუნებრივი აირი, კომპიუტერი, ახალ-ახალი ფერადი სათამაშოები, არ გვიხდიდნენ დაბადების დღეებს დაბადების დღის ცენტრებში და “მაკდონალდსში” (მადლობა ღმერთს). ჩვენ ბევრი რამე გვაკლდა, მაგრამ ამის გამო ჩვენ არ ვართ გონებაჩლუნგები… ანუ უკეთ რომ ვთქვათ, არ ვართ ჩამორჩენილები რამეს, რადგან არ ანაბანა არ გვისწავლია კომპიუტერის დახმარებით…. ჩვენ მშობლიური ანბანი გოგებაშვილის “დედა ენამ” გვასწავლა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ მე პირადად…. ხოლო ის, რაც გვაკლდა , ვცდილობდით, რომ ჩვენით აგვენაზღაურებინა…
ასე მაგალითად, როცა თავდაპირველად “ბარბი თოჯინები” გამოჩნდა, საკმაოდ ძვირი ღირდა და ჩემს უბანში მშობლების უმეტესობას არ ჰქონდა საშუალება მისი ყიდვის. ბავშვი კი რის ბავშვია, თუ რაიმე დაინახა, უნდა… მით უმეტეს, როცა მეზობელ ბავშვს უყიდეს პირველად ეს თოჯინა… ახლაც მახსოვს შავთმიანი პატარა თოჯინა, ქათქათა თეთრ კაბაში შემოსილი როგორ გამოიტანა და შორიდან დაგვანახა, დედის ზედამხედველობის ქვეშ. ხელის მოკიდებაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო, ეგრევე შეარბენინა დედის ბრძანებით და მას მერე აღარც გამოუჩენია. სამაგიეროდ, ყველამ ხომ იცოდა, რომ შვილს ბარბი უყიდეს! ეჰ… რა გქვენა მათ, ვისი მამაც ვერ მოხვდა ბენზინის ბიზნესში და ქვაბში არ ინახავდა დოლარებს? (არ ვხუმრობ, მართლა ასე იყო
) … რა და დაიბადა იდეა – გამეკეთებინა “ბარბი” საკუთარი ხელით!
დიდხანს არც მიფიქრია, ავიღე “შტაპიკები” , პლასტელინის დახმარებით გავაკეთე ტანი “შტაპიკზე”, შემოვახვიე ლამაზი ნაჭრები კაბის მსგავსად, პლასტელინის მეშვეობითვე მივაწებე თავზე თმა, რომელიც სკამზე დასაფენის ფოჩებისაგან დავამზადე – გავრეცხე, გავშალე, გავაშრე და მშვენიერი ქერა კულულები იყო
ფლომასტერით მივახატე სახე და პირველი “ბარბიც: მზად იყო… ცოტა ხანში ჩემი”ბარბები” საკმაოდ პოპულარული გახდა და მთელ უბანს დავუმზადე, რომ გვეთამაშა ერთად…
რომ ცვდებოდა ახლებს ვაკეთებდი, “შტაპიკების” ამოწურვის მერე ლეღვის ტოტებს ვიყენებდით – ლეღვის ნორჩი ტოტები საკმაოდ კარგად იფცქვნება და გადასარევი მასალა იყო
. მერე დავხვეწე, “მოძრავი” ხელ-ფეხიც გავუკეთე და ვერთობოდით იქამდე, სანამ “ბარბები” ხელმისაწვდომი არ გახდა ყველასათვის … ![]()
ზევით დავწერე, კომპიუტერი არ მქონდა მეთქი, მაგრამ დედას სამსახურში მათამაშებდნენ ხოლმე თანამშრომლები.ეს ის დრო იყო, როცა კომპიუტერს მაუსი არ ჰქონდა და “ვინდოუსი” როგორც ოპერაციული სისტემა საერთოდ არ არსებობდა. იყო მხოლოდ დოსი და მორჩა… მაგრამ კომპიუტერი ხომ იყო! მეც მომინდა მქონოდა სახლში, რაც ზღაპარი იყო მაშინ. ამიტომ, კომპიუტერიც ჩემით “დავამზადე”. “კლავიატურის” ფუნქცია საგულე საშუალების “ინტერკორდინის” ცარიელ ფირფიტას დაეკსირა. ვისაც ახსოვს ეს წამალი, დიდი ფირფიტა ჰქონდა, სადღაც 30 ტაბლეტი იყო, თუ მეტი, შესაბამისად, “კლავიატურად” ძალიან გამომადგა
ხოლო “მონიტორობას” კონსერვის დიდი ქილის პლასტმასის თეთრი სახურავი ეწეოდა… სხვათა შორის პირველად მე “მქონდა” ბრტყელ ეკრანიანი მონიტორი ![]()
ჩვენს ბავშვობაში ჩვეულებრივი ქალაქის ტელეფონი თითქმის ყველა ოჯახში იყო, მაგრამ პრაქტიკულად უფუნქციო. მეც მშვენივრად ვერთობოდი წითელი, თეთრი და შავი დისკიანი ტელეფონების აპარატებით, მაგრამ არ მაკმაყოფილებდა ის, რომ “მიბმული” იყო ტელეფონი და თამაშისას ვერსად ვერ წავიღებდი. მერე კი დავათრევდი გაფუჭებულ აპარატს, მაგრამ დიდი და მოუხერხებელი იყო… ხოდა გაჩნდა ისევ იდეა, – ავიღე ხის ნაფოტი, დავხატე ღილაკები, პატარა ეკრანი და მერე რატომ მომივიდა ეს თავში აზრად არ ვიცი, ლურსმნით ჩავხვრიტე და სირმით გავუკეთე “გასაშლელი ანტენა”. ესეც ჩემი პირველი “მობილური”.1991-92 წლებში მობილური საერთოდ არ იყო საქართველოში, მაგრამ სამაგიეროდ ტელეფონის ხელოსნებს ჰქონდათ ტელეფონის ყურმილი, ზედ დამაგრებული დისკით,იყო კალკულატორიც… ხოდა მათი სინთეზით მივიღე”მობილური”
ბავშვი რაც უფრო იზრდება, იზრდება მისი ცნობისმოყვარეობაც და ჩხირკედელაობის სურვილიც. არც მე და ჩემი ბიძაშვილი ვიყავით ამ მხრივ გამონაკლისები და ერთმანეთის მიყოლებით ვშლიდით ძველ რადიოებს, ტელევიზორებს, საათებს, ფირსაკრავებს…. იყო შეკეთების წარუმატებელი მცდელობებიც. ასე მაგალითად, ჩემმა “აღდგენილმა” მაღვიძარამ კი დარეკა, მაგრამ აღარ გამოირთო, ძლივს გავაჩუმეთ. ჩემი და ბიძაშვილის მიერ “გარემონტებული” ფირსაკრავი კი ჩქარ-ჩქარა უკრავდა
ჩემს ტოლ გოგონებს გეხსომებათ ბარბის მაღაზია ვაკეში და იქ გამოჭიმული ვარდისფერი სახლები ბარბებისთვის და ვარდისფერი ოცნება ჩვენთვის… ზუსტად მაშინ გამოსწორდა ცოტა ელ.ენერგიის მოწოდება ქალაქში და მწვანე ნავთქურებთან ერთად “kumtel”-ის ელექტრო გამათბობლები გამოჩნდა, რომელსაც თავისი ფორმის გამო, სამკუთხედის სტილის ყუთში იდო და ეს ყუთი ფორმით ძალიან ჰგავდა თოჯინის სახლს. ხოდა აქაც იდეა რეალობად იქცა, ამოვჭერი ფანჯრები, დავკიდე ვარდისფერი ფარდები, გავუკეთე შუაში კარდონი, გავაწყვე სათამაშო ავეჯით და “ორსართულიანი ბარბის სახლიც” მზად იყო ![]()
ერთი სიტყვით, იმ სიბნელესა და სიცივეში, როცა მხოლოდ შეშის ღუმელით, ნავთქურით ან ზემოთ ნახსენები ელექტრო გამათბობლით ვთბებოდით (ისიც ბედნიერ დღეებში), ახალ წელსაც ნავთის ლამპების შუქზე ვხვდებოდით და თოვლის პაპის არც გვჯეროდა… როცა ბავშვები სუნით და ფერით ვარჩევდით ნავთის ხარიხს და გაკვეთილებს ვამზადებდით სანთლების, ჯერ ჩვეულებრივი, მერე კი სარკიანი ლამპების ფონზე, ხოლო ჩვენი წიგნები ან უხარისხო ქსეროქსები იყო ძირითადად, ანდა ფერადი, ისიც ნათხოვარი და საკმაოდ შელანძღულიც… იმდენად, რომ გაკვეთილებზე “ჩემს წიგნში ეს გაკვეთილი ამოხეული იყო მას” ჩვეულებრივი მიზეზი იყო გაკვეთილის არ ცოდნისა. ოცნება იყო ვიდეო მაგნიტოფონი, რომ გვენახა ტომი და ჯერის ყველა სერია, დენის მოსვლა კი საღამოს დღესასწაული, რადგან ბასტი-ბუბუს ვნახავდით და ცოტა უფრო ვიგრძნობდით თავს ბავშვებად… დიახ, როცა ცხოვრებამ ასეთი ნაცრისფერი ბავშვობა შემოგვთავაზა ჩვენით ვიფერადებდით ჩვენს ბავშვობას ისე, როგორ შეგვეძლო… მე ასე, სხვა სვანაირად… და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გვაკლდა, როგორც ბავშვებს, ნამდვილად არ გვაკლდა კომპიუტერი და მისი მეშვეობით მიღებული განათლება. პირიქით, ჩვენთან იყო წიგნი, ფანტაზია და შემოქმედება… ადრეული ასაკიდანვე დავიწყე ზღაპრების და მერე მოთხრობების წერა, რაც ზუსტად ბევრი კითხვის და სხვა გასართობოს ნაკლებად ქონის დამსახურებაცაა …..
არ ვამბობ, რომ 21-ე საუკუნეში საერთოდ ხაზგადასასმელია ინფორმაციული ტექნოლოგიები, მით უმეტეს, თავად ამ სფეროში ვარ უკვე კარგა ხანია, მაგრამ არ უნდა მივაჩეჩოთ ბავშვებს ის ზედმეტად… სად მზამზარეული თამაშები, სადაც სხვის მიერ დაწერილ გეგმას მიჰყვები და შენი იდეების განხორციელება ნაკლებად შეგიძლია, მხოლოდ “შემსრულებელი” რომ ხდები და სად ეზოში, თანატოლებთან ერთად გამართული ომობანა, სახლობანა, ექიმობანა, ორდროშობანა და სხვ. სადაც სწავლობ ლიდერობას, გეგმავ რაღაცებს, ავითარებ იდეებს…. საიდანაც იწყება პირველად ურთიერთობებს და სწავლობ ამ ქვყნად უძვირფასესს – მეგობრობასაც… ![]()
ამიტომ ნუ გეცოდებით, თუ არ გვქონდა კომპიუტერი… ჩვენ გვიყვარს ჩვენი ბავშვობა, ჩვენი “გამოგონებებით”, ზღაპრული გმირებით, ჩვენს მიერ შეგროვილი “ნაკლეიკებით”, ძილისწინა ფერადი ოცნებებით…
მე არ მყავს შვილები და არც ის ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო, რომ ნაკლებად ისხდნენ კომპიურეტთან, როცა მეყოლებიან. მაგრამ შევეცდები აუცილებლად, რომ ვირტუალური სამყაროს გარდა ჰქონდეთ რეალური, თბილი სამყარო და პირველ რიგში შეიყვარონ წიგნი, ჰქონდეთ ურთიერთობა და ჩვევა წიგნთან მუშაობის… დანარჩენს ყველაფერს ისწავლიან ![]()
ამ ვიდეოს კი ვუძღვნი ჩემს თანატოლებს, ვის ბავშვობასაც ათბობდა ორი ჯუჯას კეთილი სიმღერები ![]()




geolaliga
Nov 17, 2011 @ 03:05:53
ეს მოჩხირკედელავე პატარა გოგონა 90–იანი წლებიდან ერთ–ერთი საუკეთესო ადამიანია ვინც კი ოდესმე შემხვედრია! უმაგრესი პოსტია, ნაკლები შენ არც გეკადრება. <3
Barcelonisimo...
Nov 17, 2011 @ 03:09:44
მაადლობა კარგო, ცოტა უმცროსი კი ხარ ჩემზე, მაგრამ ეგ პერიოდი შენც გაიარე და დამაინტერესა, შენ რითი ერთობოდი ხოლმე
აღწერე, თუ გექნება დრო დასრუვილი :*
geolaliga
Nov 17, 2011 @ 03:28:12
ზღაპარი – კომბლედან უცებ მეხსიერებაში მიჩნდება Turbo-ს ნაკლეიკების შეგროვება, შემდეგ ტეტრისზე გადასვლა,ტეტრისიდან, ტერმინატორზე (დენდი რატომღაც ვერ ვიყიდე, მაღაზიაში მხოლოდ ტერმინატორი ჰქონდათ). სუპერ მარიო და ტანკები ამ ჯოისტიკებიან ტერმინატორზე, როცა ჩვენ ვთამაშობდით მთელ სამეზობლოს ტელევიზორებში ჩვენი თამაშ ჩანდა, სუპერ მარიო დღესაც ჩემი ბავშობის სახეა, მიყვარს ეგ თამაში და მუსიკა ბავშვობას მახსენებს
მერე იყო პირველი ვიდეომოგნიტოფონი უბანში JVC-ის მარკის, საუკეთესო სიახლე მაშნდელ ბავშვობაში, კასეტა ქართული მულტფილმებით, ფილმები ჟან კლოდ ვანდამისა და სტალონეს მონაწილეობით, შინგო, მე ნამდვილად მემაყება რომ 90–იან წლებში კომბლეზე და მარიოზე გავიზარდე და არა ქაუნთერზე და ჰარი პოტერზე.
mako
Nov 17, 2011 @ 04:08:10
(bodishit daviwyeb, rom qartuli shriftit ver vwer).
martla kargi postia. gadamisrola im shav-bnel wlebshi, rasac chemi bavshvoba daemtxva. jer iyo komunizmis “mziani dgeebi”, rasac shemdeg bevri bneli weli mohyva: omebi, shimshiloba, ushuqoba, ugazoba, utelevizoroba. saertod, U. asec vuzaxdit xolme im periods “u dro gvaqvso”. “gasartobi” puris rigebi iyo, talonebis friali da ufrosebtan tanatolad grznoba, rom matsavit videqit ojaxistvis puris rigshi. zafxulobit, madloba gmerts, chems ubanshi minimum 20 bavshvi viyavit da ideebic, warmoidginet, ramdeni iqneboda. amitom svxa ubnidan xshirad gvstumrobdnen xolme bavshvebi, rom gartobis sashualeba hqonodat. mere skolashi misuli tavgadasavlebis moyolit vityavebdi enas.
)
martla ar gvqonda zalian bevri ram, rac bavshvs swirdeba da unda. magram samagierod viyavit fizikurad metad aqtiurebi, atasnair tamashs vtamashobdit. bebiebis sacvlebidan gamomzvral rezinebs vagrovebdit da rezonobanas garda kidev bevr tamashs vtamashobdit biwebtan erad. burtic ert-erti mtavari gasartobi sashualeba iyo. ramdenjer iyo misi shugtavsi (saxeli agar maxsendeba) dawebebul-dakerebuli, vin icis. magram dagoravda, chveni gulebis gasaxarad. xatvashi vejibrebodit ertmanets, bibliotekis dgeebs vawyobdit, cota rom wamovizardet, “diskotekac” movawyvet
miuxedavad bneli bavshvobisa, ert-erti imattagani var, vinc bavshvoba mainc bednierad gaatara da tu gonebas ar dazabavs, cudi ise zemot ar amoutivtivdeba.
gmadlob nino mshvenieri postistvis.
Barcelonisimo...
Nov 17, 2011 @ 16:04:03
მადლობა თქვენ, ამ მოგონებებისათვის :* მართლა რამდენი რამაა კიდევ გასახსენებელი. მარი მეც კარგად მახსენდება და უბანში ბავშვებთან გართობაც… წრეში ბოურთი, ფეხბურთი და ათასი რამ……
როგორ მომენატრა……. :ს მაკო მართალი ხარ – აქტიური ცხოვრების წესი გვქონდა. რაც ბავშვისთვის მნიშვნელოვანია…
sof
Nov 17, 2011 @ 17:52:26
ნიიიი ჩემგანაც დიდი მადლობა ამ პოსტისთვის და ლამაზი ბავშვობის გახსენებისთვის. მაკოსგან და ნინისგან განსხვავებით მე პურის და ნავთის რიგში დგომა არ მომიწია, რადგან სოფელში ვცხოვრობდი. სოფელში კი მოგეხსენებათ ყველა ფერმერულ მეურნეობას ეწევა, პირუტყვი, მოსავალი და იმდენად არ იგრძნობოდა ეს ყველაფერი. სათამაშოების ნაკლებობასასც ისე ძალიან არ განვიცდიდი. მახსოვს მამას წითელი ძელისძველი მანქანა ჰყავდა და “ვადა რომ გაუვიდა” დაიდო ბინა ეზოში. ჩვენც მეტი რა გვინდოდა და მოვაწყვეთ ოთახები და შევსახლდით ჩვენს “შვილებთან” (თოჯინები) ერთად. რაც მე თოჯინებისთვის ტანსაცმელი შემიკერავს…. ვაცმევდით და ვხდიდით. იყო ერთი ამბავი. ხან სადღაც მივემგზავრებოდით და ვმოგზაურობდით ოცნებებში და ფანტაზიებში. ცოტა რომ წამოვიზარდე ომობანამ გამიტაცა. რადგან ჩემს უბანში სულ ბიჭები იყვნენ და მეც სულ მათთან ერთად ვიზრდებოდი მიმიღეს თავიანთ რიგებში. ერთი დანგრეული სახლი გვქონდა და დავიდეთ ბინა. რამდენჯერ მითამაშია იქ ომობანა. ორსართულიანი იყო და მეორეზე მხოლოდ რამოდენიმე ფიცარი იდო. ახლაც ვერ წარმომმიდგენია როგორ დავრბოდით იქ. ერთ-ერთი შეტაკებისას დავიჭერი (მეორე სართულიდან ჩამოვვარდი) და დავდიოდი გადატყავებული და გასიებული ყბით. რომ მეკითხებოდნენ რა დაგემართაო ამაყად ვპასუხობდი, რომ ომში დამჭრეს
ვაიმე მართლა რა კარგი იყო. იმ სახლის დანახვაზე ახლაც ომობანა მახსენდება. კიდევ უამრავი გასართობი იყო. შორს წამიყვანს ყველაფრის ჩამოთვლა, მაგრამ გასართობებს რა გამოგვილევდა. ლამაზი და ლაღი ბავშვობა მქონდა. რაც მთავარია მთელი დღე დავრბოდით, ვიხარჯებოდით, ვსწავლობდით და საღამოს ტკბილად ვიძინებდით ლამაზ სიზმრებთან ერთად.
natiabarca
Nov 17, 2011 @ 20:23:30
ჩემი სიცოცხლე გოგო. :* ჩემ ბავშვობაში ცოტა უკეთესი სიტუაცია იყო, ალბათ იმიტომ, რომ რამდენიმე წლით უმცროსი ვარ.